Get All Access for $5/mo

ალტე უნივერსიტეტი - საერთაშორისო მასშტაბის პოტენციალის მქონე ახალი ბრენდი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი ქართული საგანმანათლებლო ბრენდის ფორმირების, მისი ხედვებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტს, ბატონ რამაზ კუკულაძეს ესაუბრა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტი

თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც ინფორმაციული ნაკადი ელვის სისწრაფით ცვლის ჩვენს ყოველდღიურ რეალობას, მყარი, მოქნილი და დროში აქტუალური განათლება, ნებისმიერი ადამიანისათვის კარიერული თუ პიროვნული განვითარების მთავარი ფუნდამენტია. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ნოვატორული მიდგომების დასანერგად და ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღსაზრდელად, ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა, "ალტე უნივერსიტეტმა" დაიწყო ოპერირება. იმის დასადგენად, თუ რა სახის პროცესები უძღოდა წინ ამ ბრენდის ფორმირებას, რა დაპირებებით შემოდის საგანმანათლებლო სივრცეში და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, Entrepreneur "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტს, ბატონ რამაზ კუკულაძეს ესაუბრა.

გვინდა გაგაცნოთ "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე - განათლებით ეკონომისტი და მადრიდის IE უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. ბატონ რამაზს, ფინანსურ ინდუსტრიაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი მუშაობდა, "აბსოლუტ" ბანკში, "თბილკრედიტბანკში", გახლავთ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი სადაზღვევო კომპანიის - "ბისიაი", რომელიც დღეს "ალდაგის" სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით, ბატონი რამაზი "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რაც "სილქნეტში" და "ბანკ რესპუბლიკაში" მმართველობით პოზიციაზე გადასვლას უკავშირდებოდა, იგი "საქართველოს ბანკში" მცირე და საშუალო ბიზნესებს და "სოლო" მიმართულებას კურირებდა.

გასულ, პანდემიურ წელს, ბატონმა რამაზმა პარტნიორებთან ერთად კერძო კაპიტალის კომპანია "ველოქს კაპიტალი" დააფუძნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს, ხოლო ერთ-ერთი ასეთი მიმართულება განათლების სფეროა. მიმდინარე წლის დასაწყისში, "ველოქს ედუქეიშენმა" შეიძინა თბილისის ღია უნივერსიტეტი, ბატონი რამაზი ახალი უნივერსიტეტის პრეზიდენტად იქნა არჩეული და საფუძველი ჩაეყარა ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების, "ალტე უნივერსიტეტის" მშენებლობის პროცესს.

როგორ მოხდა თბილისის ღია უნივერსიტეტის შეძენა და რამ განაპირობა ეს ნაბიჯი?
ჩემი ბანკში მუშაობის პერიოდში, თითქმის ყველა ინდუსტრიასთან მქონდა შეხება, ვიცნობდი მათ განვითარების ტემპსა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს შეუძლია რეგიონში განათლების ჰაბი გახდეს და განათლების სერვისის ექსპორტის დიდი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. დღესდღეობით, ჩვენთან, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების მისაღებად, ჩამოდიან სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა: ინდოეთი, პაკისტანი, ეგვიპტე და ა.შ, რაც საკმაოდ დიდი ბაზრებია, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია განვვითარდეთ. სწორედ ამიტომ, როცა გავაკეთეთ კერძო კაპიტალის კომპანია, ბუნებრივია, ჩვენ ერთ მიმართულებაზე ვერ ვიქნებოდით დამოკიდებული და ერთ-ერთი სფერო, რომელმაც დაგვაინტერესა, სწორედ განათლების ინდუსტრია იყო. დავიწყეთ შეხვედრა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან და "თბილისის ღია უნივერსიტეტმა" გამოთქვა გაყიდვის მზადყოფნის სურვილი. დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ეს გარიგება შედგა და დღეს "ველოქს ედუქეიშენი" უნივერსიტეტის 100%-ის მფლობელია. ჩვენს გუნდს აქვს ამბიცია, რომ "ველოქს ედუქეიშენი" გაიზარდოს და განვითარდეს, რისი პირველი ნაბიჯიც სწორედ "ალტე უნივერსიტეტის" ტრანსფორმაციაა, თუმცა სამომავლოდ საზღვარგარეთ რამდენიმე უნივერსიტეტის შეძენასაც განვიხილავთ.

თქვენი ხედვით, რა სახის მთავარი გამოწვევების წინაშეა უმაღლესი განათლების ინდუსტრია და რა მიგაჩნიათ მათთან გამკლავების გზად? 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დამსაქმებლის პოზიციიდან განვიხილავდი სამსახურის დაწყების მსურველ სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ დამსაქმებლის მოლოდინი და რეალობა შრომით ბაზარზე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებს ძირითად შემთხვევებში საოფისე უნარ-ჩვევები აკლიათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამა თუ იმ სფეროში საკმაო ზოგადი განათლება ჰქონდეთ. "ალტე უნივერსიტეტი" მიზნად ისახავს, რომ ჩვენი სტუდენტებისათვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ, მივცეთ მათ პრაქტიკოს ლექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და განვავითაროთ მათი საბაზისო უნარები. ლექტორებმა, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ზუსტად იციან ამა თუ იმ ინდუსტრიის გამოწვევები, კრიზისების მართვა და ამ ყველაფერს თავიანთ სტუდენტებსაც უზიარებენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ თანამედროვე ადამიანს მუდმივი განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების აუცილებლობა მოუტანა. დღეს არსებობს პროფესიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ძალიან დიდი რისკის წინაშე დგანან. ჩვენი ამოცანაა, რომ სტუდენტების პარტნიორი ვიყოთ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენთან იწყებენ სწავლას, არამედ ცხოვრების ბოლომდე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ბაზარს რა სჭირდება და მუდმივად შევთავაზოთ საკუთარ კურსდამთავრებულებს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვა.

რა სახის პროცესები უძღოდა "ალტე უნივერსიტეტის" იდეის შექმნას? რამ განაპირობა რებრენდინგის აუცილებლობა და რა არის ცვლილებების მთავარი მიზანი?
ჩვენ მიერ შეძენილ "თბილისის ღია უნივერსიტეტს" საკმაოდ დიდი − 20-წლიანი ისტორია და ტრადიციები აქვს, რამაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში. თუმცა ბუნებრივია, რომ ჩვენს ახალ გუნდს გვაქვს ახალი ხედვები და გვსურდა ჩვენი ღირებულებები სრულად აგვესახა ახალ ბრენდში.

"ალტე უნივერსიტეტის" შექმნაში საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო. სახელსა და კონცეფციაზე ჩვენმა მარკეტინგის გუნდმა იტალიურ კომპანია DINN!-თან ითანამშრომლა და ერთობლივი ძალისხმევით მივედით ახალ ბრენდამდეც. სიტყვა "ალტე" უმაღლეს წერტილს აღნიშნავს, რაც ძალიან საინტერესოა და ზუსტად გამოხატავს ჩვენს მთავარ მისიას - ვიყოთ სიმაღლეზე და მუდმივად ვიფიქროთ განვითარებაზე.

კომპანია DINN! საკმაოდ კარგად იცნობს ქართულ ბაზარს. მათ ხელში რამდენიმე ბრენდმა გაიარა, მათ შორის "ამბერმა" და "სოლომ", რომლის ფარგლებშიც უშუალო შეხება მქონდა მათთან. ისინი ხანგრძლივი დისკუსიისა და მოლაპარაკებების შედეგად, კარგად გაეცნენ ჩვენს გუნდს, ხედვას, მიზნებს და შეუდგნენ მუშაობას. ზოგადად, DINN! დიზაინის ნაწილში ოპერირებით უფრო ცნობილია, ვიდრე სახელის შექმნით, თუმცა რამდენიმე ვერსიის განხილვის, ბრეინსტორმინგისა და ჩვენი გუნდის ჩართულობის წყალობით, დაიბადა ბრენდი "ალტე". აღსანიშნავია, რომ სახელის ამ ვარიანტის შეთავაზება, თავად ჩვენი გუნდიდან მოხდა.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლესი განათლების მიღების საწყისი ეტაპიდანვე, ადამიანმა მოახერხოს დამატებითი ღირებულების შექმნა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საზოგადოებისათვის. იყოს განსხვავებული და მუდმივად ვითარდებოდეს. ხოლო ამ გზაზე, "ალტე უნივერსიტეტი" მისი საიმედო პარტნიორი იქნება.

გთხოვთ გვიამბოთ "ალტე უნივერსიტეტის" აკადემიურ მიმართულებებზე. რომელი სპეციალობები იქნება ხელმისაწვდომი სტუდენტებისათვის?
დღესდღეობით, "ალტე უნივერსიტეტში" შესაძლებელია საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური ხარისხის მიღება, თუმცა გვაქვს ამბიცია, უახლოეს პერიოდში სადოქტორო მიმართულებითაც განვვითარდეთ. რაც შეეხება სპეციალობებს, "ალტე უნივერსიტეტში" გვაქვს სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და მედიცინის სკოლები. ახლო მომავალში ვგეგმავთ კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის დამატებასაც და უკვე დაწყებული გვაქვს ე.წ. "განგრძობითი სწავლების" მიმართულების შექმნაზე მუშაობა.

ჩვენი მიზანია, იმ მიმართულებებს შევეჭიდოთ, რაშიც რეალური კომპეტენცია და პოტენციალი გვაქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალმა მენეჯმენტმა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო ოპერირება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც გადავდგით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ძირეული ცვლილება იყო. მოვიყვანეთ ახალი, პრაქტიკოსი ლექტორები, რომელთა ნაწილი საკმაოდ ცნობადი სახეები არიან და ბიზნესსფეროს მოწინავე წარმომადგენლებად მოიაზრებიან.

ასევე, აღსანიშნავია ჩვენ მიერ "ევექსი ჰოსპიტლებთან" გაფორმებული ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოგეხსენებათ, სამედიცინო სწავლება ჰოსპიტალური პრაქტიკის გარეშე რთულია, ამიტომ ამიერიდან ჩვენი მედიცინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისათვის კლინიკური სწავლების ბაზა სწორედ "ევექსის" ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ჩვენ მიერ ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებიც, რამაც ეს პროგრამები გაცილებით მრავალფეროვანი გახადა.

მინდა შევეხო "ალტე უნივერსიტეტის" განგრძობითი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამებსაც. უკვე გვაქვს საკმაოდ საინტერესო მიმართულებები, თუმცა 2022 წლის პირველი კვარტლიდან, ვგეგმავთ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი IT-სფეროს კუთხით პროგრამების დამატებას. მოგეხსენებათ, დღეს შრომით ბაზარზე, პროფესიონალი IT-მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია, რისთვისაც დავიწყეთ მოლაპარაკება ერთ-ერთ მსხვილ ებრაულ კომპანიასთან და ვაპირებთ ერთობლივი პროგრამის შემუშავებას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია და განგრძობითი სწავლების კუთხით, ბიზნესის, მარკეტინგისა და ბევრი სხვა მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ.

რაც შეეხება კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლას, ამაზე ახლა ვიწყებთ მუშაობას, რათა წელიწადნახევარში მივიღოთ აკრედიტაცია და დავიწყოთ სტუდენტთა ნაკადის მიღება.

რა როლი მიუძღვის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას სტუდენტის პროფესიული განვითარების გზაზე?
ორივეს − როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განათლებისა და უნარების როლი ძალიან დიდია. "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში ძალიან ბევრი ახალი სახე მოვიყვანეთ, რომელთაც უამრავი რამ აქვთ გაკეთებული და სტუდენტებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებენ. ჩვენი უნივერსიტეტი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას აბალანსებს და ორივე მიმართულებას ავითარებს.

მინდა გამოვყო ჩვენი ბიზნესსკოლა, რომელიც გვსურს სრულიად განსხვავებული იყოს და ანტრეპრენერული ხელწერით გამოირჩეოდეს. ამისათვის, უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს "სტარტაპ გარაჟი", რომლის მიზანია, ერთი მხრივ სტუდენტებს ვასწავლოთ, რას ნიშნავს სტარტაპერობა და რა სახის პროცესებია გასავლელი იდეის ჩანასახიდან თანხის მიღებამდე, ხოლო მეორე მხრივ, მივეხმაროთ გამორჩეულ პროექტებს ინვესტიციის მოძიებაშიც. ჩვენი უნივერსიტეტი უკვე დაეხმარა ერთ-ერთ სტარტაპს Moitane.ge-ის განვითარებაში, აპლიკაციის შექმნაში და დღეს ისინი უკვე საკმაოდ აქტიურები არიან ბაზარზე.

რას გვეტყოდით "ალტე უნივერსიტეტის" თანამშრომლობაზე უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან და კომპანიებთან?
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია "ალტე უნივერსიტეტში" არსებული "კონფუცის სკოლა", სადაც ჩვენი სტუდენტები ჩინურ ენას ეუფლებიან. ეს მიმართულება "კონფუცის ინსტიტუტის" სისტემაშია გაერთიანებული, რომელიც რამდენიმე ათეულ უნივერსიტეტს მოიცავს მსოფლიო მასშტაბით და კურსდამთავრებულებს ჩინეთში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

ასევე, სულ ახლახან გავაფორმეთ ხელშეკრულება ინდოეთის ბჰარატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, სამედიცინო და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ბაზების პროექტების კუთხით, ხოლო სტუდენტებსა და ლექტორებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან. ასევე, ვმუშაობთ ე.წ. ორმაგი დიპლომების გაცემის მიმართულებითაც.

ინტერნაციონალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის. გვინდა, უცხოეთში მომუშავე სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები მოვიზიდოთ "ალტე უნივერსიტეტში". ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელშიც განვითარებას ვაპირებთ.

დღეს ქართველი სტუდენტებისათვის დასაქმება მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამისათვის, ჩვენ თითქმის ყველა მიმართულებით − დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დამთავრებული ბანკებით და კომერციული სექტორით, ვაფორმებთ საპარტნიორო მემორანდუმებს. "ალტე უნივერსიტეტში" გვსურს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მათ მიერ არჩეულ დაწესებულებაში გაიარონ სწავლის პარალელურად პრაქტიკები, რაც ბაზისი გახდება მათთვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის დასაწყებად.

ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი აქციონერების უმეტესობა აქტიურადაა ბიზნესში ჩართული, განიცდის საკადრო დეფიციტს და სიამოვნებით დაასაქმებს ჩვენს სტუდენტებს საკუთარ ორგანიზაციაში. ამით ვქმნით კიდევ უფრო მეტ დამატებით ღირებულებას სტუდენტებისათვის და მნიშვნელოვან სარგებელს ჩვენი პარტნიორებისათვის.

როგორია "ალტე უნივერსიტეტის" სამომავლო გეგმები?
"ალტე უნივერსიტეტის" მშენებლობა განგრძობითი პროცესია და ყველას გვესმის, რომ ეს ტრანსფორმაცია სწრაფად ვერ განხორციელდება. ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ მაღალი დონის უნივერსიტეტი საქართველოში და საშუალოზე მაღალი − საერთაშორისო ბაზარზე. გვინდა სამედიცინო მიმართულებით რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტისთვის გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი. უკვე გვყავს 12 ქვეყნიდან სტუდენტები, რომელთა რიცხვი მზარდია.

უახლოეს 5 წელიწადში, გვინდა საქართველოს ტოპ-უნივერსიტეტებს შორის ვპოზიციონირდეთ. ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო და გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც იზრდება, ვითარდება, და საერთო საქმეს ენთუზიაზმითა და ხალისით ეკიდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს