Get All Access for $5/mo

საქართველოს პერსპექტივები და გამოწვევები გლობალური კრიპტოეკოსისტემის რუკაზე ექსკლუზიური ინტერვიუ ვლადიმირ სმერკისთან, Binance-ს რეგიონულ დირექტორთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

28 ივლისს, სასტუმრო "ბილტმორში", მსოფლიოში წამყვანმა ბლოკჩეინ ეკოსისტემამ Binance-მა საქართველოში თავისი პირველი Community Meetup გამართა, რომელსაც როგორც თავად Binance-ს, ისე ადგილობრივი კრიპტო და საფინანსო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Meetup-ის ფარგლებში გამომსვლელებმა განიხილეს Binance-ის ეკოსისტემის ხუთწლიანი მუშაობის შედეგები, პლატფორმის პროდუქტები და სერვისები, გამოწვევები და შესაძლებლობები, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის წინაშე Binance-ს რეგიონული დირექტორი ვლადიმირ სმერკისიც წარსდგა, რომელმაც შეაჯამა ეკოსისტემის განვლილი გზა და მიმოიხილა საქართველოს სამომავლო პერსპექტივები.

Entrepreneur გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ვლადიმირ სმერკისთან, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოეკოსისტემის, Binance-ს რეგიონულ დირექტორთან:

გთხოვთ შეაჯამოთ Binance-ს არსებობის ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და მიღწევები. რა იყო პლატფორმის თავდაპირველი მისია და როგორია დღევანდელი მდგომარეობა?

პლატფორმის დაფუძნების დღიდან, ჩვენი მისია პრაქტიკულად უცვლელია - გვსურს ადამიანებს სხვადასხვა ღირებულებების თავისუფალი მიმოცვლის შესაძლებლობა შევთავაზოთ. თუკი ინტერნეტი მხოლოდ ინფორმაციის გაცლის ინსტრუმენტია, ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას გავცვალოთ ღირებულებები, არამარტო კრიპტოვალუტების ან ფულადი სახსრების სახით, არამედ NFT-ები, კულტურული და შემოქმედებითი ფასეულობები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.

დღეს ბლოკჩეინი, როგორც ტექნოლოგია, უამრავი მიმართულებით გამოიყენება. სახელმწიფოები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ატარებენ არჩევნებს, კომპანიები, რომლებიც მონაცემთა მიმოცვლის მიმართულებით ოპერირებენ, ბლოკჩეინ სისტემას ეყრდნობიან და ა.შ.

რაც შეეხება Binance-ს ღირებულებებს, ეს ყოველთვის მომხმარებლებზე ზრუნვა გახლდათ. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებელთა მხარდაჭერის 24 საათიანი სამსახური შექმნა, ვინც მომხმარებლებს AirDrop წამახალისებელი ჯილდოები შესთავაზა, რის ფარგლებშიც, კრიპტოვალუტის მფლობელებს, რომლებიც ჩვენი პლატფორმით სარგებლობენ სხვადასხვა სასაჩუქრე მონეტებს ვჩუქნიდით. Binance იყო პირველი პლატფორმა, რომელმაც ე.წ. HardFork-ების მხარდაჭერა დაიწყო, როდესაც ერთი ბლოკჩეინი ორად იყოფა ან ერთის ბაზაზე სხვა პროექტები ან ტოკენები შენდება. ეს ღირებულებები უცვლელი რჩება ხუთი წლის განმავლობაში და გვჯერა, რომ მომხმარებელზე ზრუნვა და ორიენტაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დღევანდელ სარგებელზე ფიქრი.

სტატისტიკასაც რომ შევავლოთ თვალი, დაარსების დღიდან, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 17-ჯერაა გაზრდილი. Binance დღეს არის არა მხოლოდ ბირჟა, არამედ ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს: NFT მარკეტფლეისს, MiningPool-ებს, Binance Earn-ს, Binance Pay, Binance Card-ს და უამრავ სხვა პროდუქტს, ხოლო ამ პროდუქტების ოფიციალურად რეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მომხმარებელთა რიცხვი 120 მილიონს აღემატება. ჩვენს ბლოკჩეინზე - BNB დღეისათვის ჯამში 2,4 მილიარდი ტრანზაქციაა შესრულებული; Binance Charity 1,8 მილიონ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა მიმართულებით; პლატფორმა 25 ენაზე ფუნქციონირებს, ხოლო მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი ხელმისაწვდომია 18 ენაზე.

ჩვენი ქომუნითი დღითიდღე იზრდება და საუბარი მაქვს, არამარტო ტელეგრამის გამომწერებზე, არამედ Binance-ს პროდუქტების განვითარების აქტიურ მონაწილეებზე. ხუთი წლის განმავლობაში შემოვიკრიბეთ ბევრი თანამგზავრი კომპანია, რომლებიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრები გახდნენ. მაგალითად: Trust wallet, რომელიც ყველაზე დიდი მობილური კრიპტოსაფულე გახლავთ, ან თუნდაც CoinMarketCap - რომელშიც დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე საკმაოდ კარგი ტემპით იზრდებოდა, დღეს ყველაზე მონახულებად პლატფორმად იქცა კრიპტოვალუტების ფასების შესამოწმებლად და დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. ჩვენ არ ვწყვეტთ ინვესტირებას საინტერესო პროექტებში საკმაოდ რთული საბაზრო ციკლის მიუხედავად და გვჯერა, რომ ეს აუცილებელია ეკოსისტემის გასავითარებლად.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ლიცენზიები მივიღეთ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ხოლო 40-მდე რეგულატორთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო შეკითხვა ქართველი აუდიტორიისათვის - როგორ გამოიყურება საქართველო თანამედროვე კრიპტოსამყაროს რუკაზე? რა გამოწვევები და პერსპექტივები გვაქვს ამ მიმართულებით?

ციფრულ მარკეტინგში არსებობს ტერმინი, რომელსაც ჩართულობის დონის გასაზომად იყენებენ - Engagement rate. ვფიქრობ, რომ ასეთი ინდიკატორით რომ გაგვეზომა ქვეყნები კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესის მიხედვით, საქართველო საკმაოდ მოწინავე ადგილს დაიკავებდა. მოსახლეობის რაოდენობისა და Binance-ს თუ ზოგადად ეკოსისტემის აქტიურ მომხმარებელთა შეფარდებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და გარდა ამისა, აქ უამრავი დეველოპერი და ენთუზიასტია, რომლებიც ქმნიან დამოუკიდებელ ბლოკჩეინ პროექტებს, თამაშებს და ა.შ. ამგვარად, საქართველო ძალიან კარგ პლაცდარმად მიიჩნევა ამ მიმართულების გასავითარებლად.

ასევე, რასაც საქართველოს ძლიერ მხარედ გამოვყოფდი, რეგულატორების თანამედროვე და პროგრესული მიდგომებია. ისინი გამოთქვამენ ინტერესს კრიპტოვალუტების მიმართ და არ კრძალავენ მათ გამოყენებას, აცნობიერებენ, რომ შეზღუდვამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. ადგილობრივი კანონმდებლობა და რეგულატორები ორიენტირებულია ამ ინდუსტრიის განვითარებაზე და კრიპტოვალუტებისთვის ლიცენზირებული სივრცის შექმნაზე. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვდებთ საქართველოში და გავაგრძელებთ ამ პროცესს. Binance-ზე, ამჟამად 1000-მდე ვაკანსიაა და ზოგი მათგანი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ადამიანები უკვე მუშაობენ ადგილობრივ ბაზარზე, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ვახალისებთ. მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე, მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი უკვე ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.

გვსურს შევეხოთ კრიპტობაზრების რეგულირების საკითხსაც. რა ტენდენციებია გლობალურად რეგულაციების კუთხით და რას ელით ახლო მომავალში? შეუშლის თუ არა ხელს ცენტრალური ორგანოების ჩარევა, მსოფლიოს დეცენტრალიზებული მომავლის შენებას?

კრიპტოინდუსტრია ორ იდეურ ბანაკად იყოფა, ესენია: კრიპტოანარქისტები, რომლებიც სრული დეცენტრალიზაციის და დამოუკიდებლობის მომხრეები არიან და კრიპტორეალისტები, რომლებიც იზიარებენ დეცენტრალიზაციის იდეის, თუმცა იაზრებენ, რომ კრიპტოვალუტის მასობრივი ადაპტაციისთვის და ინდუსტრიაში მეტი ადამიანის ჩართვისთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს განათლების დონე და ინდუსტრიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით გაუმჯობესებულია, რაც ინსტიტუციური ინვესტორების ჩართულობამ, დრომ, რეგულატორების თანმიმდევრულობამ, კომპანიების სასარგებლო ინიციატივებმა განაპირობა, ჩვენ მეტი ნდობის მოპოვება გვჭირდება და ვმუშაობთ კიდეც ამ მიმართულებით. Binance Research სისტემატურად მუშაობს ანალიტიკურ მასალებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე, რათა ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის კი, ვფიქრობ, სიმართლე სადღაც შუაში იმალე.

Binance მხარს უჭერს TrustWallet-ს, რომელიც სრულად დეცენტალიზებულია და არ მოითხოვს KYC-ს ან სხვა სახის ვერიფიკაციას და ნებისმიერი მოწყობილობით შეიძლება მისი გამოყენება. ჩვენ გვაქვს განხორციელებული ინვესტიცია ისეთ დეცენტრალიზებულ პროექტებში, როგორებიცაა StepN და BOX, რომლებიც სრულად Web3 ფილოსოფიას ეფუძნება. ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენი მიზანია ადამიანების მაქსიმალურად ფართო წრის კრიპტოადაპტაცია, რეგულაციები გარდაუვალია, ვინაიდან სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს და დაიცვას ეს ადამიანები. ამიტომ Binance-ში მივიჩნევთ, რომ კრიპტომომავლის მშენებლობისათვის, რეგულირება ერთ-ერთი აუცილებელი აგურია.

2022 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული აღმოჩნდა კრიპტობაზრებისთვის, ისევე როგორც ზოგადად გლობალური ეკონომიკისთვის. რას ეტყოდით არსებულ და პოტენციურ კრიპტოინვესტორებს, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ სახეცვლილი გარემოებიდან და რა სახის გაკვეთილია ეს მათთვის?

პირადად მე, რაც კრიპტოინდუსტრიაში ვიმყოფები, უკვე ოთხი მსგავსი ციკლი გავიარეთ და შესავამისად, გაკვეთილებიც საკმაოდ აშკარა და მარტივია. დაუშვებელია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზარს შიში და სიძუნწე ამოძრავებს, ხოლო ფსიქოლოგია ძალიან მოქმედებს ბაზრის ტენდენციებზე, რასთან გამკლავებაც უნდა ვისწავლოთ.

ინვესტორებს უნდა ესმოდეთ რაში აბანდებენ ფულს. ჩვენ გავხდით მომსწრე თუ როგორ ეცემოდა მონეტების ფასები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ძალიან ხშირად, ინვესტორები ფულს ალალ ბედზე ასხამენ პროექტებში, ვერ აცნობიერებენ, თუ რატომ იზრდება ესა თუ ის მონეტა, რა ეკონომიკური კანონზომიერება დგას ამის უკან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანებმა მეტად უნდა შეიმეცნონ ბაზარი და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რაში ახორციელებენ ინვესტიციას.

როგორია Binance-ს უახლოესი გეგმები და განვითარების ვექტორი როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთან მიმართებით?

საქართველოს პერსპექტიულ ბაზრად აღვიქვამთ და ვაპირებთ გავაგრძელოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ეს ჩვენი პირველი საჯარო ღონისძიება იყო და პირველი ეტაპია, რომელიც ჩვენი აზრით წარმატებით დასრულდა. გავაგრძელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, ბიზნესის განსავითარებელ აქტივობებს, განვაგრძობთ ურთიერთობას საბანკო საზოგადოებასთან და რეგულატორებთან, რომლებსაც გავუზიარებთ ჩვენს საერთაშორისო გამოცდილებას.

Binance-ს დიდი გლობალური მიზნებიც აქვს. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას კრიპტოვალუტების ბირჟების ლიცენზირებასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ცხადია პერმანენტულად ვაუმჯობესებთ ჩვენი პროდუქტების ხარისხს. ყველაფრის ცენტრში ჩვენი მომხმარებელი დგას, რომელზეც ვზრუნავთ და ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ უსაფრთხოების სისტემების სრულყოფაზე და ესაა რასაც რეგულარულად გავაკეთებთ.

უახლოეს მომავალში უკვე უნდა ველოდოთ ახალ ლიცენზიებს დედამიწის სხვადასხვა წერტილში. მომხმარებლებს კი უნდა გავუჩინოთ შესაძლებლობა მარტივად გადმოერთონ ფიატ ფინანსური სამყაროდან, კრიპტოვალუტების სამყაროში. ვიმუშავებთ ფიატ "გეიტებზე" და სისტემებზე, რომელთა მეშვეობით, ადამიანებს გავუმარტივებთ Binance-ს სერვისებით სარგებლობას და კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება პატარა მაღაზიებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება. გვსურს გლობალური ბაზრის ფოკუსი ფიატ ფულიდან კრიპტოვალუტებზე გადმოვრთოთ, რაც უკვე გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

Fast & Shine - ავტოდითეილინგის პიონერი საქართველოში

"2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?