Join our Waitlist for Expert Advice!

ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი - წარმატებული ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც Alfa Romeo, Fiat, Ford და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები, რომელთა საქმიანობა და გამოცდილება, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს, მეორე მხრივ კი მოტივაციას სძენს იმ ადამიანებს, რომელთაც გლობალური მასშტაბით საკუთარი თავის გამოცდა სურთ. Entrepreneur ეტაპობრივად ცდილობს, წარმოაჩინოს წარმატებული ქართველი ახალგაზრდები და მკითხველს გააცნოს ის გზა, რითაც დაიმკვიდრეს საკუთარი თავი გლობალურ კომპანიებში.

ამჯერად, გვსურს გიამბოთ საავტომობილო დიზაინერისა და არქიტექტორის − ალექსანდრე იმნაძე-ბალდინის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Fiat – Chrysler, Alfa Romeo, Ford Motor Company, Centro Style Bertone, GWM და მრავალი სხვა. მისი ნამუშევრები იტალიის საავტომობილო მუზეუმში გამოფინეს და დაბეჭდეს წამყვან საერთაშორისო გამოცემებში: BBC TopGear, AutoBild, GQ, Maxim, CNN და სხვა. ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი 2019 წელს გახდა Forbes 30 Under 30 კონკურსის გამარჯვებული და ამავე წელს, თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარლამენტის წინ გამოფინა მისი ბიოგრაფია საზღვარგარეთ მომუშავე 10 წარმატებულ ქართველს შორის.

"ბავშვობაში ბევრს ვხატავდი, ყველგან და ყოველთვის. მიტაცებდა sci-fi და ინჟინერია, განსაკუთრებით ავტომობილების და რობოტების განხრით. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ბაბუაჩემი იყო არქიტექტორ-ინჟინერი და რადგან ორივე მშობელი 5 წლის ასაკამდე გარდამეცვალა, მასთან ძალიან დიდ დროს ვატარებდი. დავყავდი თავის სტუდიაში, სადაც ბევრ საინტერესო წიგნთან და პროექტთან მქონდა შეხება. ასევე, სამაგალითოდ მქონდა ბატონ ზვიად ციკოლიას ისტორია. ახლაც მახსოვს ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ჰყვებოდა მის მიერ ქმნილ კონცეპტზე, რომელიც ჟენევის საავტომობილო სალონზე იყო წარმოდგენილი", − აღნიშნავს ალექსანდრე. მისი განმარტებით, მე-10 კლასამდე უკვე ჰქონდა ნასწავლი 2D და 3D-პროგრამები, რამაც მისცა საშუალება, სკოლის დამთავრებამდე ეპოვა პირველი სამსახური ერთ-ერთ არქიტექტურულ ატელიეში.

საქართველოში საავტომობილო დიზაინის განხრა, როგორც პროფესია, არ არსებობდა, თუმცა იმედს არ კარგავდა და ძალიან ბევრს შრომობდა წარმატებული კარიერის მისაღწევად.

ყველაფერი დაიწყო თავისუფალ დროს შექმნილი პროექტიდან Alfa Romeo 6c, რომელიც პლატფორმა Behance-ზე ჰქონდა განთავსებული. ნამუშევარი შენიშნა CarScoop-ის საერთაშორისო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა და BBC Top Gear UK-ის ყურადღების ქვეშაც მოექცა. ამ სტატიის შემდეგ მოვიპოვე ცნობადობა საავტომობილო სფეროში. 2012 წლისთვის მათ Facebook-გვერდზე 40 000-ზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა. მას შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მისი პროექტით ინტერესდებოდნენ საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ TopGear UK-მა წლის საუკეთესო ვირტუალურ ნამუშევრებს შორის 2-ჯერ განათავსა ალექსანდრეს პროექტი, რაც ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.

უცხოურ ბაზარზე საავტომობილო დიზაინის სფეროში მოხვედრა, ალექსანდრეს აღნიშვნით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. საქართველოში სწავლის დროს უნივერსიტეტმა არქიტექტურული ფაკულტეტის ამბასადორის პოზიციაზე 1 წლით, იტალიაში გაგზავნა. შემდგომ პერიოდში, საავტომობილო დიზაინის განხრით მომუშავე უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოიპოვა. Istituto Europeo di Design Torino, სადაც ალექსანდრე ჩაირიცხა, საავტომობილო დიზაინის განხრით TOP-10 უნივერსიტეტის სიაში გახლდათ. "ყველა პროფესორი იყო პროფესიონალი საკუთარ საქმეში და ნამუშევარი ჰქონდათ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Ferrari, Maserati, Alfa Romeo, Jeep, Pininfarina და სხვა. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ჩვენი მომავალი დამსაქმებლები. მაგალითისთვის, Rolls-Royce-ის დიზაინ-დირექტორი იყო ჩემი ლექტორი ექსტერიერის საგანში", − განმარტავს ახალგაზრდა ქართველი.

საერთაშორისო გუნდის წევრობა, ალექსანდრეს აზრით, დაკავშირებულია უამრავ შესაძლებლობასთან. უცხოური ბაზარი გაძლევს საშუალებას, იმუშაო მასშტაბურ პროექტებზე და ამასთან, შეიძინო საინტერესო ბიზნესკონტაქტები. "ამჟამად ვმუშაობ ჩინეთში, GWM Advanced Design Studio ბრენდზე, რომელიც ჩინეთის Fortune-ისა და TOP-5 ავტომობილის (წარმოების კუთხით) სიაში შედის. ჩვენს გუნდში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ წამყვან ბრენდებთან: Volkswagen, Bentley, Alfa Romeo, Rolls-Royce, Maserati და სხვა. ჩვენი კომპანიის ვიცეპრეზიდენტი კი Bentley Continental-ის შემქმნელია. ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც საოცნებო მანქანების შემქმნელები და ლეგენდები არიან", − აცხადებს ალექსანდრე იმნაძე-ბალდინი.

საერთაშორისო კარიერამდე ალექსანდრემ უამრავი ენერგია დაახარჯა საკუთარ საქმეს და ცდილობდა, მიეღო საჭირო გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავის დროზე გადატრიალება მოახდინეს საავტომობილო დიზაინის სფეროში. მთლიანობაში, 9 საერთაშორისო ბრენდთან აქვს ნამუშევარი, თუმცა მისი აღნიშვნით, ყველაზე საამაყო მსოფლიოს უძველეს საავტომობილო და დიზაინ-ატელიე Centro Stile Bertone-ში მუშაობა გახლდათ. ამ კომპანიის თანამშრომლებმა შექმნეს უამრავი ლეგენდარული ავტომობილი: Lamborghini Countach, Lamborghini Miura, Ferrari 250 GT, Maserati Marzal, Aston Martin Rapide 2+2 და სხვა.

შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს, იყო დასახელებული საზღვარგარეთ მოღვაწე 10 წარმატებულ ქართველს შორის, ალექსანდრე გვპასუხობს: "ერთ დღეს დამიკავშირდა სააგენტო, რომელიც ორგანიზებას უწევდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. "ბატონო ალექსანდრე, თქვენი კანდიდატურა შეირჩა საზღვარგარეთ მომუშავ 10 გამორჩეულ ქართველს შორის". არ ვიცი, როგორ ავხსნა ჩემი ემოციები იმ მომენტში. ის, რომ შენი წარმატება საკუთარმა სამშობლომ აღიარა, დიდი პატივი და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაცაა".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გლობალური მასშტაბით წარმატებული კარიერა აქვს, სურს, პროექტები საქართველოშიც განახორციელოს. "რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო ვხვდები იმის ფასს, რაც საქართველოში გვაქვს. შესაძლ ბანალურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ზუსტად ეს გამოწვევები ქმნის უამრავ შესაძლებლობას. სადაც ყველაფერი გაკეთებულია, იქ აღარაფერია გასაკეთებელი. საქართველოში კი შეიძლება ერთი იდეაც კი უმნიშვნელოვანესი იყოს. ბენჯამინ ფრანკლინს აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ პრობლემა დამალული იღბალია. მთავარია, ჩვენ გასაღები ვიპოვოთ.

ამ მომენტისთვის 50 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თავისუფლად ვსაუბრობ 4 ენაზე, მაგრამ საქართველოში ყოველთვის ისე ვბრუნდები, როგორც საკუთარ სახლში. სწორედ ამიტომ, უახლოეს წლებში საქართველოში ვგეგმავ რამდენიმე პროექტის განხორციელებას, კერძოდ: ვაპირებ შევქმნა დიზაინსკოლა და დიზაინსტუდიო, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში დაეხმარება".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ