Get All Access for $5/mo

CARU - პლატფორმა, რომელიც შექმნილია შენი კომფორტისთვის "მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიფიქრიათ, რამდენ დროს, ენერგიასა და თანხას დაზოგავთ, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენ ნაცვლად შეაკეთებს დაზიანებულ ავტომობილს?

ვისაც ერთხელ მაინც გაფუჭებია მანქანა, ადვილად გაიხსენებს თავგადასავლებს, რომლებიც ავტომობილის მოწესრიგებისას გადახდა. მარტივად რომ აღვწეროთ, შეკეთების პროცესი ერთი ავტოსერვისიდან მეორეში დაუსრულებელ სიარულსა და სხვადასხვა ხასიათისა თუ გამოცდილების მქონე ხელოსნის რჩევების მოსმენას გულისხმობს. დამეთანხმებით, არავის სურს "თავი გასწიროს" დღეს, როცა გასაკეთებელი საქმე ბევრი, ხოლო თავისუფალი დრო ცოტაა. თანაც, მნიშვნელობა არ აქვს, რა სჭირდება ჩვენს განუყრელ მეგობარს. უნდა ვაღიაროთ, ავტოსერვისის ცენტრში ყოფნა ყოველთვის დამღლელია.

CARU სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გათავისუფლდეთ მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. ბიზნესმა თავისი საქმიანობა რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბა – "მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ". როგორი მარტივიცაა ბიზნესკონცეფცია, ასეთივეა პროცედურაც. თქვენ, როგორც დაზიანებული მანქანის მფლობელს, მაქსიმუმ 15 წუთი გჭირდებათ მომსახურების მისაღებად. ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად რთული საქმის მოგვარებაში კი კვალიფიციური კადრები ერთვებიან.

CARU მომხმარებლებს აკავშირებს ავტოასისტენტებთან, რომლებიც დროულად და ადეკვატურ ფასში უზრუნველყოფენ პრობლემური ავტომობილის შეკეთებას. კომპანია მომხმარებელსა და ავტოასისტენტს შორის შუამავლის როლში გვევლინება. მართალია CARU-ს ფუნქცია მომსახურება არ არის, მაგრამ იგი აკონტროლებს ავტოასისტენტთა სამუშაოს შესრულების ხარისხს – სტარტაპი დროგამოშვებით ახორციელებს კვლევებს, რომლითაც იქმნება ასისტენტთა რეიტინგი. სწორედ პერიოდულ მონაცემებზე დაკვირვება უზრუნველყოფს კვალიფიციური ასისტენტების აღმოჩენასა და შენარჩუნებას.

CARU 2018 წელს ნიკა აბაშიძემ დააფუძნა. პროფესიით ფინანსისტს, მსგავს სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცილება უკვე დაგროვილი ჰქონდა. ამას დაემატა მანქანების სიყვარული და სურვილი, შეექმნა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარს თავდაყირა დააყენებდა. "CARU-ს იდეა სარბენ ბილიკზე მომივიდა. როცა დეტალები განვიხილე, მივხვდი, რომ შეეძლო ინდუსტრიის შეცვლა. იგი 100-ჯერ სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტოსერვისი. გათვლილია, რომ საშუალოდ, პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადამიანს 8,5 საათი სჭირდება, CARU-ს დახმარებით კი შესაძლებელია დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ. ის, რომ ავტომობილის მფლობელებს საშუალებას ვაძლევთ ერთჯერადად დაიქირავონ დარგის კვალიფიციური ასისტენტები და სხვადასხვა რესურსის დაზოგვით სასურველ შედეგამდე მივიდნენ, მთლიანად ცვლის ავტოსერვისის კონცეფციას", – აღნიშნავს ნიკა.

როგორც აღვნიშნეთ, არსებული პლატფორმის საშუალებით ურთიერთობები რეგულირდება ასისტენტებსა და მომხმარებლებს შორის. კლიენტებისთვის მსგავსი ტიპის შუამავალი რგოლი ხშირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს. CARU-ს შემთხვევაში კი ეს ზომები მკაცრადაა გაკონტროლებული. მომხმარებლის დაცულობა სისტემითაა უზრუნველყოფილი. მუდმივად მიმდინარეობს ავტოასისტენტთა რეიტინგის მონიტორინგი, ასევე შექმნილია ბერკეტები ასისტენტის არაკეთილსინდისიერების აღმოსაფხვრელად. კომპანიის მომხმარებლები ამ ეტაპზე 24-დან 47 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მყოფი დასაქმებული პირები არიან, რომელთაც ჰყავთ ავტომობილი. გარდა მომსახურების უპირატესობისა, ისინი CARU-ს ირჩევენ, რადგან ენდობიან. ამის ერთ-ერთ წინაპირობად კი დაზღვევის სისტემა შეიძლება ჩაითვალოს.

CARU-ს განზრახვა დაარსებიდან ერთია – ჰყავდეს მაქსიმალურად დაცული მომხმარებელი, რომელიც იქნება არა მხოლოდ კმაყოფილი, არამედ აღფრთოვანებული. "ჩვენი მიზანია ხალხში ჩამოყალიბდეს განცდა, რომ CARU არის კომპანია, რომელთან ურთიერთობისას პრობლემა არ შეგექმნება. ყოველთვის აუცილებელია მომხმარებლამდე მივიტანოთ იმაზე მეტი, ვიდრე მოელის. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს კლიენტებთან, მათ აღვიქვამთ, როგორც ახლო ადამიანებს – ვანებივრებთ საჩუქრებით, ყურადღებას ვაქცევთ უკუკავშირს და მუდმივ კონტაქტზე ვართ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე არცერთი მომხმარებელი, ვისაც ჩვენთვის მოუმართავს, წაგებული არ დარჩენილა. თუ კლიენტს ავტოასისტენტის მომსახურება არ მოეწონა და არ გვითხრა, ბუნებრივია, ჩვენ პრობლემას ვერ გადავჭრით, თუმცა როცა უკმაყოფილების შესახებ ინფორმირებულები ვართ, ჩვენ მომხმარებელს ბოლომდე ვიცავთ. ჩვენი მისია არ არის მოგების ნახვა, არამედ ისეთ კომპანიად ჩამოყალიბებაა, რომელიც ღირებული იქნება", – ამბობს ნიკა აბაშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ CARU ბაზარზე არც ისე დიდი ხანია არსებობს, მან ადვილად შეძლო თავის დამკვიდრება და ინდუსტრიის გამოცოცხლება. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, ბიზნესის დაარსებიდან დღემდე რამდენიმე კონკურენტი კომპანია გამოჩნდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს არსებობის გაგრძელება და ახლა CARU ერთადერთია, რომელიც ბაზარზე მსგავს სერვისს ფლობს. ლიდერობის შენარჩუნების მიზეზად ნიკა კლიენტებზე ზრუნვას ასახელებს, რადგან კომპანია ფუნქციონირების ნებისმიერ ეტაპზე მომხმარებელს პირველ ადგილზე აყენებდა. "ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, თუ რამდენად კმაყოფილები არიან კლიენტები. გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში, გვყავს პრობლემური შემთხვევების მენეჯერი, რომელიც დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას. ასევე თვალს ვადევნებთ კვლევებს – ბოლო მონაცემებით, კითხვაზე, გამოიყენებდნენ თუ არა მეორედ ჩვენს პლატფორმას, გამოკითხულთა 94%-მა დადებითად გვიპასუხა, ხოლო 96.7% CARU-ს მომსახურებას მეგობარსაც ურჩევდა. დამეთანხმებით, ეს მონაცემები პირდაპირ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ვინარჩუნებთ ლიდერობას ბაზარზე", – აღნიშნავს ნიკა.

ის, რომ CARU აქცენტს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ამახვილებს, ისიც მეტყველებს, რომ მომსახურე პერსონალიდან ყველა ფიზიკური პირია. ეს გამორიცხავს გაუთვალისწინებელი და ზედმეტი ხარჯის არსებობას, რადგან დახარჯული ფულიდან სარგებელს იღებს არა რამდენიმე ადამიანი, არამედ კონკრეტული პირი. ავტოასისტენტებს შემოსავლის წყაროდ ხელოსნებისგან და ავტონაწილების მაღაზიებისგან ქეშბექები აქვთ, ეს კი უზრუნველყოფს სერვისს ადეკვატურ ფასად, თანაც ისე, რომ მანქანას აკეთებს პროფესიონალი, რომელმაც იცის, რა სჭირდება კონკრეტულ ავტომობილს, რომელი ნაწილი უნდა განაახლოს, აღადგინოს ან მეორადით ჩაანაცვლოს – ეს ყველაფერი გაზღვევს დიდი ხარჯებისგან და ამასთანავე, თავს დაცულად გაგრძნობინებს, რადგან გყავს ინტერესების დამცველი კომპანია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეამოწმებს ყველა დეტალს და არსებული ბერკეტების საშუალებით დაიცავს შენს უფლებებს.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ CARU, ნიკა აბაშიძემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა: "ზოგადად, მანქანა იმდენად რთული ნივთია, რომ არავინაა ვალდებული ბოლომდე ერკვეოდეს დეტალებში, რა თქმა უნდა, თუკი პროფესიონალი არ არის. ასევე ხშირად რთულია გამოიცნო, რამდენად მცოდნე და პასუხისმგებლიანია ხელოსანი. ასისტენტების შემთხვევაში კი საქმე სრულიად სხვაგვარადაა – ისინი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებიან ხელოსნებს, რომლებიც თავისთავად აცნობიერებენ, რომ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ და უყურადღებობის გამო მუდმივი კლიენტი არ დაკარგონ. თუმცა, კარგი ხელოსნის აღმოჩენის შემთხვევაშიც არ წყდება პრობლემა – შესაძლოა ადამიანი პროფესიონალი იყოს, თუმცა კონკრეტულ დღეს პრობლემა ჰქონდეს და შესაბამისად, ვერ მოგაქციოს ყურადღება. მსგავსი საკითხები ნიუანსებად ეჩვენებათ, თუმცა როცა საქმე ავტომობილის შეკეთებას ეხება, ასეთ დროს ყურადღების გამახვილება ყველაფერზე გიწევს".

გარდა იმისა, რომ ასისტენტებს შესაკეთებლად მიჰყავთ ავტომობილი, CARU უზრუნველყოფს მაქსიმალურად სასურველი შედეგის დადგომას. რადგან ბაზარზე მანქანის ნაწილების ყიდვა განსხვავებულ ფასად შეიძლება, რთულია მათ შორის სწორი არჩევანი გააკეთო. ავტოასისტენტები ამ კუთხითაც უწევენ კონსულტაციას მომხმარებლებს. ისინი გირჩევენ, რომელი ნაწილის ყიდვაა მომგებიანი, რომელი ნაწილი ექვემდებარება აღდგენას და ა.შ. კიდევ ერთ ბენეფიტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ გიწევს სხვადასხვა ადგილას მისვლა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი პროდუქტი იპოვო. გარდა ამისა, თავს არიდებ ისეთ ადამიანებთან საუბარს, რომლებმაც შესაძლოა არასწორი მომსახურება გაგიწიონ ან არახელსაყრელ ფასში მოგყიდონ საჭირო ნივთი.

ნიკა აბაშიძისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარება. ახლახან მან ავტოსამრეცხაოებს შესთავაზა რიგის სისტემა, რომელიც ავტომობილის მფლობელს საშუალოდ 54 წუთის დაზოგვაში დაეხმარება. ნიკა ავტოსამრეცხაოების მფლობელებს ბიზნესის სამართავ პროგრამას უფასოდ სთავაზობს, რადგან მიიჩნევს, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი რაციონალურად მართვა აუცილებელია.

CARU-ს იდეაც ამაში მდგომარეობს, რომ არსებობდეს მომხმარებლების სურვილებსა და კომფორტზე მთლიანად მორგებული პლატფორმა, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც კლიენტებისა და მომსახურე ადამიანებისთვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის, რადგან CARU არის მანქანის შეკეთების სწორი და ინოვაციური გზა, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართულ ბაზარზე.

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ