ანაგი – ხარისხის ნიშანი მშენებლობაში "ზაპოროჟეცის" სალონიდან დაწყებული სამშენებლო ბიზნესის 30-წლიანი ისტორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამშენებლო კომპანია "ანაგის" ისტორია 1989 წელს დაიწყო, როდესაც 24 წლის ახალგაზრდამ, ზაზა გოგოტიშვილმა მეგობართან ერთად, საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. მაშინ სამშენებლო ტრესტში მუშაობდა. მენეჯერული გამოცდილება, ასაკიდან გამომდინარე, არ გააჩნდა. სამაგიეროდ, დიდი სურვილი ჰქონდა შეექმნა კომპანია, რომელიც წლიდან წლამდე განვითარდებოდა, დამკვეთს კი – იქნებოდა ეს სახელმწიფო ორგანიზაცია, ბიზნესკომპანია თუ კერძო პირი, მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებდა. ჟურნალი ENTREPRENEUR "ანაგის" დამფუძნებელ ზაზა გოგოტიშვილს კომპანიის 30-წლიან გზაზე, მთავარ ღირებულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
კარდაკარ, პარტნიორის ძიებაში
სამშენებლო კომპანია "ანაგის" პარტნიორები დღესდღეობით ისეთი კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები არიან, როგორებიცაა: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", ბანკი "ქართუ", საქართველოს თანადაფინანსების ფონდი, "ჰილტონ ბათუმი", "კოლიზეუმ მარინა", სასტუმრო "ამბასადორი", სასტუმრო "იბისი", "მეის ინთერნეშენალ", "გალერია თბილისი", "m2", "არქი ჯგუფი", "ლისი დეველოპმენტი", "რედკო", "კოკა- კოლა", "ფორდი", "აუდი", "ტოიოტა", "აეკომი", "სიემსი", "ბეჰლენი", "ელბით სისტემსი", გაგუას კლინიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მთის კურორტების განვითარების სააგენტო, "მაკდონალდსი", თბილისის განვითარების ფონდი, აღსრულების ეროვნული ბიურო და ათეულობით სხვა კომპანია თუ სახელმწიფო ორგანიზაცია.
ეს დღეს, როცა კომპანია "ანაგი" 30 წლის განმავლობაში ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა. თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე პოტენციური დამკვეთები, როგორც ზაზა გოგოტიშვილი იხსენებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდობლად და ხშირად ირონიულად ეპყრობოდნენ.
"მაშინ კარდაკარ დავდიოდით. მივდიოდით ქარხნებში, ვითხოვდით ხელმძღვანელებთან შეხვედრას, ვთავაზობდით, რომ ნებისმიერი ტიპის მშენებლობას საკუთარ თავზე ავიღებდით და არცერთ სხვა კომპანიას ხარისხში არ ჩამოვუვარდებოდით. თუმცა, მაშინ ჩვენს შეთავაზებას სერიოზულად 20%-იც კი არ იღებდა", – იხსენებს ზაზა.
კომპანიებთან ურთიერთობის წამოწყება მარტივი არ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა, ზაზა გოგოტიშვილმა და მისმა მეგობრებმა, გამოსავალს მაინც მიაგნეს – აიღეს სქელყდიანი სატელეფონო წიგნი, საიდანაც ყველა ქარხნის მისამართი ამოიწერეს. ამ მისამართებზე დამფუძნებლები საკუთარი ფეხით დადიოდნენ და შეთავაზებებს პირადად აკეთებდნენ.
პირველი კომპანია, რომელმაც ინიციატივებითა და იმედებით აღსავსე ახალგაზრდებს დაუჯერა, ბათუმის ღვინის ქარხანა იყო. "ხელშეკრულება მალევე გავაფორმეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ იმ ფასის ნახევარი ვუთხარით, რომელსაც სხვა კომპანია სთავაზობდა".
"ზაპოროჟეცი" – პირველი სათაო ოფისი
ზაზა გოგოტიშვილმა მოძრავი ოფისი – საზიარო "ზაპოროჟეცი" პარტნიორთან ერთად შეიძინა. "ჩემმა პარტნიორმა ავტომობილის მართვა არ იცოდა, ამიტომ ყოველდღიურად ქალაქის მეორე ბოლოში ვაკითხავდი და საქმეებს ჩვენი მანქანიდან ვხელმძღვანელობდით".
პირველი ობიექტის დასრულების შემდეგ, ახალშექმნილი "ანაგის" შემოსავალმა 10 000 მანეთი შეადგინა. "ზაპოროჟეცის" შემდეგ, დამწყებმა ბიზნესმენებმა საკუთარი ხელით აშენებულ ღვინის ქარხანაში პატარა ოთახი მიიღეს და იქ 3 წელი გაატარეს.
მაშინდელი თანამშრომლების რაოდენობა შემდეგი იყო – 2 დამფუძნებელი და 1 მუშა. პირველი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, "ანაგს" 7 ადამიანი შეემატა. "მაშინ შეძენილი თანამშრომლებიდან, დღემდე 15-20 ადამიანი მოგვყვება. ისინი ამ ეტაპზე მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ", – ამბობს ზაზა გოგოტიშვილი.
კომპანიის მთავარი პრინციპები
"ანაგის" 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მთავარი პრინციპები არ იცვლება. ზაზა გოგოტიშვილის აზრით, კომპანიის წარმატებაში უმთავრეს როლს ის ღირებულებები ასრულებს, რომლებზეც კომპანია დგას. პირველი და უმთავრესი პრინციპი გამჭვირვალობაა. "დასაწყისშიც და ახლაც ყველაფერი ღიაა, ყველამ ზუსტად იცის, ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება მასალაში, სამშენებლო ტექნიკაში თუ სახელმწიფო გადასახადებში. მოქმედ გუნდთან ურთიერთობა მთლიანად პარტნიორობაზეა აგებული. თითოეული მათგანი "ანაგის" მესაკუთრედ გრძნობს თავს და სწორედ ამიტომ არის ეს ორგანიზაცია ასეთი მყარი", – აცხადებს ანტრეპრენერი 30-წლიანი გამოცდილებით.
ამ ეტაპზე "ანაგში" უკვე თანამშრომელთა 4 თაობა მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი "ანაგელის", დათო კვაჭაძის შვილი, რომელიც "ანაგის" ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია. თავად დათო კვაჭაძე, სამწუხაროდ, 5 წლის წინ გარდაიცვალა.
"იმ 15-20 ადამიანს, რომლებიც კომპანიის შექმნისთანავე შემომიერთდნენ, სრულიად გამართლებული ამბიცია აქვთ, რომ კომპანია მათ მხრებზე დგას. თუმცა, სამყარო ვითარდება, ყოველწლიურად ახალ-ახალი ტექნოლოგიები შემოდის და სწორედ ამის გამო ჩნდება საჭიროება, კომპანიაში ახალი ადამიანები, ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს სწრაფად აუღებენ ალღოს. კომპანიაში ხშირია საქმიანი კამათი. ახალ თაობას სრულიად ახლებური ხედვები აქვს. ამდენი თაობის თანამშრომლობა კი, ჩემი აზრით, "ანაგის" სიძლიერესა და სტაბილურობაზე მეტყველებს".
კომპანიის სტაბილურ განვითარებასთან და წინსვლასთან ერთად, რასაკვირველია, დროდადრო ჩნდება პრობლემები, რომელთა გადალახვაც ხშირად მტკივნეულ გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. თუკი ზაზა გოგოტიშვილისთვის კომპანიაში პროცედურული გამჭვირვალობა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ნებისმიერი გადაცდომა საკმაოდ დიდ სტრესთანაა დაკავშირებული.
2011 წლიდან მოყოლებული, კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა – ISO 9001. 2017 წელს "ანაგმა" წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, 2019 წელს კი აიღო ISO 45001:2018 რომელიც შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მენეჯმენტის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში მიიღო. როგორც მართვაში, ისე უშუალოდ მშენებლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა, "ანაგის" მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
კომპანიის განვითარების სტრატეგია
დღესდღეობით "ანაგში" 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. "ეს არ არის ტიპური, 9-იდან 6 საათამდე სამსახური. ხშირად აღმომიჩენია ღამის 11 საათამდე ოფისში მჯდარი, თვალებამოღამებული თანამშრომლები, რა შემთხვევაშიც ვცდილობ დატოვონ ოფისი და დარჩენილი საქმე მეორე დღეს მოამთავრონ".
"ანაგის" უმთავრეს პრიორიტეტს სწრაფი ზრდა წარმოადგენს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ კომპანია საერთაშორისო სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიახლეებს უნდა აჰყვეს. სწორედ ამიტომ, მათ კორპორაციულ კულტურაში მყარადაა ფესვგადგმული ობიექტზე მომუშავე თანამშრომელთა საზღვარგარეთ სტაჟირება.
"გარდა ამისა, ვცდილობთ, კომპანიაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დავასაქმოთ. ახლახან შევქმენით ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელშიც სწორედ ახალკურსდამთავრებულები არიან დასაქმებული. ესაა ჯგუფი, რომელიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ "კონფლიქტშია" მშენებელთან, ზედამხედველობას უწევს მთელ პროცესს და ცდილობს, რაც შეიძლება სწორი და უკეთესი გამოსავალი იპოვოს ნებისმიერ სიტუაციაში. რაც შეეხება სტაჟირების საკითხს, კომპანიაში 1-2-კვირიანი სტაჟირების პროგრამებს ხშირად ვახორციელებთ, თანამშრომლებს სხვადასხვა ქარხანაში და საწარმოში ვაგზავნით თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად. ხშირად, სხვადასხვა ქარხნის წარმომადგენელი თავად გვსტუმრობს და სიახლეებს ადგილზე გვაცნობს", – ამბობს ზაზა გოგოტიშვილი.
სამშენებლო კომპანია "ანაგი" რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მშენებლობის სრულ სპექტრს მოიცავს:
- , სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო დანიშნულების ობიექტებისა და ინდივიდუალური სახლების მშენებლობა;
- დიზაინისა და შიდა სამუშაოების შესრულება;
- მოპირკეთების სამუშაოების წარმოება;
- და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტი;
- და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება;
- მომსახურება საშენი მასალებისა და ნაკეთობების ხარისხსა და სტანდარტთან შესაბამისობის დასადგენად.
კომპანიის პრიორიტეტი თანამშრომელთა შრომითი პირობების სისტემატური გაუმჯობესება, თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვა და მათი გადამზადებითა და ტრენინგებით უზრუნველყოფაა.
კომპანიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებიდან გამოსვლა და მთელი საქართველოს მოცვა გახდა. საქმიანობის 10 წლისთავზე "ანაგმა" მშენებლობა თბილისში დაიწყო და დღეისათვის მას წარმატებული პროექტები ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში აქვს განხორციელებული. "ანაგის" პროფესიონალთა გუნდი მზადაა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის მაღალთიან რეგიონებშიც, შეუზღუდავად აწარმოოს სამშენებლო პროცესი.
კომპანიას 30-წლიანი ისტორია აქვს და ყველა მთავრობის პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და კომპანიის სტაბილურობაზე მიუთითებს. კომპანიის დამფუძნებლის აზრით, "ანაგის" უპირატესობა სწორედ კომპანიის სტაბილური განვითარებაა.
თანამშრომლობის ფინანსური სქემა
"ანაგის" ანგარიშზე როგორც სტაბილურად დროში გაწერილი, ისე შეზღუდულ დროში განხორციელებული პროექტებია. უსწრაფესად აშენდა ბათუმის ოპერის შენობა, ასევე Galleria Tbilisi, რომლის შექმნის პროცესში უმნიშვნელოვანეს და რთულ ფაქტორს შენობის ქვეშ გამავალი მეტროსადგური წარმოადგენდა. ასევე, მესტიის აეროპორტი, რომელიც ნოემბერ- დეკემბერში, თოვლის 2-მეტრიანი საფარისა და ყინვის პირობებში შენდებოდა.
"ანაგისთვის" პრიორიტეტს როგორც კერძო შეკვეთების სტაბილური ზრდა, ისე სახელმწიფო ტენდერების მოგება წარმოადგენს. უმთავრეს პრიორიტეტთა რიცხვშია თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება – "როდესაც, მაგალითად, ბათუმის Hilton-ს ვაშენებდით, სასტუმროს ორივე კორპუსზე 5-5 სართულს ყოველთვე ვამატებდით. თავზე კი საერთაშორისო ზედამხედველთა მთელი გუნდი გვედგა".
მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული თანამშრომლობის სქემის შესამუშავებლად, კომპანიის მენეჯმენტმა ყველა ის დაბრკოლება აღრიცხა, რომელიც დამკვეთს სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის პროცესში ექმნება.
"ყურადღება ნდობასა და რისკზე გავამახვილეთ. ყველას, ვინც ჩვენთან მოდის, ვეუბნებით, რომ არ გვჭირდება წინასწარი შენატანი. რისკს საკუთარ თავზე ვიღებთ, ჯერ ვაშენებთ და ანაზღაურებას უკვე მზა პროექტის ჩაბარების შემდეგ ვითხოვთ. ჩვენი კომპანიისთვის პროექტის დაფინანსების ნებისმიერი გრაფიკი მისაღებია, მათ შორის, ავანსის გადახდის აუცილებლობასაც ვერ ვხედავთ".