Get All Access for $5/mo

"ბიოქიმფარმი" - ფაგების რენესანსი უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

"ბიოქიმფარმი" − ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგიას სრულიად ჯანსაღი, ბუნებრივი და ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად იყენებს. თავად ფაგები კი ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს და საშიშად მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას კიდევ ემუქრება. "ბიოქიმფარმში" ფაგის პრეპარატების წარმოება სრული ციკლით ხდება, კომპანიის პროდუქცია კი საქართველოს გარდა, 8 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. ამჟამად კომპანია საკმაოდ საინტერესო გამოწვევების წინაშე დგას. ის ოპერირების არეალისა და პროდუქციის ასორტიმენტის მნიშვნელოვანი ზრდისთვის ემზადება, რაც ცხადია, არაერთ გარდაქმნასა და სიახლესთანაა დაკავშირებული.

თავად ფაგების ისტორია გასული საუკუნიდან, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის სივრციდან იწყება, რომელიც საბჭოთა კავშირში საკავშირო დაქვემდებარების საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანების ცენტრის, ვაქცინებისა და შრატების კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენდა. აქ სამხედრო და სარეზერვო დანიშნულების პრეპარატები მზადდებოდა, რომლითაც მთელი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მარაგდებოდა და ხშირად მათი წარმოება გადაჭარბებითაც კი ხდებოდა. ინსტიტუტში ფაგების საწარმო, ფაგების საამქროს სახელით იყო გაერთიანებული და საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობდა. გარდამტეხი ცვლილებები აქ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანაში მიმდინარე ცნობილ პერიპეტიებთან ერთად დაიწყო. სწორედ ამ დროიდან გამოეთიშა ის იმ ქსელს, რომელშიც მანამდე აქტიურად იყო ჩართული და 15 ქვეყანას ამარაგებდა. თამაშგარე დარჩენილი სამეცნიერო-საწარმოო ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩა. ამ წლებში, კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლის პარალელურად, საქართველოში მრავალჯერ შეიცვალა სახელმწიფო დადგენილებები, რომელზე მორგებაც ცენტრს სწრაფად უწევდა. მათ შორის იყო 1993 წლის კანონი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუტის საწარმოები თვითდაფინანსებაზე გადავიდა და ის საკუთარმა კოლექტივმა შეისყიდა, თუმცა აქ მუშაობა მათ ურთულეს პირობებში, დიდი ძალისხმევის ფასად უწევდათ. ფაგების წარმოების გასაგრძელებლად, აუცილებელი გახდა ფაგების საამქრო ინსტიტუტს ცალკე ერთეულად გამოჰყოფოდა და ფუნქციონირების გასაგრძელებლად ახალი გზები მოენახა. ალექსანდრე ღოლიჯაშვილისა და მისი გუნდის ძალისხმევით, ფაგების საამქრო სააქციო საზოგადოებას გამოეყო და დამოუკიდებელ ს.ს. "ბიოქიმფარმად" ჩამოყალიბდა. სწორედ ასე იწყება თბილისში, 1990-იანი წლების მიწურულს განადგურების პირას არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიის თავგადასავალი, რომელსაც ზურგს მხოლოდ დიდი რწმენითა და რევოლუციური ტექნოლოგიით შეიარაღებული გუნდი უმაგრებდა. წლების განმავლობაში, მათ მრავალი გამოწვევის გადალახვა მოუწიათ, რათა დღევანდელ დღემდე მოსულიყვნენ და უამრავი ადამიანისთვის უნიკალური პრეპარატები გაეხადათ ხელმისაწვდომი.

"კომპანიის პირველი ნაბიჯები 1999 წლიდან იწყება, როდესაც სრულიად მარტო დავრჩით და დავიწყეთ აქტიური ფიქრი, რა და როგორ გაგვეკეთებინა, რათა გადავრჩენილიყავით. ერთ- ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავირჩიეთ კვლევა ფაგებთან დაკავშირებით. 2000-იანი წლებიდან კი დავიწყეთ პროექტების შემუშავება. ერთ-ერთმა პროექტმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) ყურადღება მიიქცია და დაფინანსება მოვიპოვეთ. სწორედ აქედან, 2003 წლიდან იწყება "ბიოქიმფარმის" აღმავლობა. კვლევით რესურსებთან ერთად, უკვე ფონდებიდანაც დაიწყო ექსპერიმენტული წარმოებისთვის გარკვეული აპარატურული მხარდაჭერა და პროექტებმაც იმატა. 2006-2007 წელს კი ჩვენ უკვე არა მხოლოდ კვლევითი საქმიანობისთვის კარგად განკუთვნილი აპარატურა და მასალები გვქონდა, არამედ საწარმოო პროცესებისთვისაც უკვე სრულიად მზად ვიყავით. 2007-2008 წლებში კი დამოუკიდებლად გავედით საერთაშორისო კავშირებზე და შეკვეთების მოპოვება შევძელით. ასე დავიწყეთ შუა აზიის ბაზრის ათვისება, რომელსაც შემდეგ სხვა ქვეყნებიც შეემატა", − იხსენებს კომპანიის პირველ ნაბიჯებს "ბიოქიმფარმის" დამფუძნებელი ალექსანდრე ღოლიჯაშვილი.

ტრადიციას, ნოუ-ჰაუსა და უნიკალურ ტექნოლოგიას, კომპანიაში თანამედროვე მენეჯერული მიდგომები ემატება, რაც ფაგების პრეპარატებსა და მის უნიკალურ თვისებებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის. "ბიოქიმფარმის" მიღწევებს, გამოწვევებსა და მიზნებს Entrepreneur Health-ის ფაგების ტექნოლოგიის უკვე მეორე თაობის ენთუზიასტი და კომპანიის გენერალური მენეჯერი − რატი ღოლიჯაშვილი უზიარებს:

"ამჟამად "ბიოქიმფარმის" ძირითადი მიმართულება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენი პროდუქტები 8 ქვეყანაში, ათასობით აფთიაქში იყიდება. საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული პროდუქტი არის "ფაგიო®", რომელსაც უნიკალური მახასიათებლები აქვს. "ფაგიო®" გამომწვევ პრობლემებსა და ბაქტერიებს ისე ანადგურებს, რომ სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებს. ცნობილია, რომ ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე, მსოფლიო ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის მწვავე პრობლემის წინაშე დგას, რომლის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. მართალია ამჯერად მსოფლიოს ყურადღება "კოვიდზეა" მიმართული, თუმცა მის მიღმა ისეთი გლობალური პრობლემა იმალება, როგორიც რეზისტენტობაა და ის მილიონობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ანტიბიოტიკო- რეზისტენტობით გამოწვეული ყოველწლიური მსხვერპლი 700 000-ს აჭარბებს და თუ ასე გაგრძელდა, მაღალი სარწმუნოების კვლევებზე დაყრდნობით, 2050 წლისთვის რეზისტენტობა შესაძლოა 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს. Covid-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემია კიდევ უფრო ართულებს რეზისტენტობის პრობლემას. კორონავირუსს ხშირად ერთვის რეზისტენტული ბაქტერიული (მეორეული) ინფექციები, რომელთა წინააღმდეგ ანტიბიოტიკები უძლურია, ფაგები კი ანტიბიოტიკების უნიკალური და მდგრადი ალტერნატივაა, მათ შორის ხორცპროდუქტების წარმოებაში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ანტიბიოტიკებს საკმაოდ ჭარბად და ირაციონალურად იყენებენ მეცხოველეობასა და საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, რაც ადამიანებში მდგრადი ბაქტერიების გამომუშავებას ხელს კიდევ უფრო უწყობს. მსოფლიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 80% სწორედ ფერმებში გამოიყენება. ეს კი ძალიან ცუდია. მეცხოველეობის მიმართულებით ჩვენ მიერ შემუშავებული პროდუქტია PowerPhage®-ი, რომელმაც

დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. PowerPhage® საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია, რომელსაც კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეცხოველეობის ფერმა საკმაოდ ეფექტურად იყენებს. ამ მიმართულებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქტიურად ვვითარდებით.

რომელი გამოწვევები ახლავს ბიოტექნოლოგიური კომპანიის მართვას და განვითარების როგორი გეზი აქვს აღებული "ბიოქიმფარმს"?

"ჩვენ წინ გვაქვს სრული ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რაც ცხადია, მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ახლა ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც რეგიონული კომპანიიდან საერთაშორისო კომპანიად გარდაიქმნება. ცხადია, ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე უკვე საკმაოდ კარგად გავიწვრთენით. ამჟამად ჩვენი გუნდი 45 ადამიანისგან შედგება და ძალისხმევას არ ვზოგავთ, რომ გავხდეთ ჭეშმარიტად გლობალური, წარმატებული, ინოვაციური და რევოლუციური კომპანია, რისი სრული პოტენციალიც გვაქვს. გლობალურმა კონკურენციამ და ჩვენმა ტექნოლოგიურმა მზადყოფნამ, შეგვაძლებინა მივსულიყავით იმ ეტაპამდე, რომელიც ახლა წარმადობის ზრდაში გამოიხატება. ასევე ვიმყოფებით საერთაშორისო ევროპული სტანდარტის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კომპანიამ ექსპონენციური ზრდა და დამატებითი ბაზრების ათვისება დაიწყოს, რომელზეც წვდომა აქამდე არ ჰქონდა. ინტერნაციონალიზაციის გზაზე არ შემიძლია არ აღვნიშნო ევროკავშირის, ასევე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელსაც კომპანიის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ჩვენი ტექნოლოგიის მასშტაბირებას შესაძლებელს ხდის", − ამბობს რატი ღოლიჯაშვილი.

გლობალური გეგმებისა და მიზნების პარალელურად, მუდმივ განვითარებაზე ზრუნავს კომპანიის გუნდიც. იზრდება ბიზნესკომპეტენციების მქონე წევრთა რაოდენობა, რაც "ბიოქიმფარმს" მულტიდისციპლინურ ორგანიზაციად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი, პანდემიური წელი კომპანიისთვის მარტივი არ ყოფილა, მის გუნდს კიდევ 5 თანამშრომელი შეემატა, რომლებიც სამეცნიერო, მენეჯმენტისა და ხარისხის მიმართულებებს აძლიერებენ. ძველ და ახალ თაობათა ცოდნისა და გამოცდილების მრავალფეროვნება კი იმ სინერგიას ქმნის, რომელიც "ბიოქიმფარმს" განვითარების ახალ მასშტაბებს, ხოლო მილიონობით ადამიანს ფაგების სიკეთის საკუთარ თავზე გამოცდას ჰპირდება.

"2020 წელი როგორც ყველასთვის, ისე ჩვენთვისაც საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მთელი გუნდის სიხარულის მიზეზი გახდა პანდემიურ პირობებში მოპოვებული არაერთი აღიარება და გამარჯვება ადგილობრივ და საერთაშორისო ინოვაციების კონკურსებში. აგრეთვე, მივიღეთ ბრწყინვალების სიგელი ევროკომისიის მხრიდან რევოლუციური ტექნოლოგიის განვითარებისთვის. კიდევ ერთი, რასაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავდი: მოცემულობის მიუხედავად, შევძელით არაკომერციული დანიშნულების ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერის შექმნა და 30 000 ერთეულის წარმოება, რომელიც საჩუქრად გადაეცა კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს, მედპერსონალსა და მოწყვლად ჯგუფებს.

რაც შეეხება მიზნებსა და გეგმებს, არაერთი სამომავლო და მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს. შემდეგი წლიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებასა და ახალი ბაზრების ათვისებას, მათ შორის − ევროპის ქვეყნების მიმართულებით. ამჟამად საწარმოს მოდერნიზაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი კომპანია მთლიანად იმ ისტორიულ შენობაშია ლოკალიზებული, სადაც 70 წლის განმავლობაში ფაგის პროდუქტები იქმნებოდა, ეს კი მთელ გუნდს სულ სხვაგვარ შემართებასა და სულისკვეთებას გვაძლევს. სწორედ იმ ძალას, რომელიც ფაგების ისტორიას ახლებურად წერს და რომელმაც მილიონობით ადამიანი და მსოფლიო ანიტიობიოტიკო-რეზისტენტობით გამოწვეული საფრთხისგან უნდა იხსნას", − რატი ღოლიჯაშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე