Get All Access for $5/mo

ქართული სტარტაპის დამანგრეველი ინოვაცია მეხანძრეთა უნიფორმის ბაზარზე გაიცანით Elven Technologies!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ქართული კომპანია ELVEN TECHNOLOGIES ახლად დაარსებული ქართული სტარტაპია, რომელიც მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის. მისი გუნდის წევრები არიან ვამეხ ხერხეულიძე, გიორგი გაბარაშვილი და ლადო წიბახაშვილი. მათი პროდუქტი ინოვაციურია იმით, რომ სრულიად ცეცხლგაუმტარია და აქვს ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული ერთადერთი შიდა გაგრილების სისტემა მთელ სხეულზე. ეს ორი ახალი, მნიშვნელოვანი მახასიათებელი მოხსნის მეხანძრეთა უსაფრთხოების პრობლემას.

"რეალურად, მეხანძრეები მუშაობის დროს ორი დიდი საფრთხის წინაშე არიან: ერთია ფიზიკური ტრავმები და დამწვრობა, მეორე კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი. ამას უამრავი კვლევა მოწმობს. აშშ-ში დღეს მეხანძრეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უზარმაზარი ყურადღება ექცევა − არანაკლები, ვიდრე ფიზიკურს. ეს ფსიქოლოგიური სტრესი კი მეტწილად მოდის იქიდან, რომ მათ საერთოდ არ აქვთ დაცულობის შეგრძნება. ყოველ დილით ადამიანი იღვიძებს და მაღალია ალბათობა, რომ სამსახურიდან შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდება. ეს კოსტიუმი კი ამ სტრესის მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნის. მეხანძრეები დარწმუნდებიან, რომ ეს მათი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია", − აცხადებს ვამეხი.

იმისათვის, რომ პროდუქტმა რეალური პრობლემა გადაჭრას და ბაზრის საჭიროებას უპასუხოს, პერიოდულ შეხვედრებს აწყობენ მეხანძრეებთან და სახანძროს მენეჯმენტთან. რეალური გაყიდვების დაწყებამდე, პროდუქტის ვალიდაციას საქართველოში გეგმავენ. გარდა უსაფრთხოებისა, უნიფორმა ამოწმებს მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც გადასცემს საკონტროლო ჰაბს.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი და ინოვაცია, რომელიც განხორციელდა მეხანძრეთა უნიფორმებში, იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. ამის შემდეგ გარკვეული მიკროინოვაციები პერიოდულად ხდებოდა, მაგრამ მთავარი დიდი ნახტომი ამ პერიოდის შემდეგ აღარ ყოფილა. ჩვენი პროდუქტი არის დაახლოებით მობილურიდან სმარტფონამდე დონის ნახტომი. "აიფონმა" ხომ ინდუსტრია სრულიად შეცვალა? დაახლოებით იგივეს ვგეგმავთ ჩვენც", − ამბობს ვამეხი.

როგორ იქმნება გუნდი და კორპორაციული კულტურა

ვამეხი პროფესიით ექიმია და პროფესიულ სამედიცინო ცოდნას ამ საქმიანობაშიც აქტიურად იყენებს. ის ისრაელიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც 2 წლის განმავლობაში აქტიური სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. საქართველოში დღეს სამედიცინო ფაკულტეტზე ასწავლის. როგორც ამბობს, ამ საქმეში მედიცინის ცოდნა უზომოდ ეხმარება, რადგან კოსტიუმი იქმნება ადამიანის სხეულისთვის და მისი ფუნქციონირების ზედმიწევნით ცოდნა ეხმარება უფრო კომფორტული უნიფორმის შექმნაში.

"რეალურად, აქ ჩემი საქმეა კოსტიუმის ფუნქციური დიზაინი, − სად, როგორ და რა სისტემები უნდა არსებობდეს. მაგალითად, როგორ და სად ჩავსვათ სატურომეტრი, რომელიც ზომავს ჟანგბადის კონცენტრაციას სისხლში", − აცხადებს ვამეხი.

სერიოზული გეგმებისა და ინოვაციური მიზნების განსახორციელებლად, გუნდი მუდმივად იზრდება. ამჟამად კომპლექტდება მენეჯმენტის გუნდი. გადაწყვეტილი აქვთ, თითოეულ ძირითად საქმეს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ფინანსური დირექტორი უკვე ჰყავთ, ლადოს სახით. ყველაზე ახალი წევრი სანდრო ჩუბინიძეა − ასევე ექიმი და ფიზიოლოგიის სპეციალისტი. მალე მარკეტინგის დირექტორის შემოერთებასაც აპირებენ. ამჟამად ტექნიკური დირექტორი გიორგია, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის კუთხით დიდი გამოცდილების მქონეა. გუნდს წინასწარ ზუსტად დალაგებული ბიზნესგეგმა არ გააჩნია, ახალ-ახალი გამოწვევების გაჩენასთან ერთად სამოქმედო გეგმასაც ეტაპობრივად ავითარებენ.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ნებისმიერი რამის კეთებას თავად სწავლობენ. მაგალითად, ვამეხი საკერავ მანქანაზე კერვასაც კი დაეუფლა; გიორგი მედიცინაში სიღრმისეულად გაერკვა; აქტიურად გეგმავენ პროდუქტის შემდგომ განვითარებას; ძალებს არ ზოგავენ, რომ კომპლექსურად მიუდგნენ საქმეს, რადგან ეს საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

პირველი წარმატება

კომპანიაში იხსენებენ, რომ როდესაც GITA-ს კონკურსზე ფიჩინგით წარდგნენ, ჟიურიში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოდილება ჰქონდა. მან იქ მყოფებს დაუდასტურა, რომ ის, რაზეც ELVEN TECHNOLOGIES მუშაობს, ზუსტად პასუხობდა უსაფრთხოების გამოწვევებს, რასაც მეხანძრეები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.

დამფუძნებლები ყველას ურჩევენ GITA-ს კონკურსში ძალები აუცილებლად მოსინჯონ, რადგან ეს კონკურსი პირველი გამბედავი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას იძლევა. "ეს არის პირველი ნდობა, პირველი ფული და ღირებული რეკომენდაციები, რომლებიც გეხმარება იდეის პროდუქტად ქცევასა და კომპანიის მშენებლობაში. აქ გადადგმული ნაბიჯი აადვილებს შემდგომ განვითარებას". კომპანიაში სჯერათ, რომ აკეთებენ საქმეს, რომლითაც სრულიად ახლებურად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.

უახლოესი გეგმები

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა კოსტიუმის დასრულება და დაპატენტებაა. აქვთ ორი ვარიანტი: თვითონ აწარმოონ უნიფორმა, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ან ლიცენზია მიჰყიდონ უკვე გამოცდილ კომპანიას წარმოებისა და ბაზარზე გატანისთვის. ამჟამად აქვთ სამოქმედო გეგმის ერთწლიანი მონახაზი, რის მიხედვითაც მუშა პროტოტიპი 6 თვეში უნდა დასრულდეს.

დასასრულ, Elven Technologies-ის გუნდი აღიარებს, რომ არაა მარტივი საქართველოში სტარტაპის დაწყება და ძალიან რთულია დაარწმუნო ადამიანები, რომ ახალ, გიჟურ იდეაში ფული ჩადონ. ხშირად ეკითხებიან, რატომ აკეთებენ ამ ინოვაციას ისინი, და არა უზარმაზარი კორპორაციები, რომლებიც გაცილებით გამოცდილნი არიან ამ საქმეში. თითქოს რაღაც მხრივ დაუჯერებელია, რომ ქმნიან სრულიად ცეცხლგაუმტარ უნიფორმას, რადგან ვიცით, რომ "ცეცხლთან თამაში არ შეიძლება". თუმცა მათ გამოუვიდათ და შეძლეს დაპირისპირებოდნენ ამ გავრცელებულ აზრს. უბრალოდ, ვინმემ უნდა გაბედოს და დაამტკიცოს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია გადადგას პირველი ნაბიჯი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?