Cyber Week Sale! 50% Off All Access

Invisible Hand - ადგილი, სადაც ნიჭი ფასობს ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვანები ეძებენ შესაძლებლობებს მათი ნიჭის გამოსავლენად, თუმცა ეს არც ისე მარტივია. თორნიკე დალბაშვილისა და თეკლე ბენდელიანის მიერ დაარსებული Invisible Hand სწორედ ამ მისიას ემსახურება − ერთ სივრცეში შესაძლებლობების თავმოყრას იმ არტისტებისთვის, რომლებიც მსგავს შანსს დაუღალავად ეძებენ.

შექმნის ინსპირაცია თავად თეკლე იყო. ის სტუდენტია და ყოველთვის იმ სივრცეების ძიებაშია, სადაც საკუთარი თავის გამოვლენას შეძლებს.

"გაჩნდა იდეა, შეგვექმნა Invisible Hand არტისტებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ზოგადად არტისტი ეძებს − იქნება ეს გამოფენები, პროექტები, კონკურსები თუ ადგილი, სადაც შემოსავლის მიღებას და მრავალ საინტერესო პროექტში ჩართვას შეძლებენ", − გვიყვებიან თეკლე და თორნიკე.

Invisible Hand-ის დამფუძნებლები იხსენებენ, რომ გამბედაობის საჭიროებასა და რისკზე არასდროს ჰქონიათ ფოკუსი. ცხადია, დასაწყისში იყო სირთულეები და ალბათ მომავალშიც იქნება, თუმცა თორნიკესა და თეკლეს სჯერათ იდეის, რომელსაც ახორციელებენ. როგორც თავად ამბობენ, სწორედ იდეისადმი რწმენა ხდის მათ შეუჩერებელს და ამ დროს ნებისმიერი წინაღობის დაძლევა სიამოვნებად იქცევა.

პირველი დიდი გამოწვევა პირველ გამოფენას უკავშირდება. როგორც თორნიკე და თეკლე იხსენებენ, მათ ჰქონდათ იდეა და კონცეფცია, თუმცა "არანაირი ბიუჯეტი". ამის მიუხედავად, გადაწყვიტეს Holoseum-ისთვის ეთხოვათ დახმარება, მათგან კი თანხმობა მიიღეს და პირველ გამოფენასაც უმასპინძლეს. Unheard Voices − Artistic freedom & self-expression 20 ახალგაზრდა არტისტს აერთიანებდა. როგორც თორნიკე და თეკლე ამბობენ, ამ შანსისთვის ისინი ძალიან მადლიერნი არიან Holoseum-ის.

ამ ღონისძიებამ Invisible Hand-ს გუნდის სხვა წევრებიც აპოვნინა. სწორედ გამოფენის შემდეგ შეუერთდა მათ თაკო ბატიაშვილი, რომელმაც საბაკალავრო ნაშრომი ბრენდის შესახებ დაწერა. ასე გაჩნდა ბრენდის ლოგო და ბრენდბუქი. ბრენდს ასევე შეუერთდნენ ნინა დიასამიძე, ქეთი ჩიკვაიძე და ნიკოლოზ ბრეგვაძე − ადამიანები, რომლებმაც პირველებმა ირწმუნეს იდეის.

დამფუძნებლებმა ამ პროცესებით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს − არ მოუსმინონ სხვებს და სჯეროდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია − "მთავარია საკუთარი თავის, გვერდით მდგარი ადამიანებისა და იდეის გჯეროდეს".

ნამდვილ ანტრეპრენერსაც ასე ახასიათებენ − ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი იდეა, აქვს მისი განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და ქმნის განსხვავებულ პროდუქტს.

თორნიკე ამბობს, რომ Invisible Hand-ის თავდაპირველი ინსპირაცია თეკლე იყო. ცხადია, ეს ასეც რჩება, თუმცა ახლა ორივე მათგანი შთაგონებასა და მოტივაციას ყველა იმ არტისტში ხედავს, რომლებიც იწყებენ განვითარებას და ხელოვნების დარგში საქმიანობას.

"ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომ დავაფასოთ ნიჭი და ესაა ჩვენი მუდმივი ინსპირაცია. ნებისმიერი ჩვენი აქტივობა ეხმიანება ამ იდეას", − ამბობენ დამფუძნებლები.

ჩატარებული აქტივობების შემდეგ Invisible Hand-ის შემქმნელები ამბობენ, რომ მომდევნო ეტაპისთვის ძალიან კონკრეტული გეგმები აქვთ − პირველ რიგშია ვებგვერდის შექმნა, რათა საქმე გაუმარტივდეთ არტისტებსაც და წამოწყებამაც უფრო მარტივად მოიზიდოს ფინანსები. თორნიკე და თეკლე ამბობენ, რომ მუდამ გახსნილები არიან კოლაბორაციებისთვის და სურთ, მათი იდეები და გამოცდილება ხელოვნების სფეროს მოახმარონ.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი სურთ, რომ Invisible Hand საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს, რადგან იდეის პოტენციალი სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი