10 გაკვეთილი ბიზნესის წარმოების 10-წლიანი გამოცდილებიდან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მალე ანტრეპრენერობის 10 წელს ვიზეიმებ. ეს იყო გათენებული ღამეების, შეუსვენებელი მუშაობის, ნიჭიერი ადამიანების გაცნობის, კლიენტებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების, ბევრი მოგზაურობისა და აღმაფრენისა თუ დაცემის ათწლეული. ბიზნესის მართვა ერთგვარი მოგზაურობაა, სიხარულითა და ტკივილით სავსე, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს უკანასკნელი ანტრეპრენერობისკენ სირინოზულ მოწოდებას ვერ ახშობს.
თუკი ბიზნესს ახლა იწყებ, ან მზარდ ეტაპზე ახლა გადადიხარ, მინდა, ათი რჩევა მოგცე:
1. იყავი შენი საქმიანობის ყველა ასპექტში საუკეთესო
შესაძლოა ვიჯეტების ბიზნესი იმიტომ დაიწყე, რომ უბრალოდ გიყვარს მათი წარმოება. ბიზნესის მფლობელის როლში შენ უბრალოდ მწარმოებელი არ ხარ − ისეთი საქმეები გექნება საკეთებელი, რაც პირდაპირ კავშირში ტექნიკასთან სულაც არაა. უნდა იყო მენეჯერი, იცოდე გაყიდვების ანა-ბანა, შეგეძლოს ანგარიშების მართვა და ფინანსების აღრიცხვა, უნდა აწარმოო ოპერაციები და კიდევ ათასობით წვრილმანი. მთავარია, გესმოდეს ბიზნესის ყველა დეტალი, რადგან მოგიწევს, იგივე ასწავლო შენი გუნდის სხვა წევრებს; დაგჭირდება ცოდნა, სწორად შეარჩიო საუკეთესო კადრები, რომლებიც შენს გუნდს დაეხმარებიან პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში.
2. ყოველთვის გყავდეს მხარდამჭერთა ქსელი
ანტრეპრენერობა დამქანცველიც შეიძლება იყოს. როგორ უნდა გაუძლო ეჭვებისა და სირთულეების პერიოდს მხარდამჭერების გარეშე? შენი ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები და პარტნიორები დაგჭირდება გვერდით, რათა შეინარჩუნო მენტალური სტაბილურობა. გარშემო გყავდეს ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია იყო შენ და რომლებსაც შეგიძლია ენდო. რთულ მომენტებში მხარდაჭერა და გზის ჩვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
3. დაიქირავე შენზე ჭკვიანი ადამიანები
ბიზნესი გუნდური შეჯიბრი და ინდივიდუალური ტურნირია. შენი ბიზნესი არ უნდა იყოს შოუ შენ შესახებ. მიზნად უნდა გქონდეს, იპოვო საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რომლებიც საკუთარ საქმეს იმაზე უკეთ გააკეთებენ, ვიდრე თავად გააკეთებდი. შენ მიმართულებას იძლევი, მაგრამ გუნდის წევრები უნდა გრძნობდნენ, რომ სიტყვა ეთქმით საქმეში. თუკი გუნდს ვერ ენდობი და გგონია, რომ უშენოდ საუკეთესო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ არასწორი გუნდი აგირჩევია.
4. საჭირო ხალხის "კარები აატალახე"
გაყიდვები ბიზნესის საარსებო წყაროა. მუდმივი შემოსავლის გარეშე თქვენი წამოწყება არსებობას შეწყვეტს. როგორც ანტრეპრენერს, ვალდებულება გაქვს, დარწმუნდე რომ შემოსავალი არსებობს, მაგრამ ეს თავისით არ მოხდება, განსაკუთრებით ახალი ბიზნესისთვის. პირველ წლებში მოგიწევს, შესაბამისი ადამიანების "კარები აატალახო" − დააკაკუნე ყველა კარზე, წერე მეილები და წერილები, განსაზღვრე შესაძლებლობები, გაგზავნე პირადი წერილები, დაესწარი ყველა ღონისძიებას, სადაც შეძლებ სანაცნობო წრის გაფართოებას.
დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბებ გაყიდვების გუნდს, რომელიც კონცენტრირებული იქნება კარგი მარკეტინგით შემოსავლის მოტანაზე, გამოიყენებს სხვადასხვა სარეკლამო ხრიკს. ამის შემდეგად შენ, როგორც მფლობელი, თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად დარჩები − შესაძლო მომხმარებლებს, კლიენტებს, პარტნიორებს ყოველთვის ენდომებათ ლიდერისა და მისი გუნდის გაცნობა.
5. გქონდეს შენეული ხედვა, თუმცა იყავი მოქნილი
მფლობელს უნდა ჰქონდეს ხედვა, საით განვითარდეს მისი ბიზნესი. შენ განსაზღვრავ, რა იქნება შენთვის წარმატება, ხოლო გუნდი ვერ მიაღწევს მიზანს, რომელიც დასახულიც კი არაა. წარმოიდგინე, სად გინდა იყო ხუთი წლის შემდეგ და დაგეგმე, როგორ მიაღწიო იქამდე.
გქონდეს ხედვა, მაგრამ მოქნილი იყავი საბაზრო მოთხოვნების მიმართაც. ვერ გააკონტროლებ, რა მდგომარეობა იქნება ბაზარზე, როგორი იქნება კონკურენცია, ან სხვა გარეგანი ფაქტორები. შესაძლოა თავდაპირველი იდეა არც გამოვიდეს, ამიტომ უნდა შეგეძლოს, შეცვალო ის და ადაპტირდე.
6. ყოველთვის იყავი მოწადინებული, ისწავლო
მიუხედავად იმისა, რომ საწყისები შენს ბიზნესში შესაძლოა არ შეიცვალოს, ტექნოლოგია, ხერხები, აუდიტორია, მოლოდინი და კონკურენცია მუდმივად ცვალებადი იქნება. შენ კი მოგიწევს, მუდმივად გაუძღვე გუნდს, უკან დარჩენა არ შეიძლება. ამიტომ მუდმივად უნდა ვითარდებოდე, სწავლობდე, ეს ერთგვარ დამოკიდებულებადაც კი უნდა ჩამოგიყალიბდეს. მეტიც − გუნდში დანერგე შრომის კულტურა, რომელიც წაახალისებს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.
7. იყავი განსხვავებული
მსოფლიოში, რომელიც გადატვირთულია მესიჯებით, ციფრული კონტენტით, შეტყობინებებითა და შეფერხებებით, ეცადე და იყავი განსხვავებული. საჭიროა, იყო შესამჩნევი. ჩამოაყალიბე შენი ბიზნესპოზიციონირება იმგვარად, რომ მომხმარებლისთვის ყოველი კომუნიკაცია უნიკალური და შინაარსიანი გამოცდილება იყოს − ყველაფერი, დაწყებული იმეილით, ვებსაიტით, და დასრულებული პირისპირ კონტაქტით.
8. იყავი ლიდერი და არა მიმდევარი
ბიზნესის წარმატებულად მართვა პასიური ვერ იქნება. ვერ დაჯდები და უყურებ, როგორ შენდება იმპერია. გჭირდება, იყო ლიდერი, რომელიც მოტივაციას სძენს დასაქმებულებს, პარტნიორებს და მომხმარებლებსაც კი. თუმცა ეს ისე უნდა გააკეთო, რომ არ გადაღალო ისინი. აცადე სხვებს, ჰქონდეთ საკუთარი იდეები, წაახალისე მონაწილეობა დისკუსიებში, თუმცა იცოდე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყოველკვირეულად ათასობით გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, ამიტომ მოიქეცი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირს შეეფერება. იყავი ინტელექტუალური და ხანდახან მზად, მიიღო რისკიანი, თუმცა გათვლილი გადაწყვეტილებები.
9. გქონდეს შენი რესურსები
ადამიანებს უყვართ იმ ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც პრობლემებს აგვარებენ.
"მწარმოებელი გჭირდებათ? − ვიღაც მყავს!"
"ადვოკატი დაგჭირდათ? − ნაცნობი მყავს".
ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ, საქმე სწორედ მსგავს პიროვნებასთან დაიჭირონ − რომელიც მზადაა დასახმარებლად, უზიარებს რჩევებს და აქვს ღირებულებები. ამავდროულად, არავის მოსწონს ურთიერთობა მათთან, რომლებიც მუდამ მეორე მხარეს დგანან და დახმარებას იღებენ, ცდილობენ თავად დაიჭირონ თევზი და სხვებს ხელი შეუშალონ.
10. შეიძინე მეგობრები
მეწარმეობა შესაძლოა მარტოხელას მცდელობაც გახდეს. ამიტომ დაუკავშირდი სხვა ანტრეპრენერებს, მთავარ ადამიანებს ბიზნესებში, ლიდერებს. ასე არა მხოლოდ გამოცდილებას გაუზიარებ სხვებს, არამედ მიიღებ იდეებს, რჩევებს. მსგავსმა კავშირებმა შეიძლება ნაყოფიერ თანამშრომლობასაც ჩაუყაროს საფუძველი. ფოკუსირდი ურთიერთობებზე და არა ტრანზაქციებზე.