Get All Access for $5/mo

ახალი მიუზიკლი ''ახალი თეატრისთვის'' - დავით დოიაშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის წარმატება პროექტში ''შარქ თენქ საქართველო''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

სატელევიზიო შოუს "შარქ თენქ საქართველო" ფინალურ ეპიზოდში, ქართული თეატრის გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა და მწერალმა და დრამატურგმა − ბასა ჯანიკაშვილმა, ახალი მიუზიკლის დადგმისათვის საჭირო 200 000 ლარის ინვესტიცია ხუთივე "შარქისგან" პროექტის 10%-ის სანაცვლოდ მოიზიდეს, რაც მსგავსი კულტურული პროექტის კომერციული დაფინანსების ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია საქართველოში.

როგორც Entrepreneur-თან საუბრისას ბასა ჯანიკაშვილი აღნიშნავს, მან და დავით დოიაშვილმა პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანურად მიიღეს. "არასდროს გვიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო სპექტაკლისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ამ სახით მოგვეზიდა. შესაბამისად, ამ მიუზიკლის მიზანი იქნება, არა მარტო მაყურებლის კმაყოფილებაზე კონცენტრირება, არამედ კომერციული სარგებლის მიღებაც. ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად პროექტ "შარქ თენქის" აღმოჩენა იქცა, სადაც შესაძლებელია როგორც დაწყებული, ისე დასაწყები ან უკვე არსებული იდეის განვითარებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოპოვება. მივხვდით, რომ ჩვენს პიესას, რომელშიც თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, სჭირდება განვითარება და ეს პროექტი იქნებოდა ამისთვის იდეალური. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, როგორც "შარქებისთვის", ისე მთლიანად საზოგადოებისათვის, რომ ჩვენი პროექტი შესაძლებელია იყოს წარმატებული როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური თვალსაზრისით", − აცხადებს ბასა ჯანიკაშვილი.

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე დაფუძნებული მიუზიკლის შექმნის იდეა წლების წინ გაუჩნდა. მიუზიკლი, სახელად "მე გადავცურავ ზღვას", რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ვერ იდგმებოდა. არ არსებობდა ამისათვის საჭირო სცენა, თუმცა ახალ თეატრში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი მიუზიკლის შესრულების ტექნიკური რესურსი, დავით დოიაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა, ამ "დაკონსერვებული" იდეის განხორციელება და მისი დღის სინათლეზე გამოტანა გადაწყვიტეს.

კონკრეტული შემსრულებლების შემოქმედებაზე დაფუძნებული მიუზიკლები არახალია მსოფლიოს დიდი სცენებისთვის და ამ მიმართულებით გათვითცნობიერებულმა მაყურებელმა იცის ABBA-ს, The Beatles-ის თუ სხვა მუსიკოსთა სიმღერებზე აგებული დადგმები. თუმცა მსგავსი პრეცედენტი ქართული სცენისთვის უცხოა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია თაობებისათვის საკულტო მუსიკოსზე − ირაკლი ჩარკვიანზე.

"მიუზიკლის პრემიერა სექტემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამზადისი: თითქმის დასრულებულია კასტინგი და დაწყებულია რეპეტიციები, შექმნილია პიესა, ვმუშაობთ ჩარკვიანის სიმღერების გადაკეთებაზე მიუზიკლის ფორმატთან მოსარგებად, მოფიქრებულია და გაკეთებულია მხატვრობის ნაწილიც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მაყურებელი მიუზიკლს დათქმულ დროს იხილავს", − აღნიშნავს ბასა.

როგორც სპექტაკლის მესვეურები გვიყვებიან, მიუზიკლი "მე გადავცურავ ზღვას" არის ამბავი ბიჭზე, რომელიც ცხოვრობს ზღვისპირა ქალაქში და თავისუფლებისკენ ისწრაფვის. პიესის პირველ ნაწილში გასული საუკუნის 80-ან წლებში ვითარდება მოქმედება, ხოლო მეორე ნაწილი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ამბებს მოგვითხრობს. მიუზიკლის მთავარ პერსონაჟს, რიგი მიზეზების გამო, საბჭოთა საქართველოდან გაქცევა სურს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სსრკ-სა და ავღანეთს შორის გაჩაღებული ომია, რომელში მოხვედრაც მას ნამდვილად არ სურს. ამავე დროს, სანამ სპექტაკლის გმირი ორჭოფობს, ფიქრობს და გაქცევის გეგმის აღსრულებაზე მუშაობს, შეუყვარდება გოგონა და დილემის წინაშე აღმოჩნდება − როგორ შეინარჩუნოს სიყვარული მაშინ, როცა ამან შესაძლოა ავღანეთის მისადგომებთან ამოაყოფინოს თავი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიუჟეტს ფონად ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება გასდევს, თამამად შეიძლება ითქვას: "ახალი თეატრის" მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელის.

რაც შეეხება "შარქების" ჩართულობას ამ პროექტში, ცხადია, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ინვესტორებმა მიუზიკლს სხვადასხვა სახის დახმარებაც აღუთქვეს. საუბარია იურიდიული და ანალიტიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე, რაც მიუზიკლს, ისევე, როგორც ზოგადად თეატრს, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარება. როგორც ბასა ჯანიკაშვილი საუბრისას განმარტავს, სამუშაო პროცესში შესაძლოა რომელიმე "შარქმა" საკუთარი პროფესიული უნარების მიხედვით გადაწყვიტოს მიუზიკლის ორგანიზებაში მონაწილეობა, რაც აწ უკვე საერთო პროექტს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.