Get All Access for $5/mo

უნივერსალური მიზეზი, რომელიც სტარტაპების 65%-ის წარუმატებლობას იწვევს გაიგეთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორის აზრი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წიგნში "დამფუძნებლის დილემა", ბესტსელერების ავტორი და ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი, ნოამ ვასერმანი ამტკიცებს, რომ სტარტაპების 65%, წარმატებას გუნდში უთანხმოების გამო ვერ აღწევს. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა, თუმცა ნამდვილად არახალია მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება ერთხელ მაინც უცდია.

როგორც ამბობენ, ბიზნესის საუკეთესო პერიოდი მაშინაა, სანამ მის წარმოებას შეუდგები. ამ დროს ცა უღრუბლოა, ზღვა − კრიალა, ოცნებები კი, უსაზღვრო. როგორც კი საქმე განხორციელებაზე მიდგება, იწყება პრობლემები და გუნდში უთანხმოებები იჩენს თავს. კონფლიქტის მიზეზები, შესაძლოა იმდენად განსხვავებული იყოს, რამდენადაც თავად თანადამფუძნებლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი უთანხმოება იწყება მაშინ, როდესაც რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებათა სისტემა, შეხედულება და იდეალი, ერთმანეთს ეჯახება.

არ მოიტყუოთ თავი იმით, რომ თანადამფუძნებლებს კარგი პიროვნული ურთიერთობა და ერთმანეთთან კომფორტულად მუშაობის გამოცდილება გაქვთ. შანსი, რომ ყველა ნიუანსში ერთმანეთს ეთანხმებოდეთ, ნულისკენ მიისწრაფვის. სტარტაპის მთავარი ხიბლიც იმაშია, რომ დამფუძნებლები, მასში მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ იდეებს დებენ, თუმცა ამ იდეების კონსოლიდაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასე, რომ თუკი პრობლემა იდეების კარდინალურ განსხვავებასა და უთანხმოებაში მდგომარეობს, ერთადერთი გამოსავალი საუბარი და კონსენსუსამდე მისვლაა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ძვირადღირებული ბიზნესკონსულტანტი სწორედ შეთანხმებასა და საერთო ენის გამონახვას გირჩევთ, ამის მისაღწევ მკაფიო გზებს ვერავინ გიკარნახებთ.

ამ სტატიაში განვიხილოთ, როგორ მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი და რა უპირატესობები აქვს გუნდს, რომელიც შეთამაშებული და ერთსულოვანია.

უთანხმოების სათავე

როგორც დამფუძნებელს, თქვენ ყველაზე უკეთ გესმით, რას ემსახურება თქვენი ბიზნესი, ვინაა თქვენი პოტენციური მომხმარებელი და როგორ სერვისს უწევთ მას. ამის მიხედვით აგყავთ ახალი თანამშრომლები და ცდილობთ, მათ თქვენი ხედვა გაუზიაროთ.

დროთა განმავლობაში, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თანადამფუძნებელთა შორის ერთსულოვნება ქრება, ყველას თავისი ხედვა და კომპანიის მიმართ განსხვავებული მოლოდინი ექმნება, რაც თანამშრომლებზეც ვრცელდება და ბიზნესის წარმატებას აფერხებს. ესაა უთანხმოება სამუშაო გარემოში, რაც სტარტაპების უმეტესობას დაღუპვით ემუქრება.

შესაძლოა გეგონოთ, რომ ეს გადაჭარბებული დრამატიზმია და დამფუძნებელთა შორის უთანხმოება დროებითი მოვლენაა, სანამ თავად არ შეეჩეხებით ამ პრობლემას და საკმაოდ ძვირ ფინანსურ და ემოციურ საზღაურს არ გადაიხდით მასში.

შეთანხმებისა და ერთსულოვნების პროდუქტი, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, კომპანიის წარმატებაა.

სასწრაფოდ გადით ბაზარზე

როდესაც ბიზნესს ვიწყებთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფად გავიდეთ ბაზარზე. რაც უფრო დიდ დროს მოანდომებთ პროდუქტისა თუ სერვისის მომხმარებელთან მიტანას, მით უფრო იზრდება თქვენი ბიზნესის ჩანასახშივე სიკვდილის შანსი. ახლა განვიხილოთ, როგორ გვეხმარება გუნდის ერთსულოვნება ბაზარზე შეღწევასა და შემოსავლის გენერირებაში.

შეუთანხმებელი გუნდები დიდ დროს უთმობენ კონფლიქტებსა და გაუთავებელ თათბირებს. შეხვედრები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს, გვაფერხებს იმის კეთებაში, რაც საჭიროა ბაზარზე გასასვლელად. ენერგია, რომელიც ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს, იფლანგება საკუთარი სიმართლის მტკიცებაში და გუნდის ზრდის ტემპს აგდებს.

შეთანხმებული გუნდი კი, ბიზნესის შენებას მარტივად უმკლავდება. მათ იციან რას აკეთებენ და საით მიდიან; გუნდის თითოეული წევრი ფოკუსირდება საერთო პრიორიტეტებზე, ფართო ხედვაზე და მკაცრად მისდევს მას; აღარ ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვები რას აკეთებენ და ერთად როგორ იმუშაონ. ამიტომ თავიანთი პროდუქტი დროულად გააქვთ მომხმარებელთან, აგროვებენ საჭირო უკუკავშირს და ერთობლივი ძალებით მუშაობენ მის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.

გუნდის მაქსიმალური ჩართულობა

გუნდის სრული ჩართულობა შეთანხმების მეორე დიდი უპირატესობაა. როდესაც ადამიანები ერთი მთლიანობის ნაწილად აღიქვამენ თავს და ხედვის თანაზიარი ხდებიან, წარმოიქმნება ენერგია და ენთუზიაზმი, რომელიც მთებს გადადგამს.

ასეთ დროს აღმოვაჩენთ, რომ გუნდი ბიზნესის წარმატებისათვის მუშაობს. ეს საქმე მათთვის სამსახურზე უფრო მეტი გახდა და სპორტული აზარტით ილტვიან საერთო გამარჯვების მისაღწევად. როგორც დამფუძნებელი, თქვენ ისედაც შეპყრობილი ხართ საკუთარი ბიზნესით, თუმცა როდესაც მსგავსი მუხტი თანამშრომლებზე გადადის, კომპანიის განვითარებისათვის შეუჩერებელი მომენტუმი იქმნება.

როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ არა მარტო ფულადი, არამედ ემოციური და ინტელექტუალური ფსონი აქვთ დადებული რაიმეზე, ისინი წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ისინი თავს გუნდის სრულუფლებიან წევრად გრძნობენ და არა დროის გასაყვანად მოსულ, "საოფისე პლანქტონად". თანამშრომლები თავიანთ მაქსიმუმს დადებენ, რათა საუკეთესო შედეგი აჩვენონ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი დიდი მთლიანობის ნაწილად გრძნობს თავს, როცა მის წინაშე, შემოსავლის მიღების გარდა, დიადი მიზნები და სულისკვეთებაა, ის ეცდება ახალი შესაძლებლობები დაინახოს იქ, სადაც სხვები ვერ ხედავენ. თქვენი თანამშრომლები, ძველი ამოცანების გადასაჭრელად, უკეთესი გზების ძიებისა და ინოვაციების ინიციატორები გახდებიან.

გავათავისუფლოთ გონება ინოვაციისათვის

შეთანხმებული გუნდის მესამე უპირატესობაა − ინოვაცია. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს, შეზღუდული რაოდენობის იდეებზე შეუძლია ერთდროულად კონცენტრირება, ამიტომ, როცა ჩვენი გონება ჩვენი გუნდის უთანხმოებაზე ფიქრშია გართული, ბუნებრივია, კრეატიულობისათვის ადგილი აღარ გვრჩება. როცა გუნდში ერთსულოვნებაა, ჩვენ ბედნიერი ვართ სამუშაო ადგილას და მეტი პროდუქტიულობით გამოვირჩევით.

საკმარისია, გუნდის წევრებმა ერთმანეთში კომუნიკაციის პრობლემები დასძლიონ, რომ მაშინვე უამრავი კრეატიული იდეა და ინოვაცია იჩენს თავს. მაშინ, როცა ხშირად, კარგ და საუკეთესო ბიზნესებს, ერთმანეთისგან სწორედ ინოვაციური მიგნებები განასხვავებს.

ახალი ბიზნესის წამოწყებისას, ან არსებულის განახლებისას, აუცილებლად უამრავ პრობლემას შევეჩეხებით და მათ გადასალახად, მთელი ჩვენი გუნდის მენტალური ჩართულობა დაგვჭირდება. კვლევები ცხადყოფს, რომ პოზიტიური აზროვნების მიმართულება რამდენჯერმე აუმჯობესებს ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობებსა და შემოქმედებითობას.

ვინაიდან, ბიზნესში ყველაფერი ციფრებით იზომება, ისმის კანონზომიერი შეკითხვა − რა არის ერთსულოვნების მიღწევის უკუგება, ბიზნესისათვის? − თუმცა ამ კითხვაზე მკაფიო და ცალსახა პასუხი არ არსებობს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რის მიღწევას ცდილობს სტარტაპი და რამდენად სწრაფად მოახერხებს ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმების მიღწევას.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა გუნდში ერთსულოვნებაა და მისი თითოეული წევრის თავში ერთი აზრი ტრიალებს, ეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებასა და უკეთეს აღსრულებაში გვეხმარება. ყველაზე დიდი ღირებულება, რისი მატარებელიც შეიძლება იყოს ბიზნესი, არის ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ისინი დიად მიზანს ემსახურებიან და მათი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group