Get All Access for $5/mo

"3D საამქრო" ოზურგეთში პლასტმასის ნარჩენებს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

წრიული, ე.წ. "ცირკულარული" ეკონომიკის მოდელი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ეს მოდელი გულისხმობს პროდუქტებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების მეორად გადამუშავებასა და მათთვის "მეორე სიცოცხლის შთაბერვას". ამ მიმართულებით, ენთუზიასტები საქართველოშიც, კერძოდ კი ოზურგეთშიც აღმოჩნდნენ, რომელთა იდეა შესაძლოა ბევრისთვის სამაგალითო და მამოტივირებელი გახდეს.

2020 წლის დასაწყისში, ოზურგეთში სამ მოტივირებულ სტუდენტს "3D საამქროს" შექმნის სურვილი გაუჩნდა, რომელიც პლასტმასის გადამუშავებასა და ნარჩენებისგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას შეძლებდა. მათი ბიზნესგეგმა "სოციალური ინოვაციების" კონკურსზე განიხილეს და მიმდინარე წლის 16 აპრილს, 5 გამარჯვებულს შორისაც დაასახელეს. "სოციალური ინოვაციები" არის "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" ახალი ინიციატივა. ეს პლატფორმა ზრუნავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული იდეების ხელშეწყობასა და განვითარებაზე, ხოლო მათ მიერ ინიცირებული კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ, ახალგაზრდებში სამეწარმეო იდეების წახალისებასა და მათ აქტიურ ჩართულობას. კონკურსის ფარგლებში, ჟიური 5 საუკეთესო პროექტს ავლენს, ხოლო თითოეულ მათგანს მაქსიმუმ 30 000 ლარით აფინანსებს. "სოციალური ინოვაცია" აპლიკანტებს შორის გამარჯვებულებს 5 კრიტერიუმის მიხედვით ირჩევს, როგორებიცაა: პრობლემის აქტუალობა; სოციალური ინოვაცია; პროექტის მართვა; პროექტის მდგრადობა; გავლენა.

პროექტ "3D საამქროზე" ბავშვობის სამი მეგობარი: ვახტანგ დოლიძე, დავით ვაშაყმაძე და საბა სირაძე მუშაობს. ამ გუნდს უკვე აქვს მთელ რიგ პროექტებსა თუ ინიციატივებზე ერთობლივად მუშაობის გამოცდილება, ხოლო თითოეული მათგანის პროფესიული უნარები და სხვადასხვა დარგში თეორიული ცოდნა "3D საამქროს" მომავალი გამართული მუშაობის გარანტია. "თავდაპირველად, დიდი 3D-პრინტერებით დავინტერესდი, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს "პრინტავენ". დავიწყე პრინტერების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა. ამის შემდეგ, იგივე პრინციპი პლასტმასსა და პატარა პრინტერებს მივუსადაგე", − ვახტანგ დოლიძე, იდეის ავტორი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი. შემდგომი ნაბიჯი ამ იდეის განხორციელებაზე ზრუნვა და მის ბიზნესმოდელზე ფიქრი იყო. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დავით ვაშაყმაძე და საბა სირაძე, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს სწავლობენ და ამ სფეროში თეორიული და პრაქტიკული კომპეტენცია აქვთ.

"3D საამქრო" სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიისა და სოციალური აქტივობების მეშვეობით, პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას, გადამუშავებასა და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შექმნას გეგმავს. საწარმო აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, როგორებიცაა: შრედერი − აპარატი, რომელიც შემდგომი გადამუშავებისთვის ნარჩენებს აქუცმაცებს; შტრუდერი (Filament Extruder) − დანადგარი, რომელიც პლასტმასს ეკოლოგიურად სუფთა ფილამენტის ძაფად გარდაქმნის და 3D-პრინტერი.

პლასტმასის ნარჩენების მოსაგროვებლად, "3D საამქროს" გუნდი სხვადასხვა სოციალური ღონისძიების სისტემატურ ჩატარებას გეგმავს. ეს იქნება როგორც პლასტმასის ნარჩენებზე მსხვილ კონტრიბუტორებთან შეთანხმება, რომლებიც ყოველდღიურად დიდი ოდენობით პლასტმასის ნაწარმს მოიხმარენ, ასევე საზოგადოებრივი კამპანიების მოწყობა კონკრეტული ლოკაციების დასუფთავებისა და პლასტმასის ნარჩენებისგან გათავისუფლებისთვის.

გადამუშავებული პლასტმასისაგან ნაწარმოები პროდუქცია იქნება მრავალფეროვანი და მომხმარებელთა ფართო სპექტრზე გათვლილი. "3D საამქროში" უნდა აწარმოონ როგორც საოფისე და დეკორატიული დანიშნულების აქსესუარები, ისე სათამაშოები, სამაგიდო თამაშები, არქიტექტურული მაკეტები, ფაზლები და ა.შ. გარდა ნაწარმისა, სტარტაპი ასევე აპირებს უშუალოდ გადამუშავების შედეგად მიღებული ფილამენტის ძაფის რეალიზებასაც, რომელიც პლასტმასის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა. "ტექნოლოგიების ერთ სივრცეში ეკოლოგიური კუთხით თავმოყრა, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ ინტერესს სძენს პროექტის შინაარსს. პლასტმასის ნარჩენების არა მხოლოდ გადამუშავებას, არამედ მისგან ახალი პროდუქტის შექმნას ქართულ რეალობაში ანალოგი პრაქტიკულად არ მოეძებნება", − საბა სირაძე, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.

დავით ვაშაყმაძე, "3D საამქროს" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, "ანტრეპრენერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "სოციალური ინიციატივების" კონკურსში გამარჯვების მიუხედავად, ისინი მომავალი თანამშრომლობისათვის აქტიურად ეძებენ ინვესტორებსა და ეკოლოგიური პროექტებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ასევე, მათ უახლოეს გეგმებში შედის ამ პროექტის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება და სწორ სამიზნე ჯგუფებამდე მიტანა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

როგორ მივიყვანოთ Agile თვითმკვლელობამდე

Agile გუნდური თამაშია და როდესაც ერთი მოთამაშე არ თამაშობს წესებით, ეს აისახება მთელი გუნდის შედეგზე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი