არქიტექტურული ორნამენტების გაცოცხლება სამკაულებში - თიკო კობახიძის სამკაულების აქსესუარების ბრენდი Bling ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ძველი არქიტექტურული ორნამენტების ახალი სიცოცხლე − თიკო კობახიძე მივიწყებულ ჩუქურთმებს აქსესუარებად დაბადების საშუალებას აძლევს.
ინტერიერის დიზაინერს, ცხადია, დიდი ხნის განმავლობაში და აქტიური შეხება ჰქონდა ძველ ქართულ სახლებში არსებულ ორნამენტებთან, რომლებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა. ერთ-ერთი სახლის რეაბილიტაციაზე მუშაობისას კი ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა იდეა, "შენობაზე გამოსახული არქიტექტურული ორნამენტები სამკაულებად გარდაექმნა".
თიკო კობახიძე ამბობს, რომ ძველი თბილისური სახლები მსგავსი ორნამენტებითაა დატვირთული, თუმცა ბევრი მათგანი სიძველისა და მძიმე მდგომარეობის გამო ნადგურდება.
"მინდა სამუდამოდ გვახსოვდეს ჩვენი ულამაზესი შენობები, თუნდაც ამ პატარა ორნამენტების სახით. ასევე, იდეა იყო, ორნამენტებისთვის სუვენირის დატვირთვაც მიგვეცა, რადგან ძალიან ღარიბი არჩევანი გვაქვს ამ მიმართულებით", − ამბობს ის.
დიდი ფიქრის შემდეგ დიზაინერმა ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა − აქსესუარების ბრენდი Bling Jewel 2023 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. როგორც თიკო იხსენებს, დაწყება საკმაოდ რთული ეტაპი აღმოჩნდა. მომუშავე პერსონალის ნაკლებობა, დაბალი სტანდარტი და ნედლეულის უმეტესობის იმპორტი ის ძირითადი სირთულეებია, რასაც თიკო ბიზნესის წარმოებისას წააწყდა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიონალი, საქმის მცოდნე ადამიანების პოვნაა, რომლებიც ჩემს ნახაზსა თუ ნახატს სამკაულად გარდაქმნიან. თავიდან ვფიქრობდი, რომ არ გამოვიდოდა ის, რაც მინდოდა. დიდი მუშაობის შედეგად მივედი სასურველ შედეგამდე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი".
დიზაინერისთვის ანტრეპრენერობა შეუპოვრობასთან, სიმამაცესთან ასოცირდება. როგორც თავად ამბობს, ანტრეპრენერები არიან "ენერგიული და თამამი ადამიანები, რომლებიც ადგნენ და რისკი გასწიეს − იფიქრეს, გათვალეს, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებას მიაღწიეს".
ანტრეპრენერულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი, რაც თიკო კობახიძემ ისწავლა, არის ცოდნის მნიშვნელობა. როგორც ის Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, აუცილებელია თავადაც იცოდე იმის კეთება, რასაც სხვას ავალებ. ასე აიცილებ რეპლიკებს, რომ რაიმე კონკრეტულის გაკეთება შეუძლებელია. თუკი გაქვს გამოცდილება და თავადაც იცი, შენს საქმეში სამუშაო როგორ სრულდება, ვერავინ მოგატყუებს, რადგან საკუთარი ხელით გექნება გაკეთებული − იქნება ეს დეტალი თუ სრული მოდელი.
ხელოვანს ინსპირაციას უპირველესად ულამაზესი ძველი შენობები ანიჭებენ. თიკო კობახიძე ამბობს, რომ ორნამენტები თითქოს თავად კარნახობენ, რომელ სამკაულებად უნდა იქცნენ შემდგომში.
"ასევე, თავადაც ვარ საკუთარი თავის ინსპირაცია, რადგან ძალიან მიყვარს სამკაულები და შერეული სტილი".
სამომავლოდ მრავალფეროვანი და დიდი გეგმები აქვს − ხელობის სწავლით დაწყებული, გაფართოებაზე ფიქრით დასრულებული.
"2024 წელს ვგეგმავთ ჩვენი ბრენდის საზღვრებს გარეთ გატანას და სტუდია-სახელოსნოს გაკეთებას", − გვიმხელს დიზაინერი.