PULSAR AI – პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ''სილიკონის ველზე'' მოიზიდა ინვესტიცია წარმატების გზა და რჩევა ქართველ სტარტაპერებს დაჩი ჭოლაძისგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur Georgia-ს მკითხველი კარგად იცნობს Pulsar AI-ის გუნდს წინა სტატიებიდან, რომელიც 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. დღეს მათ დამფუძნებლებს შორის ასევე არიან ჯორჯ არისონი და სოფო ჭყოიძე.
სტარტაპის შექმნა დამფუძნებლების საერთო ინტერესებმა, მიზნებმა და ხედვამ განაპირობა, რაც გულისხმობდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებას და დანერგვას. სწორედ ტექნოლოგიური გამოწვევების ამგვარი მოგვარებაა დღეს "პულსარის" მთავარი მამოძრავებელი ძალა და უპირატესობა.
დაწყებიდან 1 წელიწადში, სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცა საქართველოში, რადგან ისინი ქმნიდნენ ადგილობრივ დონეზე არარსებულ ტექნოლოგიებს; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. მათ შექმნეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.
2018 წელს, TBC ბანკთან ერთად, Pulsar AI-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Payments Awards-ის ნომინაციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა, HSBC-ისა და NuData-ს ("მასტერქარდის" კომპანია) გვერდით. 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო მობილურ ბანკინგად დასახელდა აპლიკაცია, რომელიც Pulsar AI-ის ხმოვან ტექნოლოგიას იყენებს.
წელიწადზე მეტია, რაც Pulsar AI-მ შეცვალა თავისი ბიზნესმიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისიდან გადავიდა SaaS მოდელზე, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისად მიწოდებას გულისხმობს მათ მიერ უკვე შექმნილი ტექნოლოგიებით. ამან სტარტაპს ბიზნესმოდელის მასშტაბირებისა და გლობალურ ბაზარზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.
სწორედ ამ დროს, Pulsar AI-ის გუნდი Startup Grind კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა "სილიკონის ველს", სადაც საინტერესო ბიზნესკავშირები დაამყარეს. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ში ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის დამფუძნებლის, ჯორჯ არისონის გაცნობა. ჯორჯ არისონი ამერიკის ავტოინდუსტრიაში ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია Shift-ის დამფუძნებელია. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ ერთმანეთის მიღწევების გაცნობით და გადაწყვიტეს თანამშრომლობა. აქტიური განხილვების პროცესში აღმოაჩინეს, რომ "პულსარის" NLP და მიმოწერის ავტომატიზაციის ტექნოლოგიას შეუძლია გადაჭრას ერთ- ერთი უმსხვილესი პრობლემა აშშ-ის ავტომობილების საცალო გაყიდვების ბაზარზე. ავტომობილის ინდუსტრია კი ჯორჯის ექსპერტიზის სფეროა, რითაც ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გუნდს. შედეგად, 2019 წლიდან "პულსარმა" და ჯორჯმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ავტომობილების საცალო ინდუსტრიისთვის მომხმარებელთა ჩართულობის ავტომატიზაციის გადაწყვეტილებაზე.
დღესდღეობით, Pulsar AI-ს უკვე ორი ოფისი აქვს – ერთი თბილისში, მეორე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ). თბილისში ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების გუნდი განაგრძობს მუშაობას, ხოლო კალიფორნიაში ბიზნესგუნდმა გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ "პულსარის" ბიზნესგუნდს აშშ-ში შეუერთდა კრის გულიოტა, რომელიც ინოვაციების, ტექნოლოგიების, ავტოინდუსტრიის და საცალო გაყიდვების ინდუსტრიის სფეროში ავტორიტეტული ადამიანია 20+ წლიანი გამოცდილებით. "პულსარში" ის სრული ძალისხმევით ჩაერთო გაყიდვების ხელმძღვანელად.
მიუხედავად დაჩის დატვირთული გრაფიკისა, მან Entrepreneur Georgia-ს სიამოვნებით გასცა პასუხები საინტერესო კითხვებზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
განვითარების რა ეტაპზეა პროდუქტი, რომლისთვისაც მიიღეთ $1,2 მლნ და რა უნდა გააკეთოთ ამ ინვესტიციის ფარგლებში?
"პულსარი" მუდმივად ავითარებს თავის ტექნოლოგიას და ჩვენი პროდუქტი, უფრო ზუსტად კი Software as a Service, მომხმარებელსა და კომპანიებს შორის კომუნიკაციის ავტომატიზაციას ახდენს და დღეს ის უკვე რეალურ გარემოში გამოიყენება ჩვენი მომხმარებლების მიერ.
ეს ინვესტიცია დაგვეხმარება, კომპანიის ბიზნესოპერაციები და გაყიდვები გავმართოთ ამერიკის ბაზარზე, საჭიროებისამებრ გავზარდოთ გუნდი – როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში და რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ტექნოლოგიის დახვეწა და განვითარება.
ძირითადი ფაქტორები, რის გამოც გჯერათ, რომ აუცილებლად მიხვალთ ამ ინვესტიციით გასახორციელებელ მიზნამდე.
ეს ფაქტორი უპირველესად ყოველთვის იყო და დღესაც უცვლელად არის – ადამიანები "პულსარში". ჩვენ დაარსების დღიდან დიდ გამოწვევებთან გვიწევდა გამკლავება, ყოველთვის ისეთი ამოცანების გადაჭრას ვცდილობდით, რომელიც მანამდე არც ჩვენ და არც სხვას გადაეჭრა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ძალიან ბევრ შრომას, სწავლას, ერთმანეთთან აზრების გაცვლას, დისკუსიას და ერთობლივ ექსპერიმენტებს. ასეთმა გაბედულმა მიდგომამ, არ გვეკეთებინა ის, რაც უკვე გვიკეთებია და რაც შეიძლება რთულ გამოწვევებს შევჭიდებოდით, გუნდში ჩამოაყალიბა განწყობა და რწმენა, რომელმაც საერთოდ გააქრო კითხვა – "შეგვიძლია თუ არა?"
შესაბამისად, ჩამოვყალიბდით გუნდად, რომელშიც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, საკუთარი საქმისადმი სიყვარულით განწყობილი მეგობრები ვართ და რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია. ერთად შევქმენით კომპანია და ერთად მოვედით Silicon Valley-მდე. შესაბამისად, მჯერა, რომ ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რაც წარმატებას ამ დიდ, ახალ ეტაპზეც მოგვიტანს.
უკვე ამ გამოცდილებით, რას ურჩევთ ქართველ სტარტაპებს?
მახსოვს, პირველად რომ ჩამოვედით Silicon Valley-ზე და შემდეგ დავბრუნდით თბილისში, ძალიან ბევრი ადამიანი ასე გვეკითხებოდა: "რა ქენით, წამოიღეთ რამე ფული, თუ თქვენც კონტაქტები მოიპოვეთ?" ამ "კონტაქტების მოპოვებას" ღიმილით ხვდებოდნენ და წარუმატებლობად მიიჩნევდნენ. ეს დამოკიდებულება მოედო მთელ ქართულ Startup Community-ის და კონტაქტების მოპოვებამ "ვერაფერს ვერ მივაღწიეთ" მნიშვნელობა შეიძინა. ვფიქრობ, "პულსარი" ძალიან კარგი პასუხია ამ ადამიანების და ასეთი დამოკიდებულების მიმართ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩემი რჩევა აუცილებლად networking იქნება. Silicon Valley-ზე, კონტაქტებზე უფრო ფასეული რამ არ არსებობს. რომელ ეტაპზეც უნდა იყო – იდეის ვალიდაციის, გუნდის შექმნის, ინვესტიციის მოპოვების თუ სხვა, კონტაქტები ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და საშუალებას წარმოადგენს.
"სილიკონის ველზე" მუშაობის დროს, გარედან უხილავ საკითხებსაც ამჩნევ. აქ ყველა ტექნოლოგიური გიგანტის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს სწორედ იგივე გზას გადიოდნენ და იმ ეტაპზე არავინ იცოდა, მიაღწევდნენ თუ არა წარმატებას. მათ დაამტკიცეს, რომ აქ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს დიდ წარმატებას და ამიტომ, შედეგად ყველა ცდილობს ყველას მოუსმინოს, რადგან არავინ იცის, ვისი წამოწყება გახდება the next big thing. ეს ძალიან კარგია, რადგან მსგავსი გარემო იდეის ეტაპზეც კი გზას გიხსნის ყველაზე წარმატებულ ინვესტორებთან, სხვა კომპანიების დამფუძნებლებთან, ძალიან მაგარ ტალანტებთან და ა.შ. აქ ყველა მუდმივად დაეძებს იმ შემდგომ დიდ წამოწყებებს, რომლის ნაწილიც სურთ თავადაც გახდნენ რაც შეიძლება ადრე და ეს ძალიან ჯანსაღ გარემოს ქმნის სწრაფი გამორკვევისა და წინსვლისთვის.
კიდევ ბევრ საკითხში მივიღეთ გამოცდილება, თუმცა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ არის აუცილებელი "სილიკონის ველზე" ძალიან კონკრეტული იდეით ჩამოხვიდე. ამერიკის ბაზრის ზომიდან გამომდინარე, ბაზრის ერთი რომელიღაც კონკრეტული ნიშისთვის რაიმე პრობლემის მხოლოდ ნაწილის მოგვარებამაც კი შეიძლება Billion Dollar კომპანიად გაქციოს. ამიტომ, ვფიქრობ უფრო სწორია, უპირველესად გყავდეს გუნდი, რომელშიც კონკრეტული მიმართულებით კონკურენტუნარიანი ცოდნა და გამოცდილებაა; შემდეგ გამოიკვლიო, დიდ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ინდუსტრიაში რა სახის პრობლემები არსებობს, რომლებიც ამ ცოდნით და ექსპერტიზით შეიძლება გადაიჭრას და სწორედ ამ გზით მიხვიდე იდეამდე.