Get All Access for $5/mo

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების ნაკადის მზარდ ციფრებთან ერთად, ქვეყანაში ჩნდება მობილური აპლიკაციები, რომლებიც მოქნილი სერვისებისა და შესაძლებლობების წყალობით, ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს, კომფორტულსა და დაუვიწყარს ხდის. წარმოგიდგენთ 5 ქართულ აპლიკაციას, რომლით სარგებლობა საქართველოს შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებს შეუძლიათ:

Expago | მოგზაურის ადგილობრივ მასპინძელთან დასაკავშირებელი აპლიკაცია

ამ სახელწოდების პლატფორმა მოგზაურებს ადგილობრივებთან აკავშირებს და მათ სრულიად ახალი, ცოცხალი გამოცდილების მიღებას სთავაზობს მათთან ერთად ამა თუ იმ ლოკაციაზე. ეს კი ტურისტისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული და დაუვიწყარი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას იძლევა. აპლიკაცია სტუმრებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ საქართველო და მსოფლიო ადგილობრივების თვალით. პლატფორმაზე უკვე საკმაოდ ბევრი ადგილობრივი გიდია რეგისტრირებული, რომლებიც მოგზაურებს მეგზურობას როგორც დღისით, ისე ღამით უწევენ. აპლიკაცია თავისი მახასიათებლებით საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

Guestme | შინ დამზადებული კერძების დაგემოვნების საინფორმაციო აპლიკაცია

ქართული გასტრონომიული პლატფორმა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან ამუშავდება და საშუალებას მისცემს დიასახლისებს შინ გაუმასპინძლდნენ ტურისტებს საკუთარი ხელით დამზადებული კერძებით. ვიზიტორებს კი ექნებათ შესაძლებლობა, ადგილობრივ სამზარეულოსა და გასტროკულტურას ქართულ ოჯახებში გაეცნონ, დააგემოვნონ და უშუალოდ ჩაერთონ მისი მომზადების პროცესში. თანაც, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ.

Audio guide Georgia | აუდიოგიდი

აპლიკაცია, რომელიც აუდიოგიდის ფუნქციას ასრულებს და ტურისტებს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროს ფიზიკური გიდის სამსახურს უწევს. ტურისტებს იგი დეტალურად აცნობს სხვადასხვა ისტორიასა თუ ადგილს და მათი ხელახლა, სრულიად სხვა კუთხით აღმოჩენაში ეხმარება. ყველა ტურისტს გიდის მომსახურების შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, Audio guide GEORGIA კი ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა. სპეციალურად აპლიკაციისთვის აუდიოტურები გამოცდილი პროფესიონალებისა და ექსპერტების ჩართულობითაა შექმნილი და ღირებულ ინფორმაციას აწვდის მსმენელს საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშავი ადგილების შესახებ.

TravelGis | ტურისტული მარშრუტების აპლიკაცია

ეს აპლიკაცია საკმაოდ მოსახერხებელი ინსტრუმენტია ტურისტისთვის, რომელსაც სურს სასურველი ტური დაგეგმოს და მისი საშუალებით მთელი მოგზაურობის განმავლობაში საინფორმაციო სერვისით ისარგებლოს. სასურველი ტურის შერჩევის შემდეგ, მოგზაურობის პარალელურად, აპლიკაციის ინტერაქტიული რუკით მომხმარებელს მუდმივად მიეწოდება კონკრეტული ტურის შესახებ გეოგრაფიული, ფოტო და ტექსტუალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შერჩეული ტურის მიმართულებით გზის მდგომარეობა, საჭირო ატრიბუტები, ინფორმაცია გზად არსებული ტურისტული ობიექტებისა და მათი ისტორიის შესახებ.

Mountain Resorts of Georgia | სამთო-სათხილამურო საინფორმაციო აპლიკაცია

აპლიკაცია კონკრეტულად საქართველოს სამთო კურორტების შესახებაა შექმნილი და ქვეყნის 4 სამთო კურორტის − გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის შესახებ მოიცავს ინფორმაციას. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია ამ ოთხი სამთო კურორტის შესახებ ფაქტობრივად ყველანაირი, მისთვის საინტერესო ინფორმაცია იხილოს − იქნება ეს ამინდის პროგნოზი, აქ არსებული ტურისტული ობიექტები თუ დაგეგმილი ღონისძიებები, მათზე დასასწრები ბილეთების ფასების ჩათვლით. აპლიკაციის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია კონკრეტული კურორტისთვის live-რეჟიმში თვალის მიდევნება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის სპეციალური SOS- ღილაკის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამაშველო ბრიგადის გამოძახება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი