''ჩინი'' - თვალისჩინივით მოსაფრთხილებელი ქვეყნის თვალსაჩინოებისთვის გამორჩეულად შეფუთული ბარგი ქართული სტარტაპისგან!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩინი" ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ჩემოდნის არაორდინარული გარსაცმები ქართული იდენტობით შემოგვთავაზა. ამასთანავე, ბრენდმა არაერთი ფუნქციური თუ ვიზუალური მახასიათებლით მოკლე დროში უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა. "ჩინის" არაერთი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ მფლობელისთვის მოგზაურობის დროს ჩემოდნის გაკაწვრის, დაზიანებისა და დასვრისგან დაცვის გარანტია, საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქვეყნის შესახებ მოსაუბრე "ხმაც" არის. ასევე, გამორჩეულად შეფუთული ბარგი მფლობელისთვის უამრავ ჩემოდანს შორის მარტივი ამოსაცნობია. "ჩინი" ქართულ კულტურას, ქვეყნის აქტუალურ თემატიკას საერთაშორისო ასპარეზზე თვალსაჩინოს, პოპულარულსა და ცნობადს ხდის. ის საუბრობს საქართველოზე − ქვეყანასა და სახელმწიფოზე, რომელიც თვალისჩინივით მოსაფრთხილებელია. სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება ბრენდი და უტილიტარულ მახასიათებლებთან ერთად, ღირებული იდეის მატარებელიც ხდება. იდეის, რომელიც დამფუძნებლების − მაკა გურგენიძისა და მისი ქალიშვილის, ირინკა წაქაძისთვის ბრენდზე მუშაობისას ამოსავალ წერტილად იქცა.
არაერთი უპირატესობითა და სიახლით გამორჩეული ქართული ბრენდი ბაზარზე 2019 წლის ზაფხულში ჩაეშვა, თუმცა იდეის გენერირება გაცილებით ადრე, თითქმის სამი წლის წინ დაიწყო. მოგზაურობის მოყვარულმა დედა-შვილმა, პრაქტიკული საჭიროებიდან ნაკარნახევი ჩემოდნის გარსაცმის აუცილებლობა დროთა განმავლობაში რეალობად აქცია. ქსოვილების, ატელიესა და მომწოდებლების მოძიების შემდეგ, გადაწყვიტეს გარსაცმი საქართველოს შესახებ ხმამაღლა მოსაუბრე "ელჩად" ექციათ. საქმეს თავიდანვე შემოქმედებითად მიუდგნენ და "ჩინის" პირველივე ნიმუშები ქართული ანბანის თემატიკით გააფორმეს. თავდაპირველად, როგორც მომხმარებლებმა, "ჩინის" საიმედოობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.
"თუ რაიმეს შენს თავზე არ გამოცდი, როგორც მომხმარებელი, და ამ პოზიციიდან არ შეაფასებ, ღირებულს ვერაფერს შექმნი", − გვეუბნება მაკა გურგენიძე.
აღმოჩნდა, რომ "ჩინი", გარდა ჩემოდნისა და ბარგის დაცვისა, მასზე დატანილი გამოსახულებებით დიდ დაინტერესებას იწვევდა სხვადასხვა ეროვნების მნახველში. მაკამ და ირინკამ აღმოაჩინეს, რომ საქართველოს საკმარისი ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით არ გააჩნია მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ყველა პირობა მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი პოპულარობისთვის. ფაქტი იყო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის მოსახლეობასაც, არაფერი სმენოდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გადაწყვიტეს, ამაზე კიდევ უფრო მეტად ეზრუნათ. ანბანს, გარსაცმების ზედაპირზე საქართველოს დროშისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის − Georgia is occupied by Russia დატანება მოჰყვა. არც ამაზე გაჩერდნენ და გადაწყვიტეს, ქართველი მხატვრები თავიანთი შემოქმედებით მსოფლიოსთვის გაეცნოთ. ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი... "ჩინის" ეგიდით, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და საქართველოსა და მისი უნიკალური მხატვრობის შესახებ მსოფლიოს უამბობენ.
"ჩინის" გამორჩეულობა მასზე დატანილ თემატურ QR-კოდებსაც უკავშირდება. მათი მეშვეობით, გარსაცმის გამოსახულებით დაინტერესებულ ადამიანს შესაბამისი თემის, კომპოზიციის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღება მყისიერად და ციფრულ ფორმატში შეუძლია. მაგალითად, რომელი ნახატი რომელ ქართულ მუზეუმშია გამოფენილი და ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში, სად უნდა ესტუმროს მას.
"ჩინის" გარსაცმით მოგზაურობამ უკვე არაერთხელ დაიმსახურა განსაკუთრებული ყურადღება და დაინტერესება, თუ საიდან მოდის "ჩინი". ყოველი მორიგი მოგზაურობის დროს, ის უფრო და უფრო მეტ ადამიანს აცნობს საქართველოს, როგორც თვალისჩინივით მოსაფრთხილებელ, მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას.
"ჩინისთან" ერთად როცა ვმოგზაურობ, ისეთი განცდა მაქვს, რომ მარტო არ ვარ და ეს საოცარი ემოციის, სიამაყის განცდას ბადებს", − ამბობს მაკა გურგენიძე.
ინოვაციურობა და სითამამე ბრენდის მახასიათებლებად თავიდანვე იქცა. სწორედ ბრენდისა და მისი დამფუძნებლების თამამ და რისკიან ნაბიჯს წარმოადგენდა ენგურის ხიდზე "ჩინის" გამოჩენა, რომელიც 27 სექტემბერს − სოხუმის დაცემის დღეს, მიეძღვნა. საოკუპაციო და ქართული დროშის თემატიკით შემოსილმა ჩემოდნებმა, ბრენდის პოზიცია ენგურის ხიდზე დააფიქსირა. ეს გასვლა მაკა გურგენიძისა და მისი ქალიშვილისთვის საოცრად ემოციური და ახალი უკუკავშირის მომცემი გამოდგა. დაბრუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ღირებულ საქმეს მოჰკიდეს ხელი და რომ "ჩინი" სწორ გზას ადგას.
ახალი სტიმულით აღვსილები კი გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ მუშაობას და ბრენდის შემდგომი განვითარებისთვის დაიწყეს ზრუნვა. "ჩინის" სამომავლო გეგმების სიაში, ბრენდის პროდუქციისა და თემატიკის გაფართოებასთან ერთად, მეტი მოგზაურისთვის ღირსეული, ინფორმაციული მეგზურობის გაწევაც მოიაზრება.
ახალი მოგზაურობის დაგეგმვამდე კი, ქართული იდენტობის მქონე სრულიად გამორჩეული გარსაცმების შეძენა, მსურველებს "ჩინის" FACEBOOK-გვერდზე შეუძლიათ, რათა გამოარჩიონ და გაუფრთხილდნენ როგორც ჩემოდნებს, ასევე საკუთარ კულტურას, ქვეყანასა და იდენტობას.