Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნიკოლოზ სირაძე (რენტო ჯგუფი) "ჩვენ არ შევჩერდით და ყურადღებით დავიწყეთ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პულსზე მიყურადება, რომელიც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუ სად გაჩნდებოდა მოთხოვნა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსი უპრეცედენტო გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენთვის – ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. პანდემიამ გვაიძულა სოციალური დისტანცირება გლობალური მასშტაბით, რამაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ტურისტული მომსახურების შექმნა. შესაბამისად, ჩვენი ბიზნესი მომხმარებლის გარეშე დარჩა. ჩვენ არ შევჩერდით და ყურადღებით დავიწყეთ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პულსზე მიყურადება, რომელიც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუ სად გაჩნდებოდა მოთხოვნა.

ქვეყანაში შეიქმნა სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც აფერხებდა იმ კომპანიების სრულფასოვნად მუშაობის პროცესს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოქალაქისათვის (სურსათი, მედიკამენტები, სამედიცინო დაწესებულებები, დისტრიბუცია და სხვა).
ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული კომპანიების თანამშრომელთა მაქსიმალური უსაფრთხოებითა და "კოვიდ"-პროტოკოლით ტრანსპორტირება. აღნიშნულმა საქმიანობამ შესაძლებლობა მოგვცა ყველაზე რთულ დროს შეგვენარჩუნებინა და ფინანსური კეთილდღეობა შეგვექმნა ჩვენ გარშემო დასაქმებული ადამიანებისთვის. პარალელურად, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელიც ჩაერთო სპეცრეისებით ჩამოფრენილი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში ტრანსპორტირების პროცესში, რამაც მოგვცა ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება უსაფრთხოების ნაწილში.

ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, ჩვენ კი ბიზნესის სტაბილიზება და განვითარება გვჭირდებოდა, ამიტომ ყურადღებით შევისწავლეთ, კიდევ რა სჭირდებოდა ბაზარს ყველაზე მეტად. ეს იყო "კოვიდ"-უსაფრთხოება. ავამუშავეთ დივერსიფიკაციის გეგმა და შევქმენით კომპანია Rento Safety, რომელიც კომპანიებს უზრუნველყოფს ყველა იმ პროდუქტითა და სერვისით, რომელიც "კოვიდ"-უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი.

კორონავირუსმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ არასდროს უნდა დავკმაყოფილდეთ სტაბილურობით, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის. დავრწმუნდით, რომ "იმარჯვებს არა ყველაზე ძლიერი ან ყველაზე დიდი, არამედ ის, ვინც ყველაზე სწრაფად ახერხებს ადაპტირებასა და შესაძლებლობების დანახვას". დავრწმუნდით, რომ თითოეული პრობლემა შესაძლებლობაა.

ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი, გავზარდეთ სახელფასო ხაზი, დავამატეთ ახალი ბიზნესმიმართულებები, პოსტპანდემიურ პირობებში გამოვაცხადეთ ვაკანსიები, შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები.

ბიზნესზე დგას ქვეყნის ეკონომიკა. ბიზნესზე დგას ადამიანების კეთილდღეობა. ყველა ბიზნესმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლები. ყველა ვალდებულია უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით დაიცვას, გადაამზადოს თითოეული თანამშრომელი, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ქვეყანამ საზღვრების გახსნა, ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვა. ძალა ცოდნაშია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ნებისმიერ მოცემულობაში ვაწარმოოთ ბიზნესი, ვაშენოთ ეკონომიკა და ვიყოთ წარმატებულები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

პატივსაცემი ადამიანების 7 საუკეთესო თვისება

პატივისცემას დამსახურება სჭირდება