ქართველი გამომგონებლის, გიორგი მიქიაშვილის წარმატება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე საერთაშორისო აღიარება საქართველოს სახელით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მინდა, საფუძვლიანად შევცვალო მსოფლიო სპორტული მომზადების სისტემა" − სწორედ ამ მიზნით, ქართველმა გამომგონებელმა, გიორგი მიქიაშვილმა სპორტული კომპლექტი შექმნა, რომელიც მსოფლიო სპორტის 15-ზე მეტ სახეობას ემსახურება. მისი გამოგონებები მოხვდა სეულისა და ტორონტოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენებზე, სადაც საქართველოს სახელით, საერთაშორისო აღიარება და ოქროს მედალი მოიპოვა. სეულის ექსპოზიციაზე 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო კანადის პროექტზე - 81. ამასთან, ამავე გამოფენაზე ინდონეზიის ინოვაციების ფედერაციამ ქართველი გამომგონებელი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე გამოფენა მსოფლიო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მოწინავე საგამოფენო H კლასში შედის.
სპორტული კომპლექტი ეფექტურად გამოიყენება სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: კრივი, შერეული ორთაბრძოლები, ჭიდაობა, კარატე და სხვა. ტრენაჟორები მორგებულია ყველა ზომისა და ტიპის სავარჯიშო დარბაზზე. ასევე, მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსებს და ეფექტურად პასუხობს ინდივიდუალური სპორტის სახეობების ძირითად გამოწვევას."ტრენაჟორების კომპლექტის ფარგლებში შევქმენი "სპარინგ პარტნიორი", რათა გადამეჭრა სპორტის უამრავ სახეობაში არსებული ძირითადი პრობლემა − სპარინგ-პარტნიორის სიმცირე. 15+ სპორტული სახეობის სპორტსმენებს შეუძლიათ ისპარინგონ/იჭიდაონ ამ ტრენაჟორთან და მიიღონ მისგან წინააღმდეგობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრენაჟორთან ვარჯიში 70%-ით არის მიახლოებული რეალურ ორთაბრძოლასთან. ასეთი ტრენაჟორი დღემდე არ არსებობს მსოფლიოში.
ჩემი პირველი გამოგონება იყო "კრივის ინოვაციური ტომარა", რომელიც დაყოფილია 4 ტოლ ნაწილად და მისი მოხმარება შესაძლებელია 5 სხვადასხვა გარემოში. ამ იდეის ინსპირაცია იყო პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები. ესპანეთში, სადაც მე ვცხოვრობდი, პანდემიის დროს სავარჯიშო დარბაზში ეკიდა მხოლოდ ერთი ტომარა, რომელიც განკუთვნილი იყო 50+ ადამიანისთვის. ამ დროს იდეებმაც იფეთქა. ტომარას მოჰყვა რინგი, რინგს − ტრენაჟორების კომპლექტი და ა.შ.", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი მიქიაშვილი.
ახალგაზრდა გამომგონებელს საქმიანობაში ინსპირაციას საკუთარი ოჯახი − დედა და და აძლევს. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი კი მისი მენტორი, საქართველოს გამომგონებელთა კლუბის დამაარსებელი − ომარ ბილონაშვილია, რომლის დამსახურებითაც საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო გამოფენებზე წარადგინა. "ამ გამოფენებზე მოპოვებული აღიარებები არის ძალიან დიდი სახელი და სიტყვა მსოფლიო საგამომგონებლო სამყაროში. ასევე, ასეთ გამოფენებზე აღიარებულ იდეებს ბევრად დიდი ინტერესი, ყურადღება და დაფასება აქვს პოტენციური ინვესტორის მხრიდან. როცა მედალს იღებს გამომგონებელი, ეს არის მისი აღიარება, ხოლო როდესაც სპეციალურ პრიზს მოიპოვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალი დონის გამოგონებაა. ამასთან, როცა ამ ყველაფერთან ერთად, კონკრეტული ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, დააჯილდოოს გამომგონებელი, ეს არის უმაღლესი დონის აღიარება", − განმარტავს გიორგი.
სამომავლოდ, გამომგონებელი გეგმავს, საფუძვლიანად შეცვალოს სპორტული მომზადების სისტემა, გაამარტივოს, გააიაფოს და უფრო ეფექტიანი გახადოს ვარჯიში. გიორგის დიდი სურვილია, მსოფლიოში დანერგოს სისტემა, რომლითაც სპორტსმენი ვარჯიშის დროსაც კი გამოიმუშავებს ფინანსებს. სპორტული კომპლექტის გარდა, გიორგი აქტიურად მუშაობს სამხედრო სფეროში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე. ამჟამად ემზადება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მომდევნო გამოფენისთვის, სადაც იარაღის კომპლექტს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ინოვაციური საიარაღო კომპლექტი მსოფლიო საპოლიციო და სამხედრო შეიარაღებაში ახალი სიტყვა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამასთან, გიორგი 25-ზე მეტი გამოგონების ავტორია და მისით უკვე დაინტერესდნენ კრივის, ჭიდაობის, კარატეს, შერეული ორთაბრძოლებისა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე ესპანეთიდან. "წარმომიდგენია და 100%-ით დარწმუნებული ვარ, დიდი დრო არ არის დარჩენილი იქამდე, როცა ჩემს დღევანდელ ხედვებს სრულვყოფ და გავხდები საკმაოდ წარმატებული, მოთხოვნადი კომპანიის მმართველი. ევროპასა და აშშ-ში ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ხმა მივაწვდინო ამა თუ იმ დარგში მომუშავე მსოფლიოს გიგანტ კომპანიებს და შევთავაზო ჩემი პატენტები, მაგრამ ამ ყველაფერში დიდ წინააღმდეგობად მიდგას საქართველოს მოქალაქეობა. არის რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომელთაც სურვილი აქვთ ითანამშრომლონ ამერიკის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესთან. ესპანეთშიც მხოლოდ 4 წელია ვცხოვრობ და ჯერ ადრეა მოქალაქეობაზე ფიქრი.
რაც შეეხება საქართველოში ჩემი გამოგონებების დანერგვას, ამის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ როგორც ვხედავ, შევძელი მსოფლიოს H კლასის ინოვაციური გამოფენების ექსპერტი-შემფასებლების მოხიბვლა, მაგრამ ვერ დავაინტერესე ქართველი "ექსპერტები". სამწუხაროდ, 2022 წლის ივნისში 8 000 ლარი ვერ მოვიპოვე (ინოვაციური იდეის პროტოტიპის საგრანტო პროგრამიდან), რათა შემექმნა რინგის პროტოტიპი. რინგის, რომელმაც სეულში მესამე ადგილი მოიპოვა. შეგახსენებთ, სეული არის მსოფლიო ინოვაციების რეიტინგში 3-4 ადგილზე, ხოლო საქართველო 46-ე პოზიციაზე გახლავთ", − აღნიშნავს გიორგი მიქიაშვილი.