Get All Access for $5/mo

როგორ ვებრძოლოთ თაღლითურ სქემებს და გავარჩიოთ ე.წ. პირამიდები რეალური NFT-პროექტებისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ახალ-ახალ თაღლითურ სქემებს ინტერნეტსივრცეში და ადამიანები ახალი თაობის ფინანსური პირამიდების მსხვერპლნი ხდებიან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავერკვეთ მსგავს საიტებთან თუ პლატფორმებთან ბრძოლის მექანიზმებში და ფულის გამოძალვის სისტემები, რეალური, გარკვეულ იდეაზე დაფუძნებული NFT-პროექტებისაგან განვასხვაოთ.

Entrepreneur ე.წ. პირამიდებისა და თაღლითებისაგან თავის დაცვის ბერკეტების შესახებ, მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ჯგუფ "კრიპტობაზას" თანადამფუძნებელს, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო კომპანია ADwiseGroup-ის საოპერაციო დირექტორს და BatCaveDAO-ს დამფუძნებელს, ბექა ზაქაიძეს ესაუბრა:

ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა საიტები და აპლიკაციები, რომლებიც გარკვეული ამოცანების შესრულების სანაცვლოდ, წინასწარი შენატანის საფუძველზე მომხმარებელს ფულს უხდის. არის თუ არა ეს ფინანსური პირამიდების ახალი თაობა? როგორ გავარჩიოთ რეალური P2E ან M2E თამაშები პირამიდებისგან?
მთავარი, სადაც შეცდომა არ უნდა დავუშვათ და წითელი ხაზები უნდა გავავლოთ, არის შემდეგი: თამაში ან NFT-პროექტი, რომელსაც საკოლექციო, Defi ან utility დანიშნულება/შესაძლებლობა აქვს, არ შეიძლება დავაყენოთ რომელიღაც თაღლითური, ე.წ. Scam-პროექტის გვერდით. ამ პროექტებს თაღლითური პროექტებისგან განსხვავებით აქვთ ლეგალური ფორმები, ჰყავთ ცნობილი პარტნიორები, აკეთებენ სმარტ-კონტრაქტების აუდიტს და თავიანთი მუშაობის სქემა ყველა შესაძლო პლატფორმაზე აქვთ გაზიარებული. ის, რომ ამ პროექტებში შესაძლებელია ადამიანმა ფული დაკარგოს, ვინაიდან პროექტის ტოკენის ან NFT-ის ფასი შეიცვალა, არაფრით განსხვავდება მაგალითად ბიტკოინში დაბანდებული ინვესტიციის დაკარგვისაგან ან თუნდაც აქციებში ინვესტირებისგან.

შეგახსენებთ, რომ Netflix-ის აქცია YTD 70%-ით გაუფასურდა. ამიტომ ბლოკჩეინ-პროექტებსა და თავიდანვე თაღლითობისთვის შექმნილ პროექტებს შორის, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა, რასაც სამწუხაროდ უცოდინარობის გამო ხშირად ვხვდებით. აქვე, არცერთი ბლოკჩეინ-პროექტი არ არის გამდიდრების ან ძირითადი შემოსავლის წყარო! ეკონომიკური საფუძვლებისა და ფინანსების ცოდნის გარეშე, თითქმის განწირული ხარ წარუმატებლობისთვის. ამიტომ იმ დოზით უნდა ახორციელო ინვესტიცია, რის საშუალებასაც შენი შემოსავლები და ცოდნა გაძლევს.

რაც შეეხება თაღლითურ პროექტებს, სამწუხაროდ, პირველივე შეხებისას ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ვხედავთ, რომ თაღლითებმა ნაჩქარევად შექმნეს რომელიღაც პლატფორმა და შემდეგ სხვადასხვა დომენზე ასლები გაავრცელეს, რომლის დანიშნულება არის ერთი − ვინმეს უბიძგოს ფულის დაბანდებისკენ, რადგან ის, ვინც პირველი გაიტანს თანხას, ყველაზე კარგი რეკლამის მატარებელია. ამას დავუმატოთ რეფერალური სისტემა, ხოლო დანარჩენს ადამიანის ბუნება გააკეთებს.

"2 კვირა ხომ მაინც გაძლებს" წინადადება არის მთავარი სარეკლამო მესიჯი. რომელიღაც ბლოგერ/ტიკტოკ-ინფლუენსერსაც თუ 1-2 საჩუქარს გაუკეთებ, სიამოვნებით იტყვის, რომ კი, პირამიდას ჰგავს და დიდი შანსია ფული დაკარგო, მაგრამ (ეს "მაგრამ" არის ყველაზე სახიფათო) მაღალი ჯილდოც არის. მორჩა... Scam-პროექტი წარმატებულია! მსგავსი რეკლამირება ხალხს უბიძგებს სწრაფად განახორციელონ ინვესტიცია, რადგან თუკი "დღეს ვიღაცამ გაიტანა ფული, ზეგ შესაძლოა გაიქცნენ და ამიტომ ხვალ ყველაზე კარგი დროა", − ფიქრობს მსხვერპლი და ამის შემდეგ FOMO (საინტერესო მოვლენის გამოტოვების შიში) აკეთებს თავის საქმეს.

TeslaMedia, Lyst, Lidl პრაქტიკულად ჩამოიშალნენ და უამრავი ადამიანი ინვესტიციის ამოღების გარეშე დარჩა. ინტერნეტში ამ პროექტების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა ადამიანებმა მაინც გარისკეს თანხების დაბანდება. რამდენად ლეგალურია მსგავსი საქმიანობა, არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი ბერკეტები ამ პლატფორმების წინააღმდეგ და რით არის დაცული მომხმარებელი?
თუ Telegram ან Facebook-ჯგუფებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ საქართველოში 100-ზე მეტი TeslaVideoMedia-ს ჯგუფია. რამდენიმეს გადავხედე და ძალიან კარგად იციან, სადაც და რატომაც არიან. იმდენად ღრმად იყვნენ თაღლითობაში ჩაბმულნი, რეფერალებში თვითონ მონაწილეებიც კი ფულს იხდიდნენ. რაც შეეხება რისკს, $100-ის გარისკვა მარტივია. სწორედ ამაზეა ყველაფერი აგებული. არ შემხვედრია თაღლითური სქემა, რომელიც პირდაპირ $100 000-ს გთხოვს. პირიქით − თაღლითებისთვისაც რთულია ასეთი რამის გაკეთება, ვინაიდან მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგება უნდა გასცენ. შესაბამისად, ყველაფერი თითქმის ყოველთვის მცირე თანხით იწყება.

სამართლებრივი ბერკეტი იგივე უნდა იყოს, რაც სხვა თაღლითობების შემთხვევაში. თუმცა, რადგან ანგარიშსწორება და დაბანდება კრიპტოვალუტის საშუალებით ხდება, შემქმნელების პოვნა საკმაოდ რთულია. ამას ისიც ართულებს, რომ მონაწილეების უმრავლესობამ კარგად იციან სადაც იმყოფებიან და ზედმეტ შეკითხვებს არ სვამენ. ჯგუფებს რომ გადახედოთ, ძირითადი მასა ყალბი ანგარიშებითაა წარმოდგენილი, რცხვენიათ იმის, რასაც აკეთებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმირებულები არიან.

ამასთან ბრძოლა ორი მიმართულებით არის შესაძლებელი: ადამიანებმა უნდა "არეპორტონ" ასეთი საიტები და კრიპტოსაფულის მისამართები, ან ვიზრუნოთ ფინანსურ განათლებაზე, რომელიც ჩემი აზრით სკოლიდან უნდა იწყებოდეს.

რატომ იმატა მსგავსი სქემების პოპულარობამ ამ პერიოდში და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? როგორ დავრწმუნდეთ პროექტების სანდოობაში მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით სოლიდური ფონდების მიერ მხარდაჭერილი StepN-იც წამგებიან ინვესტიციად იქცა დროის მოკლე მონაკვეთში?
Bear-ის (ბაზარზე აქციების დაღმასვლის პერიოდი) დროს, თითქმის ყველა ინვესტიცია წამგებიანია. Stepn-იც არ არის გამონაკლისი. ბიტკოინიც წამგებიან ინვესტიციად იქცა (YTD -59.46%). Tesla-ც (ავტომწარმოებელი) YTD -43.87%. ბევრი პროფესიონალის აზრით, კრიზისი შესაძლოა უძრავი ქონების ბაზარსაც შეეხოს.

Stepn-ზე პირიქით შემიძლია თქმა − Bear-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული web3 პროექტია, რადგან DAU (დღიური აქტიური მომხმარებლები) მზარდი აქვს და მილიონს გადააჭარბა. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა ცნობილ NFT-პროექტებში ინვესტიციაზეც, მაგალითად BoredApeyachtClub. ამიტომ, ცალკე რომელიღაც კომპანიის ან ბლოკჩეინ-პროექტის განხილვა და შედარება თაღლითურ პროექტთან, რომლებიც უბრალოდ სხვისი ფულით გაიქცნენ, არასწორია.

ახლო მომავალში ახალ სქემებს უნდა ველოდოთ, როგორც ძველი მოთამაშეებისგან, ისე ახლებისგან. კარგი ის არის, რომ როდესაც ერთი თაღლითური პროექტი გარბის, ხალხი გაურკვევლობასა და ეჭვებშია, ამიტომ აჩერებს სხვა პროექტებში შესვლას. ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით ყველას გაქცევას აჩქარებს. ახლა ამ ეტაპზე ვართ, თუმცა ზოგიერთმა უკვე დაიწყო ახალი თანხების მოთხოვნა ძველების დასაბრუნებლად. შესაძლოა ვიღაცებს დაუბრუნონ კიდეც, რათა სხვებს შეტანის სტიმული მისცენ. მთავარი ის არის, რომ ასეთ პროექტებს არ "ვაჭამოთ", ვინაიდან ნებისმიერი $1-ის დაბანდება ნიშნავს დროის გარკვეული პერიოდით მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას.

გავათვითცნობიეროთ, რომ რეფერალური სისტემით მეგობრებისა და ხალხის ასეთ სქემებში შეყვანა უპასუხისმგებლობაა. "დავარეპორტოთ" და თუ საჭიროა, სხვა ლეგალური ზომებიც მივიღოთ − ასე შეგვიძლია ვებრძოლოთ თაღლითებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში