Craftory Academy – სივრცე, სადაც ავეჯის კონსტრუქტორისა და დიზაინერის პროფესიის სრულფასოვნად შესწავლაა შესაძლებელი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ავეჯის დიზაინსა და დამზადებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, თუმცა გამოწვევად რჩება ისეთი კურსები თუ სასწავლო სივრცეები, სადაც მსურველები შეძლებენ, ავეჯის კონსტრუქტორის პროფესიას სრულფასოვნად დაეუფლონ.
ამ საჭიროების პასუხად შეიქმნა Craftory Academy, სადაც სწავლება იწყება თეორიით, მაგრამ მთავრდება პრაქტიკული გამოცდილებით – რეალურ სამუშაო გარემოში, კომპანიებთან პარტნიორობით და ეტაპობრივად, პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით.
როგორც Craftory Academy-ს დამფუძნებელი და მენტორი, გიგა ხარებაშვილი ამბობს, Craftory Academy-ს კონცეფცია მარტივია: სტუდენტებს შეუძლიათ სწავლება საწყისი წერტილიდან ბოლო ეტაპამდე, რაც მოიცავს: მასალების არჩევიდან დიზაინის განხორციელებამდე პროცესს და რეალური პროექტების შესრულებას.
"იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა სოციალური ქსელებისა და პირადი კომუნიკაციის დროს ხშირად ვხვდებოდი კითხვებს: "სად შეიძლება ავეჯის კონსტრუქტორობის სწავლა?", "ვის შეუძლია დამეხმაროს?" – რეალური პასუხი კი არ არსებობდა. წლების განმავლობაში რამდენჯერმე მომმართეს ინდივიდუალური კონსულტაციის თხოვნით. ცხადი გახდა, რომ მოთხოვნა მაღალი იყო. ჩემი პირადი გამოცდილებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა – როცა ამ სფეროში დავიწყე მუშაობა, არ არსებობდა ლიტერატურა, კურსი, მენტორი ან ადამიანი, ვინც დამაკვალიანებდა. ამ ბარიერების გამო, ბევრ კომპანიაში კონსტრუქტორის მოვალეობები სხვადასხვა თანამშრომელზეა გადანაწილებული, ხოლო პროფესიული სტანდარტები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ამ გარემოებებმა გადამაწყვეტინა, შემექმნა კურსი, რომელიც სხვებს თავიდან აარიდებდა იმავე სირთულეებს, რაც თავის დროზე მე გავიარე. მსურდა, ჩემი ცოდნა – მრავალი მცდელობის, გამოცდილების, დაშვებული შეცდომების, ექსპერიმენტებისა და წლების პრაქტიკის შედეგი – გამეზიარებინა მათთვის, ვისაც სურს კონსტრუქტორის პროფესიას მაღალ დონეზე დაეუფლოს", – გვიყვება გიგა ხარებაშვილი.
Craftory Academy-ს ამჟამად ორი ძირითადი მიმართულება აქვს: ავეჯის კონსტრუქტორობა და დიზაინი. ავეჯის კონსტრუქტორები სწავლობენ, რა სახის მასალები არსებობს, სად მოიძიონ ისინი, როგორ ხდება მექანიზმების შერჩევა და როგორ შექმნან სრული კონსტრუქციული ნახაზი თავიდან ბოლომდე. დიზაინერები კი სწავლობენ არა მხოლოდ პროგრამებსა და თეორიას, არამედ ყველა საჭირო მასალას, მათ მახასიათებლებსა და გამოყენების წესებს, რაც უშუალოდ მუშაობაში სჭირდებათ და საბოლოო პროდუქტზე აისახება.
კურსების მთავარი პრინციპია, რომ სწავლება არ შემოიფარგლოს თეორიით – სტუდენტი პრაქტიკული შეხვედრებით და სამუშაო პროცესების გაცნობით სრულ პროფესიულ გამოცდილებას იღებს. აკადემია ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას კარიერულ განვითარებაში – სტუდენტები დასაქმების ან ფრილანსერული საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას იღებენ.
გიგა ხარებაშვილის თქმით, მისი იდეის ბიზნესად ქცევა გაბედულ ნაბიჯად მიაჩნია:
"თავიდან არ ვიცოდი, რამდენი ადამიანი დაინტერესდებოდა, მით უფრო მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ ერთი კურსით დაიწყო. ამასთან ერთად, პირველად ვქმნიდი კურსს – პროგრამის შედგენის პროცესი და სწავლების პასუხისმგებლობა ჩემთვის ახალი იყო. ასევე, ვიცოდი, რომ თავად მომიწევდა სარეკლამო ვიდეოებისა და კონტენტის შექმნაც, რაც ჩემთვის ასევე სრულიად ახალი გამოცდილება იყო. ფინანსურად რისკი დიდი არ ყოფილა – ბიუჯეტი ძირითადად რეკლამასა და მარკეტინგზე დაიხარჯა. კარგად ვიცოდი, რომ თუ არ გავრისკავდი, ან სხვა დამასწრებდა, ან საერთოდ ვერ შევძლებდი იდეის რეალობად ქცევას. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და შევქმენი სასწავლო კურსი. საწყის ეტაპზე ყველაზე რთული პირველი ნაკადის შევსება იყო. საზოგადოების დიდი ნაწილი ავეჯის კონსტრუქტორის პროფესიას არ იცნობს, შესაბამისად, თავიდან კურსის მნიშვნელობის ახსნა იყო საჭირო. მეორე გამოწვევა სწორი აუდიტორიის მოძებნა გახლდათ. მიუხედავად ამისა, მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და პირველი ნაკადი ზუსტად დაგეგმილი ვადების მიხედვით შეივსო. კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რომ რამდენიმე კომპანია თავად დაგვიკავშირდა თანამშრომლობის შეთავაზებით. მათ სურვილი გამოთქვეს, დაესაქმებინათ ჩვენი სტუდენტები. ამან დამატებით დამარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიე და ბაზარზე მნიშვნელოვანი სიცარიელე შევავსე".
გიგა ხარებაშვილი ამბობს, რომ მისთვის მოტივაციაა მიღწეული შედეგი, სტუდენტებისა და კომპანიების უკუკავშირი, მათი კმაყოფილება და ჩართულობა:
"დიდ ინსპირაციას მაძლევს ისიც, როცა კომპანიები გვიკავშირდებიან თანამშრომლობის სურვილით. ეს ნიშნავს, რომ ხედავენ კურსის ღირებულებას, ენდობიან ჩვენს სისტემას და სურთ ჩვენი სტუდენტების განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები გვიზიარებენ, რამდენი ხანი ეძებდნენ მსგავს კურსს".
Craftory Academy-ს დამფუძნებლის თქმით, მისი მთავარი მიზანი ბევრი კურსის შექმნა არ არის – პრიორიტეტი ისეთი პროგრამების შემუშავებაა, სადაც სტუდენტები რეალურ, პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ და კურსის დასრულებისთანავე შეძლებენ მის ეფექტიანად გამოყენებას. გიგა ხარებაშვილი ამბობს, რომ თითოეული ნაკადის მიმდინარეობისას იკვეთება დეტალები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, Craftory Academy მუდმივად მუშაობს სილაბუსების, სწავლის პროცესისა და პრაქტიკული შეხვედრების გაუმჯობესებაზე.
Craftory Academy-ს დამფუძნებელი კონკრეტულ სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებს:
"იანვრიდან იგეგმება ახალი ნაკადების შევსება უკვე არსებულ კურსებზე, განახლებული პროგრამებით და კიდევ უფრო ღირებული წვდომით პრაქტიკაზე. ვგეგმავ სტაჟირების პარტნიორთა მოძიებას, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს, ცოდნა სამუშაო გარემოში გადაიტანონ და პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ასევე, ჩემი მიზანია Craftory Academy-ს ფიზიკური სივრცის შექმნა, რომელიც დაეთმობა პრაქტიკულ შეხვედრებს, ვორქშოპებს და სწავლების სხვადასხვა ფორმატს"