Cyber Week Sale! 50% Off All Access

ნავიგაცია და ზრდა კრიზისის დროს ენერგიითა და კრეატივით სავსე გუნდი კრიზისის წინააღმდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

Pulsar AI-ს შექმნა დამფუძნებლების საერთო ინტერესებმა, მიზნებმა და ხედვამ განაპირობა, რაც გულისხმობდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებას და დანერგვას. სწორედ ტექნოლოგიური გამოწვევების ამგვარი მოგვარებაა დღეს "პულსარის" მთავარი მამოძრავებელი ძალა და უპირატესობა.

დაწყებიდან ერთ წელიწადში, სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცა საქართველოში, რადგან ისინი ქმნიდნენ ადგილობრივ დონეზე არარსებულ ტექნოლოგიებს − განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. მათ შექმნეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.

2018 წელს, TBC ბანკთან ერთად, Pulsar AI-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Payments Awards-ის ნომინაციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა, HSBC-ისა და NuData-ს ("მასტერქარდის" კომპანია) გვერდით. 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო მობილურ ბანკინგად დასახელდა აპლიკაცია, რომელიც Pulsar AI-ის ხმოვან ტექნოლოგიას იყენებს.

წელიწადზე მეტია, რაც Pulsar AI-მ შეცვალა თავისი ბიზნესმიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისიდან გადავიდა SaaS-მოდელზე, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისად მიწოდებას გულისხმობს მათ მიერ უკვე შექმნილი ტექნოლოგიებით. ამან სტარტაპს ბიზნესმოდელის მასშტაბირებისა და გლობალურ ბაზარზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.

სწორედ ამ დროს, Pulsar AI-ის გუნდი Startup Grind-კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა "სილიკონის ველს", სადაც საინტერესო ბიზნესკავშირები დაამყარეს. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ში კომპანია Shift-ის ქართველი დამფუძნებლის, ჯორჯ არისონის გაცნობა. ჯორჯ არისონი ამერიკის ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია Shift-ის დამფუძნებელია. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ ერთმანეთის მიღწევების გაცნობით და გადაწყვიტეს თანამშრომლობა. აქტიური განხილვების პროცესში აღმოაჩინეს, რომ "პულსარის" NLP-ის და მიმოწერის ავტომატიზაციის ტექნოლოგიას შეუძლია გადაჭრას ერთ-ერთი უმსხვილესი პრობლემა აშშ-ის ავტომობილების საცალო გაყიდვების ბაზარზე. ავტომობილის ინდუსტრია კი ჯორჯის ექსპერტიზის სფეროა, რითაც ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გუნდს. შედეგად, 2019 წლიდან "პულსარმა" და ჯორჯმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ავტომობილების საცალო ინდუსტრიისთვის მომხმარებელთა ჩართულობის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებაზე.

დღესდღეობით, Pulsar AI-ს ორი ოფისი აქვს − ერთი თბილისში, მეორე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ). თბილისში ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების გუნდი განაგრძობს მუშაობას, ხოლო კალიფორნიაში ბიზნესგუნდმა გადაინაცვლა.

Pulsar AI-ს კარგად იცნობს Entrepreneur Georgia-ს მკითხველი. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაადასტურა, რომ "სილიკონის ველზე" დაფინანსების მოპოვებისთვის ბრძოლა საქართველოდანაც შესაძლებელია აქტიური და გონივრული ქმედებების საშუალებით.

ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ Pulsar AI ე.წ. SaaS-ბიზნესმოდელის სტარტაპია, რომელიც საქართველოში, და ახლა უკვე აშშ-ში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობს. "პულსარი" ამერიკის ბაზარზე ავითარებს პროდუქტს, რომელიც ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას აძლევს პოტენციურ მომხმარებლებთან კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.

ჩვენი ბოლო ინტერვიუ ჯერ კიდევ პანდემიამდე შედგა. მას შემდეგ თითქოს მთლიანად შეიცვალა სამყარო. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა "სილიკონის ველზე" კომპანია Pulsar AI-ს ადაპტირება, რამაც ორმაგად გაართულა კომპანიის წინაშე მდგარი ამოცანები. თუმცა, არცთუ გადაულახავი, "პულსარის" ენერგიითა და კრეატივით სავსე გუნდისთვის. სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ინტერვიუში, რომელიც "პულსარის" დამფუძნებლებთან − დაჩი ჭოლაძესთან, ზაალ გაჩეჩილაძესთან და სოფო ჭყოიძესთან შედგა.

როგორია ცხოვრება აშშ-ში, "სილიკონის ველზე", პანდემიის პირობებში?

დაჩი: მსოფლიო ძალიან შეიცვალა, თუმცა რადგან პლანეტის ყველა ნაწილი იდენტური გამოწვევის წინაშე დადგა, თითქოს უფრო დაემსგავსა ამერიკული ყოველდღიურობა არაამერიკულს. ტექნოლოგიური ბიზნესებისთვისაც ერთი ტიპის გამოწვევა დადგა − სწრაფი გზის პოვნა ადაპტირებისთვის, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლით ეფექტიანობის შენარჩუნება, ბიზნესმოდელის შესაძლო ცვლილებები, თანამშრომლების მოტივირება, გუნდურად მუშაობის შენარჩუნება დისტანციური მუშაობის პირობებში და სხვა. გარკვეულწილად, "პულსარისთვის" დისტანციური მუშაობა არ ყოფილა სრულიად ახალი, ვინაიდან ისედაც გვიწევდა ორ გუნდს − თბილისისა და სან ფრანცისკოს ოფისებს დროის სხვადასხვა ზონაში გაგვეცვალა ინფორმაცია ყოველდღიურად და სინქრონში გვემუშავა. ამიტომ ეს გამოცდილება საკმაოდ დაგვეხმარა სწრაფ ადაპტირებაში.

ზოგადად, ხედავთ თუ არა ცვლილებებს, რომელიც პანდემიამ მოიტანა სტარტაპ-ტრენდებში? შეიცვალა თუ არა შესაძლებლობების ვექტორი სხვადასხვა ინდუსტრიაში?

დაჩი: ვფიქრობ, ისეთი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს უგვარებენ ადამიანებს, ყველა ვექტორი ბიზნესის განვითარებისთვის პოზიტიური მიმართულებით განლაგდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებზე, და დაჩქარდა ციფრული ადაპტირება ისეთ ინდუსტრიებშიც კი, სადაც ტექნოლოგია ჯერ არცთუ კარგად იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება სტარტაპის ტრენდებს, რა თქმა უნდა, ჰორიზონტზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდნენ ისეთი სტარტაპები, რომლებიც საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს ისეთ ინდუსტრიებში ქმნიან, როგორიც არის e-commerce, ადგილზე მიტანის სერვისები, დისტანციური კომუნიკაციის საშუალებები და სხვა. ასეთი სტარტაპებისთვის უფრო მარტივი გახდა როგორც მომხმარებლების მხრივ ზრდა, ასევე ინვესტიციის მოზიდვა, ვინაიდან ფონდები, რომლებსაც თანხა ჰქონდათ მოზიდული სტარტაპებში ინვესტირებისთვის, ვერ ახდენდნენ იმ რაოდენობის ინვესტირებას, რაც გეგმის მიხედვით განესაზღვრათ. შესაბამისად, ამან გამოიწვია ფონდებში არაინვესტირებული თანხის სიჭარბე და სტარტაპები, რომლებიც ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიდნენ, რომლის მიმართაც შექმნილ რეალობაში მოთხოვნა სწრაფად იზრდებოდა, საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობებად იქცნენ ასეთი ფონდებისთვის.

მოახდინა თუ არა რაიმე ტიპის გავლენა − დადებითი ან უარყოფითი, პანდემიამ Pulsar AI-ს ზრდაზე და შემოსავლებზე? გაჩნდა თუ არა მეტი მოთხოვნა კომპანიების მხრიდან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექ-გადაწყვეტილებების მიმართ?

დაჩი: "პულსარს" ბაზარზე ოპერირების დაწყება და პირველი პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება სწორედ პანდემიის დაწყების პერიოდში მოუწია, ამიტომ ეს უდიდესი გამოწვევა იყო კომპანიისთვის. რეალურად, ასეთ დროს სტარტაპები ბაზარზე შესვლის უკვე ნაცად და გამართლებულ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე, ჩვენთვის კი სიტუაციიდან გამომდინარე, არ იყო ცხადი, თუ რომელი არსებული მეთოდისთვის უნდა მიგვემართა, ამიტომ მოგვიწია საკმაოდ დიდ რისკზე წასვლა და ამ გზის სრულიად დამოუკიდებლად მოფიქრება და იმპლემენტაცია უმოკლეს დროში. შედეგებმა გვიჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ იმ პერიოდში და ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ მეტი გამბედაობაც შეგვძინა ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, როგორიც პანდემიის დასაწყისში გადავდგით.

ავტომობილის დილერებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც "პულსარი" სთავაზობს თავის პროდუქტს, თავიდან ძალიან გართულდა სიტუაცია. დაიკეტა და გაკოტრდა ბევრი როგორც პატარა (1-2 ლოკაციის მქონე), ასევე დიდი ავტოდილერი. თუმცა, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა რისკის შემცველი გახდა მოსახლეობისათვის, ბევრმა გადაწყვიტა საკუთარი მანქანის შეძენა, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ დისტანციურად უწევდათ მუშაობა და შესაბამისად, დიდი ქალაქებიდან მოშორებით, უფრო ბიუჯეტურ საცხოვრებლებში გადავიდნენ, სადაც პირადი ავტომობილის ფლობა უფრო საჭირო და ამავდროულად, მოსახერხებელი გახდა. ამან გამოიწვია ავტომობილების გაყიდვის ზრდა. შესაბამისად, ავტოდილერების ინდუსტრიაში პირიქით − შემოსავლების მატება დაიწყო და ახალმა რეალობამ დილერებისთვის გარდაუვალი გახადა ტექნოლოგიებისთვის მიემართათ. "პულსარიც" სწორედ ერთ-ერთი გამოსავალი აღმოჩნდა ბევრი მათგანისთვის. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, დილერებს მოუწიათ მათი არსებული პროცესებისა და ოპერაციების ოპტიმიზება ადამიანური რესურსის შემცირების ფონზე და შესაბამისად, "პულსარის" პროდუქტი, რომელიც ავტომატიზაციის საშუალებით ეხმარება დილერებს, 24/7 გრაფიკით ჰქონდეთ ხარისხიანი კომუნიკაცია მათ მომხმარებლებთან, ამ ოპტიმიზაციის ნაწილი აღმოჩნდა.

რა ცვლილებების გაკეთება მოგიწიათ "პულსარის" ოპერაციებში პანდემიიდან გამომდინარე?

სოფო: განვითარებულმა მოვლენებმა მრავალი ცვლილება გამოიწვია და კომპანიას ყველა ასპექტში შეეხო. პანდემიის დაწყებამ უფრო ქაოსური გახადა ბაზარი და ჩვენი მომხმარებლების ქცევაც შეიცვალა ამის ფონზე, განსაკუთრებით იმ პროცესში, სადაც ჩვენ ვართ ჩართული დილერის მხრიდან. მომხმარებლის ქცევა თითქმის ყოველდღიურად იცვლებოდა, რაც უჩვეულოდ სწრაფი იყო, რადგან ამას სხვა შემთხვევაში წლები სჭირდება ხოლმე. იმისათვის, რომ "პულსარს" რაც შეიძლება სწრაფად მოეხდინა რეაგირება ამ ცვლილებებზე, მოგვიწია ახალი ტიპის ანალიტიკის მოდულის შექმნა და მასზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღება, რაც ახალი პროცესი იყო კომპანიაში და ამის დანერგვა უმოკლეს ვადებში მოგვიწია.

არის თუ არა გუნდის მართვის პლატფორმები, რომელსაც თქვენი გუნდი იყენებს? რა სახის უპირატესობები აქვს გუნდის მართვის ონლაინინსტრუმენტებს გუნდის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში?

ზაალი: საკმაოდ ბევრ პლატფორმასთან გვქონდა შეხება. რა ეტაპზეც ვიყავით იმ პერიოდში, იმ მოთხოვნებზე მორგებულ პლატფორმებს ვირჩევდით. თავიდან, გუნდის ზომის მიხედვით, უფასო პლატფორმები ავირჩიეთ: "თრელო" და "ასანა" იყო ჩვენი გუნდისა და მათი task-ების მენეჯმენტის tool-ი. შიდა საკომუნიკაციოდ დღემდე "სლექს" ვიყენებთ. პროექტების, გუნდისა და დავალებების კომპლექსურობის ზრდასთან ერთად, დადგა პერიოდი, ალტერნატიული პლატფორმები მოგვეძია, რომელიც ბევრად მულტიფუნქციური იქნებოდა, ამიტომაც თითქმის სრულფასოვნად ვიყენებთ "ატლასიანის" პროდუქტებს.

როგორ შეიცვალა ურთიერთობის ფორმატი ამერიკელ ინვესტორებსა (VC, Angel) და სტარტაპებს შორის? სავარაუდოდ, ვეღარ იკრიბებიან ჩვეულ ადგილებში ჭიქა ლუდზე, სადაც გარიგების დეტალებზე საუბრობდნენ?

დაჩი: ეს პროცესიც, ყველა სხვა პროცესის მსგავსად, დისტანციური გახდა. ამას აქვს თავის პლუსებიც და მინუსებიც. როდესაც არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში ვხვდებოდით ინვესტორებს, სხვა თემებზეც გვქონდა საუბარი, რაც უფრო ხელს უწყობდა ურთიერთობის ჩამოყალიბებას, იმ შემთხვევაშიც, თუ ინვესტორთან თანამშრომლობა არ შედგებოდა. დისტანციურ რეჟიმში კი ძირითადად მაინც მხოლოდ საქმის თემაზე ხდება გადაკვეთა, რაც რა თქმა უნდა მინუსია, ვინაიდან "სილიკონის ველზე" ადამიანების ნეთვორქის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა მომავალში.

არის თუ არა ონლაინსივრცეები, სადაც სტარტაპებმა ამერიკელი ინვესტორები უნდა ეძიონ, ან დაახვედრონ ინფორმაცია თავიანთი არსებობის შესახებ?

ზაალი: ჩვენ შემთხვევაში, არ მიგვიმართავს მსგავსი პლატფორმებისთვის, ვინაიდან ძირითადად, ასეთ პლატფორმებს საწყისი ინვესტიციის მოსაზიდად მიმართავენ სტარტაპები, ჩვენ კი საწყისი ინვესტიცია, $1.2 მლნ-ის ოდენობით 2019 წელს მოვიზიდეთ "სილიკონის ველზე".

პანდემიამ ზოგ ინდუსტრიაზე დადებითად, ზოგზე კი ფატალურად იმოქმედა. განსაკუთრებით ტურიზმზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ტრენდი იყო. რას ურჩევთ მსგავს სტარტაპებს?

დაჩი: ტურიზმის სექტორი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მიმართულებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, იმ სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ამ სექტორზე იყვნენ ფოკუსირებული, რთული პერიოდია. თუმცა, სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი ზომიდან და ეტაპიდან გამომდინარე, მოქნილია და შედარებით მარტივად შეუძლია ისეთ ძირითად ნაწილში შეიტანოს ცვლილებები, როგორიც არის ბიზნესმოდელი, პროდუქტი, შეთავაზება და ა.შ. პანდემიის გარეშეც, სტარტაპი სწორედ ამ ჩამოთვლილი საკითხების საუკეთესო ვერსიების ძიებაშია და შესაბამისად, მთავარი, რაც შეიძლება ვურჩიოთ, იქნება, რომ მაქსიმალურად ნაკლები დრო დაკარგონ პანდემიამდე არსებული სტატუსკვოს შენარჩუნების მცდელობაზე და რაც შეიძლება მეტად ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან, არ დაელოდონ მსოფლიოს იმ კონდიციაში დაბრუნებას, რომელიც პანდემიამდე იყო, ვინაიდან არავინ ვიცით, ზუსტად როდის და რა სახით მოხდება ეს, სტარტაპის ზრდისთვის კი თითოეული დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გამოიკვეთა თუ არა ახალი ტექ-ტრენდი, რომელსაც ქართველმა სტარტაპებმაც უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება? მომავლის როგორ პროგნოზს გააკეთებთ ჩვენი მკითხველისთვის?

დაჩი: ჩვენი გადმოსახედიდან გამომდინარე, ყველაზე სწორი იქნება B2B მიმართულებაზე ვისაუბროთ, სადაც "პულსარს" აქვს გამოცდილება. მთავარი ტრენდი, რომელიც აქ გამოიკვეთა, არის უკლებლივ ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიის მზადყოფნა ციფრულ ადაპტირებაზე. თუკი დღემდე, იმისათვის, რომ პროდუქტის კარგი შეთავაზება გაგეკეთებინა პოტენციური მომხმარებლისთვის, გჭირდებოდა ჯერ პრობლემის კარგად წარმოჩენა და შემდეგ მისი გადაჭრის გზის შეთავაზება, დღეს ეს პრობლემები კომპანიებს უკვე გააზრებული და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე გამოცდილიც აქვთ. აქედან გამომდინარე, პროდუქტისა და სერვისის საჭიროების ხაზგასმა და დამტკიცება აღარ გჭირდება და პირდაპირ შენ მიერ შექმნილი გადაჭრის გზის შეთავაზებას მიმართავ, რაც ამარტივებს გაყიდვების პროცესს.

კომპანიის შიდა გარემოს უკეთ გასაცნობად, გავესაუბრეთ Pulsar AI-ს 2 თანამშრომელს:

მარიამ მათიაშვილი

AI Conversation Designer

"პულსარში" უკვე მესამე წელია ვმუშაობ. ჩვენი გუნდი მუშაობს ბუნებრივი ენის კომპიუტერულ დამუშავებაზე. ჩვენი მოვალეობაა, ვასწავლოთ AI-ასისტენტს, როგორ გასცეს მომხმარებელთა შეკითხვებს სპეციფიკური და რელევანტური პასუხები. უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობაა, დიალოგის დიზაინსა და ხარისხზე ზრუნვა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ ნაწილში ვქმნით იმ ლოგიკებსა და პასუხებს, რომელზე დაფუძნებითაც "პულსარის" AI-ასისტენტი ახერხებს რეალური ადამიანების ნაცვლად უპასუხოს შემოსულ შეტყობინებებს.

მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა და კომპლექსურია ბევრი თვალსაზრისით. უპირველესად, "პულსარის" ყველა პროექტი სავსეა გამოწვევებით და სიახლეებით. თითოეული ადამიანის მოქმედებაზე, მუშაობაზე, ძალიან ბევრი რამ დგას. ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რომლის გაიდლაინებსა თუ ინსტრუქციებსაც ვერსად მოიძიებ, რაც თავისთავად, საქმეს ართულებს, მაგრამ მოტივაციას გვიზრდის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

გარდა ამისა, ამაღელვებელია ის რიტმი, რაშიც ალბათ ყველა სტარტაპკომპანიას უწევს მუშაობა, მით უმეტეს, თუ მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარია. იმდენად მრავალფეროვან თემებთან და ახალ გამოცდილებებთან გვიწევს ყოველდღე შეჭიდება, როცა მახსენდება თუნდაც ერთი თვის წინანდელი საკუთარი თავი, ვფიქრობ ხოლმე, რამდენად განვვითარდი ამ 1 თვეში. განვითარებისა და გაზრდის მუდმივი პროცესი, შეიძლება ითქვას, "პულსარის" განუყოფელი ნაწილია.

"პულსარი" ქართული ბაზრისთვის ბევრი მიმართულებით მუშაობს. მეც თავდაპირველად ჩართული ვიყავი ამ პროექტებში და ნამდვილად მახსენდება რამდენიმე ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი პროდუქტი. მაგალითად, ერთ-ერთია ქართული ხმოვანი ასისტენტი.

თუმცა, მაინც გამოვყოფდი ამერიკული "პულსარის" მიმართულებას − დიალოგის ავტომატიზაცია, რომელზეც ბოლო ერთი წელია ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში, სულ სხვა ტიპის გამოწვევებთან, სტანდარტთან, მოთხოვნებთან გვიწევს შეჭიდება.

უშუალოდ პროდუქტზე მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა ენის, წერილობითი კომუნიკაციის მრავალფეროვნება. ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ, "პულსარის" ასისტენტს ეპასუხა რეალური პიროვნების მსგავსად სპეციფიკურ შეკითხვებზე კონკრეტული თემატიკის ფარგლებში. რა თქმა უნდა, პროდუქტი კიდევ ვითარდება, მაგრამ ჩვენთვის საამაყოა, რომ მას უკვე ამერიკულ ბაზარზე იყენებენ ჩვენი კლიენტები და მათგან დადებით შეფასებებს ვისმენთ.

"პულსარი" ჩემთვის არის საკუთარი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი − მეტი, ვიდრე უბრალოდ სამუშაო ადგილი. მე ვიყავი იმ "პულსარის" წევრიც, რომელიც პატარა კომპანია იყო და ყველა მისი გარდაქმნის, განვითარების, წარმატების მონაწილე ვარ დღემდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური დამოკიდებულება და კავშირი მაქვს ამ საქმესთან და გუნდთან, რომელიც "პულსარში" მუშაობს. ჩვენი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ სწორედ ეს დამოკიდებულებები, ადამიანები და მათი თავდადებაა.

ანა კოლხიდაშვილი

Conversational Data Expert

"პულსარში"2017 წლიდან ვარ დასაქმებული, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ მიმუშავია საკმაოდ განსხვავებულ და მრავალფეროვან პროექტებზე.

როგორც ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) გუნდის წევრს, მევალება მონაწილეობა მივიღო არსებული მონაცემების სათანადო დამუშავება-მომზადებაში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებთან თანამშრომლობით შევიმუშავო ახალი და პროდუქტზე მორგებული გადაწყვეტილებები, მივიღო მონაწილეობა არსებული მოდელების გაუმჯობესებასა და დახვეწაში.

"პულსარში" მუშაობა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროცესია როგორც თავად საქმის, ისე აქ დასაქმებულ ადამიანებთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის კუთხით. მუშაობის პროცესში გვიწევს მივიღოთ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებები, დაველოდოთ მათ შედეგებს. საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, იმდენად ბევრ სიახლესთან ასოცირდება და იმდენად შეუძლია ამა თუ იმ ინდუსტრიაში ცვლილებები გამოიწვიოს, რომ მიღწეული შედეგის დანახვა ორმაგად ემოციურია და ზრდის მოტივაციას.

როდესაც დავიწყეთ ამერიკულ მიმართულებაზე მუშაობა, პირველად დავინახეთ შედეგი და მივხვდით, საკმაოდ ამბიციური პროექტი სულაც არ იყო რეალობისგან შორს. დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგია მაღალი სიზუსტით ეხმარებოდა ჩვენსავე კლიენტებს მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, უზოგავდა დროსა და რესურსებს. ალბათ ეს იყო განცდა, რომელმაც კიდევ უფრო შეგვმატა თავდაჯერებულობა და გაცილებით თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგა.

"პულსარი" ჩემთვის გამოწვევაა. მიაღწიო კონკრეტულ შედეგებს საინტერესო გუნდთან ერთად, არის მთავარი, რასაც აქ ვქმნით.

დაჩი ჭოლაძე

Bocconi University-ის დასრულების შემდეგ, სანამ Pulsar AI-ს დააარსებდა, დაჩი ჭოლაძემ ძალები ორ სტარტაპში მოსინჯა. თავდაპირველად სტუდენტებისთვის ონლაინგზამკვლევი შექმნა, მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, შემდეგ კი ლოიალობის პროგრამა Cherrytea − "ჩერითის" ბარათის მფლობელები კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე ფასდაკლებას იღებდნენ, პროდუქტის ღირებულების გარკვეული პროცენტი კი მათსავე არჩეულ ქველმოქმედებას ხმარდებოდა. "ამ სტარტაპის ზრდა სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერდა. მათ შორის, ალბათ, ჩვენი შეცდომებიც იყო − იმ ადამიანების, რომლებიც მასზე ვმუშაობდით", − გვიყვება დაჩი ჭოლაძე.

სწორედ "ჩერითის" შემდეგ გადაიკვეთა დაჩისა და ზაალის ინტერესები და დაჩიმ გადაწყვიტა მოესინჯა თავი იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ − ხელოვნურ ინტელექტში.

2019 წელს Pulsar AI-ს ამერიკულ ბაზარზე გაფართოების შედეგად, დაჩი სან ფრანცისკოს ოფისში გადავიდა სამუშაოდ, სადაც კომპანიის ბიზნესგუნდთან ერთად ავითარებს ბიზნესს, რომელსაც გუნდის დანარჩენი წევრები თბილისის ოფისში ჰყავს.

ზაალ გაჩეჩილაძე

ზაალი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. კარიერის პირველ ეტაპზე, მან დააფუძნა პირველი სამომხმარებლო ონლაინრუკა Pinpoint.ge. ამით ის 2011 წელს შეუერთდა JSC Smartex-ის გუნდს, სადაც ზაალი მუშაობდა ისეთი სტარტაპების განვითარებაზე, როგორებიცაა Swoop.ge,

eMoney, MyPhone, eLoan, და ბოლოს Smartex JSC-ის ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებდა. ამის პარალელურად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის ავტომატიზაციის შესახებ.

ზაალისა და დაჩის სასაუბრო თემა ხშირად სწორედ ტექნოლოგიები იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის თემასაც მოიცავდა ხოლმე. ასე გაჩნდა Pulsar AI-ს იდეაც.

სოფო ჭყოიძე

სოფო Pulsar AI-ს დაარსებიდან მალევე შეუერთდა. სწორედ იმ პერიოდში იწყებდა Pulsar AI ახალი მიმართულებების ათვისებას და გაზრდას. მისი გუნდში მოსვლით, კომპანიის მენეჯმენტი გაძლიერდა და ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავებაც რეალური გახდა. სოფო Pulsar AI-ში ოპერაციებს ხელმძღვანელობს, რაც კომპანიის დასახული მიზნისკენ სვლას გულისხმობს.

სოფოს გაყიდვების, მარკეტინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა eMoney, "ლიბერთი ბანკი" და "საქართველოს ბანკი". სოფო Forbes-ის 2019 წლის პროექტში 30 Under 30 ტექნოლოგიების კატეგორიის გამარჯვებულია.

George Arison

ჯორჯ არისონი კომპანია Shift-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ხალხზე დაფუძნებულ მეორადი მანქანების 750 მლრდ დოლარიან ინდუსტრიაში. კომპანიამ 300 მილიონი დოლარი მოიზიდა, მათ შორის ინვესტიციები Goldman Sachs-ისგან და წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტებისგან. 2020 წლის ოქტომბერში Shift-ის აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ჯორჯი ასევე იყო პროდუქტის მენეჯერი Google-ში, სადაც მუშაობდა Helpouts-სა და Fiber-ზე. 2007 წელს, ჯორჯი იყო Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი. დღესდღეობით Taxi Magic-ს აქვს მილიონობით ჯავშანი ყოველწლიურად და ფუნქციონირებს აშშ-ის 50 ქალაქში.

ჯორჯს უყვარს, როდესაც ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ პრობლემებს ჭრის. Shift-ის იდეაც სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადა მანქანის შეძენის სირთულეები. დაჩისა და ზაალის გაცნობის შემდეგ, ისინი ბევრს ფიქრობდნენ, როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინათ Pulsar AI-ს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა ამერიკაში მანქანის საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში პრობლემების გადასაჭრელად. არაერთი Brainstorming-ი დასჭირდა პრობლემისა და გადაწყვეტილების მიგნებას, რომელსაც დღეს ერთად ავითარებენ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი