ჩვენ ბათუმში გავიზარდეთ და დღესაც აქ ვცხოვრობთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წელია, ბათუმი სწრაფად ვითარდება. მზარდი ტურისტული ინტერესი, უცხოური ინვესტიციები და საცხოვრებელზე მოთხოვნა ქალაქს ცვლის. ამ ბაზარზე მომუშავე დეველოპერები ზრდის გაგრძელებას ელიან. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ვინ და რა პრინციპებით წარმართავს ამ პროცესს.

ONE Development-ის დამფუძნებლის, ლუკა გერეხელიას თქმით, ქალაქის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ძველი, ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაა. ბათუმის ცენტრში ჯერ კიდევ დგას საბჭოთა პერიოდის არაერთი სახლი, სადაც ცხოვრებას საფრთხეს უქმნის სეისმური მოწყვლადობა, ხანძრის რისკი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

ONE Development-მა ამ პრობლემის მოგვარება ახალი, უსაფრთხო სახლის მშენებლობით გადაწყვიტა: ყოფილ მცხოვრებლებს ბინებს იმავე ადგილას სთავაზობს. ინასარიძის ქუჩაზე, ყოფილი "ლუდსახარშის" ტერიტორიაზე მდგარი ავარიული შენობის ნაცვლად, კომპანიამ ONE Tower-ის მშენებლობა დაიწყო. ეს ბათუმის მუნიციპალური "უსაფრთხო შენობების" პროგრამის პირველი პროექტია.

"ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად მივიღეთ. ვაშენებთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით – ღრმა ღეროვანი საძირკვლით, სეისმური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. მიმაჩნია, რომ სექტორმა საკუთარ თავს გაცილებით მაღალი მოთხოვნები უნდა დაუწესოს – როგორც ახალი პროექტების უსაფრთხოების, ისე ძველი, საფრთხის შემცველი შენობების პრობლემის მოგვარების მიმართულებით".

ONE Development შედარებით ახალი კომპანიაა, თუმცა ორ წელზე ნაკლებ დროში მისი პორტფოლიო უკვე ხუთ პროექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართობი 415 000 მ²-ია. მათ შორისაა ONE Tower, ONE Residences, Sport City და HOME. სამი პროექტი ბათუმში მდებარეობს, თითო – გონიოსა და ურეკში. პროექტებს TBC ბანკი აფინანსებს.

კომპანიის დამფუძნებლები ბათუმელები არიან და დღესაც აქ ცხოვრობენ. მათი თქმით, ქალაქის განვითარება მათთვის პირადი პასუხისმგებლობაცაა. ამ დამოკიდებულებას ეფუძნება კომპანიის მთავარი იდეა: მშენებლობას წინ უნდა უძღოდეს კონცეფციის შემუშავება და მომავალი მცხოვრებლების საჭიროებების გააზრება. ბათუმში წლების განმავლობაში სხვადასხვა კულტურის, ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ. ეს თანაცხოვრება და კულტურული მრავალფეროვნება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად იქცა.

"ჩვენ ბათუმში გავიზარდეთ და დღესაც აქ ვცხოვრობთ. აქ თითოეული ცვლილება ჩვენს თვალწინ მოხდა. ჩვენი მთავარი იდეა იყო, შეგვექმნა კომპანია, რომელიც ჯერ კონცეფციასა და ადამიანის საჭიროებებზე იფიქრებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა მშენებლობას".

ქალაქის ცვლილებებზე დაკვირვებისას დამფუძნებლები იმაზეც ფიქრობდნენ, რა როლი უნდა ჰქონოდა დეველოპერულ სექტორს ბათუმის მომავალში. კომპანიის შექმნის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი მათი საქმიანობის პრინციპად იქცა:

"გვინდოდა, რომ ჩვენი მონაწილეობა ბათუმის ზრდასა და განვითარებაში სარგებლის მომტანი ყოფილიყო ქალაქისთვის – გვინდა, რასაც ვაშენებთ, ქალაქს დადებითად ცვლიდეს".

ბოლო წლებში ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დეველოპერულ ბაზრად ჩამოყალიბდა. ქალაქის ზრდასთან ერთად მყიდველის მოთხოვნებიც შეიცვალა: უძრავი ქონების შეძენისას მომხმარებელი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხარისხს, ინფრასტრუქტურას, გარემოსა და პროექტის გრძელვადიან ღირებულებას. ONE Development-ში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ახალ შესაძლებლობებს აჩენს ხარისხზე ორიენტირებული კომპანიებისთვის, ამიტომ კომპანიაში პროექტს კომერციულ წარმატებასთან ერთად იმითაც აფასებენ, თუ როგორ შეცვლის შენობა და მის გარშემო მოწყობილი სივრცე ქალაქს.

მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანია თავის უპირატესობას კონკრეტულ საპროექტო გადაწყვეტილებებში ხედავს. უპირველესად, ეს სივრცის სწორ დაგეგმარებას გულისხმობს: პროექტის მასშტაბი და ინფრასტრუქტურა ისე უნდა განისაზღვროს, რომ საერთო ტერიტორია არ გადაიტვირთოს. ამ მიდგომას ავსებს საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების დაცვა და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა.

"სწორედ ამიტომ ჯერჯერობით შეგნებულად არ ვიღებთ ახალ პროექტებს – გვინდა, რომ ჩვენი მთელი რესურსი და ყურადღება არსებულ პორტფოლიოსა და მის ხარისხზე იყოს კონცენტრირებული, ვიდრე რაოდენობის ზრდაზე ვიფიქრებდეთ. გვაქვს სამი მიმდინარე პროექტი ბათუმში, თითო – გონიოსა და ურეკში, და თითოეულს თავისი ინდივიდუალური კონტექსტი აქვს".

ადგილის კონტექსტის გათვალისწინება ONE Development-ის ბიზნესფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სექტორში, სადაც წარმატებას ხშირად აშენებული კვადრატული მეტრებითა და გაყიდვების ტემპით ზომავენ, კომპანია პროექტზე მუშაობას გარემოს შესწავლით იწყებს:

"როცა მიწის ნაკვეთს ვირჩევთ, ჯერ ვსწავლობთ ადგილის ხასიათს, გარემოს, სამეზობლოს ისტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ ვსაზღვრავთ მასშტაბს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შენობა ორგანულად ჩაჯდეს გარემოში და არ იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი".

ამ მიდგომამ შეიძლება მოკლევადიანი მოგება შეამციროს: ზოგჯერ მცხოვრებლების კომფორტისთვის ბინების რაოდენობის შემცირება ხდება საჭირო. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის კონცეფციაზე მუშაობისას პრიორიტეტს მომავალი მცხოვრებლის ცხოვრების ხარისხს ანიჭებენ.

"პროექტირებისას ვითვლით არა მხოლოდ მცხოვრებლების რაოდენობას, არამედ რეალურ დატვირთვასაც – რამდენად გაიზრდება ავტომობილების ნაკადი, რესურსების მოხმარება ან სად დაისვენებს ეს ხალხი. მაგალითად, Sport City-ში 5 000 კვადრატული მეტრი სრულად დავუთმეთ დასასვენებელ ზონას. ეს ფართია, რომლის გაყიდვაც არ ხდება, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს, იქნება თუ არა იქ ცხოვრება კომფორტული 10 წლის შემდეგაც".

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ხარისხის ხარჯზე მიღებული ფინანსური სარგებელი გრძელვადიან დანაკარგად შეიძლება იქცეს. ასეთი გადაწყვეტილება აზიანებს როგორც კონკრეტულ კომპლექსს, ისე ქალაქის მიმზიდველობას.

ONE Development სწრაფად იზრდება, თუმცა მომდევნო წლების სტრატეგიაში პროექტების რაოდენობასთან ერთად პორტფოლიოს მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვანია. ამ სტრატეგიის ნაწილია გონიოსა და ურეკში დაწყებული პროექტებიც.

"ზრდაში ვგულისხმობთ არა უბრალოდ პროექტების რაოდენობას, არამედ მრავალფეროვნებას – საცხოვრებელი, სასტუმრო და ბიზნესსექტორები ერთმანეთს უნდა ავსებდეს. სწორედ ამიტომ გავცდით ბათუმს და დავიწყეთ პროექტები გონიოსა და ურეკში, სადაც ხარისხიან პროექტებზე მოთხოვნა კვლავ დიდია".

კომპანიაში ამბობენ, რომ გაფართოებისას სივრცის სწორი დაგეგმარება და არქიტექტურული ხარისხი კვლავ პრიორიტეტად დარჩება:

"რაც შეეხება პრინციპებს, რომლებსაც არასდროს დავთმობთ – ეს არის სივრცის სწორი დაგეგმარება და არქიტექტურული ხარისხი. მასშტაბირების გამო არ ვაპირებთ პროექტებში ბინების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას იმ ზღვარს მიღმა, რაც მცხოვრებლისთვის კომფორტულია".

ლუკა გერეხელიასთვის კომპანიის საქმიანობის მთავარი საზომი წლების შემდეგ მცხოვრებლების კმაყოფილება და ქალაქში მოპოვებული ნდობა იქნება:

"რეალური ღირებულება იმაშია, თუ რამდენად მოსწონთ ადამიანებს იმ სივრცეში ცხოვრება, რომელიც შევქმენით. თუ ONE Development-ის სახელი ბათუმში სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება, ჩავთვლი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია".