Get All Access for $5/mo

''ორიენტ ლოჯიკი'' ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიის სათავეებთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყარო, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ რეალობაში, ერთხმად შეთანხმდა, რომ ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციისა და რიგი პროცესების თანამედროვე საჭიროებებთან მორგების გარეშე, არათუ წარმატების მიღწევა, არამედ უბრალოდ ბაზარზე საკუთარი ადგილის შენარჩუნებაც კი წარმოუდგენელია.

საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულების განვითარების სათავესთან, ჯერ კიდევ 26 წლის წინ, როდესაც ადგილობრივ ბიზნესსივრცეში ამ კუთხით ცნობიერება საკმაოდ დაბალ დონეზე იყო, კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" მოექცა. კომპანია უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს, როგორც IT ინფრასტრუქტურული და ქსელური გადაწყვეტილებების, ისე კიბერუსაფრთხოების, პერსონალური სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. ამ ქართული რეალობისათვის შთამბეჭდავი ისტორიის განმავლობაში, კომპანია არ წყვეტს მუდმივ განვითარებას და ინოვაციების დანერგვას. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან, "ორიენტ ლოჯიკის" გუნდი მართვის Agile-მეთოდოლოგიაზე გადაერთო, რაც სამომავლოდ კომპანიის სტრუქტურის მოქნილობისა და ეფექტურობის განმაპირობებელი გახდება. ახალი მეთოდის დანერგვით, კომპანია ორგანიზაციის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდას და გრძელვადიანი მიზნების წარმატებით განხორციელებას გეგმავს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია "ორიენტ ლოჯიკის" დირექტორთა საბჭოს სტრუქტურაშიც. კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიცია ალექსანდრე ბაგრატიამ დაიკავა, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ბოლო 7 წლის განმავლობაში კი, ის "ორიენტ ლოჯიკის" ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ალექსანდრე ბაგრატია

კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია გიორგი ჩიტაიამ ჩაიბარა, რომელიც "ორიენტ ლოჯიკს" 2020 წელს შემოუერთდა და პარალელურად, ფინანსური სექტორის გუნდს ხელმძღვანელობს. გიორგი ჩიტაიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობისა და საქართველოს წამყვან საბანკო და სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებში ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება დირექტორთა საბჭოში საოპერაციო დირექტორის პოზიციას, იგი ოთო ტაბატაძემ დაიკავა, რომელიც ორგანიზაციის საოპერაციო მიმართულებას უხელმძღვანელებს. ოთო ტაბატაძე "ორიენტ ლოჯიკის" საოპერაციო დირექტორი 2018 წელს გახდა და მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში არაერთი მასშტაბური საოპერაციო პროექტი განხორციელდა.

2021 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი გოგლიჩიძე იკავებს, რომელიც "ორიენტ ლოჯიკის" გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ირაკლი გოგლიჩიძე

მიმდინარე წელს ასევე ცვლილებები იყო ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებითაც. აღნიშნული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა ვასილ გრიგალაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს წამყვანი ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.

კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, "ორიენტ ლოჯიკის" გუნდის მთავარ პრიორიტეტად კვლავ მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარება რჩება. კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგია ტექნოლოგიური გუნდების უფრო მეტად გაძლიერებაზე იქნება დაფუძნებული. კომპანიის საშუალოვადიანი სტრატეგია კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისების, პროგრამული უზრუნველყოფის, DevOps-ისა და ე.წ. "ქლაუდ"-თავსებადი ტექნოლოგიური სერვისების განვითარებას დაუკავშირდება.

ბოლო პერიოდში, "ორიენტ ლოჯიკის" გუნდი არაერთი პროფესიონალით გაძლიერდა. ეს პროცესი, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფისა და "ქლაუდ"-თავსებადი გადაწყვეტილებების განვითარების მიმართულებებით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მიმდინარე წელს კომპანიამ დაასრულა ტექნოლოგიურ სასწავლო ცენტრ OL Academy-ის ფორმირების პროცესი. OL აკადემიამ უკვე მოიპოვა Red Hat-ის სერტიფიცირებული ტრენინგ-ცენტრის სტატუსი და სულ მალე IT-ბაზარს მაღალტექნოლოგიურ სასწავლო კურსებსა და სასერტიფიკატო ტრენინგებს შესთავაზებს.

ამ მნიშვნელოვან სიახლეებზე, Agile-ტრანსფორმაციის დანერგვის წინაპირობასა და პროცესის მიმდინარეობაზე, Entrepreneur კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს გაესაუბრა.

რამ განაპირობა Agile-ტრანსფორმაციის დანერგვის აუცილებლობა "ორიენტ ლოჯიკში" და რა შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

ალექსანდრე ბაგრატია: კომპანიის Agile-მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ჩვენს შემთხვევაში ბაზარზე არსებულ კონკრეტულ სექტორებზე კონცენტრაციას და ამ სექტორების მიხედვით განვითარებას უკავშირდებოდა. გამოვყავით
სამი ძირითადი სექტორი, ესენია: საბანკო-საფინანსო, სახელმწიფო და სტრატეგიული ბიზნესის განვითარების სექტორები. ჩვენი გუნდები და რესურსები დავაკომპლექტეთ აღნიშნულ სფეროებში ოპერირებისა და ინდუსტრიების შესაბამისი საფუძვლიანი ცოდნის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ პირობითად საბანკო სექტორზე მომუშავე გუნდი, მაღალ დონეზე გრძნობდეს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ტექნოლოგიურ საჭიროებებს, მათთან შეთანხმებულად წყვეტდეს, რა მიმართულებით შეიძლება განვითარება და როგორი ტიპის გადაწყვეტილებები უფრო გაამართლებს. გვსურს, სექტორებს კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, მათი განვითარება არ შევაფერხოთ და შევთავაზოთ ის ტექნოლოგიური სიახლეები, რაზე დაყრდნობასაც შეძლებენ. Agile ტრანსფორმაციის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ავირჩიოთ კონკრეტული სექტორები, გვქონდეს
ამ მიმართულებით მაღალი კომპეტენცია, აქცენტი გავამახვილოთ ადამიანებზე და ცალკეული ინდუსტრიების განვითარებაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.

ოთარ ტაბატაძე: ეს საკმაოდ მასშტაბური ტრანსფორმაცია იყო, რომელიც კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულს შეეხო, მენეჯმენტის უმაღლესი რგოლიდან, რიგით თანამშრომლამდე. ჩვენს შემთხვევაში, Agile-ტრანსფორმაციის აუცილებლობა, დიდწილად ბაზრისგან წამოსული მოთხოვნებით
იყო განპირობებული. გარკვეული ბიზნესსექტორები კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა დაკმაყოფილებას, უშუალოდ ამ სფეროში მაღალი კომპეტენცია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. პროცესების სტანდარტიზაცია ამართლებს მაშინ, როდესაც საქმე საცალო ბიზნესთან გვაქვს, თუმცა
"ორიენტ ლოჯიკი" B2B-პრინციპით მუშაობს და ამ შემთხვევაში, ყველასთან უნივერსალური სტანდარტით მუშაობა არ ამართლებს. გარდა ამისა, გვქონდა შიდა კომუნიკაციის პრობლემაც. ბაზართან უშუალო ურთიერთობაში მყოფ დეპარტამენტებს, მაგალითად, გაყიდვების გუნდს, არ ესმოდა, რა სახის რესურსები ჰქონდა კომპანიას. იმისათვის, რომ გუნდს დამკვეთის მოთხოვნა სრულად გაეგო და გაეანალიზებინა, თუ რამდენად უპასუხებდა მის საჭიროებას კომპანია, ამისათვის ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტთან ხშირი ინტერაქცია უწევდა, რაც პროცესს საკმაოდ კომპლექსურს ხდიდა. ახლა, როდესაც სექტორული გუნდები სრულად მოიცავენ იმ კომპეტენციას,
რაც კონკრეტულ ბიზნესთან ურთიერთობისთვისაა საჭირო, კომუნიკაცია და პროცესების ჯაჭვი ბევრად გამარტივდა და მთელი გუნდი ერთად მუშაობს, მეტადაა ორიენტირებული კონკრეტული სექტორის მოთხოვნებზე და ამავდროულად, ადამიანები სწავლობენ იმაზე მეტს, ვიდრე უშუალოდ მათი პოზიცია მოითხოვს.

გიორგი ჩიტაია: "ორიენტ ლოჯიკში" მოსვლისთანავე, პირველი პრობლემა, რასაც წავაწყდი, იყო ის, რომ მიუხედავად გუნდში არსებული მაღალი პროფესიული გამოცდილების მქონე ტექნიკური კადრებისა, ბაზარი მათ არ იცნობდა. კომპანიის სტრუქტურული მოწყობის შესაბამისად, გაყიდვებისა და "ექაუნთინგის" მიმართულების თანამშრომლები ხვდებოდნენ დამკვეთებს, მოჰქონდათ პროექტები, შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულების ტექნიკური ინჟინრები ბექ-ოფისში ამუშავებდნენ აღნიშნულ საჭიროებებს. Agile-მეთოდოლოგიის თანახმად, ჩვენ შევქმენით სექტორული გუნდები, რომლებიც ერთობლივად ხვდებიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უშუალოდ პრეზენტაციის ნაწილში კი აქტიურად ერთვებიან ტექნოლოგიური ინჟინრებიც, აცნობენ მათ საკუთარ თავს, კვალიფიკაციას, კომპეტენციას, და შესაბამისად, პროცესებს მეტად ეფექტურად მართავენ. ტრანსფორმაციამდე, "ორიენტ ლოჯიკი" ცნობილი იყო იმით, რომ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელს ნებისმიერ პროექტზე ემუშავებოდა, თანაც − საკმაოდ მაღალ დონეზე, თუმცა როდესაც ტექნოლოგიური კომპანია არაა კონცენტრირებული და ცდილობს ყველაფერი მოიცვას, სამწუხაროდ, შეუძლებელი ხდება მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამიტომ ვკონცენტრირდით ძირითად ვენდორებზე, ვვითარდებით კონკრეტული მიმართულებებით და ვცდილობთ მაღალი სასტატუსო თამასა შევინარჩუნოთ.

როგორც ვიცით, "ორიენტ ლოჯიკი" აქტიურად მუშაობს OL-აკადემიის შექმნაზე. როდის დაიწყებს ეს საგანმანათლებლო სივრცეს საქმიანობას და რა მთავარ მიზანს ემსახურება აკადემია?

ალექსანდრე ბაგრატია: ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის, ამოცანაა, გვყავდეს მაღალკვალიფიციური საინჟინრო რესურსი და შევქმნათ ისეთი სერვისები, რომლებიც უკვე აპრობირებულია მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. ჩვენ მსოფლიოს წამყვან ვენდორებთან ვთანამშრომლობთ, იმისათვის, რომ ჩვენმა ინჟინრებმა კომპეტენციის ამაღლება და განვითარება შეძლონ. ამავდროულად, ჩვენ შევქმენით OL-აკადემია, რომლის მიზანი ახალგაზრდებისათვის, ადამიანებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტებს ამთავრებენ ან უკვე ფლობენ გარკვეულ ცოდნას, მეტი გამოცდილებისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაა. აკადემიაში ადამიანები სულ რაღაც 1-2 წელიწადში ისეთ ცოდნას მიიღებენ, რომ მზად იქნებიან მსხვილი კომპანიებისათვის ხარისხიანი სერვისის გასაწევად. ამ ეტაპზე, OL-აკადემიის ბრენდინგი უკვე დასრულებულია, გაფორმებული გვაქვს რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი B2B-მიმართულებით და 2022 წლის იანვრიდან ვგეგმავთ ტრენინგების დაწყებას. OL-აკადემიას ექნება როგორც კომერციული, ისე არაკომერციული დატვირთვა. აქ მოსული ადამიანები ისწავლიან პროგრამირებას, გაეცნობიან ახალ სერვისებს, დაეუფლებიან როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, აკადემიის კურიკულუმი კი სრულად იქნება მორგებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებზე − ისევე, როგორც უკვე აქტიურად მომუშავე, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ სპეციალისტებზე. "ორიენტ ლოჯიკს" გვსურს, რომ ტექნოლოგიური ბაზარი მაქსიმალურად განვითარდეს და ხარისხიანი სერვისის შეთავაზება შეძლოს მომხმარებელთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად კორპორაციულ ბიზნესზე ვართ ორიენტირებული და B2B-მიმართულებით ვმუშაობთ, საცალო ბაზარსაც ვემსახურებით. კომპანიის ოპერირების 26-წლიანმა გამოცდილებამ მოგვიტანა ნდობა და ერთგულება ბაზრის მხრიდან, რასაც რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა პროფესიონალითა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ტექნოლოგიური საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილებით ვუპასუხებთ.

ოთარ ტაბატაძე: OL-აკადემიის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ IT-ბაზარზე არსებული კადრების გადინების საპირწონედ, გაგვეზარდა ჩვენი პოტენციური თანამშრომლების რიცხვი და ტექნოლოგიური პროფესიონალების, ე.წ. "სამჭედლო" გვქონოდა. ზოგადად, IT სხვა სექტორებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ გარკვეულ კომპეტენციამდე მისაღწევად, საკმაოდ გრძელი გზის გავლა გიწევს, ძალისხმევაც და ინვესტიციებიც მეტი უნდა დაიხარჯოს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე დაგეგმილი პროექტი, OL-აკადემიის ფარგლებში, ასევე ვფიქრობთ საინტერესო სტაჟირების პროგრამებზეც, რომლებიც მალე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. "ორიენტ ლოჯიკისათვის" ჩვენს აკადემიაში სწავლის მსურველთა აკადემიურ ხარისხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სურვილია, ორიენტირებული ვიყოთ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მათზე, ვინც სკოლა ახლახან დაამთავრა. ეს სულ სხვა თაობაა, რომლებსაც GenZ-ად მოიხსენიებენ ხოლმე. თუ კომპანია მოახერხებს და სწორ მიმართულებას მისცემს მათ რესურსს, ძალიან მალევე ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურსაც იშოვიან და ისეთ გარემოში იმუშავებენ, როგორიც მათთვისაა მისაღები. ჩვენ ვფიქრობთ ისეთ მიმართულებებზე, სადაც ამ ხალხს სწავლის, ფულის გამომუშავებისა და გართობის საშუალება ექნებათ. ამ თაობისათვის სამსახურსა და გართობას შორის ზღვარი ძალიან პირობითია და სწორედ ჩვენ − "ორიენტ ლოჯიკი", ვეცდებით ვიყოთ პირველები, რომლებიც ასეთ პირობებს შექმნინიან მათთვის. ნებისმიერი კომპანიის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდისა და ორგანიზაციის ინტერესები
და ფასეულობები მაქსიმალურ თანხვედრაში იყვნენ ერთმანეთთან, ხოლო როდესაც ნებისმიერი სპეციალისტი კომპანიაში საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას და რეალიზებას ახერხებს, მხოლოდ მაღალი ანაზღაურების გამო ადამიანები სხვაგან აღარ მიდიან.

ვინაიდან "ორიენტ ლოჯიკი" კიბერუსაფრთხოების მიმართულებას აძლიერებს და ამ სისტემური და ქსელური უსაფრთხოების კუთხით აქტიურად ვითარდება, რა კონკრეტულ პროდუქტებსა და შეთავაზებებზე შეგვიძლია ვისაუბვისაუბროთ?

გიორგი ჩიტაია: მას შემდეგ, რაც "ორიენტ ლოჯიკში" ბიზნესპროცესების მიმართულებას ვხელმძღვანელობ, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით არსებული პროდუქტებისა და სერვისების აქტიურ განვითარებაზე. ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ კიბერუსაფრთხოების მიმართულების სპეციალისტები, შევქმენით ცალკე გუნდი, ვითანამშრომლეთ ტოპ-ვენდორებთან სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად, და ამ სფეროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ასევე, "ორიენტ ლოჯიკი" მუშაობს უსაფრთხოებისა და ქსელური საოპერაციო ცენტრების (SOC და NOC) შექმნაზე, რომლებიც ბიზნესსაზოგადოებისათვის მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი. რას გულისხმობს ეს მიმართულებები? ოფისში გვეყოლება კიბერსპეციალისტთა გუნდები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი კომპანიების ქსელებს ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგს გაუწევენ, აღმოაჩენენ, აღმოფხვრიან და დააზღვევენ მათ ქსელებზე კიბერშემოტევის საშიშროებას. ამ სერვისით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბიზნესებს აღარ დასჭირდეთ საკუთარ ოფისებში ქსელის ადმინისტრატორებისა და IT-უსაფრთხოების სპეციალისტების დასაქმება და მათ კიბერსივრცეს მთლიანად ჩვენ მოვემსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ჯერ არ ჩაგვიშვია ბაზარზე, უკვე ვაწარმოვეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, რომლებმაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ორიენტ ლოჯიკში" მიმდინარე Agile-ტრანსფორმაციის შედეგად, კომპანიაში გამოიყო რამდენიმე ძირითადი მიმართულება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შეიძლება ითქვას, საკვანძო, პროგრამული უზრუნველყოფის გუნდია. ამ კუთხით, კომპანიის განვითარების დინამიკისა და ბაზრისათვის ახალი ტექნოლოგიური შეთავაზებების შესახებ, Entrepreneur პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების დირექტორს, ბატონ ვასილ გრიგალაშვილს ესაუბრა.

"პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება "ორიენტ ლოჯიკში" 2016 წელს შეიქმნა. ჩვენი გუნდი, შეიძლება ითქვას, მუდმივ სტარტაპრეჟიმში მუშაობს და ცდილობს ჩვენს პარტნიორებს შეუქმნას ხელშესახები ღირებულება სერვისებით, ინფრასტრუქტურითა და გადაწყვეტილებებით. ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით, გვსურს ავაჩქაროთ მათი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები. კომპანიის მიერ შემუშავებული ციფრული პროდუქტები, კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული, მათი საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე იქმნება. ის, რაც ჩვენ ყველასგან განგვასხვავებს, არის სპეციფიკური მიდგომა სექტორული ბიზნესების მიხედვით და მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტ IBM-ის პროგრამული მხარდაჭერა. "ორიენტ ლოჯიკი" სუპერთანამედროვე, მოწინავე კომპანია RED HAT-ის პრემიერ ბიზნესსტატუსის მქონე პარტნიორია, რაც საშუალებას გვაძლევს, მათ პროგრამულ ბაზაზე მოკლე დროში ხარისხიანი და საიმედო ციფრული პროდუქტები შევუქმნათ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს. მიკროსერვისული არქიტექტურის პროდუქტების შემუშავება, კონტეინერული ტექნოლოგიების გამოყენებით, არა მარტო ხარისხსა და მდგრადობაზე აისახება, არამედ ასეთი პროდუქტი სწრაფად ახლდება და აქვს დაბალი დანახარჯი", − აცხადებს ვასილ გრიგალაშვილი.

პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "ორიენტ ლოჯიკი", საკუთარი ტექნოლოგიური მიდგომებით და პროდუქტებით, Agile-ტრანსფორმაციაში ეხმარება სხვა კომპანიებსაც. მისი თქმით, ამ ცვლილებებისათვის მხოლოდ ორგანიზაციული წყობისა და წესების შეცვლა არაა საკმარისი, თუკი პროცესი სწორი ტექნოლოგიური პლატფორმით არ იქნა გამყარებული.

"ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომელიც კომპანიის განვითარებას უზრუნველყოფს, ხოლო IBM-ის პროგრამული მხარდაჭერით, ორგანიზაციები აღარ იქნებიან ტექნოლოგიურად დამოკიდებული ერთ ადამიანზე, რომელსაც შეზღუდული რესურსი აქვს. Agile-პლატფორმით, ჩვენი პარტნიორი კომპანიები ხდებიან მეტად მოქნილები და სწრაფად ვითარდებიან", − აცხადებს ვასილ გრიგალაშვილი, − "გარდა სექტორული მიდგომებისა, "ორიენტ ლოჯიკის" ტექნიკურ გუნდს აქვს საკმაოდ მაღალი კომპეტენცია Red Hat-ის პროდუქტებთან ურთიერთობის მხრივ, რომლებიც ღია კოდის პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი კომპანია ამ მსოფლიო გიგანტის პარტნიორობის სტატუსით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ მწარმოებლის აღიარებას ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ, გვაძლევს მის საინჟინრო რესურსზე წვდომას. IBM-თან საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ მათი პლატფორმების დანერგვაზე სახელმწიფო და ფინანსურ სექტორებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ბაზარს IBM-ის ბიზნესპროცესების მართვის პლატფორმას აწვდის, რაც ეხმარება ორგანიზაციებს ეფექტურად წარმართონ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი".

სახელმწიფო სექტორის გუნდი

ვინაიდან "ორიენტ ლოჯიკი" ოპერირების სექტორულ მოდელზე გადავიდა და სახელმწიფო, ფინანსურ და სტრატეგიულ სექტორებს სპეციფიკური მიდგომებით ემუშავება, Entrepreneur დაინტერესდა ამ მიმართულებების საქმიანობითაც და გუნდების ლიდერებს გაესაუბრა.

სახელმწიფო სექტორის გუნდის ლიდერი, გივი აზაურაშვილია, რომელიც ამ სფეროს თავისებურებებსა და კომპანიის მუშაობის სპეციფიკაზე გვესაუბრა:

"სახელმწიფო სექტორის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი გუნდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო სერვისების გაციფრულება უზრუნველყოფს მართვის პროცესის მოქნილობას, ეფექტიანობას და მაქსიმალური გამჭვირვალობის ზრდას, რაც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დღესდღეობით მთავარი პრიორიტეტია. "ორიენტ ლოჯიკი" საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ვენდორების სერტიფიცირებული პარტნიორია, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანიზაციებს ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებულ თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს − ეს ეხება როგორც IT-ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს, ისე ქსელურ მოწყობილობებსა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია თითოეული ამ მიმართულების შესაბამისი პროფესიონალით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს პარტნიორ სტრუქტურებთან მუდმივ კომუნიკაციას და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. აღნიშნული საჭიროებების გამოკვეთის შემთხვევაში, ჩვენი ტექნიკური გუნდი იწყებს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას და რა თქმა უნდა, სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შერჩევას. პანდემიის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სახელმწიფო სერვისების გაციფრულება და მათი ავტომატიზაცია. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთო ჩვენი გუნდი, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სერვისების ოპტიმიზაციის მიმართულებით, მიმდინარე პერიოდში არაერთი წარმატებული, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. აღებული აქტიური გეზი, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც შენარჩუნდება და უახლოეს მომავალში, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული კიდევ არაერთი პროექტის შესახებ გამცნობთ".

ფინანსური სექტორის გუნდი

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ამ მიმართულებას "ორიენტ ლოჯიკის" ბიზნესპროცესების მართვის დირექტორი, გიორგი ჩიტაია ითავსებს.

"ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქის პარალელურად, მუდმივად იზრდება ორგანიზაციების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები. პანდემიის პერიოდმა თვალსაჩინო გახადა, რომ ორგანიზაციების პორტფელში არსებულ პროცესებსა და სერვისებს გაციფრულება ესაჭიროება, რათა მომხმარებელთა ურთიერთობა ციფრულ ტექნოლოგიებთან გახდეს მეტად მოქნილი და მარტივად ხელმისაწვდომი. აღნიშნული საკითხი კი განსაკუთრებით აქტუალურია საბანკო-საფინანსო სექტორში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს სერვისების გაციფრულება და შესაბამისად, თითოეული ორგანიზაცია სულ უფრო მეტ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს. ჩვენ, როგორც საფინანსო სექტორის გუნდი, მუდმივად ვცდილობთ საქართველოს ბაზარზე არსებულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ინდივიდუალური გამოწვევების საპასუხოდ შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
ამ საკითხში ზურგს გვიმაგრებენ მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური ვენდორები, რომელთა მხრიდან მუდმივად ვიღებთ ტექნოლოგიურ ექსპერტიზასა და მხარდაჭერას პროექტების მიმდინარეობის პროცესში. დღეისათვის, ჩვენმა გუნდმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს წამყვანმა საფინანსო სტრუქტურებმა შეძლეს საკუთარი სერვისებისა და პროცესების ოპტიმიზაცია, და შესაბამისად, გახდნენ მეტად მოქნილნი და მომხმარებელთა საჭიროებებზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. აღნიშნული გამოცდილებისა და პროფესიული ექსპერტიზის საფუძველზე, მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში უზრუნველვყოფთ პარტნიორი ორგანიზაციების საიმედო და ხარისხიან მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში".

სტრატეგიული ბიზნესის განვითარების გუნდი

გვსურს გაგაცნოთ კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" სტრატეგიული ბიზნესის განვითარების გუნდის ლიდერი, ალექს ზილინსკი, რომელმაც Entrepreneur-ს საკუთარი მიმართულების შესახებ უამბო:

"სტრატეგიული ბიზნესის განვითარების მიმართულება არასაბანკო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას მოიცავს. ჩვენს ძირითად მიმართულებას საგანმანათლებლო, HoReCa, სადაზღვევო და სამედიცინო, სატელეკომუნიკაციო და სხვა ინდუსტრიები წარმოადგენს, რომლებიც მუდმივი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესშია, ჩვენ კი, როგორც მაღალი ექსპერტიზის მქონე პროფესიონალები, აქტიურად ვახდენთ მათ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განხორციელების პროცესში. ჩვენი გუნდი შედგება როგორც ტექნოლოგიური ექსპერტების, ისე გაყიდვების პროფესიონალებისგან, რომელთაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ და მათი საჭიროებების შესაბამისად, ვგეგმავთ, ვაინიცირებთ და შემდგომში წარმატებით ვახორციელებთ საშუალო და მსხვილი ზომის ტექნოლოგიურ პროექტებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროცესში, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ჩვენს მულტინაციონალურ ვენდორებს, რომელთაგანაც მუდმივად ვიღებთ მხარდაჭერას როგორც ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საფუძვლიანად შესწავლის, ისე უშუალოდ პროექტების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში საგანმანათლებლო და HoReCa-სექტორის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი დავასრულეთ, როგორც IT-ინფრასტრუქტურის, ისე ქსელური გადაწყვეტილებების კუთხით. სამომავლოდ, კიდევ რამდენიმე მასშტაბური პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელთა იმპლემენტაციის შედეგად ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები შეძლებენ პროცესებისა და, სერვისების სრულ ავტომატიზაციას და წარმატებულ ციფრულ ტრანსფორმაციას".

ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების გუნდი

აღსანიშნავია, რომ "ორიენტ ლოჯიკის" ორგანიზაციულ სტრუქტურაში ერთ-ერთ მთავარ როლს ტექნოლოგიური მიმართულების ე.წ. ლეგიონები ასრულებენ. ამ "ლეგიონების" ხელმძღვანელებს "ჩეპტერ ლიდებად" მოიხსენიებენ. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ, გადაჭარბების გარეშე, კომპანიის მოწინავე ეშელონი, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებისა და მათი დანერგვის პროცესში.

"ორიენტ ლოჯიკის" IT-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების "ჩეპტერ ლიდი" ირაკლი ჯოჯუაა, რომელიც საკუთარი ლეგიონის შესახებ გვიამბობს:

"თითოეული ორგანიზაციის წარმატებული ოპერირების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება გამართულ IT-ინფრასტრუქტურას. სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევით, ორგანიზაციებს ეძლევათ სრული რესურსი, მოახდინონ ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია. შესაბამისად, გახდნენ მეტად მოქნილნი და მომხმარებელთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულნი. ტექნოლოგიური კუთხით, "ორიენტ ლოჯიკი" ქართულ ბაზარს სთავაზობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას, რომელთა უკან მსოფლიო დონის ტექნოლოგიური ვენდორები დგანან. "ორიენტ ლოჯიკი" არის ისეთი მსხვილი ორგანიზაციების პარტნიორი კომპანია, როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell Technologies, VMware, Microsoft, IBM და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვართ Hewlett Packard Enterprise-ისა და Dell Technologies-ის პლატინუმ-სტატუსის მქონე პარტნიორები, რაც ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის მაღალი დონის პროფესიონალიზმს, ქართულ ბაზარზე მსოფლიოს წამყვანი ვენდორების გადაწყვეტილებების დანერგვისა და შესაბამისი პროექტების განხორციელების მიმართულებით. სტატუსების მინიჭება შეფასების რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის საფუძველზე ხორციელდება და მოხარულები ვართ, რომ შევძელით თითოეული კრიტერიუმის უმაღლეს დონეზე დაკმაყოფილება. ჩვენი IT-ინფრასტრუქტურის გუნდი შედგება გამოცდილი არქიტექტებისა და ინჟინრებისგან, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში მიმდინარე პროექტებში. გარდა პროექტებისა, გუნდის თითოეული წევრი აქტიურად აბარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოცდებს, რომელთა საფუძველზე ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება. დაგროვილი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ჩვენი გუნდი არის პროფესიონალთა ის შემადგენლობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მყარ IT-ინფრასტრუქტურას და შესაბამისად, მათ გამართულ ოპერირებას".

ქსელური გადაწყვეტილებების გუნდი

საინტერესოა კომპანიის ქსელური გადაწყვეტილებების "ლეგიონის" სამუშაო სპეციფიკაც და მნიშვნელობაც ქართული ტექნოლოგიური ბაზრისათვის, რის შესახებაც "ორიენტ ლოჯიკის" ამ მიმართულების არქიტექტსა და "ჩეპტერ ლიდს" − რატი ჯოხაძეს ვესაუბრეთ:

"ორიენტ ლოჯიკის" გუნდს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა ქართულ ბაზარზე თანამედროვე ქსელური გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ წარმატებით. ქსელური ტექნოლოგიები მოიცავს რამდენიმე მსხვილ დომეინს, ესენია: მონაცემთა დამუშავების ცენტრის ქსელები, ენტერპრაის-ქსელები, სერვისის პროვაიდერის ქსელები, ქსელური უსაფრთხოება და ა.შ. თითოეული ამ მიმართულებით ჩვენს გუნდში არიან ტექნოლოგიური ექსპერტები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ როგორც პარტნიორი ორგანიზაციების IT-გუნდებთან, ისე საერთაშორისო ვენდორებთან. "ორიენტ ლოჯიკი", ქსელური გადაწყვეტილებების მიმართულებით, არის ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების პარტნიორი კომპანია, როგორებიცაა Cisco, Ruckus, Aruba, Fortinet, Juniper და ა.შ. პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ჩვენ ხშირად ვაწყობთ აღნიშნული ვენდორების ტექნოლოგიურ კონფერენციებსა და ღონისძიებებს, სადაც მუდმივ რეჟიმში ვაცნობთ ქართულ ბაზარს უახლეს ქსელურ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებს. მიმდინარე პერიოდში ჩვენს გუნდს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს ქსელური გადაწყვეტილებების მიმართულებით, პარალელურად, ქსელური არქიტექტები აქტიურად აბარებენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოცდებს და მუდმივ რეჟიმში იმაღლებენ კვალიფიკაციას. დღესდღეობით, ჩვენი გუნდი წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა ერთობლიობას, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, დაეხმარონ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს თანამედროვე ქსელური გადაწყვეტილებების დანერგვასა და საიმედო ქსელური ინფრასტრუქტურის შემუშავებაში".

კიბერუსაფრთხოების მიმართულების გუნდი

"ორიენტ ლოჯიკის" ინფორმაციული უსაფრთხოების არქიტექტი და მიმართულების ლიდერი, გიორგი მიქაიაა, რომელმაც კომპანიის ოპერირების ამ ნაწილზე გვიამბო და საკუთარი გუნდის სამუშაო პროცესი უკეთ გაგვაცნო:

"უშუალოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კუთხით რომ ვიმსჯელოთ, დღესდღეობით ჩვენი
გუნდი ქართულ ორგანიზაციებს ერთ-ერთ ყველაზე ფართო მასშტაბის კიბერგადაწყვეტილებებსა და სერვისებს სთავაზობს, რაც მოიცავს მონაცემთა გაჟონვის პრევენციას, პრივილეგირებული წვდომების მართვას, მიზანმიმართული შეტევებისგან მაქსიმალურ თავდაცვას, ციფრული უფლებების მართვასა და სამუშაო სადგურების უსაფრთხოებას. აღნიშნული ტექნოლოგიების მიმართულებით, ზურგს გვიმაგრებენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ვენდორები, რომელთაგან მუდმივად ვიღებთ მხარდაჭერას კომპლექსური პროექტების განხორციელების პროცესში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე პერიოდში ჩვენს ტექნიკურ გუნდს შემოუერთდა როსტომ კოპაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა საბანკო და არასაფინანსო ორგანიზაციებში, და გიორგი პაპიძე, რომელიც ახალგაზრდა, პერსპექტიული და ფასეული კადრია ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული შემადგენლობით სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე პერიოდში აქტიურად ვავითარებთ ე.წ. SOC (Security Operations Center)-ს, რაც გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისს, რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიური ექსპერტები კიბერანალიტიკოსებთან ერთად უზრუნველყოფენ ორგანიზაციების კიბერშეტევების მონიტორინგს, ანალიზსა და უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წელს სრულად განვაახლეთ კიბერპროდუქტების პორტფელი და 2021 წელს გავხდით ისეთი მულტინაციონალური ვენდორების პარტნიორები, როგორებიცაა: One Identity, Vmware Carbon Black, Seclore, GTB Technologies და Cymulate. გავხდით ასევე Trendmicro-ს ვერცხლის სტატუსის პარტნიორები და ვართ ერთადერთი ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა".

ამ მასშტაბური და შთამბეჭდავი სახეცვლილებისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურული თუ საკადრო განახლების ფონზე, Entrepreneur "ორიენტ ლოჯიკის" სამომავლო გეგმებითა და გუნდის ახლებური ხედვებით დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" აქტიურად მუშაობს საკუთარი კომპეტენციისა და მაღალი ხარისხის სერვისის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაზე. ამ ეტაპზე, ისინი კონცენტრირებული არიან უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე. როგორც ბატონი გიორგი ჩიტაია აცხადებს, უკვე შედგა რამდენიმე საცდელი ვიზიტი შუა აზიის ქვეყნებში და მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია გადასული. გარდა ამისა, იგეგმება IT-ინტეგრაციის კუთხით მეზობელი ქვეყნების ბაზრების ათვისებაც და ამ მიმართულებით განვითარება.

კომპანიის გენერალურ დირექტორ, ბატონ ალექსანდრე ბაგრატიას თქმით, "ორიენტ ლოჯიკი" უახლოეს 2 წელიწადში შეძლებს ქართულ ბიზნესებს ტექნოლოგიური განვითარების ვექტორები დაუსახოს. კომპანია გეგმავს, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის შიდა მართვის, სისტემური, კიბერუსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ბევრი მიმართულებით არსებული საჭიროებების უნივერსალური გადაჭრის საშუალებად იქცეს.

"უკვე არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესების შედეგად, ჩვენ შევძლებთ სრულად დავაკმაყოფილოთ პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული საჭიროებები, გავაანალიზოთ, ეფექტურად გადავჭრათ მათი პრობლემები და
ჩვენი პროფესიონალების დახმარებით გავწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება", − აცხადებს ალექსანდრე ბაგრატია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე