Get All Access for $5/mo

Stack უკვე Windows-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე შექმნილი ვერსია 7 მაისიდან გაეშვება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Stack ქართული სტარტაპკომპანიის მიერ შექმნილი პირველი ქართული სმარტ ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტთან მუშაობას გაცილებით ეფექტურსა და მოქნილს ხდის. პროდუქტზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და მას დღეს, მსოფლიოს გარშემო უკვე 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელთა რეგულარულმა უკუკავშირმა Stack-ის მაღალი საჭიროება არაერთხელ ცხადყო, რამაც პლატფორმაზე მომუშავე გუნდს კომპანიად ფორმირების აუცილებლობისკენ უბიძგა. მათი პროდუქტი აქამდე მოხლოდ MacOS-ის მომხმარებელთათვის იყო ხელმისაწვდომი. 5 მაისიდან კი Stack-ის ახალი პროდუქტი Windows-ის ოპერაციული სისტემებისთვისაც გაეშვება. სპეციალურად ქართულ ენაზე შექმნილი ვერსიით ისარგებლებენ ქართველი მომხმარებლები 7 მაისიდან.

განვითარების ახალ, მასშტაბურ ეტაპამდე კი Stack-ის განვლილი წარმატებების სია შთამბეჭდავია. პროდუქტმა 12 საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციასა და კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა Stack-ი ორჯერ შეარჩია 1500-დან 40 საუკეთესო სტარტაპს შორის. ასევე, ევროპის Startup Grind-სა და გლობალურ კონფერენციებზე ის TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ აგრეთვე მოიპოვა GITA-სა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტი და გაიარა აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნესაქსელერატორში.

Stack-ის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, მისი მოქნილობა და სისწრაფეა, რაც ყოველდღიურად ვებაპლიკაციებთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ნაცნობი ბრაუზერების დიზაინი 20 წელზე მეტი ხნის წინ, თითქმის ინტერნეტთან ერთად, მარტივი მიზნით შეიქმნა: სხვადასხვა ვებგვერდის საპოვნელად, შესასვლელად და იქიდან ინფორმაციის მოსაძიებლად, ანუ რასაც "ბრაუზინგს" ვუწოდებთ. მას შემდეგ ინტერნეტი შთამბეჭდავად განვითარდა და რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტის საშუალო თანამედროვე მომხმარებლებს შორის "ბრაუზინგს" შედარებით ნაკლები დრო ეთმობა. მეტწილად კი ინტერნეტს ყოველდღიურად სამუშაოდ, ინფორმაციის გასაზიარებლად, სასაუბროდ თუ გასართობად ვიყენებთ და ამ ყველაფერს შესაბამისი ვებაპლიკაციების საშუალებით ვაკეთებთ. გაიხსენეთ თქვენი სოც-ქსელები, ჩეთის ან ვიდეოკონფერენციის აპლიკაციები, ონლაინ საოფისე პროგრამები, ელ.ფოსტა და სხვა. ბოლო პერიოდში შინიდან მუშაობის ტენდენციის ზრდასთან ერთად, ასეთი ყოველდღიური აპლიკაციების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. მათ გამოსაყენებლად კი ისევ ძველმოდურ ბრაუზერებს მივმართავთ, რომელიც 20 წელზე მეტია თითქმის არ შეცვლილა. მათი მუშაობის პრინციპი და დიზაინი კვლავ "ბრაუზინგზეა" მორგებული და არა ვებაპლიკაციებთან მუშაობაზე. "გინახავთ ე.წ. ტაბებით გადაჭედილი თქვენი ბრაუზერი? შესაძლოა ახლაც ზუსტად ამას უყურებთ. სწორედ ამ პრობლემას წყვეტს Stack-ი", − გვიხსნიან კომპანიის გუნდის წევრები.

Stack-ის დახმარებით, ყოველდღიურად საჭირო სამუშაო, სალაპარაკო და გასართობი აპლიკაციების ორგანიზებულად დახარისხება ე.წ. "სთექებში", ანუ დასტებში მნიშვნელოვნად მარტივდება. ერთ დასტაში მოთავსებული აპლიკაციები ერთდროულად ჩნდება ეკრანზე და მათი პარალელურად გამოყენება ტაბების მუდმივ ცვლას არ საჭიროებს. შესაძლებელია გქონდეთ ერთი ისეთი დასტაც, სადაც თქვენი ყველა სოც.ქსელი ერთად მოიყრის თავს. მომხმარებელს შეუძლია ერთ დასტაში გააერთიანოს ვიდეოგაკვეთილი და ბლოკნოტი, რომელშიც საკვანძო საკითხებს ჩაინიშნავს ან ცალკეულ დასტებში, სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო მასალები და აპლიკაციები ერთად მოაქციოს ან ერთმანეთისგან გამოყოს. მათთვის, ვინც სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად იძიებს ინფორმაციას და ხშირად ახალ გვერდს ხსნის დროებით, Stack-ს განსაკუთრებული Ghost-ფანჯრები აქვს, რომელიც ერთი ღილაკით, ერთდროულად იხურება და ყურადღებაც კვლავ ყველაზე საჭირო აპლიკაციებს უბრუნდება.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Stack-ში მუშაობისას, ერთი აპლიკაციის მთელ ეკრანზე გაშლა, ყველა სხვა აპლიკაციიდან მოსული შეტყობინებების ერთი ღილაკით გათიშვა და კონცენტრაციის სრულად, მთავარ საქმეზე ფოკუსირება საკმაოდ მარტივია. Stack-ის ეს და სხვა ფუნქციები, რომელიც ინტერნეტთან მუშაობის პროდუქტიულობას ერთიორად ზრდის, მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და გამოცდილების გაცვლის შედეგად არის შექმნილი. ასეთ მომხმარებლებს შორის არიან პროექტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც ორგანიზებული სამუშაო გარემო და ინტერნეტთან ეფექტური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია", − ამბობენ გუნდში, რომელსაც ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისა და ინტერნეტმოხმარების პროდუქტიულობის ზრდისთვის მომავალშიც დიდი გეგმები აქვს.