CARUP – ავტომობილების რეცხვის მომსახურება გამოძახებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CARUP არის ავტომობილების რეცხვის მომსახურება გამოძახებით. კომპანიის მომხმარებლებს არ უწევთ საცობში, სამრეცხაოს რიგსა და უშუალოდ რეცხვის პროცესში ადგილზე ყოფნა, რადგან შეუძლიათ მათთვის სასურველ დროსა და ადგილას, ავტომობილის გადაადგილების გარეშე მიიღონ აღნიშნული მომსახურება.

"იდეა გაჩნდა ჩვენი პირადი გამოცდილების საფუძველზე. ავტომობილის რეცხვა ბევრ დროს მოითხოვდა და გვჯეროდა, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშე უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დეტალურად შეგვესწავლა მანქანის რეცხვის თანამედროვე მეთოდები, გავიარეთ კვლევისა და განვითარების ეტაპები და შევქმენით მანქანის ადგილზე გარეცხვის პროტოკოლი, რაც საშუალებას გვაძლევს, დავზოგოთ სასმელი წყალი, არ დავაბინძუროთ გარემო და მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება ქუჩაში, ღია თუ დახურულ პარკინგზე. ეტაპობრივად განვავითარეთ ახალი სერვისებიც და დღეს "ქარაფი" მომხმარებელს, ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის რეცხვის გარდა, სთავაზობს ისეთი სახის დამატებით მომსახურებებსაც, როგორებიცაა ძრავის რეცხვა, ცხოველის ბეწვისა და წებოს ლაქების მოცილება და სხვა. რაც მთავარია, ჩვენი სერვისების შეკვეთა მომხმარებელს მარტივად, ჩვენი საიტის – Carup.ge-ს მეშვეობით შეუძლია სასურველ დროს, სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

ავტომობილების რეცხვის ინდუსტრია დიდი ხანია არ განვითარებულა, არც მნიშვნელოვანი ინოვაციები და ცვლილებები შეხებია. ჩვენ კი ბაზარზე წარმოვადგინეთ სრულად ახალი, ავტომობილის რეცხვის ინოვაციური და უნიკალური გამოცდილება, რომელიც ავტომობილების მფლობელებისგან ერთ წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს", – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, ოთო დათუნაშვილი.

"ქარაფის" თანადამფუძნებელი, ვალერი ქუფარაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ შექმნა მანქანის რეცხვის გამოძახების მომსახურების სრულად ახალი კონცეფცია, რომელზე მუშაობის დროსაც იცოდნენ, რომ დასჭირდებოდათ ავტომობილის მფლობელების ცნობიერების ამაღლება და ბაზარზე ახლებური აღქმის დამკვიდრება, რასაც, მისივე თქმით, წარმატებით აკეთებენ.

"როდესაც ბაზარზე სიახლის დამკვიდრებას ცდილობ, შენი პროდუქტი თუ მომსახურება უნდა იყოს საუკეთესო, რის მისაღწევადაც ერთწლიანი ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდა უცხოელ მწარმოებლებსა და მომწოდებლებთან, რა დროსაც ტესტირებისა და ვალიდაციის მრავალი ეტაპი გავიარეთ", – ამბობს ვალერი.

ოთო დათუნაშვილი კი აღნიშნავს, რომ როდესაც სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი თუ მომსახურება ნულიდან იქმნება, ყოველ მცირე ნაბიჯზე უამრავი პრობლემა და წინააღმდეგობა იჩენს თავს, რომლების გადაჭრისა და გადალახვის შემდეგ როგორც წესი კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება.

"ინოვაციური სტარტაპისთვის განვითარების საწყისი ეტაპი ცხრათავიან დრაკონთან ბრძოლას ჰგავს, რომელსაც მოჭრილი თავის ადგილას ორი ახალი ამოსდის. თუმცა, მიუხედავად ამ აურაცხელი ტექნიკური, ლოჯისტიკური და ფინანსური სირთულისა, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მაინც ბაზარზე ავტომობილის რეცხვის აღქმის ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენდა.

ჩვენ ვქმნიდით სერვისის სრულიად ახალ კონცეფციას და ჩვენი ოპერირების საწყის ეტაპზე ძალიან რთული იყო ამ კონცეფციის მომხმარებლის ცნობიერებამდე მიტანა. დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ბაზარზე დაგვემკვიდრებინა ავტომობილის რეცხვის ახლებური აღქმა, რაც იმ დროისთვის ყველასთვის წარმოუდგენლად ჟღერდა და გლობალურად შეგვეცვალა მომხმარებლის ცნობიერება, თუ რამდენად მარტივი შეიძლება იყოს ავტომობილის რეცხვა", – ამბობს ის.

ვალერი ქუფარაშვილი აღნიშნავს, რომ ათასობით კმაყოფილი, ბედნიერი და ლოიალური მომხმარებელი მათი მოტივაციისა და ინსპირაციის წყაროა, რომლებსაც კომპანიის მომსახურებებით უმარტივებენ ცხოვრებას და ეხმარებიან მნიშვნელოვანი დროის დაზოგვაში.

"გვიხარია, როდესაც მომხმარებლების დადებით ემოციებს ვხედავთ, მათ შორის გაკვირვებას, როდესაც პირველად გვიძახებენ და მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ სწრაფად და მარტივად. აგრეთვე, მოტივაციას გვაძლევს ჩვენი სერვისის მდგრადობა, რადგან "ქარაფის" თითოეული გამოძახება ნიშნავს დაზოგილ 150 ლიტრამდე სასმელ წყალს, დაზოგილ საწვავსა და CO2-ისა და სხვა მავნე აირების ემისიის თავიდან აცილებას", – ამბობს ის.

მათი თქმით, ინტენსიურად მუშაობენ CARUP B2B მიმართულების განვითარებაზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიებისთვის დაიწყეს იმავე ღირებულებისა და ბენეფიტების შეთავაზება, რომლითაც უკვე ბევრი კომპანია სარგებლობს.

"ამ დროისთვის ჩვენი კორპორაციული მომხმარებლები არიან საშუალო და დიდი ავტოპარკის მქონე კომპანიები სხვადასხვა სფეროდან: ლოჯისტიკური, სადისტრიბუციო, სადაზღვევო, ავტოსალონები, შოურუმები და გოლფის კლუბიც კი.

უახლოესი 1 წლის განმავლობაში განვახორციელებთ საკმაოდ მნიშვნელოვან, 400%-იან ზრდას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციული მიმართულებით. ამის პარალელურად კი აქტიურად ვიკვლევთ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე მსხვილ ქალაქში გაფართოების შესაძლებლობას. CARUP.GE არის მათთვის, ვინც აფასებს საკუთარ დროს, კომფორტსა და ხარისხს", – ამბობს CARUP-ის თანადამფუძნებელი, ოთო დათუნაშვილი.