Get All Access for $5/mo

IT Academy Step ნაბიჯ-ნაბიჯ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

საქართველოში, ბნელ 1990-იანებში ძალიან მცირე იყო იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საკუთარი კარიერა თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუკავშირა. მაკა მახათაძე სწორედ მათ რიგებშია. ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, მაგისტრატურაზე 1998 წელს განაგრძო – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში არათუ ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა, არამედ ელექტროენერგიაც კი ჭირდა. მხატვრობასა და დიზაინერობაზე მეოცნებე გოგონა რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი წამყვანი კომპიუტერული კომპანიის მარკეტინგისა და პროდუქციის მენეჯერი, შემდეგ კი ამიერკავკასიაში კორპორაცია Intel-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამნერგავი გახდა. ქვეყანაში ტექნოლოგიური წინსვლის შემდეგ, მაკას სურვილი გაუჩნდა მოქალაქეების ციფრული და ტექნოლოგიური ცოდნის ზრდასა და განვითარებაში წვლილი შეეტანა , რათა საგრძნობლად გაზრდილიყო IT პროფესიონალების რიცხვი. საბოლოოდ 2015 წელს IT აკადემია STEP-ის ქართული წარმომადგენლობა დააარსა.

მოკლე ისტორია – ანტრეპრენერის სვლა პროფესიული განვითარების კიბეზე

"ტექნოლოგიებმა გადამარჩინა", – აღნიშნავს მაკა და დასძენს, რომ თინეიჯერობის პერიოდში მისი ცხოვრება ტრადიციული სცენარით ვითარდებოდა – "თავის შესანახად" პროფესიის არჩევისას მშობლების რჩევას დაჰყვა და მისაღები გამოცდები ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მალევე მიხვდა, რომ ტექნიკური ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიუხედავად, ფიზიკა დიდად არ აინტერესებდა. ამასობაში კი სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულიად ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი შეიქმნა. მაკა მახათაძე ერთ-ერთი იყო იმ 120 სტუდენტს შორის, რომელთაც პროგრამირებისა და IT ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყეს. "ფიზიკის ფაკულტეტზე კომპიუტერი ყველას გვქონდა. ინტერნეტზე წვდომაც. მაშინ DialUp ინტერნეტს ვიყენებდით. მისი ხმა დღემდე ჩამესმის. მახსოვს, რა საშინელება იყო ერთადერთი საკომუნიკაციო არხი – ICQ. იმ პერიოდში ჩვენთვის მთავარი იყო, ინტერნეტში ვინმეს დავლაპარაკებოდით", – იხსენებს იგი.

IT Academy Step-ის ქართული ფილიალის დამფუძნებელი აღნიშნული პროფესიით სიღრმისეულ დაინტერესებას მაგისტრატურის პედაგოგს, ნოდარ მოსაშვილს უმადლის. "ბატონი ნოდარი ცდილობდა ჩვენთვის თვითშემეცნების უნარები გამოემუშავებინა, ესწავლებინა, როგორ გვემუშავა საკუთარი თავის განვითარებაზე. გვიხსნიდა, რომ სხვისი "ქოუჩინგი" ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად. დღევანდელი გადმოსახედიდან, იგი თანამედროვე მეთოდებს იყენებდა, მაშინ, როცა იმ პერიოდში შესაბამისი ლიტერატურაც კი არ არსებობდა. უკეთესი შედეგის მისაღწევად და სწავლის პროცესის გასაიოლებლად სტუდენტებს საგნებს გვინაწილებდა. მაგალითად, როცა Photoshop-ის ან Illustrator-ის ნებისმიერ ახალ პროგრამას გასარჩევად გვაძლევდა, მე ერთი თემა მხვდებოდა, ჩემს ჯგუფელს – მეორე. ჩვენი დავალებები თავად უნდა დაგვემუშავებინა და შემდეგ ერთმანეთისთვის გვესწავლებინა, რაც საკმაოდ სახალისო პროცესს წარმოადგენდა და ამავდროულად ძალზე საპასუხისმგებლოც იყო – სხვისთვის რაღაც ახალი უნდა აგვეხსნა და არ გვინდოდა შევრცხვენილიყავით".

იმ პერიოდში 120 სტუდენტიდან მხოლოდ 40 იყო გოგონა. მაკა მახათაძის დაკვირვებით, წლებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობამ კიდევ უფრო იკლო. მიზეზს ვერ ხსნის. თუმცა დარწმუნებულია, რომ მთელი მსოფლიო ზრუნავს, გააძლიეროს ქალების როლი თანამედროვე ტექნოლოგიების ზრდასა და განვითარებაში. თავად ამ სფეროში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. გენდერულ სტერეოტიპებსაც არასოდეს შეუწუხებია.

მაკა მახათაძემ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა კომპიუტერულ კომპანია "ალტაში" დაიწყო. კომპანიაში, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, მაკა მე-20 დაქირავებული თანამშრომელი გახლდათ. თავდაპირველად პროგრამისტებთან მუშაობდა, შემდეგ ვებგვერდის დიზაინის მიმართულებით განაგრძო საქმიანობა. როდესაც ხელმძღვანელისგან მარკეტინგის სამსახურში გადასვლის შეთავაზება მიიღო, დაიბნა. მარკეტინგის არაფერი გაეგებოდა, თუმცა დამსაქმებელმა სწავლისა და პროფესიული თვითგანვითარებისთვის დრო მისცა და ერთ წელიწადში ახალი საქმე სრულად აითვისა. "გაცილებით მეიოლებოდა გამეყიდა პროდუქტი, რადგან მის მახასიათებლებს კარგად ვიცნობდი. ვინაიდან "ალტა" კომპიუტერული კომპანია იყო, ვიცოდი რასთან მქონდა საქმე – Intel-ის პროცესორთან თუ AMD-სთან, დესკტოპთან თუ ლეპტოპთან".

მოგვიანებით, მახათაძემ კომპანიის გაყიდვების სამსახურში გადაინაცვლა, სადაც პროდუქტ-მენეჯერის პოზიცია დაიკავა. "ჩემს მთავარ ფუნქციას ანალიზი წარმოადგენდა. უნდა გცოდნოდა, რაზე იყო მოთხოვნა, რომელი ბრენდი რა პროდუქტს უშვებდა, როგორი ფასი ექნებოდა ქართულ ბაზარზე და დაახლოებით რა რაოდენობით გაიყიდებოდა". შეკვეთა, განთავსება, ლოგისტიკა, მარკეტინგი – მთლიანად მაკას პასუხისმგებლობის ნაწილი იყო. ამ მიმართულებით 3 წელიწადი იმუშავა. საბოლოო ჯამში კი, "ალტაში" 9 წელი გაატარა და სამსახური უფრო პერსპექტიული შემოთავაზების გამო დატოვა.

მომდევნო 9 წელი პროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Intel-ის თანამშრომლის სტატუსით მოღვაწეობდა, რამაც უდიდესი გამოცდილება, პიროვნული, პროფესიონალური და კარიერული ზრდა შესძინა. ამიეკავკასიაში, აქტიურად ხელს უწყობდა Intel-ის World Ahead პროექტების განხორციელებას, უახლესი გამოგონებებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზებას და დანერგვას. მის სახელს უკავშირდება ცნობილი პროექტი – კამპანია "კომპიუტერი 1 ლარად", რომლის მთავარი არსი იმაში მდგომარობდა, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო საზოგადოებაში კომპიუტერზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ხალხს საშუალება გაუჩნდა განვადებით დღეში 1 ლარად გამოეტანათ კომპიუტერული ტექნიკა და საჩუქრად ინტერნეტი მიეღოთ. შემდეგი მიღწევა განათლების სფეროში ტექნოლოგიების გამოყენება და 1:1 ელექტრონული სწავლების მოდელის დანერგვა იყო.

9 წლის შემდეგ მაკა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგა – ორგანიზაციული ცვლილების გამო, ან ევროპაში უნდა გადასახლებულიყო, ან საქართველოში დარჩენილიყო და სამსახური დაეტოვებინა. მან მეორე ვარიანტი არჩია.

2014 წელს ბაქოში საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე Bakutel მაკამ IT Academy STEP-ის დამფუძნებელი გაიცნო. სწორედ მისგან წამოვიდა ინიციატივა, საქართველოში STEP-ს ქართული წარმომადგენლობა გახსნილიყო. ტრენინგცენტრი 2015 წლის დასაწყისში დაარსდა.

და მაინც, რას წარმოადგენს IT Academy Step?

IT Academy Step ჯანო ბაგრატიონის 6 ნომერში მდებარეობს. ეს არც პროფესიული სასწავლებელია, არც უმაღლესი. სასწავლებელი, როგორც ტრენინგცენტრი, პოზიციონირდება, სადაც პრაქტიკოსი ლექტორები ასწავლიან. Step-ის მთავარი მიზანიც პრაქტიკოსი პროფესიონალების გამოზრდაა. "ყველას, ვინც აქ სწავლას გადაწყვეტს, აუცილებლად ვეუბნები: თუ დიპლომისთვის მოდიხართ, ფულსა და დროს ტყუილად ხარჯავთ, სჯობს გამოცდები სხვაგან ჩააბაროთ, ვინაიდან ჩვენ ცოდნის მისაღებად და თავის დამკვიდრებისთვის საჭირო უნარების შესაძენად მოგვმართავენ".

IT Academy Step-ში მოსახვედრად გამოცდის გავლა არ გჭირდებათ – საბუთები, სურვილი და ინტერესი სავსებით საკმარისია.

მოსწავლეთა ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. Step-ის "მცირე აკადემიაში"კი სწავლა 8 წლიდან იწყება და 15 წლამდე გრძელდება. 16 წლიდან სტუდენტები სწავლების მომდევნო საფეხურზე გადადიან.

IT Academy Step-ში სწავლება სამი მიმართულებით მიმდინარეობს – პროგრამირება, დიზაინი და გრაფიკა, ასევე ქსელები და უსაფრთხოება.

აქ ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიცემის გარდა, მთავარს – საკუთარ თავზე მუშაობასა და დროის მენეჯმენტს ასწავლიან.

"ჰგონიათ, სრულფასოვან პროგრამისტად ჩამოყალიბებისთვის პროგრამირების ერთი ენა საკმარისია. სინამდვილეში, იმისთვის, რომ პროფესიონალად შედგე, პროგრამირების სამი-ოთხი ენა უნდა იცოდე. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენმა უცხოელმა მეთოდისტებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროგრამა ააგეს. ვასწავლით როგორც დაბალი, ისე მაღალი დონის პროგრამულ ენებს, ასევე მარტივ, ეგრეთ წოდებულ "სკრიპტულ" ენებს. მთელი სპექტრის გავლას 2,5 წელი სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კურსის დასრულების შემდეგ ყველა შემდგარი პროგრამისტია. მთავარია, საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყონ – ესაა ჩვენი მისწრაფება – ავაწყოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ თითოეულ სტუდენტს საკუთარი თავის განვითარება შევასწავლოთ. მუდმივად ვიმეორებ – ეს ისეთი სფეროა, 20 წლის გამოცდილების მქონე სპეციალისტმაც კი დღეში მინიმუმ 1 საათი თვითგანვითარებას, რაიმე ახლის სწავლას უნდა დაუთმოს, თორემ ცუდად იქნება მისი საქმე", – ამბობს მაკა მახათაძე.

ამასთან ერთად, ტრენინგცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, კურსდამთავრებულებმა სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური ქვეყანაში ან თუნდაც მის ფარგლებს გარეთ იპოვონ. სწორედ ამიტომ, Step-ის სტუდენტებს, როგორც კორპორაციული სამსახურისთვის, ისე Freelancer-ობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებენ. ცდილობენ შთააგონონ, რომ დღესდღეობით საზღვრები აღარ არსებობს – არც ფიზიკური და არც პროფესიული. შესაბამისად, აქ მიღებული ცოდნით შეუძლიათ სამსახური ქვეყნიერების მეორე ბოლოში, დისტანციურად იპოვონ.

IT-ტექნოლოგიების სწავლება ორი მიმართულებით მიმდინარეობს – სტუდენტები შეისწავლიან როგორც სერვერებისა და ქსელების ადმინისტრირებას, ისე უსაფრთხოებასა და რისკების მენეჯმენტს .

გრაფიკული დიზაინის კუთხით, სტუდენტები განათლებას 7 მიმართულებით იღებენ. სასწავლო კურსი ხატვის გაკვეთილებით იწყება. "ვიწყებთ ფანქრით ხატვით, რომ იცოდნენ, რა არის პროექცია, მასშტაბის განსაზღვრა, რომ აღქმა განუვითარდეთ. ელემენტარულ დონეზე ადამიანის ფიზიონომიასაც შევასწავლით, რათა პროპორციებში გაერკვნენ. მოგვიანებით, უკვე 2D გრაფიკაზე გადადიან".

IT Academy Step-ში, კურსის ფარგლებში Photoshop-სა და Illustrator-ს შეასწავლიან. ასევე კითხულობენ ლექციებს რეკლამის თეორიაზე, ვებგვერდის ერგონომიკასა და ფერთა აღქმაზე, ვებდიზაინზე. მცირე დოზით შეასწავლიან html-ს – პროგრამულ ენასაც, რომლის მთავარი მიზანია გრაფიკული დიზაინერი გაერკვეს პროგრამირების საფუძვლებში, რათა მისი და პროგრამისტის თანამშრომლობა ვებგვერდის შექმნის პროცესში უფრო ჰარმონიულად წარიმართოს.

აქვე სწავლობენ ბეჭდვას, ფერდაშლას. გადიან Indesign-ის კურსებსა და წიგნის, ბუკლეტების აწყობას, ბრენდბუქის შექმნას. გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში, სტუდენტების სილაბუსში დრო ფოტოგრაფიისთვისაცაა გამოყოფილი. უკვე შემდეგ კი, 3D გრაფიკის დრო დგება. 3D გრაფიკული პროგრამის, Maya-ს შემდეგ, კურსის სტუდენტები ვიდეომონტაჟის საფუძვლებს ეუფლებიან. პერიოდულად გრაფიკული დიზაინის კურსის მოსწავლეებს საჩუქრად სოციალური მედიის მართვის ლექციები ერგებათ – "ამ გზით მათ საკუთარი თავის პრომოუშენს შევასწავლით".

IT Academy Step-ში თითო გაკვეთილის ღირებულება 8-იდან 13 ლარამდე მერყეობს. "მცირე აკადემიის" სტუდენტები Step-ში სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, გარდამავალ, შუალედურ კურსს გადიან და ახალი ეტაპის სირთულეების დასაძლევად ემზადებიან. "პროფესიული კურსები ხომ ცოტა მძიმეა. ბევრი სტუდენტი ვერც კი უძლებს და ფინალურ გამოცდებამდე ვერ მიდის".

პროფესიული კურსები IT Academy Step-ში 3-საათიანი ხანგრძლივობით კვირაში 4 დღე ტარდება, რაც თვეში 48 საათს შეადგენს, ხოლო შუალედური კურსის სტუდენტები სწავლას კვირაში 4 საათს უთმობენ. ჯამში, თვეში 16 საათს. "არ გვინდა, სკოლას ყურადღება მოაკლონ", – აღნიშნავს მაკა მახათაძე. რაც შეეხება მცირე აკადემიის მოსწავლეებს, ისინი ტრენინგცენტრში კვირაში ერთ დღეს, 3 საათს ატარებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტუდენტების ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის – აკადემიის არსებობის 3 წლის განმავლობაში, ყველაზე უფროსი სტუდენტი 45 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პროგრამირებას სწავლობდა.

სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტი სერტიფიკატს ან დიპლომს იღებს – ყველაფერი მის აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული. დიპლომი იმ შემთხვევაში გადმოგეცემათ, თუკი ტესტირებისას თქვენი სწორი პასუხების რაოდენობა 80%-ს აღემატება.

IT Academy Step სპეციალიზებულ პროგრამებს ნებისმიერი მსურველისთვის ადგენს. შესაძლებელია როგორც შეზღუდული დროის პირობებში სტანდარტული კურსის მოდიფიკაცია, ისე ორგანიზაციის მოთხოვნებზე მორგებული სპეციფიკური კურსების შექმნა.

დაბოლოს: Step-ის მთავარი მიზანია, ნებისმიერმა მსურველმა საკუთარი თავის აღმოჩენა შეძლოს. მცირე აკადემიის პოტენციური სტუდენტი არის ყველა ზრდასრული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პროგრამირების თუ გრაფიკული დიზაინის სამყაროში ხედავს. მთავარი ხომ მონდომებაა!

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი