Get All Access for $5/mo

როგორ მივაღწიოთ წარმატებას 2020 წელს - ემი უები ფუტურისტული ტექნოლოგიები ყველაფერს გარდაქმნის, რასაც აკეთებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ფუტურისტი ემი უები პროგნოზებს არ აკეთებს, იგი სავარაუდო სცენარების სხვადასხვა ვარიანტს ითვლის ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც Microsoft და Chevron არიან. მისი ჯადოსნური ბროლის ბურთი კი, მონაცემები და სხვადასხვა იდეაა. იგი კომპანია Future Today Institute-ის დამფუძნებელი და სტრატეგიული პროგნოზირების ცენტრის, ლეონარდ სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორია. თავისი წიგნი – "დიდი ცხრიანი", სულ ახლახან გამოსცა, რომელშიც განხილულია, თუ როგორ ქმნიან ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის მომავალს. "არ აქვს მნიშვნელობა რა ბიზნესი გაქვთ, ამ ახალი ტექნოლოგიების იგნორირებას უბრალოდ ვერ შეძლებთ", – ხაზგასმით ამბობს იგი.

რას არის ყველაზე საინტერესო მოვლენა ხელოვნური ინტელექტის სფეროში დღეს?

ვიტყოდი, რომ შეფასება, ქულების მინიჭებაა. ჩვენს ქცევას როგორც ინტერნეტში, ისე ავტონომიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებენ, მიღებულ მონაცემებს კი, როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიებიც აგროვებენ. მათ გასაანალიზებლად და ქულების გამოსათვლელად ალგორითმს იყენებენ. ამ ქულებით კი, ყველაფრის დადგენა შეიძლება – დაწყებული იმით, თუ რა ალბათობა არსებობს, რომ კანონს დავარღვევთ, და დამთავრებული იმით, თუ რამდენად ვართ მზად ტუალეტის ქაღალდის რულონის შესაძენად ფული გადავიხადოთ. მაგრამ გარდა ამისა, კიდევ სხვა უამრავი ახალი პრობლემა არსებობს, რომლებთანაც გამკლავება მომავალ წელს აუცილებელი გახდება.

მაგალითად?

ერთ დრაკონულ მაგალითს მოვიყვან: ჩინეთის სოციალური საკრედიტო სისტემა იმის გათვალისწინებით უმატებს ან აკლებს ქულებს, თუ რას აკეთებს ადამიანი. მაგალითად, რას ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე. ვისაც მაღალი ქულები აქვთ, ფასდაკლებებს ან სხვა შეღავათებს იღებენ, მაგრამ გასულ წელს 17.5 მილიონმა ადამიანმა თვითმფრინავის ბილეთების შეძენა ვერ შეძლო იმის გამო, რომ საკმარისი ქულები არ ჰქონდათ. ახლა ჩინეთმა უკვე კომპანიებისთვისაც დაიწყო ქულების მინიჭება, მათი ქცევის გათვალისწინებით.

შესაძლოა, ამ პროცესს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, გამჭვირვალე მაინც არის. შეერთებულ შტატებში ქულების მინიჭების პროცესი გამიზნულად ბუნდოვანია. გიქმნით თუ არა ეს იურიდიული შემოწმების ახალ შესაძლებლობებს? შესაძლოა, ასეც იყოს. ამიტომ კომპანიებმა შემდეგ საკითხებზე უნდა იფიქრონ: რომელი მონაცემები უნდა გახადოთ ხელმისაწვდომი? როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ როგორც მომწოდებლებისთვის, ისე კლიენტებისთვის გამჭვირვალე ხართ?

თქვენი ტექნოლოგიური ტენდენციების ანგარიშის მიხედვით, წელს $38 მილიარდს მიაღწევს ისეთი ელექტრონული პროდუქტების გლობალური გაყიდვები, როგორიცაა სხეულზე მიმაგრებული საათები ფიტნესისა და ჯანმრთელობისთვის. ნამდვილად ასეთი პოპულარული გახდა საათი? სმარტფონების შემდგომ ერაში ხომ არ გადავდივართ?

ე.წ. ჭკვიანი საათების ბაზარი საკმაოდ მყარია, ხოლო ახალი სმარტფონების გაყიდვები ან ერთ დონეზეა, ან მცირდება. ალბათ მეტყვით, რომ Google Glass-მა არ გაამართლა – ამ სათვალემ ნამდვილი კრახი განიცადა, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ Facebook-მდე Friendster და MySpace იყვნენ, და ეს ერთი და იგივე პროდუქტის უკვე მესამე ვერსია იყო, რომელმაც მართლაც ასტრონომიულ წარმატებას მიაღწია. ახლა რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის? – ყველაფერს, ყველაფერს. ფაქტობრივად, როგორც კი სათვალეს მოირგებთ, რომელიც მონაცემებისა და ადამიანების "იმპორტის" შესაძლებლობას მოგცემთ, ყველაფერი შეიცვლება, სხვაგვარად დაველაპარაკებით ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, რომ ტექნიკური დახმარების ბიუროში რეკავთ და მხოლოდ ხმა კი არ გესმით, კონკრეტულ პიროვნებას ესაუბრებით. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, ემოციებსაც ამჩნევთ, კლიენტების მომსახურების სრულიად ახალი წესი იბადება. ამიტომ თუ საცალო მოვაჭრე ხართ, შესაძლოა, აღარც დაგჭირდეთ ფიზიკური ასისტენტები მაღაზიაში, რადგან გამოძახებების დასამუშავებლად თქვენი თანამშრომელი დისტანციურად ისე იმუშავებს, თითქოს იქ იყოს. ვიცი, ეს სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს, მაგრამ ამის ერთი ვერსია უკვე ნანახი მაქვს.

თქვენი ბოლო ანგარიშის მიხედვით, კომპანიებს ხმოვანი ძიების ოპტიმიზაციას სთავაზობთ – ეს უკვე საძიებო სისტემის ახალი ოპტიმიზაციაა.

ადამიანები სულ უფრო ხშირად ელაპარაკებიან თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებს, და სწორედ ამიტომ გახდება ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი: კერძოდ, რომელი ინფორმაცია გამოჩნდება პირველად, როდესაც შეკითხვებს დასვამთ, ვისი ბრენდი იქნება და რა სათაურით.

როგორ უნდა მოახერხოს ჩვეულებრივმა საშუალოსტატისტიკურმა ადამიანმა ამ რთული ტექნოლოგიური ტენდენციების კურსში ყოფნა?

ამ საკითხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ყველა ამ ტექნოლოგიის თანავარსკვლავედი ჩამოაყალიბებს ყველაფერს, რასაც კი გავაკეთებთ. მოსამზადებლად კი, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესი იმის გაკეთებაა, რაც უზომოდ ადვილია და რისი მოხერხებაც დღესვე შეიძლება. რამდენიმე წუთი გამოყავით და გაეცანით, თუ რა ხდება ახალ ტექნოლოგიებში. თუ კარგად გაერკვევით, რა არის ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი, და თქვენს მეგობარსაც აუხსნით ფინჯან ყავაზე შეხვედრისას, უდავოდ შეძლებთ სიგნალის ხმაურისგან გარჩევას. და ყველაზე ჭკვიანი, ან კიდევ, ყველაზე მომთმენი და გამჭრიახი აღმოჩნდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოვა, რომ ფუტურისტივით აზროვნებთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი