Microsoft-მა Chat GPT Bing ინტეგრაციის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც Google-მა ხელოვნური ინტელექტის კონკურენტი - Bard წარმოადგინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Chat GPT კატალიზატორი აღმოჩნდა მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მქონე საძიებო ბოტების საკუთარ ვერსიებს უშვებენ.
ცოტა ხნის წინ, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ Bard-ის შესახებ გააკეთა განაცხადი. ხსენებული საძიებო სისტემა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მუშაობს და შესაბამისი წინადადებებით უპასუხებს დასმულ შეკითხვებს. ის ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტისა და ჩატბოტის, ChatGPT-ის კონკურენტია.
"Bard მსოფლიო ცოდნის შერწყმას ცდილობს ჩვენი ენობრივი მოდელების დიდ ძალასთან − ინტელექტთან და შემოქმედებითობასთან", − წერს პიჩაი განცხადებაში.
პროდუქტი ფართო საზოგადოებისთვის "უახლოეს კვირებში" იქნება ხელმისაწვდომი, იქამდე კი მას ნდობით აღჭურვილი გამომცდელები გამოიყენებენ.
"პრესკონფერენციაზე Microsoft-მა გამოაცხადა, რომ იგი OpenAI-თან − ChatGPT-ის შემქმნელთან თანამშრომლობდა, ამ ტექნოლოგიის ინტეგრაციისათვის თავის Bing საძიებო სისტემაში", − იუწყება Bloomberg.
საძიებო სისტემის ტრადიციული გამოცდილების ნაცვლად (მოთხოვნის ძიება და მრავალი ბმულის წარდგენა), ChatGPT საშუალებას გაძლევთ რაღაც ასეთი იკითხოთ: "როგორია პლანეტა ვენერა?" და მოკლე პასუხი მიიღოთ.
როგორც მინიმუმ ერთმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა, ამის გამო შესაძლოა ძიება მოძველებული აღმოჩნდეს და ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნას ორივე კომპანიას, რომლებსაც Google-ისა და Microsoft-ის Bing საძიებო სისტემები აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, Google საზოგადოების აღტაცებამ დააბნია, რაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის ChatGPT-ის გამოჩენით იყო გამოწვეული. მან აიძულა Microsoft მოქმედებაზე გადასულიყო და $10 მილიარდის ინვესტირება განეხორციელებინა OpenAI-ში.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ, რობოტს ჰკითხოთ, რაც გაინტერესებთ. ამ შემთხვევაში, ChatGPT-ის, და შესაბამისი პასუხები მიიღოთ − ესეებით დაწყებული "ჰამლეტზე", რომანებზე, და გამოცდის ჩაბარებით დამთავრებული (წინასწარი კვლევის მიხედვით) სამედიცინო ლიცენზიის მისაღებად, რამაც სამეცნიერო წრეებში პანიკა გამოიწვია.
Google-მა Bard შექმნა, რომელიც ადრე ცნობილი იყო LaMDA-ს სახელით, მაგრამ იგი ფართო საზოგადოებისთვის არ გაუშვია. როგორც ცნობილია, პიჩაიმ დეკემბერში გამართულ შიდა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიას "რეპუტაციასთან დაკავშირებული გაცილებით დიდი რისკი" ჰქონდა და "პატარა სტარტაპზე უფრო კონსერვატიულად უნდა მოქცეულიყო".
Google-ის Bard ინსტრუმენტი "ინტერნეტიდან მიღებულ ინფორმაციას იყენებს ახალი, მაღალი ხარისხის პასუხების მისაღებად". მას 9 წლის ბავშვისთვის ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის ახალი აღმოჩენების ახსნა შეუძლია ან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ჩამოთვლა პოზიციების მიხედვით, − წერს კომპანია ბლოგპოსტში.
Microsoft-ის ინსტრუმენტი ამჟამად მხოლოდ წინასწარი გადახედვის რეჟიმშია ხელმისაწვდომი, შეკითხვების შეზღუდული ვარიანტები აქვს და სრული ვერსიის მოლოდინშია, − იუწყება Bloomberg. ამ ვერსიაში შეგიძლიათ მაგალითად, მას მენიუს დაგეგმვაში ან რითმიანი ლექსის დაწერაში სთხოვოთ დახმარება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია საკუთარ ინტეგრაციას გეგმავს Bing საძიებო სისტემასთან და ამასთან ერთად, Edge ბრაუზერთანაც.
როგორც Bloomberg იუწყება, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ეს ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის თითქმის ყველა კატეგორიას შეცვლის".