Get All Access for $5/mo

Onyx Wings Studio - კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია "დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ქართულ სატელევიზიო სივრცეში, კერძოდ კი საქართველოს პირველ არხზე გამოჩენილი პროექტი − "შარქ თენქ საქართველო", დღითი დღე უფრო პოპულარული და რეიტინგული ხდება. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. "შარქებისგან", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრებისგან, რომლებიც ანტრეპრენერთა პრეზენტაციას ისმენენ, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ "შარქთენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

შოუს ერთ-ერთი გამარჯვებული კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი სტუდია Onyx Wings Studio გახდა, რომელმაც "შარქების" კეთილგანწყობა დაიმსახურა და დაჩი ჭოლაძისგან, სოსო ფხაკაძისგან და მენი ბენიშისგან 250 000-ლარიანი ინვესტიცია ბიზნესის 49%-იანი წილის სანაცვლოდ მოიზიდა.

Onyx-ის გუნდი დაახლოებით ერთი წლის წინ, საერთო იდეის გარშემო გაერთიანდა. მათ სურდათ შეექმნათ თამაში, რომელშიც ერთი მხრივ, თავიანთ ენთუზიაზმს და სიყვარულს ჩადებდნენ, ხოლო მეორე მხრივ, მათი პროდუქტი ბაზრისთვის დროული და შესაფერისი იქნებოდა. როგორც თავად აღნიშნავენ, გუნდის თითოეული წევრი ბავშვობიდან თამაშებითაა გატაცებული. ერთმანეთი "თავისუფალ უნივერსიტეტში" გაიცნეს და გაუჩნდათ თამაშის შექმნის იდეა. თავდაპირველად, როდესაც Onyx-მა ბაზარი შეისწავლა, აღმოჩნდა, რომ Puzzle Platformer-ის ჟანრი არასაკმარისად გაჯერებული იყო. ამავდროულად, ეს მიმდინარეობა მოთამაშისგან დიდ დროს არ მოითხოვს და მომხმარებლებს მორიგი თამაშის დასრულების შემდეგ მსგავსის ძიება უწევთ, რაც არც ისე მარტივი საქმეა, შეზღუდული არჩევანის გამო.

150-მილიარდიანი "გეიმინგ"-ინდუსტრიის 10-მილიარდიანი წილი სწორედ Puzzle Platformer-მიმდინარეობას უჭირავს, რომელიც წლიდან წლამდე მზარდი ტემპით ვითარდება. ამ თამაშების საიდუმლო, ძირითადად კარგ "გეიმფლეიში", დიზაინში, შინაარსსა და მუსიკაში იმალება, თუმცა სხვადასხვა სტუდია, მცირე ბიუჯეტის პირობებში თანხებს ზოგავს და მომხმარებელს ორიგინალურ პროდუქტს იშვიათად სთავაზობს. სწორედ ამიტომ, Onyx-მა გადაწყვიტა შემოეკრიბა გუნდი, რომლის წევრებსაც ამ მიმართულებებში მაღალი კომპეტენცია ექნებოდათ და უარის თქმა არაფერზე მოუწევდათ. დღესდღეობით, Onyx Wings Studio აერთიანებს მხატვარს, ანიმატორს, კომპოზიტორს, დეველოპერს, კრეატიულ ხელმძღვანელსა და ბაზრის ანალიტიკოსს, რომლებსაც თავიანთი უნიკალური როლები აქვთ გადანაწილებული და გლობალურ სათამაშო ინდუსტრიაში შესვლას უმაღლესი დონის პროდუქტით აპირებენ.

"შარქ თენქ საქართველოში" მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებაზე და ამ პროექტის მნიშვნელობაზე ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაში, Entrepreneur Onyx Wings Studio-ის დამფუძნებლებს, ირაკლი ჭოლოკავას და ნატალია გრიგალაშვილს ესაუბრა.

"პროექტში მონაწილეობის მიღება მარტივად გადავწყვიტეთ − დასაკარგი არაფერი გვქონდა. ცალსახად გვჯეროდა ჩვენი იდეის, ჩვენი მონდომებისა და ენთუზიაზმის, თუმცა მზად ვიყავით მარცხისთვისაც. თვითრწმენა, მონდომება და ამავდროულად, მზადყოფნა ნებისმიერი შედეგისთვის − ის იყო, რამაც პროექტში წარდგენა გაგვიმარტივა", − ამბობს ირაკლი ჭოლოკავა, − "პროექტი "შარქ თენქ საქართველო" არის კარგი შესაძლებლობა ქართული სტარტაპებისთვის. პანდემიის გამო საქართველოს ბიზნეს-ეკოსისტემაში ბევრი კარგი წამოწყება შეჩერდა, ამიტომ ვფიქრობ, პოსტპანდემიურ პერიოდში ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის ერთგვარი გამოცოცხლების ფაზა იწყება სწორედ ამ პროექტით. ერთი მხრივ, ინვესტორებთან ურთიერთობა დიდი მოტივაციაა დამწყები ბიზნესებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ არის გარიგება ფარდებს მიღმა, პირიქით − ეს არის შოუ, რომელიც ბევრ მაყურებელს დააინტერესებს და გაუჩენს სურვილს, თავადაც სცადონ სტარტაპის გაკეთება. შესაბამისად, "შარქ თენქ საქართველო" იმედისმომცემი პროექტია, როგორც უკვე არსებული სტარტაპებისთვის, ისე იმ მაყურებლისთვის, რომელსაც გაუჩნდება სურვილი, თავადაც გახდეს ბიზნესგარემოს თანამონაწილე. საქართველოში კი, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი იდეა "იმალება".

ამ ეტაპზე, Onyx Wings Studio ემზადება თამაშის Mistcaller დემო-ვერსიის გამოსაშვებად, თამაშის სრულყოფა კი შემდეგ წელს მოხდება. "შარქების" პროექტში შემოსვლის შემდეგ, უფრო მეტად დავაკონკრეტეთ ჩვენი განვითარების ვექტორი და მუშაობა გაცილებით მაღალი ხარისხით განვაგრძეთ. ხარისხში ვგულისხმობ როგორც მუსიკალურ მხარეს, ისე ანიმაციებს. მომხმარებლებს სიურპრიზებს ვპირდებით", აცხადებს ნატალია გრიგალაშვილი, − "შარქებისგან" ველით ჩვენი განვითარების შესაბამის კონტრიბუციას. თამაშების ინდუსტრია თავისებურებებით ხასიათდება საჭიროა სიფრთხილე ყველა დეტალში და სწორი "თაიმინგი", არც პროდუქტის სრულყოფა უნდა იჩქარო და არც ბაზარზე შესვლა დაიგვიანო. მოველით, რომ ჩვენი ახალი პარტნიორები თავიანთი ბიზნესგამოცდილებით მოგვცემენ ზუსტ და სწორ რჩევებს განვითარების თითოეულ ეტაპზე".

Onyx სამომავლოდ საკმაოდ ამბიციურ მიზნებს ისახავს. გუნდის წევრებს სურთ სტუდიის გაფართოება და საქმიანობის ბიზნესად გარდაქმნა, რაშიც მათი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი დრო და ფორტუნაა. "მუდმივად ვაანალიზებთ ბაზარს, სიახლეებს, და სამომავლოდ ვეცდებით გამოვიყენოთ ჩვენი ახალგაზრდა გუნდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა − მოქნილობა. დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ".