დავით ზღუდაძე - Mastercard-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისების სათავეში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გლობალური ფინანსური და საგადახდო ინდუსტრია წლიდან წლამდე იცვლება და ახალ ტენდენციებთან თუ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ტექნოლოგიების როლი განუზომლად იზრდება. განვითარების აჩქარებულ ტემპთან ერთად, საზოგადოებისათვის დრო მართლაც ყველაზე ძვირფას რესურსად იქცა და შესაბამისად, სიმარტივე, სისწრაფე, მოქნილობა და პროცესების ინკლუზიურობა თანამედროვე ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს სთავაზობს მსოფლიო ფინანსურ ბაზარს გადახდების ინდუსტრიის გლობალური ლიდერი, ტექნოლოგიური კომპანია Mastercard, რომელიც უკვე არაერთი წელია, რაც 210-ზე მეტ ქვეყანაში, უსწრაფესი საპროცესო ქსელით ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს; მისი პროდუქტები ამარტივებს, უსაფრთხოსა და ეფექტიანს ხდის მომხმარებლისა თუ ბიზნესების ყოველდღიურ საქმიანობას და რაც ყველაზე მთავარია, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტით, არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Mastercard უკვე თითქმის ხუთი წელია, რაც საქართველოში ადგილობრივი ოფისითაა წარმოდგენილი, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულიდან კომპანიამ გადაწყვიტა გაეზარდა ქართული გუნდი, დაეწყო რეკრუტინგის ახალი ტალღა, ხოლო საქართველოსა და მეზობელი სომხეთის წარმომადგენლობა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის − დავით ზღუდაძის მმართველობის ქვეშ გაეერთიანებინა.
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ Mastercard-ის ახალი რეგიონული მენეჯერის − დავით ზღუდაძის პროფესიული წარსული, მისი გუნდის ხედვა, კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტები, როგორც უშუალოდ ქართულ საგადახდო ინდუსტრიაში, ისე ზოგადად, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან არაერთ სფეროში.
ბატონო დავით, როგორ ვიცით, სულ რამდენიმე თვეა, რაც Mastercard-ს ხელმძღვანელობთ საქართველოსა და სომხეთში. გთხოვთ გვიამბოთ ამ ახალი თანამდებობის შესახებ. რა სახის პროცესები უძღოდა თქვენს დანიშვნას და რას ნიშნავს უშუალოდ თქვენთვის ამ მასშტაბის კომპანიის "ქანთრი"-მენეჯერობა?
ამ ახალ პოზიციაზე, ოფიციალურად, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დავინიშნე. Mastercard-ის ქართულ გუნდს 2020 წლის სექტემბრის თვიდან შემოვუერთდი და მას შემდეგ, დაახლოებით ორი წელი ექაუნთ-მენეჯერის პოზიციაზე ვიმუშავე. იმ დროისთვის, ქართულ ოფისს ჩემი უკრაინელი კოლეგა ხელმძღვანელობდა, თუმცა მან გარკვეული მიზეზების გამო დატოვა კომპანია და ჩემს ოფიციალურ დანიშვნამდე მმართველობა ჩემს ხელში გადმოვიდა.
ეს უმნიშვნელოვანესი პოზიციაა ჩემთვის, ვინაიდან საბანკო სექტორში 15 წელი ვიმუშავე, ვემსახურებოდი გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, ინტერნეტგაყიდვებს და მერწმუნეთ, ამ სფეროში მომუშავე ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა Mastercard-ის მსგავს, ფლაგმან საერთაშორისო კომპანიაში მოხვედრა. როგორც კი ლოკალურმა ოფისმა გაფართოება გადაწყვიტა, შევიტანე განაცხადი, გავიარე კონკურსი და Mastercard-თან დავიწყე თანამშრომლობა.
Mastercard-ის ადგილობრივი ოფისი 2018 წლის დასაწყისიდან ოპერირებს, თუმცა აქამდე, საკმაოდ მცირერიცხოვან გუნდს წარმოადგენდა. მიმდინარე წელს კვლავ გამოცხადდა ვაკანსიები და სამი ახალი თანამშრომელიც დავიმატეთ საბანკო სფეროდან. დღეის მდგომარეობით, კომპანიის საქართველოს ოფისის გუნდი ექვს თანამშრომელს აერთიანებს და ამავდროულად, თბილისის ოფისიდან ვმუშაობთ ჩვენი მეზობელი სომხეთის ბაზარზეც.
როგორც აღნიშნეთ, საბანკო-საფინანსო სფეროში 15-წლიანი გამოცდილება დაგიგროვდათ. თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი პროფესიული და კარიერული წარსულის შესახებ. როგორი იყო თქვენ მიერ განვლილი გზა Mastercard-ის საქართველოსა და სომხეთის მენეჯერობამდე?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამის ორმაგი დიპლომი ავიღე.
უმაღლესი განათლების მიღებას მოჰყვა პირველი სამუშაო გამოცდილებაც, თუმცა უფრო მეტად IT-მიმართულებით. ეს გახლდათ ინტერნეტსერვისის პროვაიდერი კომპანია "სანეტი", ხოლო ჩემი ძირითადი საქმიანობა ვებგვერდების დეველოპმენტს უკავშირდებოდა, რა დროსაც იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ წარმატებულ − "ქართუ" ბანკთან მომიწია მუშაობა. ბანკის ხელმძღვანელობა ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარებას განიხილავდა, თუმცა მოგეხსენებათ, 2000-იანი წლების დასაწყისში ამ კუთხით კომპეტენციის ნაკლებობა იყო ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან IT-მიმართულება კარგად მესმოდა, 2006 წელს "ქართუსგან" მივიღე სამსახურის შემოთავაზება და დავიწყეთ მუშაობა საქართველოში პირველი ინტერნეტგადახდების ლიცენზიის მოსაპოვებლად, რაც წარმატებით განვახორციელეთ კიდეც.
"ქართუ" ბანკთან ინტერნეტგადახდების განვითარების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, 2010 წელს "თიბისი" ბანკის გუნდს შევუერთდი, სადაც თითქმის 10 წელი ვიმუშავე. მოგეხსენებათ, "ქართუ" დღეს ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში და ცხადია, იმ დროისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვან ინოვაციებს ნერგავდა ბანკინგის სფეროში. ციფრული გადახდების კუთხით "თიბისისთან" საკმაოდ დიდ შედეგებს მივაღწიეთ და ამის შემდეგ, როგორც უკვე ვახსენე, კონკურსის საფუძველზე Mastercard-ის გუნდს შევუერთდი.
დღესდღეობით, ციფრული ინტერნეტგადახდების მიმართულებას ფინანსური ბაზრის თითქმის ყველა მოთამაშე ავითარებს და ცხოვრების ასეთი მასშტაბური გაციფრულების ეპოქაში ყველანი ამ პროცესების მონაწილე ვართ, თუმცა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ჩემს პირველ კარიერულ ნაბიჯებს ვდგამდი, საქართველოში ეს სფერო მაინც რთულად აღქმადი და შორეული იყო. დღეს უკვე ვხვდებით, რომ გადახდები, არა მარტო ინტერნეტ, არამედ ფიზიკურიც, არის კლიენტთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, რითაც მომხმარებლებს სთავაზობ დამატებით ღირებულებას და სერვისს. არსებობენ ნეო-ბანკები, უამრავი სხვადასხვა ტიპის მოთამაშე, მეზობელ რესპუბლიკებში, ევროპასა თუ აშშ-ში უამრავი კომპანიაა, რომელიც გადახდებს არ უზრუნველყოფს, თუმცა ამ ბიზნესში დამატებით ღირებულებას ქმნის. მეორე მხრივ, არსებობენ Adyen, Klarna და მსგავსი ტიპის მოთამაშეები, რომლებიც საგადამხდელო პროვაიდერები იყვნენ და შემდეგ საბანკო ლიცენზიაც აიღეს, ვინაიდან დაინახეს ამ სერვისის სრულყოფილად მიწოდების მნიშვნელობა.
მინდა აღვნიშნო, რომ Mastercard-ში გადასვლა რთული არ ყოფილა იმ კუთხით, რომ მსხვილ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება გაძლევს კორპორაციულ კულტურასთან სიახლოვისა და გუნდურობის განცდას, რაც "თიბისიში" მივიღე. თუმცა როდესაც საუბარია მასშტაბებზე, ცხადია, რომ ბანკში მუშაობით თვალსაწიერი უფრო ვიწროა, ვიდრე მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტში.
Mastercard-ის მასშტაბები ყოველდღიურ მუშაობაშიც ნათლად ჩანს, ვინაიდან ჩვენ არა მარტო პროდუქტსა თუ სერვისზე ვართ ორიენტირებული, არამედ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს კოლეგებთან მსოფლიო მასშტაბით − იქნება ეს ნიუ იორკის, სტამბოლის, დუბაის თუ ვატერლოოს ოფისი. ეს უმნიშვნელოვანესი პროფესიული გამოცდილებაა, რომელსაც ქართულ კომპანიაში რთულად მიიღებ.
ვინაიდან მიმდინარე წლის ზაფხულიდან Mastercard-ის ქართული წარმომადგენლობის გუნდი საგრძნობლად გაიზარდა, გთხოვთ წარგვიდგინოთ ადამიანები, რომლებთან ერთადაც განაგრძობთ მუშაობას ამ ახალ პოზიციაზე. რა სახის კორპორაციული კულტურა და ღირებულებები აერთიანებს Mastercard-ის გუნდს?
თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ერთგვარი გაყიდვების გუნდია კომპანიის შიგნით, ვინაიდან ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, რეგიონში, სწორედ ჩვენ ვახორციელებთ პირველად კომუნიკაციას პარტნიორებთან, რომელიც მოიცავს ლიცენზიანტებს საქართველოსა და სომხეთში, და ერთიანებს არა მარტო ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ელექტრონულ საფულეებს. Mastercard-ის საქართველოს გუნდში ორი ექაუნთ-მენეჯერი გვყავს − ოლენა ბრაჟნიკი და ნინო თულაშვილი.
ოლენას 2002 წლიდან აქვს საბანკო გამოცდილება საქართველოსა და უკრაინაში. იგი 2016 წელს შემოუერთდა Mastercard-ის გუნდს − თავიდან უკრაინაში და შემდეგ უკვე საქართველოში, ოფისის გახსნის დღიდან. აქვს უზარმაზარი გამოცდილება ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებით. ექაუნთ-გუნდის მხრიდან, მის პასუხისმგებლობაში შედის საქართველოში ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან მუშაობა, აწარმოებს კომუნიკაციას და მხარდაჭერას Mastercard-ის ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის მიმართულებით.
ნინოს აქვს საბარათე გადახდების სტრატეგიული მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, საიდანაც 15 წელი მუშაობდა "თიბისი ბანკში", ასევე, ბანკ "რესპუბლიკაში" და "ლიბერთი ბანკში". ის ფლობს გრენობლის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესგანვითარების სპეციალიზაციით. ნინო Mastercard-ს შემოუერთდა 2022 წლის ივლისიდან და ფარავს საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე მოქმედი ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ელექტრონული საფულეების ნაწილს. მისი როლი მოიცავს აქტიურ ჩართულობას კომპანიებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციაში ახალი პროდუქტებისა და სერვისების წარდგენისა და განვითარების კუთხით.
პორტფელი გადანაწილებულია ნინოსა და ოლენაზე და სწორედ ისინი არიან ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი ჩვენს კომუნიკაციაში საფინანსო სექტორთან. როგორც აღვნიშნე, ჩვენი ოფისი ასევე აქტიურად მუშაობს სომხეთის ბანკებთან, თუმცა უახლოეს მომავალში სომხეთში უკვე ლოკალური წარმომადგენელიც გვეყოლება.
Mastercard-ის საქართველოს გუნდში ასევე გვყავს უფროსი ბიზნესანალიტიკოსი − გურამ ევგენიძე, რომელიც ჯერ 25 წლისაა, დამთავრებული აქვს ამერიკული, LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლიტვაში. იგი "პროკრედიტ ბანკიდან" შემოუერთდა ჩვენს გუნდს, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და პროფესიული უნარ-ჩვევების მნიშვნელოვნად დახვეწა კი აშშ-სა და ლიტვაში ცხოვრების განმავლობაში მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ გურამი ჩვენთვის "ახალი სისხლია", ვინაიდან გვსურდა ახალგაზრდული, განსხვავებული რაკურსით დაგვენახა ბაზარზე მიმდინარე პროცესები. იგი ასევე Mastercard-ის პარტნიორული ქსელის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
ჩვენი მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელია მარიამ ჭანტურია − "თავისუფალი უნივერსიტეტის" კურსდამთავრებული, რომელიც Mastercard-ის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. მარიამს აქვს მარკეტინგის წამყვან პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება "მაკდონალდსში" და ამიტომ კარგად ფლობს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების სპეციფიკას, მსოფლიო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას და ამ ეტაპზე პასუხისმგებელია ქართულ ბაზარზე გლობალური სტრატეგიისა და მარკეტინგული ხედვის ინტეგრაციაზე.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან გუნდში დაგვემატა ტექნიკური ექაუნთ-მენეჯერი − მარია ზურაბოვა. იგი არის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაგისტრი გამოყენებითი მათემატიკის განხრით. მარია ახალი სერვისებისა და პროდუქტების იმპლემენტაციის პროცესში აუცილებელ ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამ მხარდაჭერას ადრე უცხოური ოფისებიდან ვიღებდით, თუმცა ლოკალურად ასეთი კადრის გამოჩენამ, პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. ამის დასტურია სულ ახლახან ქართულ და სომხეთის ბაზრებზე გამოჩენილი GooglePay. ვინაიდან Mastercard-ი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიაა, გუნდში ტექნიკური სპეციალისტის არსებობა საგრძნობლად აჩქარებს მსგავსი პროექტების რეალიზებას. მარია ჩვენს გუნდში "თიბისიდან" გადმოვიდა, მას სხვადასხვა წამყვან საფინანსო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Mastercard-ი უზარმაზარი კომპანიაა, მისი მართვის სტილი საკმაოდ ჰორიზონტალურია. აქ მოქმედების დიდი თავისუფლებაა და სისტემატურად ხდება თანამშრომლების ინიციატივების მხარდაჭერა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. კომპანია ზრუნავს თანამშრომლებზე და მთლიანად ეკოსისტემაზე. მაგალითისთვის, ჩვენთან დეკრეტული შვებულების აღება მამაკაცებსაც შეუძლიათ. თანამშრომლებს საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იმუშაონ, რაც კომპანიაში მოქნილობასა და დინამიკურობას ზრდის.
Mastercard-ის ქართული ოფისი სრულად იზიარებს კომპანიის გლობალურ ღირებულებებს, ამიტომ ახლად შემოერთებული კოლეგებისთვისაც ხშირად სიურპრიზია ასეთი სამუშაო გარემო. ამგვარი კორპორაციული კულტურა საკმაოდ მაღალი თანამდებობებიდან გადმოსულ ადამიანებსაც კი აკვირვებთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კოლეგების ურთიერთობაზე გლობალური მასშტაბით. ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს სუბორდინაცია, რაც დამატებით ბარიერებს შექმნიდა. ნებისმიერ კოლეგას, მათ შორის კომპანიის პრეზიდენტსაც კი, შეგიძლია პირდაპირ მიმართო და აუცილებლად მიიღებ პასუხს. Mastercard-ში მუშაობისას ყველა მიმართულებით გრძნობ მხარდაჭერას, სურვილსა და გულწრფელ კეთილგანწყობას, მოერგონ შენს ცხოვრების წესსა თუ ინტერესებს.
Mastercard-ი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულების პროექტებს კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში. განსაკუთრებით გამორჩეულია ორგანიზაციის ჩართულობა განათლების სფეროში, ტურიზმში, "მწვანე" პროექტების კუთხით, კერძო თუ საჯარო სექტორთან პარტნიორობის მხრივ და ა.შ. ვისაუბროთ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე და ასევე, რას ნიშნავს Mastercard-ისთვის მსგავსი არაპროფილური აქტივობები?
ამ მიმართულებით Mastercard-ის საქმიანობა შესაძლებელია ორ ნაწილად გავყოთ − გლობალური და ლოკალური პროექტები. გლობალური კუთხით, ყოველწლიურად Mastercard-ი სხვადასხვა სფეროზე ფოკუსირდება. გასულ წელს ეკოლოგიური თემა იყო აქტუალური, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები კენიაში და ა.შ. თუმცა ჩვენ შემთხვევაში, Mastercard აქტიურად ახორციელებს კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებს საქართველოში, როგორც საჯარო უწყებებთან პარტნიორობით, ისე კერძო სექტორთან ჩართულობით.
საქართველოში ფინანსური ცოდნის ასამაღლებლად, Mastercard-მა თანამშრომლობა წამოიწყო, "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და "თავისუფალი უნივერსიტეტის" "ალუმნი ფონდთან", რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე. ლექსიკონში განმარტებულია არა მხოლოდ ფინანსური ტერმინები, არამედ "თავისუფალი უნივერსიტეტის" გუნდი ქართულ ენაში ახალი ტერმინების დამკვიდრებას შეეცადა, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა, ხოლო ლექსიკონს უნივერსიტეტი საკუთარ სასწავლო პროცესშიც გამოიყენებს.
ლექსიკონთან ერთად, Mastercard ქართველ მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსური განათლების მისაღებ მარტივ ინსტრუმენტს − LADDER-ის აპლიკაციას სთავაზობს. LADDER-ის გამოყენებით მომხმარებლები და SME-ები მარტივად შეძლებენ გაეცნონ და დაეუფლონ საკუთარი და ბიზნესის ფინანსების განკარგვის, დანაზოგების გაკეთების, კრედიტის აღებისა და მართვის, დაზღვევის შერჩევისა და ბიუჯეტირების ძირითად პრინციპებსა და ხერხებს.
გარდა ამისა, Mastercard-ის მხარდაჭერითა და "თავისუფალი უნივერსიტეტის" "ალუმნი ფონდის" ორგანიზებით, შეიქმნა ახალი ვირტუალური სივრცე სტუდენტებისთვის − S Blog, სადაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, დაკვირვებებსა და მოსაზრებებს გაუზიარებენ თვითგანვითარების, ცხოვრების სტილისა და განტვირთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ.
ასევე, Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, მიმდინარე წლის მაისში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებაა. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების პროცესს და მათთვის აფართოებს ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს. ასევე, ეს პროგრამა, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მოიცავს მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას და დამატებით, ავითარებს არსებულ ეკოსისტემას უკეთესი ფინტექ-გადაწყვეტილების მისაღებად.
Mastercard-მა ელექტრონული კომერციის შესწავლით დაინტერესებული ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, "ელ.კომერციის აკადემიაში" სწავლაც დაუფინანსა. ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდა ქალ მეწარმეებზე, თუმცა მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ მეტად აქტიური ვიყოთ ამ კუთხითაც.
ამ და სხვა განხორციელებული პროექტების ძირითადი მიზანი გახლავთ საქართველოში საზოგადოებამდე იმ განცდის მიტანა, რომ ასეთი გლობალური მასშტაბის მოთამაშე ცდილობს მიესადაგოს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ინტერესებსა და საჭიროებებს. გვინდა მაქსიმალურად მივყვეთ ლოკალური ბაზრის პულსს და მონაწილე ვიყოთ ყველა მნიშვნელოვანი პროცესის. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ფინანსური სექტორის გაძლიერებაზე, არამედ უფრო მასშტაბურად ვზრუნავთ ყველა მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ბრენდის ნაწილი ვართ, მაინც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და ვცდილობთ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, როგორ მიდის საქართველოში პროგრესი, რითაა წარმატებული, რა სახის მიღწევები აქვს. ერთ-ერთი ლიდერი ვართ უკონტაქტო გადახდების კუთხით. ვამაყობთ და ვიღებთ მოტივაციას უფრო აქტიური მუშაობისთვის. ინტერნეტგადახდების კუთხითაც აჩქარდა განვითარების ტემპი ბოლო პერიოდში, რაც უპრეცედენტოა როგორც სამეზობლოში, ისე რეგიონის ქვეყნებში.
როგორ შეაფასებდით ქართულ საგადახდო ინდუსტრიას, მის სუსტ თუ ძლიერ მხარეებს?
საქართველოში გადახდები საკმაოდ განვითარებულია, რასაც განაპირობებს დიდი, ძლიერი მოთამაშეების მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ბაზარზე გამოტანის სურვილი. მაგალითისთვის, დაახლოებით ერთი წელია, რაც მსოფლიოში დაინერგა Android-სმარტფონების Pos-ტერმინალად გარდაქმნის ტექნოლოგია − Tapon Phone, რაც მცირე მეწარმეებს გაცილებით უმარტივებს გადახდების მიღების პროცესს, ქართული ბანკებს კი უკვე აქტიურად ბაზარზე გააქვთ აღნიშნული სერვისი.
ზოგადად, მსხვილი ბანკები ფლობენ როგორც ახალი ტექნოლოგიის დანერგვის, ისე მისი პოპულარიზაციის შესაძლებლობას. თუმცა უშუალოდ გადახდების კუთხით, ბოლო რამდენიმე წელია რაც ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ბაზარზე და ამ მიმართულებით კონკურენციაც იზრდება. საქართველოში სულ უფრო იმატებს ფინტექსტარტაპების რიცხვი. Payze, eMoney,Wallypay, Unipay და კიდევ მრავალი სხვა, ეროვნული ბანკის მიერ სერტიფიცირებული საგადახდო სერვისის პროვაიდერები/ელექტრონული საფულეები არიან და ქმნიან დამატებით ღირებულებას ამ ბაზარზე. ბევრი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი და ონლაინ მაღაზია ირჩევს მათ სერვისს, იმიტომ, რომ არიან ბევრად მოქნილები, ზოგ მათგანს აქვს ამბიცია გავიდნენ რეგიონს გარეთ და მათთან კოლაბორაციის ინტერესიც საგრძნობლად მაღალია. ვფიქრობ, ეს მიმართულება ჯერჯერობით განვითარების გზის დასაწყისშია, თუმცა საკმაოდ პოზიტიური იმპულსები მოდის და ვცდილობთ ამ მოთამაშეებს მხარში დავუდგეთ.
ამ ეტაპზე, ბაზარზე საკმაოდ დიდი ნიშაა დარჩენილი, ტრადიციული სამომხმარებლო ქცევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ უნაღდო ანგარიშსწორება ვითარდება საქართველოში, საკმაოდ ჭარბადაა ნაღდი გამოყენებაც. ჩვენი გადახდების თანხის მოცულობის 60-65% მოდის ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანაზე. ეს ქეში ისევ ცირკულირდება და გარკვეული ფორმით, ისევ შედის საფინანსო სექტორში, და ეს ნიშები არ არის ათვისებული. ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ კომპანიები, რომლებიც აღმოაჩენენ ამ "ტკივილებს", ქეშზე ასეთი მაღალი მოთხოვნის საჭიროებას და ტრანზაქციების გამარტივების გზებს, წარმატებას მიაღწევენ, საკმაოდ დიდ აუდიტორიას მოიცავენ და გადაიყვანენ თავიანთ ეკოსისტემებში.
ბოლო დროს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა GooglePay-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას და რა სახის უპირატესობებით ისარგებლებენ Mastercard-ის მფლობელი ქართველი მომხმარებლები?
Google Pay-ის საქართველოში შემოსვლას, ცხადია, დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ აქტიურად მივდივართ გაციფრულების მიმართულებით. მომხმარებელი სულ უფრო მეტად ხვდება, რომ სულაც არაა საჭირო ფიზიკური ბარათი გვედოს ჯიბეში გადახდების განსახორციელებლად. ტელეფონი დღეს უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს ცხოვრებაში და როდესაც Android-ის მომხმარებლებს, რომლებიც ქვეყნის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, უკვე მიეცათ საშუალება Mastercard-ის ბარათების შეუზღუდავი რაოდენობა ჩატვირთონ ელექტრონულ საფულეებში, ეს ბევრად გაამარტივებს მათ ყოველდღიურობას.
ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადახდა აღარ უნდა წარმოადგენდეს წინაღობას. შეძენის პროცესი უნდა იყოს ყველაზე "უმტკივნეულო", რადგან მომხმარებელი იმდენად უფრთხილდება დროს, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიები კი ორიენტირებულია ამაზე, რომ არ დავკარგოთ დრო ფიქრზე, თუ როგორ უნდა დავასრულოთ ამა თუ იმ პროდუქტის შეძენა. Google-ის საფულის დახმარებით, მყისიერად ხდება შეძენა, არ არის საჭირო დამატებითი ნაბიჯები და ეს მაძლევს იმედს, რომ ერთი წლის თავზე ელექტრონული საფულით ინტერნეტ და ფიზიკური გადახდები საგრძნობლად გაიზრდება საქართველოში.
თუმცა სიმარტივესთან ერთად, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილი. ამ მხრივაც, ელექტრონული საფულეები გაცილებით უსაფრთხოა ფიზიკურ ბარათებთან შედარებით. ელექტრონულ საფულეში არ ინახება ბარათის მონაცემები, არამედ ხდება მისი ტრანსფორმირებული ასლის შენახვა. შესაბამისად, თუ დაკარგავთ ტელეფონს, ან ინტერნეტგადახდისას რაიმე პრობლემა შეიქმნება მაღაზიის მხარეს, მონაცემების თაღლითურად და არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი მინიმუმამდე მცირდება. მომხმარებელი ბევრად დაცულია, ვინაიდან აღარ შეგვყავს საბარათე მონაცემები ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერნეტმაღაზიაში გვსურს რაიმეს გადახდა. ამ ყველაფრის სათავეში კი Mastercard-ის MDES (Mastercard Digital Enablement Service) ტექნოლოგიაა, რომელიც ბარათების ციფრულ ტოკენად ტრანსფორმაციას ახორციელებს.
რაც შეეხება Google-ის დაინტერესებას საქართველოს ბაზრით, ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ApplePay შემოვიდა, მიმდინარეობდა კომუნიკაცია, რათა დაინტერესებულიყვნენ ჩვენი ბაზრით. უკონტაქტო გადახდების მაღალი წილით, მსოფლიოს ხუთეულში შევდივართ და ეს იყო არგუმენტი, რომ ბაზარზე არის ახალი ტექნოლოგიის ატაცების მზადყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპანიას თავისი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ მაინც დადებითი მოლოდინი გვქონდა Google-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ბევრი ეტაპი უძღვის კომპანიის ბაზარზე შემოსვლას, მათ შორის სამართლებრივი გარემოს შესწავლა, რამაც ეს პროცესი ოდნავ შეაყოვნა. ამასთანავე, თითოეული კომპანია ცდილობს დიდ ბაზრებზე შევიდეს და შემდეგ აითვისოს მცირე ზომის ბაზრები. ამიტომ კარგია ეს ტენდენცია იმის ფონზე, რომ GooglePay ჯერ კიდევ არ ფარავს მთელ მსოფლიოს და ეს ტექნოლოგია მხოლოდ 45 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი საფინანსო და საბანკო სექტორიც დადებითად შეხვდა ამ სიახლეს და საკმაოდ სწრაფად აიტაცა ეს ინსტრუმენტი. მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა ბანკმა გაიარა სერტიფიცირება და მომხმარებელი უკვე სრულფასოვნად სარგებლობს ამ სერვისით.
გთხოვთ გაგვიზიაროთ Mastercard-ის ახალი გუნდის ხედვები და უახლოესი სამომავლო გეგმები საქართველოში.
მომავალი წლისთვის ჩვენი ძირითადი ხედვა და მიზანია ინტერნეტგადახდების აქსელერაცია და ამ მიმართულებით არსებული გლობალური უახლესი და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიების შემოტანა საქართველოში. მეორე მიმართულებაა ქვეყნებს შორის გადარიცხვების ტექნოლოგიების შეთავაზება ბიზნესებისთვის, რათა საფინანსო სექტორმა უშუალოდ ჩვენი სერვისი გამოიყენოს ამ კუთხით. დღეს გადარიცხვები ძირითადად ხორციელდება Swift-ით ან სხვა სწრაფი გზავნილებით. ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგია და მომდევნო წელს დავიწყებთ მის დანერგვას. ცნობისთვის, აზერბაიჯანში ეს სერვისი უკვე წარმატებით ჩაეშვა და გვინდა ჩვენს საფინანსო სექტორს შევთავაზოთ საკუთარი არხებით მოახდინონ ფულადი ნაკადების გადარიცხვა საერთაშორისო მასშტაბით.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, განსაკუთრებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვცდილობთ გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი, ხშირად სამმხრივი პარტნიორობაც როგორც კერძო, ისე საჯარო და არასამთავრობო სექტორთან, და შედეგად, ერთობლივად დავგეგმოთ სხვადასხვა ტიპის პროექტები. მომავალ წელს ბევრ აქტივობას ვგეგმავთ მათი ჩართულობით და სასიხარულოა, რომ რაც უფრო მეტი პარტნიორია ჩართული, მით უფრო მასშტაბური, აღმატებული და ეფექტიანია თითოეული ნაბიჯი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იდეების განხორციელებაში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა მხარე, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებები და შედეგად, მეტად შევუწყოთ ხელი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას.