Get All Access for $5/mo

ჩიზქეიქერი - ჩიზქეიქის სიყვარულით დაწყებული ანტრეპრენერული ამბავი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სად მზადდება ქალაქში საუკეთესო ჩიზქეიქი?" − თუკი სოციალურ ქსელებში არსებულ კულინარიულ ჯგუფებს თვალს ადევნებთ, არაერთხელ შეხვდებოდით მსგავსი შინაარსის შეკითხვებს, რომელთაც უკვე მესამე წელია რეკომენდატორთა უმეტესობა თამამად უპასუხებს: "ჩიზქეიქერი". ყველის დესერტის მიმართ დამფუძნებლის სიყვარულის მოტივით შექმნილი საკონდიტრო დღეს უკვე პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი ბაზარზე და მომხმარებელს მრავალფეროვან დესერტსა და ტორტებს სთავაზობს.

ფოტო: თორნიკე გოცირიძე

"ჩიზქეიქერის" დაარსების ისტორიის, კომპანიის მიმდინარე თუ სამომავლო გეგმებისა და ბრენდის ღირებულებების შესახებ, Entrepreneur თავად დამფუძნებელს − ვეკო დოდაშვილს ესაუბრა.

"ჩიზქეიქი ჩემი საყვარელი დესერტია, განსაკუთრებით, ლურჯი მოცვის ჩიზქეიქი, და მუდმივად მქონდა დანაკლისი, რომ საქართველოში ნამდვილი და მრავალფეროვანი ჩიზქეიქების არჩევანი ფაქტობრივად არ იყო. მუდამ ვხუმრობდი, რომ ერთ დღესაც, ჩემი "საჩიზქეიქე" უნდა გავხსნა-მეთქი. 2017 წელს როცა ჩემი შვილის მეორე დაბადების დღისთვის ვეძებდი კონდიტერს, რომელიც ისეთ ხარისხიან ტორტს დამიმზადებდა, რომ ბავშვებისთვის მირთმევაც შესაძლებელი იქნებოდა, გავიცანი ნინო გუგეშაშვილი − ჩემი პარტნიორი და ჩვენი მთავარი კონდიტერი. დროთა განმავლობაში ნინო და მე დავმეგობრდით და გავუზიარე ჩემი სურვილი ჩიზქეიქების წარმოების შესახებ. ნინოც სიხარულით დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას და დავიწყეთ კვლევა, რეცეპტების დამუშავება, ბიზნესკონცეფციის შემუშავება. კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ ხარისხის შენარჩუნების ერთადერთი გზა მომავლის საკონდიტრო ბიზნესში ონლაინკონცეფციით მუშაობაა. სწორედ ამიტომ, "ჩიზქეიქერის" პროდუქცია ამ ეტაპამდე მაღაზიებისა და ონლაინგაყიდვების გზით მიდის მომხმარებლამდე და ვინაიდან არ ვურევთ საკონდიტრო ბიზნესს სარესტორნო ბიზნესში, ხარისხის შენარჩუნება და დახვეწა შევძელით", − გვიამბობს ვეკო.

ფოტო: თორნიკე გოცირიძე

დღესდღეობით, "ჩიზქეიქერის" საწარმოო მიმართულებას შეფკონდიტერი ნინო გუგეშაშვილი უდგას სათავეში, რომლის კვალიფიციური გუნდი, ბრენდის მომხმარებელთათვის ყოველდღიურად უგემრიელეს დესერტებს ქმნის. 2019 წლიდან − კომპანიის დაარსების მომენტიდან, დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თავდაპირველად "ჩიზქეიქერის" გუნდი სულ ორი ადამიანისგან − დამფუძნებლებისგან შედგებოდა, თუმცა გასულ წელს ეს რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, ხოლო დღეს კომპანია უკვე 12 ადამიანს აერთიანებს. "არ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანები მხოლოდ დასაქმებულები არიან ან ასე გრძნობენ თავს, ამაზე ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან. ისინი არიან ადამიანები, რომელთა მიმართ ყოველდღე მადლიერი ვარ. თითოეული მათგანი ყოველდღე ცდილობს უკეთესი გახადოს კომპანია და რთული სიტუაციების მიუხედავად, რაც ყოველთვის არის ბიზნესში, არასდროს დაუტოვებიათ "ჩიზქეიქერი" მარტო. ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულებაც ეს გახლავთ − გვქონდეს ისეთი კომპანია, რომელიც გვაბედნიერებს", − აღნიშნავს ვეკო დოდაშვილი.

ფოტო: თორნიკე გოცირიძე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ჩიზქეიქერი" 2019 წელს დაარსდა, რასაც სულ რამდენიმე თვეში მოჰყვა პანდემიაც, რომელიც ბიზნესების უმრავლესობისთვის ურთულეს პერიოდად იქცა. გამოწვევებით სავსე რეალობის მიუხედავად, დამფუძნებელთა თქმით "ჩიზქეიქერისათვის" პანდემია პირიქით − ბიზნესის სწრაფი განვითარების წინაპირობა გახდა. "ვინაიდან ჩვენ პირველები ვიყავით საქართველოში, რომლებმაც საკონდიტრო ბიზნესი სრულად ონლაინმაღაზიის ფორმატით დავიწყეთ, 2019 წლის დეკემბრიდან უკვე აწყობილი გვქონდა მიტანის მომსახურება და პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით გადაადგილების შეზღუდვის თუ კაფე-ბარების დაკეტვის შემდეგ, ფაქტმა, რომ ბიზნესს მხოლოდ საწარმოო ფართის იჯარის გადახდა უწევდა და არა ობიექტების, პოზიტიური როლი ითამაშა და უმტკივნეულოდ გაგვატარა ეს მონაკვეთი. რეალურად, ჩვენთვის გამოწვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ისევ დავუბრუნდით ნორმალური ცხოვრების რიტმს და ჩვენი რიგი უპირატესობები ფაქტობრივად გაქრა. თუმცა, დარჩა მთავარი, რის გამო მომხმარებლები ირჩევენ "ჩიზქეიქერს" − უცვლელი ხარისხი წლების განმავლობაში, კომუნიკაცია კლიენტებთან და სწორი სოციალური ღირებულებები", − ამბობს ვეკო.

ფოტო: თორნიკე გოცირიძე

პოსტპანდემიურ რეალობაში, "ჩიზქეიქერმა" მოახერხა გადაეხედა ბრენდის სტრატეგიისათვის და პროდუქციის მრავალფეროვნების გარდა, მაღალი ხარისხის სწრაფი კვების ხაზი და სასმელები შემატა მენიუს. დღეს, "ჩიზქეიქერის" სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ბრენდის ფილიალებში შეიძინონ (ან ისარგებლონ გამოძახების სერვისით) და მიირთვან არა მხოლოდ დესერტები, არამედ ჯანსაღი სალათები, სენდვიჩები, ვრეფები და აარჩიონ სასურველი ლანჩ-მენიუ სასურველ სასმელთან ერთად.

როგორც ვეკო საუბრისას აღნიშნავს, ბიზნესში მთავარია ადამიანი, ხოლო ნებისმიერი პერსონა, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის შექმნასა თუ შემდგომ შეძენაში, "ჩიზქეიქერისთვის" მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიდგომის წყალობით, ბრენდმა შეძლო საერთო ღირებულებების გარშემო შემოეკრიბა ერთგულ მომხმარებელთა "კლუბი", რომლებიც პირველები იგებენ კომპანიის სიახლეების შესახებ, ერთვებიან დეგუსტაციის პროცესში, აბრუნებენ უკუკავშირს და ეხმარებიან "ჩიზქეიქერს" ყოველდღიურ ზრდასა და განვითარებაში. ცნობისთვის, "ჩიზქეიქერის" არსებობის ისტორიაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახლავთ კლასიკური ჩიზქეიქი კენკრით, ისევე, როგორც საფირმო "ტირამისუ" და "შუ". ხოლო სეზონურად, ყველაზე გაყიდვადი დესერტებია ფისტას და ჟოლოს ტორტი, ასევე მოცვის ჩიზქეიქი.

ფოტო: თორნიკე გოცირიძე

"ჩიზქეიქერმა" სულ რაღაც სამ წელიწადში მოახერხა ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო საკონდიტროს რეპუტაციის მოხვეჭა, თუმცა ეს მხოლოდ ხარისხიანი და გემრიელი დესერტების ხარჯზე არ მომხდარა. ბრენდის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის სოციალურმა პასუხისმგებლობამ და აქტიურობამ, რომელსაც კომპანიის დამფუძნებლები სისტემატურად იჩენენ. "ჩიზქეიქერი" აქტიურად მონაწილეობს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის კამპანიებში, ასევე მუშაობს ქალთა გაძლიერებაზე და ხელს უწყობს მათ დასაქმებას, ანაზღაურებადი პრაქტიკებით შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. "ჩიზქეიქერი" გახლავთ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც თავისი სრული გაყიდვების 20% მიმართა უკრაინის დასახმარებელი ფონდისკენ, როგორც კი ომი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის. "დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ბიზნესი, მისი ზომის მიუხედავად, ასეთ კამპანიებში ჩართულობით დიდ წვლილს შეიტანს როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაში, ისე სწორი ღირებულებების შექმნასა და დამკვიდრებაში", − აცხადებს ვეკო დოდაშვილი.

ამჟამად "ჩიზქეიქერი" ზრდისა და განვითარების აქტიურ ფაზაშია. ახლახან, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 11-ში გაიხსნა კომპანიის მეორე ფილიალიც, ხოლო უშუალოდ საწარმოო სივრცე და პირველი მაღაზია საბურთალოზე, ონიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გარდა ამისა, ვეკოს თქმით, იგეგმება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მესამე ფილიალის გახსნაც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ასორტიმენტის გაფართოების პარალელურად, კომპანია კორპორაციული მომსახურების სფეროს მაქსიმალურად ათვისებაზე აქტიურად მუშაობს. "ჩიზქეიქერი ამ ეტაპზეც ემსახურება კორპორაციულ კლიენტებს, თუმცა გვსურს, მიწოდება მოთხოვნას გავუთანაბროთ. ამ მხრივ, ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, ვისთვისაც პროდუქციის ხარისხი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები უმნიშვნელოვანესია", − აცხადებს "ჩიზქეიქერის" თანადამფუძნებელი, ვეკო დოდაშვილი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია