Get All Access for $5/mo

საქართველო და დიჯიტალიზაცია კერძო სექტორის ახალი მიდგომა არა მარტო შემოსავლებს ზრდის, არამედ ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს და ზრდის ეკონომიკის ციფრულ სექტორს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ბევრს სმენია სიტყვა "დიჯიტალიზაცია" და ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში. შედარებით რთული დასანახია, რა გავლენა მოახდინა მან საქართველოზე, განსაკუთრებით – ბოლო წლების განმავლობაში.

ყველაზე შესამჩნევი ცვლილება სამუშაო პლატფორმებისა და მომხმარებელთან დაკავშირების ხერხების მოდერნიზებამ და დიჯიტალიზაციამ გამოიწვია მომსახურების სფეროში. ერთი შეხედვით, ვებგვერდებისა და ონლაინსერვისების რაოდენობის სწრაფი ზრდა ჩვეულებრივი მოვლენაა თითოეული ქვეყნისთვის, თუმცა ყველა შემთხვევას, მათ შორის საქართველოსაც, გამორჩეული თავისებურებები აქვს. ავიღოთ სოციალური ქსელების მოხმარების დონე: რთული წარმოსადგენია, მაგრამ Facebook-ი საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ინტერნეტმომხმარებლების მხოლოდ 73.4% იყენებს ზემოხსენებულ საიტს, საქართველოში კი დაახლოებით 79%. ამ სხვაობის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ აშშ-ში პოპულარულია სხვა სოციალური პლატფორმები (Twitter, Snapchat), რომლებმაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ ვერ ჰპოვეს ფართო პოპულარობა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში. კომპანიები კი არსებულ სიტუაციას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ქართული ვებგვერდის წარმატებისთვის აუცილებელია Facebook-ის პლატფორმაზე თვალში მოსახვედრი რეკლამების განთავსება და გვერდის შექმნა, რომელზეც ახალი პოსტის განთავსება ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ ხდება. საშუალოდ 20 ყველაზე პოპულარული ქართული საიტის ვიზიტორების 16% სწორედაც რომ Facebook-იდან მოდის. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რიცხვი 65%-საც კი აჭარბებს.

ონლაინკომპანიების წარმატებაში ასევე დიდ როლს თამაშობს საძიებო სისტემები, როგორებიცაა Google, Bing, Yahoo და სხვ. თუმცა, ცნობილი ხუმრობის თანახმად, გვამის საუკეთესო დასამალი ადგილი Google-ის ძიების შედეგების მეორე გვერდია, რადგანაც იქ მხოლოდ მომხმარებლების 10% გადადის. იმისათვის, რომ კომპანიის საიტის მისამართი მეორე გვერდზე "დამალული გვამების" გვერდით არ აღმოჩნდეს, საჭიროა ვებგვერდის სწორად აწყობა Google-ის ალგორითმების მიხედვით, რომლებიც საკმაოდ ხშირად იცვლება. პროცესი ძალზე გრძელვადიანი და ძვირადღირებულია.

კერძო სექტორის ახალი მიდგომა არა მარტო შემოსავლებს ზრდის, არამედ ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს და ზრდის ეკონომიკის ციფრულ სექტორს. ინვესტიციები ამ მიმართულებით წარმოუდგენელ თანხებს აღწევს და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იდეალური შანსია ეკონომიკის ზრდის მთავარი ლოკომოტივი სწორედაც რომ ციფრული ეკონომიკა გახადოს. განვითარებულ ქვეყნებში ეს სფერო ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება, განვითარებადში კი, 18%-ით. ზრდის ასეთი ტემპის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, ეფექტური კანონმდებლობის შექმნა/შენარჩუნება და ამ სფეროში ინვესტირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ციფრულ ეკონომიკაში ინტეგრირების მაჩვენებლები საკმაოდ დიდია. მაგალითად, ძალზე მაღალია მოსახლეობის წვდომა ინტერნეტზე – 70.7% ; უნაღდო ანგარიშსწორების 61% ონლაინბანკის/მობილური აპლიკაციების მეშვეობით ხორციელდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პლასტიკური ბარათებითა და სხვა მსგავსი საშუალებებით გადახდა საერთო გადახდების მხოლოდ 15%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც შვედეთში ეს რიცხვი 4-ჯერ მაღალია. უნაღდო ანგარიშსწორება ვაჭრობას არა მხოლოდ უფრო მოსახერხებელს და ეფექტურს ხდის, არამედ უზრუნველყოფს ეკონომიკის გამჭვირვალობას და შავი ბაზრის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალებაა.

ბოლო დროის დიჯიტალიზაციის ყველაზე საკამათო და პოპულარული თემა ბლოკჩეინ-ტექნოლოგია, კერძოდ კი – კრიპტოვალუტებია. ამ უკანასკნელთაგან ყველაზე პოპულარული – ბიტკოინი, ბოლო წლების განმავლობაში მთელი სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო ბიტკოინით როგორც ვაჭრობა, ასევე მისი მოპოვება (მაინინგი) გამდიდრების საკმაოდ მიმზიდველ გზად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში მაინინგისთვის საჭირო კომპიუტერული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა (და თუ ადრე მაინინგი ჩვეულებრივი კომპიუტერის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი, დღეს ამ მიზნისთვის უკვე სპეციალურ მოწყობილობებს (ASIC – Application-Specific Integrated Circuit) იყენებენ, რომლებიც საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარს), დღეს მაინინგისთვის ყველაზე მსხვილ ხარჯს ელექტროენერგია წარმოადგენს. 2014 წელს ერთ-ერთმა მაინინგკომპანიამ, სახელად Bitfury გორში მაინინგცენტრი გახსნა, რომელსაც ერთი წლის თავზე გლდანში ორმაგად ძლიერი ცენტრი დაემატა. Bitfury ჩინეთს გარეთ ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომპოვებელი კომპანიაა და ამდენად, 2018 წლის ივნისისთვის საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა ბიტკოინის მაინინგში – მსოფლიოში ბიტკოინების 15%-ის მაინინგი სწორედ ჩვენთან ხდება. ერთი შეხედვით, ასეთი მასობრივი დაწესებულებების არსებობა ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს, თუმცა რეალური მაგალითების მონახვა რთულია. ზემოთ ნახსენები ტიპის კომპანიები სამუშაო ადგილებს იშვიათად ქმნიან და დანარჩენ სექტორებზეც მცირე ზეგავლენა აქვთ. ამ ეტაპზე ბლოკჩეინის პოტენციალი ჯერ კიდევ უცნობია, რადგანაც მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მთავრობა თუ იყენებს. იგი შესაძლოა ეკონომიკური ზრდის მთავარი ფუნდამენტი გახდეს, ან უბრალოდ, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, ძვირადღირებულ და არაეფექტურ ტექნოლოგიად ჩაითვალოს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიჯიტალიზაცია არ არის და ვერც იქნება ყველასთვის სასურველი პროცესი: ახალი იდეებითა და ტექნოლოგიებით აღსავსე კომპანიები ტრადიციულ ბიზნესებს ჩაანაცვლებენ. ეს ეფექტი განვითარებულ ქვეყნებში უკეთ შეინიშნება. საუკეთესო მაგალითები ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ მედიაკომპანია Netflix სატელევიზიო არხებს საფრთხეს უქმნის. საქართველოში ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა. ამერიკულ მაღაზიებს და სავაჭრო დაწესებულებებს უჭირთ კონკურენციის გაწევა ცნობილ ონლაინ რითეილერ Amazon-თან. სატრანსპორტო სერვისი UBER კი სატაქსო სფეროს ანადგურებს. ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ბაზარზეც არანაკლებ ზეგავლენას იქონიებს და როგორც დასავლეთის ქვეყნებში, შესაძლოა აქაც დროებითი უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს, თუმცა დიჯიტალიზაციის პოტენციალი მის ხარჯებს, ყველა სხვა ქვეყნის მაგალითის მიხედვით, აღემატება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან