Get All Access for $5/mo

BRAIN HUB - განათლება ჩარჩოებს მიღმა არაფორმალური განათლების სივრცე დასავლური სტანდარტებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი
არავინ დაობს, რომ ყველა დიდი პროექტის მიღმა პატარა ნაბიჯების ძალა იმალება. ნაბიჯების, რომლებშიც გამბედაობა, შემართება და რწმენა ამოიკითხება. მოძრაობის დასაწყებად საჭიროა მიმართულება გქონდეს, მისი წინაპირობა კი ფიქრია. სწორედ ფიქრის შედეგად დაიბადა Brain Hub, რომელიც დეკემბერში ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.

თამარ გვასალია წლებია საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. სტუდენტობის პერიოდშივე დაინტერესდა საერთაშორისო კონფერენციებითა თუ გაცვლითი პროგრამებით, შეიძინა ფასდაუდებელი გამოცდილება და მიზნად დაისახა, საქართველოში უკეთესი განათლების ხელშეწყობის პროცესში ძალისხმევა არ დაეშურებინა. "მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ვემსახურებოდი, იყო რაღაც, რაც მოსვენებას არ მაძლევდა", − აღნიშნავს იგი. ერთხელაც გულისნადები ქოუჩ ირინა ჭოჭუას გაუზიარა, რომელმაც თითქოს მარტივ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა − რა სურდა რეალურად და როგორ წარმოედგინა საკუთარი თავი მომავალში. "პირველად დავიწყე ამ საკითხის სიღრმისეულად განხილვა და ძალიან მალე ფიქრითა და ჯიბეში 100$- ით ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციის შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, დამეფუძნებინა Brain Hub", − იხსენებს თამარ გვასალია.

Brain Hub არის არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც განათლების სისტემაში ნერგავს დასავლურ სტანდარტს. ინოვაციურ ეპოქაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არაფორმალურ განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ამ ყველაფერს იაზრებს განვითარებული მსოფლიო და სწორედ ამიტომ მსგავსი სივრცეები მრავლადაა დემოკრატიულ ქვეყნებში. მათი მიზანი ნათელია − უზრუნველყონ მომავალი თაობა საჭირო ცოდნითა და უნარ- ჩვევებით, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებათ ცხოვრების ისეთ ეტაპებზე, როგორებიცაა პროფესიის არჩევა, დასაქმება კონკურენტუნარიან გარემოში და სხვა.

Brain Hub-ის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის მზადყოფნა, დაეხმარონ მომავალ თაობას საკუთარი ცხოვრების შენებაში, რომელიც დამყარებულია სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განათლების მიღებაში. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს, მათი მიზანი ინდივიდუალურ და გუნდურ მიდგომებზე დაყრდნობით მოსწავლეთა პიროვნული და პროფესიული განვითარებაა. თანამედროვე მეთოდების დახმარებით, ცენტრის წევრები აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესთა სფეროებს, უნარებსა და რესურსებს, რომლებიც წარმატების ინდივიდუალური ფორმულის შემადგენელი ნაწილებია.

თამარ გვასალიასა და მის გუნდს სურთ განათლების სისტემაში დასავლური სტანდარტი დანერგონ. პროცესები, რომლებსაც Brain Hub-ის წევრები გადიან, ევროპაში სავალდებულოდაც კი მიიჩნევა, რადგან განათლება არ განიხილება, როგორც ინფორმაციის დაზეპირება, არამედ შემეცნებითი პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლე აცნობიერებს, რას და რატომ სწავლობს და რა სარგებელს მიიღებს ამით. ამ პროცესის თანმდევი უმნიშვნელოვანესი პირობა კი არის ისეთი სივრცის არსებობა, სადაც მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს.

Brain Hub-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ საქართველოში ახალგაზრდების წინსვლის აუცილებელი პირობა საბჭოური მიდგომების აღმოფხვრაა. "საჭიროა,მოზარდისთვის განათლება, უნარების შეძენა და განვითარება სასიამოვნო პროცესად იქცეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ინტერაქციული ლექციებით დავაინტერესოთ სტუდენტები", − აღნიშნავს თამარ გვასალია. არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს, მრავალ მიმართულებას აერთიანებს. რადგან მოზარდთა ინტერესები გარკვეულწილად ასაკთან მიმართებაში იცვლება, გუნდმა გადაწყვიტა წევრები ორ ასაკობრივ ჯგუფად დაეყო: 9-12 წლამდე და 13-18 წლამდე. რა თქმა უნდა, პროგრამები განსხვავებული და მთლიანად ორიენტირებულია სტუდენტთა სწორ განვითარებაზე. თუკი 9-დან 12 წლამდე მოსწავლეები ჩართულნი არიან პიროვნული განვითარების, კომუნიკაციის საბაზისო დონის, გუნდური მუშაობისა და კონფლიქტების მართვის პროგრამებში, 13-დან 18 წლამდე მოზარდები ეუფლებიან კომუნიკაციის ხელოვნებას, რომლის ფარგლებში გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია საჯარო გამოსვლის, დებატების თუ კამერასთან მუშაობის პროცესში. მთავარი მიზანია, მოხდეს მათი ლიდერად ჩამოყალიბება.

სწავლის პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს ლექციების ჩატარების სტილი, რომლის დროსაც რთულია გაარჩიო, აუდიტორიაში ვინ არის მსმენელი და სპიკერი. Brain Hub-ი მიმართულია არა მხოლოდ ცნობილი სპიკერების ჩართულობაზე, არამედ ახალი სახეების აღმოჩენაზე, მათ განვითარებასა და პროგრესზე. თამარ გვასალიას აქვს გამბედაობა, ერთი წლის თავზე აღიაროს პროგრამის წარმატება. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მიიჩნევს, რომ პროექტი შედგა. "ყოველთვის ვცდილობ მარცხს შევხედო როგორც განვითარებისა და ახლის სწავლის საშუალებას", − აღნიშნავს იგი. თამარს მიაჩნია, რომ გუნდური მუშაობის გარეშე Brain Hub მოკლე დროში ამდენ პროექტს ვერ განახორციელებდა. საერთო მიზნის ირგვლივ შეკრებილი გუნდი და ნდობა ის ფაქტორებია, რომლებიც დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარა. იგი მადლიერია ადამიანების, რომლებიც იდეის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ხელს უწყობენ სტარტაპს − ზოგი მათგანი დღემდე უსასყიდლოდ ცდილობს დაგროვილი ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას ჩვენი ქვეყნის ისეთ უმნიშვნელოვანეს ასაკობრივ ჯგუფთან, როგორიც მოზარდები არიან.

Brain Hub-ის პროგრამათა ხანგრძლივობა ათ სალექციო კვირას მოიცავს. ლექციები კვირაში ორჯერ, შაბათ-კვირას იმართება. რადგან ჯერჯერობით ყველას არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროგრამებში. არაფორმალური განათლების სივრცემ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა საჯარო ლექციები, რომელთა ციკლის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ. ასევე, ახლო პერსპექტივაში ორგანიზაციას აქვს სურვილი რეგიონების ახალგაზრდებიც უზრუნველყოს არსებული შესაძლებლობებით.

არაფორმალური განათლების ელემენტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ თუ გუნდურ მომზადებას. პროექტში ჩართულები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, თითოეული აქტივობის ორგანიზება ხდება ფსიქოლოგთა კონსულტაციის შედეგად, რათა სტუდენტები გახდნენ თვითმოტივირებულები, თავდაჯერებულები, კრეატიულები, შეძლონ ემოციების მართვა. ეს უნარები მათ ეხმარება ადვილად გაუმკლავდნენ 21-ე საუკუნის რთულ გამოწვევებს, შეძლონ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება. როგორც Brain Hub-ის გუნდი იხსენებს, ყოფილა შემთხვევა, როცა მოზარდი მშობლის სურვილით დასწრებია ლექციას, შემდეგ კი ცენტრის მუდმივი წევრი გამხდარა. მისი მოტივაციის ზრდა კი შეუმჩნეველი არც მასწავლებლებისთვის ყოფილა. "ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები არა მარტო სტუდენტებთან, არამედ მშობლებთან, რადგან ვფიქრობთ, ამ პროცესში ორივე მხარესთან კომუნიკაცია აუცილებელია. სწორედ მათი დადებითი შეფასება გვაძლევს ძალას, შევქმნათ და დავნერგოთ კიდევ უფრო მეტი პროექტი", − აღნიშნავს თამარი.

Brain Hub ევროპული ბიზნესასოციაციის წევრია. ორგანიზაცია სასწავლო პროგრამების ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს სამთავრობო და საერთაშორისო წარმომადგენლობებში. პროგრამები, როგორებიცაა "მომავლის დიპლომატები" და "ჯუნიორ მეწარმეები" ახალგაზრდებს უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს და აძლევს შესაბამის ცოდნას პროფესიული მიმართულებით. მაგალითად, "ჯუნიორ მეწარმეთა" პროექტის მსვლელობაში ჩართულები არიან სტარტაპერები, ლექტორები. ისინი პატარა მეწარმეებს აძლევენ მიმართულებებს, თუ როგორ განახორციელონ ესა თუ ის იდეა.

არაფორმალური განათლების სივრცე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ქვეყნის შიდა რესურსებით და საერთაშორისო პროგრამების სეზონი გახსნა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორგანიზაციის ერთმნიშვნელოვანი მიზნის არსებობაზე − უზრუნველყოს ახალგაზრდა თაობის ცნობიერების გაზრდა, სწორი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება. 2020 წლის იანვარში ცენტრი ევროპარლამენტში სასწავლო პროგრამით ბრიუსელში გაემგზავრება. ჯგუფის დაკომპლექტება მოხდება 12-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მოინახულებენ პარლამენტარიუმს, საქართველოს საელჩოს ბელგიაში,

მარტენის ცენტრს და სხვა. ისინი განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ვიზალიბერალიზაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ვიზიტები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოვონ თვალსაწიერი, შეიმეცნონ განსხვავებული კულტურა და პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა. უმთავრესი კი დამოუკიდებლობის შეგრძნებაა, რომლის გარეშე ყველა წამოწყებული საქმე ფუჭად ჩაივლის.

თამარ გვასალია დარწმუნებით გვეუბნება, რომ წინ უამრავი საინტერესო პროექტი გველის. როგორც Brain Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, როცა მკაფიო მიზანი გაქვს, ოცნებების რეალობად ქცევა შესაძლებელია. ის, რაც მისთვის წლების წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა ფრთებს ისხამს და გაფრენას ლამობს. მთავარი ხომ ისაა, გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და გრძნობდე შენს აუცილებლობას დარგის განვითარების პროცესში. ახალგაზრდების უზრუნველყოფა უკეთესი ცოდნით მისთვის მთავარი მამოძრავებელია. თავად ორი შვილის დედა კარგად აცნობიერებს მოზარდთა საჭიროებებს და ცდილობს გამონახოს შესაფერისი გზა მათი სწორად განვითარებისთვის. "ჩემი მოტივაციის წყარო ოჯახია, შვილების წყალობით ვცდილობ ყველა მოზარდის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინო. მჯერა ადამიანთა შესაძლებლობების უსაზღვროების; მთავარია შეიქმნას გარემო, სადაც ისინი საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებენ, არაფორმალური განათლების სივრცე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება", − გვეუბნება თამარი.

როგორც აღვნიშნეთ, Brain Hub ბევრი მიმართულებით მუშაობს. მათგან აღსანიშნავია: ქოუჩინგი მოზარდებისთვის, კრეატიული აზროვნება, წიგნის ისტორია და წიგნიერება, ემოციური ინტელექტი. ასევე ახორციელებს პროექტებს − "მომავლის ორატორები" და "მშობელთა ფსიქო და ემოციური ინტელექტი", რომელიც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი კომპლექსური მიდგომით ცდილობს ორგანიზაცია ახალგაზრდებს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა იმისათვის, რომ მათ ნაკლებად სტრესულ გარემოში შეძლონ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავება.

თამარ გვასალიასა და მისი გუნდის მიზანიც სწორედ ესაა − საქართველოში შეძლონ დასავლური სტანდარტებისკენ მიმართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარება, რომელიც ახალ თაობას შესაძლებლობას მისცემს პიროვნული თუ პროფესიული კუთხით წინსვლაში. "ჩვენ ვზრდით წარმატებულ მომავალ თაობას და გვჯერა, რომ ძალა განათლებაშია", − დასძენს Brain Hub-ის დამფუძნებელი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას