Get All Access for $5/mo

Isari Ventures – 5 მილიონ დოლარიანი საინვესტიციო ფონდი ქართული სტარტაპების დაფინანსებას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებითა და აზროვნებით უმკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს", - Isari Ventures.

ქართული სტარტაპებისთვის, რომელსაც გლობალურ ან რეგიონალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალი აქვს, Isari Ventures 5 მილიონი დოლარის სარისკო კაპიტალის ფონდს აამოქმედებს. საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი. გლობალურად აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე წარმატებით განხორციელდა და განვითარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: "შატო მუხრანი", "ქართული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები", "ფრიქსი/Frixx", უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომპანიები და სხვა.

"ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებითა და აზროვნებით უმკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნავს Isari Ventures-ის დირექტორი და საბჭოს წევრი, ჟან-ფრედერიკ პოლსენი.

"ქართული სტარტაპ ეკოსისტემა საკმაოდ ახალია, შესაბამისად დიდი ვენჩურული ფონდები და ცნობილი "ანგელოზი" ინვესტორები ჯერჯერობით ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კარგად ვიცნობთ აქაურ გარემოს და სხვებზე უფრო ადრე ვხედავთ, რომ დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ეკოსისტემას. გვსურს, რაც შეიძლება მალე აღმოვაჩინოთ ის ინოვატორები, რომლებსაც დავუჯერებთ, ვენდობით და დავეხმარებით განვითარებაში.

5 წლის წინ განსხვავებული გარემო გვქონდა, ახლა კი მომწიფდა სიტუაცია ისე, რომ დროა, გვერდით დავუდგეთ სტარტაპერებს. საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო ისეთი, ვისაც დიდი პოტენციალი აქვს. თუ Skype-ის მსგავსი არა, უფრო მცირე მასშტაბის წარმატების იმედი მაინც გვაქვს. ეს ყველაფერი კი იქნება ინსპირაცია სხვებისთვისაც და ეტაპობრივად სხვადასხვა საინტერესო სტარტაპს აღმოვაჩენთ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ჰაიტექ ანტრეპრენერი, დავით ჩეჩელაშვილი.

Isari Venture-ს ეძებს ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომელთაც აქვს პოტენციალი, რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორები გლობალური ან რეგიონალური მასშტაბით. ინიციატივა და ინვესტიციები ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ ე.წ. "pre-product market fit" ეტაპზე. ფონდი განიხილავს იმ ქართველ სტარტაპერებსაც, რომლებიც უცხოეთში ოპერირებენ.

"როდესაც ვფიქრობთ, ჩავდოთ თუ არა კონკრეტულ სტარტაპში ინვესტიცია, ამ გადაწყვეტილების 80% მოდის გუნდზე. თუ სტარტაპთან შეხვედრების ეტაპზე მივალთ და გვექნება კითხვა-პასუხის შესაძლებლობა, ჩვენი კითხვებით შევეცდებით, გავიგოთ რამდენად მოტივირებულია გუნდი და რამდენად კარგად მუშაობენ ერთად. ეს არის ის სტანდარტული კრიტერიუმები, რასაც ვაქცევთ ყურადღებას.

დამატებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ გუნდს აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმ ინდუსტრიაში, რომელშიც ოპერირებენ. ყველაფერი უნდა იცოდნენ ამ სფეროს შესახებ - რა ხდება ინდუსტრიაში, ვინ არიან პირდაპირ იდა არაპირდაპირი კონკურენტები, რის გაკეთებას აპირებენ განსხვავებულად, რატომ არ გამოუვიდათ იმ კომპანიებს ის, რის გადაწყვეტასაც სტარტაპი აპირებს ახლა და ა.შ. გუნდების ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხშირად არ ჩანს რატომ არის უნიკალური ეს გუნდი. ჩვენ გვაინტერესებს დავინახოთ მათი გამჭრიახობა, ცოდნა და მიდგომები, რის მიხედვითაც წყვეტენ პრობლემას თავიანთ ინდუსტრიაში", - განმარტავს დავით ჩეჩელაშვილი.

სტარტაპების განხილვისას, ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთ სტარტაპებს, რომელთა დახმარებაც იქნება შესაძლებელი Isari Venture-ის გამოცდილებითა და ექსპერტიზით. გარდა ინვესტიციისა, დაფინანსებულ სტარტაპებს გაეხსნებათ წვდომა მენტორშიფ სესიებზე და ამასთან, ინიციატივა დაეხმარება მათ, გაიცნონ მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები, ინვესტორები, პოტენციური მომხმარებლები და სხვა.

Isari Ventures-მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია: PHUBBER - მდგრადობაზე ორიენტირებული პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საწყისი ეტაპისთვის ინვესტიცია 5 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Isari Ventures არ წარმოადგენს ტრადიციულ ვენჩურულ ფონდს, მარტივად არის შესაძლებელი საინვესტიციო ფონდის გაზრდა. საჭიროების შემთხვევაში, სამომავლოდ, Isari Venture-ს მზად არის, მიმართოს მეტი ინვესტიცია ქართული სტარტაპებისკენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია