Get All Access for $5/mo

Google-ის წარმატების საიდუმლო - ლარი ფეიჯი რა "დაგუგლეთ" ბოლოს?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Google-ის თანადამფუძნებელი, ლარი ფეიჯი, დღესდღეობით $118,3 მილიარდით Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის მერვე ადგილს იკავებს. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოს უდიდესი საძიებო სისტემა − Google, ავტოფარეხში დაფუძნდა, თუმცა ის, თუ რა უძღოდა ამ ყველაფერს და რა გზა გაიარა მისმა დამფუძნებელმა − ლარი ფეიჯმა, ბევრი არაფერი ვიცით. სწორედ ამიტომ, Entrepreneur-ს სურს თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი გამორჩეული ანტრეპრენერი უკეთ გაგაცნოთ და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ გიამბოთ.

რა "დაგუგლეთ" ბოლოს?! დღეს Google-ის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა, რისი გაგება გვინდა, იქნება ეს ამინდის პროგნოზი, ვაშლის ღვეზელის რეცეპტი, დოლარის კურსი თუ ეკვატორის სიგრძე, ამ საძიებო პორტალში, პასუხს ყველა კითხვაზე იპოვით. თუმცა, სულ რაღაც 20 წლის წინ, Google ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა და ინტერნეტის მოყვარულთა გულის მოგებაზე მუშაობას იწყებდა. ამ სტატიაში, Google-ისა და მისი დამფუძნებლის, ლარი ფეიჯის შთამბეჭდავი წარმატების ისტორიას გაეცნობით.

ლარის ფეიჯის მშობლები კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები იყვნენ. გასაკვირი არაა, რომ სახლში, სადაც მან ბავშვობა გაატარა, მუდამ არეულობა სუფევდა, ოთახები სავსე იყო კომპიუტერებითა და სამეცნიერო ჟურნალებით, რომლებმაც პატარა ლარის ტექნოლოგიებით გატაცება შთააგონეს. იგი კომპიუტერით 6 წლის ასაკში დაინტერესდა. მას უყვარდა კითხვასა და სწავლაში დროის გატარება, ხოლო ლარის სათაყვანებელი პიროვნება ნიკოლა ტესლა იყო. უფროსმა ძმამ მას ნივთების ნაწილებად დაშლა და აწყობა ასწავლა, რის შემდეგ ფეიჯების სახლში დაუშლელი არაფერი დარჩენილა. ლარის პატარაობიდან აინტერესებდა რა როგორ მუშაობდა და ნელ-ნელა მან გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრების მისია, რაიმე ღირებულის გამოგონება იყო. 12 წლის გახლდათ, როდესაც საკუთარ თავს აღუთქვა, მომავალში აუცილებლად დავაარსებ კომპანიას და საკუთარი ბიზნესის წარმოებით დავკავდებიო.

ლარი ფეიჯმა კომპიუტერული ინჟინერია სტენფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა, სადაც მომავალი პარტნიორი − სერგეი ბრინი გაიცნო. კვლევითი პროექტის ფარგლებში, მეგობრებმა საძიებო სისტემა შექმნეს, რომელიც ძიების შედეგს ვებგვერდების პოპულარობის შესაბამისად გთავაზობდათ. მათ დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდი სარგებელი ადამიანებისთვის სწორედ პოპულარულ საიტებს მოჰქონდათ. ლარიმ და სერგეიმ, თავიანთ საძიებო სისტემას BackRub დაარქვეს, თუმცა მოგვიანებით სახელი შეიცვალა და საბოლოოდ, პარტნიორები Google-ზე შეჩერდნენ. "გუგოლი" (Googol) 10-ის მე-100 ხარისხის სახელია, რაც სიმბოლურად საძიებო სისტემის მიერ მოცულ "ზღვა" ინფორმაციას განასახიერებს.

ლარი ფეიჯსა და სერგეი ბრინს ჰქონდათ იდეა, თუმცა არ გააჩნდათ მის განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი, ამიტომ მათ ფულის სათხოვნელად სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს მიაშურეს. აღსანიშნავია პროფესორი ჰექტორ გარსია მოლინას $10 000-ანი შემოწირულობა, რისთვისაც ლარი და სერგეი დღესაც მისი მადლიერნი არიან. მიუხედავად ყველა სირთულისა, ბრინსაც და ფეიჯსაც სჯეროდათ თავიანთი პროექტის. თავდაპირველად, Google-მა ბინა საერთო საცხოვრებლის ოთახებში დაიდო. ლარის ოთახი სხვადასხვა მოწყობილობით იყო სავსე, ხოლო სერგეის ოთახი, ოფისისა და პროგრამირების ცენტრის ფუნქციას ითავსებდა.

პარტნიორებმა ამ პროექტის კომპანიად გარდაქმნა გადაწყვიტეს და სწორედ მაშინ გადაბარგდა Google საერთო საცხოვრებლის ოთახებიდან ლარისა და სერგეის მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში. "იმ დროს უკვე არსებობდა 5 საძიებო სისტემა და ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ: "ბიჭებო, ეს იდეა ჩაფლავდება", თუმცა, როგორც ჩანს, წარმატება გარდაუვალი იყო", − აღნიშნავს ლარი ფეიჯი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Google ოფიციალურად 1998 წელს დაარსდა და ინტერნეტით სარგებლობის გამოცდილება სამუდამოდ შეცვალა. კომპანია სწრაფი ტემპით იზრდებოდა და უამრავ კონკურენტს უბრალოდ უკან იტოვებდა. დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის წყალობით, Google მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ცნობადი ბრენდი გახდა, ხოლო ლარი ფეიჯი არაერთხელ დასახელდა აშშ-ში საუკეთესო გენერალურ დირექტორად.

Google ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შეუძლებლად მანამდე მიგვაჩნია, სანამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ და ბოლომდე არ მივიყვანთ. და მაინც, თქვენ რა "დაგუგლეთ" ბოლოს?!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ