Get All Access for $5/mo

''ჭრებალოს მარნის'' ტრადიციებით შთაგონებული ღვინო და სამზარეულო სტუმარ-მასპინძლობა რაჭულად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაჭა-ლეჩხუმი მეღვინეობისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში ისტორიული რეგიონია. ბუნებრივი პირობები ოდითგანვე ხელს უწყობდა ვაზის კულტურის გავრცელებასა და ხარისხიანი ღვინის დაყენებას. საკმარისია გავიხსენოთ უმაღლესი ხარისხის, წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო "ხვანჭკარა", რომელიც რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ღვინოსთან ერთად, რაჭაში აღსანიშნავია ტრადიციული სამზარეულო − უგემრიელესი შქმერულით, ქოთნის ლობიოთი, რაჭული ლორითა და რაჭული ლობიანით. აქედან გამომდინარე, გარდა თვალწარმტაცი ბუნებისა, რაჭა-ლეჩხუმი ყოველთვის იპყრობს გურმანთა ყურადღებას.

სწორედ ამ ტრადიციებზე დაყრდნობით, მირიან ჭიღვარიამ და სოფო და სალომე ლეკიშვილებმა ახალი ბრენდი − "ჭრებალოს მარანი" დააფუძნეს. კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს. სწორედ ამან განაპირობა საწარმოსა და მარნის დაარსება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში. ბრენდი ამ დასახლებაში ქმნის სრულიად ახალ სივრცეს, რაც დამფუძნებელთა წინაპრების საუკუნენახევრის წინანდელ წამოწყებას ღირსეულად აგრძელებს.

დღესდღეობით, კომპანია, ღვინის წარმოების გარდა, მოიცავს რესტორანსა და ტურისტულ მარანს, სადაც მომხმარებლებს ღვინის დაგემოვნება ადგილზე შეეძლებათ. "ჭრებალოს მარანი" რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან რვა სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრადტკბილ ღვინოსა და ჭაჭა "რაჭაჭას" აწარმოებს. მარანი წელიწადში დაახლოებით 20 000 ბოთლს აწარმოებს, საიდანაც ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე, ნახევარი კი ექსპორტზე გააქვს. ამ ეტაპზე "ჭრებალოს მარნის" ღვინო წარმატებით იყიდება ბალტიის ქვეყნებსა და აშშ-ში.

"გვსურს, ეს ადგილი სხვებმაც შეიყვარონ. აქ მყუდრო, სტუმართმოყვარე, გულით და ძველი ცოდნით მომზადებული კერძები ეგულებოდეთ და აქ ჩამოსვლა ენატრებოდეთ. ამ წამოწყების მიზანია, რაჭა-ლეჩხუმში სტუმარი არ ილეოდეს, რაც რეგიონის მრავალმხრივ განვითარებასაც შეუწყობს ხელს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მირიან ჭიღვარია. "ჭრებალოს მარნის" გუნდმა ძველი რაჭული კერძები მოიძია, განაახლა, მოარგო რესტორნის ახალ კონცეფციას და შექმნა ტრადიციული რაჭული კერძების ახალი გემოები, თუმცა მათ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ კერძებსაც, რომლებიც უცვლელად იმეორებს ტრადიციულ რაჭულ რეცეპტს. კარტოფილის მოლესილა ყველითა და ლორით, კალმახი შემწვარი კაკლის ფოთოლში, ლობიო ქოთანში მწვადით, პაშტეტი შქმერულად, ლობიანი ლორით, ფხლის დაფა და სხვა − ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მომხმარებლებს რაჭის სტუმრობისას დახვდებათ. "დღეს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი მეღვინეობისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში განვითარების რთულ გზას გადის, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ამ რეგიონში ორივეს დიდი წარსული აქვს. ჩვენ თავიდანვე ყველაფერი წარსულზე, ტრადიციებსა და ისტორიაზე დავაფუძნეთ. ვცდილობთ, ეს ყველაფერი ახლებურად მოვიტანოთ მომხმარებელთან. მთავარი ფასეულობაც ესაა გვსურს, ჩვენი ბრენდი არ ამოვარდეს რეგიონის შინაარსიდან. ლოგო, ეტიკეტი, დიზაინი, ინტერიერი, კერძები ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული", − აღნიშნავს სოფო ლეკიშვილი.

"ჭრებალოს მარნის" ღვინო და მასთან შესაბამისი სამზარეულო, სრულად გამოხატავს როგორც ტრადიციულ, ისე ახლებურ გემოებს. ამის მისაღწევად კი, კომპანიის თანამშრომლების 90% ადგილობრივი მაცხოვრებელია, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან ადგილობრივი სპეციფიკა და ტრადიციული გემოები. დღესდღეობით, გუნდში თხუთმეტი ადამიანია, თუმცა თანამშრომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. "მთავარია მთელი გუნდი ვიზიარებდეთ ღირებულებებს, რომლებიც კომპანიის შექმნის საფუძველია. აუცილებელია, თანამშრომელს ჰქონდეს გუნდურობის შეგრძნება. ჩვენი მხრივ კი, ვცდილობთ, კადრები გადავამზადოთ და დავეხმაროთ კვალიფიკაციის ამაღლებაში", − აღნიშნავენ დამფუძნებლები.

"ჭრებალოს მარანი" ქართულ ტურიზმში ასოცირდება მყუდრო გარემოდ, სადაც მხიარული და გულღია მასპინძლობაა, ტრადიციულ და ამავე დროს, ახალი ხედვებით შექმნილ პრემიუმხარისხის ღვინოსა და გემოებთან ერთად. ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის ამ ხასიათს "ჭრებალოს მარნის" განსაკუთრებული ინტერიერი ქმნის. ათწლეულების განმავლობაში დაკეტილ შენობას, რესტავრაციის შემდეგ პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა. "გვინდოდა, ამ გარემოში სტუმრებსაც შეჰქმნოდათ განწყობა, რომელიც ჩვენ გვიყვარს აქ ყოფნისას ჭრებალოში ყოველი ჩამოსვლა ჩვენთვის თან ძველ სახლში დაბრუნებაა, თან ახალი მოგზაურობის დასაწყისი. ასეთი გარემოს შექმნაში კი ჩვენი მეგობრები დოდოშკა და თაკო ჩხეიძეები, ასევე, მათი კომპანია Dodo Designs, დაგვეხმარნენ, რისთვისაც უზომოდ მადლობელნი ვართ. ინტერიერის არცერთი დეტალი არ არის შემთხვევითი. ყველა ელემენტი ინსპირირებულია ძველი კინოკადრებიდან და ფოტოებიდან. გამოყენებულია ძველი რაჭული ოდის ორნამენტები", − განმარტავს სალომე ლეკიშვილი.

რაჭა-ლეჩხუმი უდიდეს ტურისტულ პოტენციალს ფლობს და სწორედ ამ მიმართულებით, ბრენდს ახალი სამომავლო გეგმები აქვს. ამჟამად, ანტრეპრენერებს დაწყებული აქვთ მუშაობა სასტუმროს პროექტსა და კონცეფციაზე, რომელიც სრულიად ახალ და გამორჩეულ სივრცეს შექმნის რაჭის სტუმრებისთვის.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"