CoNet - ქართულ-ამერიკული ბიზნესის პირველი "ხიდი"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
CoNet ბიზნესკლუბი პირველი პლატფორმაა აშშ-ში, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ემსახურება. კერძოდ, კლუბის ფარგლებში ეწყობა ღონისძიებები ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, მათ შორის სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებადი ბიზნეს-კლასტერებისთვის, ასევე იგეგმება ნეთვორქინგ-შეხვედრები და გამოფენები, ამერიკაში არსებული ბიზნესებისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით.
კლუბის დამფუძნებლებს საქართველოსა და აშშ-ში მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, კერძოდ კი ბიზნესსაკონსულტაციო, დეველოპერული, მარკეტინგული და მედიაბიზნესით არიან დაკავებულები. თითოეული მათგანი მუდმივად ადევნებს თვალს ბაზრის განვითარების ტენდენციებს, რომელიც ცხადყოფს, რომ იზრდება მოთხოვნა ქართული ბიზნესის ამერიკაში ინტეგრირებისადმი. ხოლო ამერიკაში მცხოვრებ იმიგრანტებში შეიმჩნევა გაზრდილი ინტერესი საკუთარი ბიზნესიდეების განვითარების კუთხით.
აქამდე ამერიკაში არ არსებობდა სივრცე, სადაც ბიზნესზე ორიენტირებული საზოგადოება შეიქმნებოდა და შეძლებდნენ გამოცდილების, კონტაქტებისა და ინფორმაციის გაზიარებას. აქედან გამომდინარე, დაიბადა CoNet Business Club-ის შექმნის იდეა, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს დაანონსდა.
"ნებისმიერი სტარტაპი მოითხოვს გამბედაობას, მით უმეტეს სტარტაპ-ბუმის ეპოქაში და მით უფრო ამერიკაში, რომელიც ბიზნესის მიმართულებით ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ბაზარზე უკონკურენტოდ შემოსვლის სირთულე და რისკიც კარგად გვაქვს გააზრებული და ვფიქრობთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ "პირველობის" სტატუსს − იმისათვის, რათა გავხდეთ წარმატებული მაგალითი სხვა ბიზნესებისთვის. საჭიროება იმდენად მაღალია, რომ მისი წონა ყოველგვარ რისკს აჭარბებს. საკმაოდ ხანგრძლივი დაგეგმვის შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ დროა არსებობდეს სივრცე, რომლის წევრებიც რეალური წარმატებისთვის და შედეგებისთვის ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ", − აღნიშნავს თიკო მაღრაძე, Conet Business Club-ის CEO.
მართალია, ამერიკაში ნეთვორქინგის, ბიზნესკლუბისა და კონსულტაციის მიმართულება საკმაოდ კარგად არის განვითარებული, თუმცა CoNet-ის სამიზნე აუდიტორია საქართველოში ოპერირებადი ბიზნესები და ამერიკაში იმიგრირებული ქართველები არიან. შესაბამისად, რთული ამოცანა იყო თითოეული მათგანისთვის კლუბის ღირებულების სწორად წარდგენა. გარდა ამისა, CoNet-ის დამფუძნებლებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს, რათა ამერიკელი ექსპერტები კლუბის საქმიანობაში ჩაერთოთ. დღეს კლუბი უკვე 6 ამერიკელ ექსპერტს აერთიანებს, რომლებიც ელ-კომერციის, დეველოპმენტის, უძრავი ქონების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ფანდრაიზინგის და ივენთ-მენეჯმენტის კუთხით არიან ჩართულნი კლუბის განვითარებაში და მაქსიმალურად აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას წევრებისთვის.
"პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და მომხმარებელზე ფოკუსირება − ეს არის სამი აუცილებელი წესი, რომელიც სტრატეგირების, სწორი ხედვისა და სწორად გადადგმული ნაბიჯების გარანტია; მნიშვნელოვანია, რომ იდეა, რომელიც უკვე "მზად არის" − ძალიან სწრაფად ავამოქმედოთ; დავიწყოთ, მაშინაც კი, თუ ყველაფერი იდეალურად არ არის − რადგან ბაზრის ტრენდი, მოთხოვნა და სპეციფიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მხოლოდ მოძრაობა, ჩართულობა და ადაპტირების უნარი მოგვცემს შესაძლებლობას მყარად დავრჩეთ და განვვითარდეთ ბაზარზე", − აღნიშნავს თიკო მაღრაძე.
CoNet-ის მოკლევადიანი გეგმა ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვის ამერიკის ბიზნესრესურსებზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფას, ინდუსტრიების შესაბამისად მოთხოვნების დამუშავებას და ნეთვორქინგის, ტრენინგებისა თუ ინფორმაციის გაზიარების რეგულარულ ციკლს მოიცავს.
Entrepreneur-თან საუბრისას თიკო მაღრაძემ აღნიშნა, რომ კლუბის ფარგლებში ამერიკაში ქართული ბიზნესის პოპულარიზაცია იგეგმება სამშენებლო, ჯანდაცვის, ტურიზმის, გასტრონომიული და made in Georgia-პროდუქტების მიმართულებით. ამ პროცესის მიზანი ერთია − ბიზნესსა და ინდივიდებს საქართველოში ინვესტირების, პარტნიორობის და სერვისების მიღების შესაძლებლობა გააცნონ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან სექტორული კვლევა ჩაატარონ და შეისწავლონ ბიზნესის ფინანსირების, კონკრეტული პროექტების განვითარების, თანაინვესტირების, ფრენჩაიზ-პროექტების, ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები, რომლებსაც შემდგომ პროდუქტების სახით შესთავაზებენ ბიზნესკლუბის წევრებს.
გარდა ამისა, CoNet-ი ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით იწყებს მუშაობას, რათა უკვე გამოკვეთილ ბიზნესპროექტებს სტრატეგიების წარმატებით განხორციელებაში დაეხმაროს. პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტებზე ბიზნესის მიმართულებით. იგეგმება კოლაბორაცია ამერიკულ უნივერსიტეტებთან, პროფესორებთან და ბიზნესმენებთან − ერთობლივი მასტერკლასების, ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარების კუთხით როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში.