Get All Access for $5/mo

medik - სრული სამედიცინო ისტორია თქვენს სმარტფონში "ჩვენს მიზანს, რეგიონის ჯანდაცვის სისტემაში, 3-დან 5 წლის ჭრილში, ყველა საბუთის გაციფრულება წარმოადგენს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ინდუსტრიების გაციფრულების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ცივილიზებული სამყარო ინფორმაციის მარტივ და საყოველთაო წვდომაზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლებში საქართველო ტექნოლოგიური განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს გადის და ციფრული სტარტაპები სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ თამამ და ამბიციურ ნაბიჯებს დგამენ. გვსურს გაგაცნოთ სტარტაპი medik და მისი დამფუძნებელი ლაშა მურჯიკნელი, რომელმაც გასული წლის გაზაფხულზე ქართული სამედიცინო სფეროს გაციფრულებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

medik არის სამედიცინო ასისტენტი, რომელიც მომხმარებლისათვის საკმაოდ გასაგები და მარტივად აღსაქმელი ფორმით ინახავს და გვაწვდის დანიშნულებებს, ანალიზების პასუხებს, რადიოლოგიის შედეგებს, დიაგნოზებს და საჭირო ვიტალურ ინფორმაციას. ეს აპლიკაცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისთვისაც საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტია. ამიერიდან, ფურცლებზე რთულად გასაგები კალიგრაფიით შევსებული ბლანკების ნაცვლად, ნებისმიერ მომენტში მარტივად შეგეძლებათ თვალი ადევნოთ თქვენს სამედიცინო ისტორიას, ანალიზებს, კვლევებს, დანიშნულებებს, და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ ექიმთან. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

სტარტაპ medik-ის დამფუძნებელი ლაშა მურჯიკნელი პროფესიით ფინანსისტია და წლების განმავლობაში საინვესტიციო და საფინანსო მიმართულებით მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, სამსახურს მიღმა ყოველთვის ჰქონდა საკუთარი ბიზნესის წარმოების სურვილი და არაერთი წარუმატებელი პროექტის მიუხედავად, ენთუზიაზმს მაინც ინარჩუნებდა. მრავალწლიანი ცდების მიუხედავად, მისმა პროექტებმა საკმარისი ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა, მაგრამ medik-მა გარე ინვესტორების ყურადღების მიპყრობა შეძლო. საკუთარი სტარტაპისათვის მეტი დროის დასათმობად, ლაშამ მიმდინარე წლის ივლისში სტაბილური სამსახურიც მიატოვა და აქ იწყება მისი ანტრეპრენერული თავგადასავალი...

"მსგავსი პლატფორმის შექმნის იდეა 2019 წელს დამებადა. დედა პროფესიით ექიმია და რაც ბავშვობიდან მახსოვს, უამრავი ე.წ. "ქაღალდის სამუშაოსა" და მოუცლელობის გამო, შინ პრაქტიკულად არასოდეს იყო. გარდა ამისა, მყავს ბებია-ბაბუა და კარგად ვიცი, რას ნიშნავს წამლების დანიშნულებების დაკარგვა, ექიმების რთულად გარჩევადი კალიგრაფია, ანალიზების ფურცლების გამუდმებით ძებნა... საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ სასწრაფოდ უნდა გამეციფრულებინა ეს სფერო და ადამიანებისთვის ცხოვრება გამემარტივებინა", − ამბობს ლაშა მურჯიკნელი, − "ჩვენი სტარტაპი, ინფორმაციის დიჯიტალიზაციით ყველას აძლევს თავიანთ სამედიცინო ჩანაწერებზე სრული წვდომის შესაძლებლობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია დემატერიალიზაცია − ქაღალდის დოკუმენტებზე საბოლოოდ უარის თქმა, და ჩვენს მიზანს, რეგიონის ჯანდაცვის სისტემაში, 3-დან 5 წლის ჭრილში, ყველა საბუთის გაციფრულება წარმოადგენს".

როგორც ლაშა გვიამბობს, medik-ის პირველი კომუნიკაცია ყველა მსხვილ საავადმყოფოსთან, 2020 წლის მაისში შედგა. პირველი ნაბიჯი იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან მაქსიმალურად მეტი რამის სწავლა და ამომწურავი რეკომენდაციების მიღება. პირველი ე.წ. "ინტერაქციული მოქაფი" ლაშამ საკუთარი სახსრებით შექმნა, ხოლო მოგვიანებით მოზიდული ინვესტიციის ოდენობამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი შეადგინა. მონაცემთა წვდომაზე სამართლებრივი ჩარჩოს მოსაგვარებლად, medik-ის გუნდმა მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პლატფორმის უსაფრთხოების პოლიტიკა და ფუნქციები წარუდგინა, რის შემდეგაც შესაბამისი უწყებისგან რეკომენდაციები მიიღო. საბოლოოდ, პროდუქტი მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამზადდა და სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ამ ტექნოლოგიის პირველი მიმღები "ავერსის კლინიკა" იყო და მისმა ექიმებმა სტარტაპის განვითარებასა და ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. 2021 წლის პირველ აგვისტომდე მიმდინარეობდა რეალური მონაცემების ტესტირება, ხოლო პირველი აგვისტოდან აპლიკაცია ოფიციალურად გაეშვა. დღეის მდგომარეობით, medik-ის პლატფორმა ხელმისაწვდომია "ავერსის კლინიკის" ყველა ფილიალის და ჩაჩავას კლინიკის პაციენტებისათვის.

"მთავარი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი სრულად ფლობდეს აპლიკაციის ფუნქციონალს. როდესაც ვიწერთ რაიმე აპლიკაციას და მისი რესურსის მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ, უკმაყოფილების შეგრძნება გვეუფლება, ამიტომ ვეცადეთ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ინტერფეისი. medik არის მარტივად გამოყენებადი და ოპტიმიზებული აპლიკაცია, სადაც მომხმარებელი მის თითოეულ მოდულს გამოიყენებს. პლატფორმის გახსნისას, მომხმარებელს ხვდება ოთხი მოდული: დანიშნულებები, ანალიზები, იქნება ეს რადიოლოგიური კვლევა თუ დიაგნოსტიკა, და სამედიცინო პროფილი. ეს უკანასკნელი, QR-კოდის საშუალებით, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო პერსონალს პაციენტის ვიტალურ ინფორმაციას სთავაზობს, როგორიცაა არტერიული წნევა, ქრონიკული დაავადებები, ალერგიები, მიმდინარე მედიკამენტური მკურნალობა და სისხლის ჯგუფი. medik-ში ხელით არავინ არაფერს ავსებს. ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან და ნებისმიერ ადამიანს რეალურ დროში ექნება წვდომა საკუთარ სამედიცინო ისტორიაზე. ანალიზების ველში, ტრადიციული ბლანკისგან განსხვავებით, სადაც მითითებულია მაჩვენებელი, რეფერალური საზღვარი და ზომის ერთეული, ჩვენს აპლიკაციაში მომხმარებელი ნორმის ფარგლებში არსებულ კომპონენტებს მწვანედ შეფერილი რიცხვებით იხილავს, ხოლო რაიმე დარღვევის შემთხვევაში − წითლად. აპლიკაციის დიზაინის შემუშავებისას, გავითვალისწინეთ ამერიკული, ბრიტანული, ესპანური მსგავსი პლატფორმების ინტერფეისი და მაქსიმალურად გავამარტივეთ, რათა მომხმარებელი ზედმეტი ინფორმაციით არ გადაიტვირთოს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის პრიორიტეტია და მომხმარებლებთან ყოველთვის მჭიდრო კავშირში ვიქნებით", − აცხადებს ლაშა მურჯიკნელი.

medik ორიენტირებულია მომხმარებლისათვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნასა და მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზებაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე აპლიკაცია ძირითად ღირებულებას პაციენტებისთვის ქმნის, თუმცა სამომავლოდ, სარგებელს როგორც ექიმები, ისე სამედიცინო დაწესებულებებიც ნახავენ. სულ მალე ამუშავდება medik-ის web based software-ვერსია, რომელიც ფრაგმენტულ მოგზაურობაში მყოფ ექიმს პაციენტის მდგომარეობის ჰოლისტიკურ სურათს გაუშლის.

"ჩვენს პლატფორმაზე თავმოყრილი იქნება პაციენტის დიაგნოზები, წარსულში ჩატარებული მედიკამენტური მკურნალობის აღწერა, და ეს ყველაფერი, ერთ ფანჯარაში. მონაცემების სწრაფ დამუშავებას კი, ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს. ზოგადად, მკურნალობა, ერთგვარ გამორიცხვის პრინციპს ექვემდებარება. ექიმთან ვიზიტისას, იგი სავარაუდო დიაგნოზებს სვამს, გვიშვებს ანალიზებსა და გამოკვლევებზე, ხოლო დაავადებების გამორიცხვით, სწორ მკურნალობას ნიშნავს. ჩვენი მიზანია, ექიმებმა აღარ დაკარგონ დრო კომპიუტერში სხვადასხვა PDF-ფაილების ძებნაში, ფურცლებში ქექვაში, და მეტ პაციენტს დაეხმარონ", − გვიამბობს ლაშა მურჯიკნელი, − "ხელოვნური ინტელექტის უკან ჭკვიანი ადამიანის გამოცდილება მანიპულირებს. ის არ იღლება, არ გადის შვებულებაში, არ გააჩნია ემოციები და შესაბამისად, ნაკლებ მექანიკურ შეცდომას უშვებს ადამიანთან შედარებით. პირობითად, მცირეწლოვანი ბავშვისათვის მოზრდილი ადამიანის წამლის გამოწერა დაუშვებელია, რაც ყველა ექიმმა იცის, თუმცა ტექნიკური შეცდომების გამო, მსგავსი შემთხვევებიც ხდება, ხელოვნური ინტელექტი კი ამას გამორიცხავს. დროთა განმავლობაში, რაც მეტი მონაცემი და ცოდნა დაგროვდება, ეს ციფრული ასისტენტი მით უფრო კვალიფიციურ და მნიშვნელოვან რჩევებს მისცემს ექიმებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ცხადია, ადამიანის მისაღები იქნება".

რაც შეეხება medik-ის სამომავლო გეგმებს, მისმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე აპლიკაციის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმთან თუ ლაბორატორიაში ვიზიტის დაჯავშნის ფუნქციით ისარგებლოს. გარდა ამისა, იგეგმება რეგიონში მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაც. ასევე აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია უკვე მზადაა ე.წ. "მწვანე სერტიფიკატების" ინტეგრირებისათვის. "მზად ვართ ჩვენს პლატფორმაზე ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი "კოვიდ"-სერტიფიკატების გენერირების ფუნქციის ინტეგრაციისთვის, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია პაციენტის იმუნიზაციასა და გადატანილი "კოვიდის" შესახებ. ასევე, შესაძლებელი იქნება ფაილის PDF-ვერსიის ჩამოტვირთვაც. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა დაწესებულება თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს უწყობს ხელს და აცრილ მომხმარებელს გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს. ამის მხარდასაჭერად, გამოვთქვამთ მზადყოფნას, უსასყიდლოდ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ჯანდაცვის სტრუქტურებთან და დავეხმაროთ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშეწყობაში", − ლაშა მურჯიკნელი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო