Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ ბიზნესი სმარტფონით "ინტერნეტის და ე.წ. "ჭკვიანი ტელეფონის" საშუალებით, შემიძლია მშვიდად გავემგზავრო საზღვარგარეთ და ვმართო ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ყველანაირი ტექნიკა. დღემდე მახსოვს, საათობით როგორ ვიჯექი ჩემს ორკასეტიან მაგნიტოფონთან და რადიოდან სიმღერებს ვიწერდი, როგორ მიყიდეს პირველი სათამაშო კომპიუტერი "დენდი". მახსოვს დღე, როდესაც პირველად ვნახე მობილური ტელეფონი – "მეგაკომის" ქსელში ჩართული უშველებელი "ერიქსონი"; 13-14 წლის ასაკში, როგორი გამაოგნებელი და დაუჯერებელი იყო პირველად მოსმენილი პოლიფონიური მელოდია მობილურში; ცოტა მოგვიანებით – მობილური ტელეფონი MP3 ფაილების წაკითხვის ფუნქციით, ფოტოკამერით, ვიდეოკამერით, ინტერნეტით, ოპერაციული სისტემით, 3D-თამაშებით, პროგრამებით და ა.შ. თანამედროვე ტექნიკის, განსაკუთრებით კი მობილური და კომპიუტერული ტექნიკის სიყვარულის გამო, ჩემი კარიერის დიდი ნაწილი, სწორედ ჭკვიანი ტექნიკის საცალო გაყიდვების მარკეტინგის სფეროში გავატარე.

უკვე თითქმის 2 წელია, რაც მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი ბიზნესი გვაქვს. მაშინ, როდესაც საქართველოში სტარტაპების ბუმი იწყებოდა, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ჩვენი გამოცდილება, უნარები, და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო. 2 წლის თავზე, 7 ფილიალი, პარტნიორები საზღვარგარეთ და 20-მდე თანამშრომელი გვყავს. პატარა კომპანიაში, შეზღუდული რესურსების გამო, რა თქმა უნდა, რთულია ყველა საქმეს ინდივიდუალური თანამშრომელი მიუჩინო. დღემდე, კომპანიის მარკეტინგს, სოციალური ქსელების მართვას, თანამშრომლების მენეჯმენტს და მათთან კომუნიკაციას, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან თუ პარტნიორებთან ურთიერთობას, კვლავ ჩვენით ვაწარმოებთ. ჩემთვის ეს ყველაფერი თითქმის წარმოუდგენელია სმარტფონის გარეშე. ინტერნეტის და ე.წ. "ჭკვიანი ტელეფონის" საშუალებით, შემიძლია მშვიდად გავემგზავრო საზღვარგარეთ და ვმართო ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე პროგრამა (App) მჭირდება ხოლმე. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს გაგიზიაროთ საჭირო და სასარგებლო პროგრამები, რომლებიც ბიზნესის სამართავად გამოგადგებათ.

Facebook Page Manager

კომპანიის Facebook-გვერდის სამართავად შექმნილი დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომლის საშუალებით შესაძლებელია კომპანიის გვერდზე ფოტო, ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციის გამოქვეყნება, პირდაპირი ვიდეოჩართვები, გვერდის სტატისტიკური ანალიტიკის ზოგადი მიმოხილვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კომენტარებზე პასუხი, გვერდის პარამეტრების შეცვლა და ა.შ.

Facebook Ads Manager

წლიდან წლამდე უფრო რთულდება Facebook-გვერდის აუდიტორიასთან ე.წ. "ბუნებრივი წვდომა – Organic Reach". ახალი ალგორითმისა და მიდგომების გამო, Facebook-გვერდების კონტენტს ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება მომხმარებლების ნიუს ფიდში (News feed), რის გამოც სულ უფრო აქტუალური ხდება Facebook-ზე ფასიანი (Paid ads, paid promotion) განთავსება. Ads Manager დამოუკიდებელი პროგრამაა Facebook-ის სივრცეში რეკლამების განსათავსებელად, სტატისტიკის ანალიზისთვის, სამიზნე აუდიტორიების შესაქმნელად და სამართავად. რა თქმა უნდა, იგი არ არის ისეთივე სრულყოფილი, როგორიც Ads Manager-ის ბრაუზერის ვერსია, თუმცა ხშირად ძალიან მეხმარება საქმეში.

Instagram

მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ს ბიზნესის სამართავი დამოუკიდებელი აპლიკაცია არ აქვს, შესაძლებელია პროგრამაში იქონიოთ როგორც პირადი, ასევე ბიზნესანგარიში (Business Account) და საჭიროებისამებრ გადართოთ. აქედანაც ხდება პოსტების თუ Story-ს გაზიარება, კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხი, მცირე ანალიტიკა. Instagram-ის აპლიკაცია შესანიშნავია ფოტოების დამუშავების თვალსაზრისითაც – შესაძლებელია ფოტოს მოჭრა (Crop), სიმკვეთრე-კონტრასტის შეცვლა, ფერების მომატება, ჩრდილების ამონათება და ა.შ.

Snapseed

ეს არის, ჩემი აზრით, ფოტოების დასამუშავებელი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა სმარტფონებისთვის. აპლიკაციაში თავმოყრილია უამრავი ეფექტი თუ ხელსაწყო, რომ მობილურით ან DSLR კამერით გადაღებული ფოტოები დაჭრა, დაამუშავო, წაშალო არასასურველი დეტალი, გამოასწორო სიმკვეთრე, შეცვალო დინამიკური დიაპაზონი და ა.შ. პროგრამაში თავმოყრილია 30-ზე მეტი სასწავლო ვიდეო თუ კურსი ე.წ. Tutorials, სხვადასხვა ეფექტის შესასწავლად.

Google Calendar

გარდა იმისა, რომ მრავალფუნქციური კალენდარია, ასევე ძალიან კარგი "ორგანაიზერიცაა". პროგრამაში შესაძლებელია შეხვედრების, მნიშვნელოვანი საქმეების ჩანიშვნა, შეხსენების ფუნქციით. კალენდარში შესაძლოა ზარების, გასაგზავნი ელ.ფოსტის, ფრენისა და სხვა მოვლენების შენახვა.

Google Drive

Google-ის "ღრუბლოვანი" მეხსიერების ძალიან სასარგებლო და მრავალფუნქციური პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს App-ი ბევრ სმარტფონს მოყვება, მომხმარებელთა უმეტესობა მის შესაძლებლობებს სრულად არ იყენებს. Google Drive-ი ერთ ანგარიშზე გამოყოფს 15გბ-მდე მეხსიერებას მისი "ღრუბლოვანი" მეხსიერების სივრცეში, სადაც შესაძლებელია ფაილების ატვირთვა, შენახვა, მათი გაზიარება და გაზიარებული ფაილების გადმოწერა. რაც მთავარია, Google Drive საკუთარ თავში მოიცავს Google docs-ს, Sheets-ს და Slide-ს (Microsoft Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის შემცვლელ მობილურ აპლიკაციებს), რომელთა დახმარებით შესაძლებელია Microsoft Office-ის ფაილების გახსნა, რედაქტირება, შექმნა და ა.შ.

Rs.ge

Rs.ge-ს მობილური ვერსია – მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მობილურ აპლიკაციას ძალიან შეზღუდული ფუნქციონალი აქვს, მაინც შესაძლებელია მიღებული/გაცემული ზედნადებებისა და ფაქტურების, სალარო აპარატების, საბაჟო და სხვა ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში Rs.ge-ს ზედნადებებისა და ფაქტურების გამოწერის ფუნქციაც დაემატება.

Evernote

ერთი-ერთი საუკეთესო და მრავალფუნქციური ორგანაიზერი. ამ App-ის საშუალებით, შესაძლებელია ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩანაწერების შენახვა, დოკუმენტების კამერის საშუალებით დასკანირება, Check-list-ების შექმნა, ძიება და მრავალი სხვა.

Google Analytics

Google Analytics-ის მობილური აპლიკაცია, გაძლევთ ნებისმიერ საჭირო, ძალიან დეტალურ ინფორმაციას (ვინ შემოვიდა, საიდან შემოვიდა, როგორ მოგვაგნო, რამდენი ხანი დაჰყო ვებგვერდზე და ა.შ.) თქვენი კომპანიის ვებგვერდის ვიზიტორებისა და იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც ვებგვერდის საშუალებით პროდუქტი ან სერვისი შეიძინეს. ინფორმაციის დამუშავებით და გაანალიზებით, შეძლებთ მარკეტინგული ბიუჯეტისა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას.

***

გარდა ჩამოთვლილისა, Facebook-ის აპლიკაცია იძლევა საშუალებას, რომ შექმნათ თანამშრომლების ჯგუფები, ასევე ჯგუფური სასაუბროები (Group conversations). როგორც წესი, უცხოელ პარტნიორებთან საკონტაქტოდ Whatsapp, Telegram ან Viber გამოდგება. სამივე პროგრამით შესაძლებელია ტექსტური შეტყობინების, ფაილების გაგზავნა, ასევე ხმოვანი და ვიდეოზარების განხორციელება. ელ.ფოსტისთვის, როგორც ჩაშენებული MailApp-ის, ასევე Gmail-ის მობილური აპლიკაციაც გამოდგება, რომელშიც Gmail-ის ანგარიშის გარდა, კომპანიის დომენზე გაწერილი ელ.ფოსტის ანგარიშის დაყენებაც შესაძლებელია. დიდი ზომის ფაილების გასაგზავნად, იდეალურია როგორც Google Drive, ასევე WeTransfer-ის მობილური ვერსიაც.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"