Get All Access for $5/mo

დემნა გვასალია - რევოლუციონერი ანტრეპრენერი სოხუმიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Demna Gvasalia Daily

"იშვიათი დიზაინერი, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები დაარღვიოს", – წერს ამერიკული Vogue მსოფლიოში ცნობილ ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას შესახებ. ის მოდის ინდუსტრიაში მეამბოხე დიზაინერად მოიხსენიება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთგვარი აჯანყება მოაწყო მოდაში.

დემნა გვასალია 1981 წლის 25 მარტს დაიბადა, აფხაზეთში, სოხუმში. მოდის დიზაინერი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე.

დემნა ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის ფრანგულ მოდის სახლ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა აფხაზეთის ომის დროს გაიარა. ომის შემდეგ, დემნა ცხოვრობდა თბილისში. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხატვით და სამოსით, მაგრამ ფიქრობდა, რომ საქართველოში მოდასთან დაკავშირებულ თავის ოცნებებს ახდენა არ ეწერა, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, სწავლა გაეგრძელებინა და ეკონომიკის მაგისტრი გამხდარიყო. მაგრამ მაშინ, დემნას ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. გვასალია ახალ ქვეყანაში ახალი რეალობის წინაშე დადგა და გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, გამოცდები ანტვერპენში, ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.

800 მსურველიდან დემნა 70 შერჩეულში მოხვდა. შედეგად, დემნა გვასალიამ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. პირველი კურსის ბოლოს, დემნა 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, დემნას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდონკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. სწორედ ამის შემდეგ, გვასალია პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. "მარჯიელაში" დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.

სამი წლის განმავლობაში, პარიზში, დემნა მუშაობდა Margiela-ს ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ს გახმაურებულ კოლაბორაციას. 2012 წელს, გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ, როდესაც Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო. დიზაინერმა დაუყოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა.

მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას Louis Vuitton-ში მუშაობა არ მოეწონა და იმედგაცრუებულმა თავის მეგობრებთან Margiela-დან, და ძმასთან − გურამთან ერთად, 2014 წელს შექმნა პოპულარული ურბანული ქუჩის სტილის ბრენდი VETEMENTS, რომლითაც სურდა ეკეთებინა მხოლოდ ის, რაც თავად მოსწონს. მის სტილს ასობით იმიტატორი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა – ქანიე უესტით დაწყებული, ჰეილი ბოლდუინით დამთავრებული. ამის მისაღწევად, მას 3 სეზონი დასჭირდა. გასულ ხუთ წელიწადში გვასალიას ესთეტიკამ შეცვალა BALENCIAGA და მოდის სახლმა დემნას პირობებში უნიკალური ხაზი შექმნა. სამწუხაროდ, 2019 წელს დემნამ VETEMENTS დატოვა. "როდესაცVetement-ზე მუშაობა დავიწყე, გაბრაზებული ვიყავი და საკუთარი თავის გამოხატვა მსურდა. მას ვუყურებდი, როგორც ჩემი დიზაინერად გახდომის პროექტს. არასდროს მჯეროდა, რომ რაიმე ასეთს გავაკეთებდი. რომ მცოდნოდა, ასეთ სასტიკ და დაუნდობელ ინდუსტრიაში მსგავსი რეაქცია ექნებოდათ, უფრო ადრე დავიწყებდი", – ამბობს დიზაინერი.

2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად. ამით თავად დემნაც საკმაოდ გაკვირვებული გახლდათ, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს პოსტი მას Vetements-ის წარმატებულმა ჩვენებებმა მოუტანა, რომლის კოლექციები მოჩვენებითი უბრალოების პრინციპით იქმნება, და რომლის მიღმა კარგად მოფიქრებული თარგები და ხარისხიანი მასალა იმალება. Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო პარიზის ერთ-ერთი კვარტლის − მარეს გეიკლუბში Le Dépôt.

ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ, დემნა გვასალიამ წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Balenciaga-სთვის. ექსპერტთა აზრი გაიყო − ზოგი აცხადებდა, რომ კოლექციამ სრული მარცხი განიცადა, ზოგიც პირიქით − წარმატებას უწინასწარმეტყველებდა. აუდიტორია კი ერთ აზრზე იდგა, რომ ჩვენება იყო ძლიერი და სწორი. სწორედ დემნა გვასალიას ძალისხმევით განხორციელდა ის, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის − გააუმჯობესა თანამედროვე კლასიკა მოცულობისა და გაბედული ტანსაცმლის მეშვეობით. ხაზი აღმოჩნდა შემოქმედებითი და ახალი, ნაკლებად გიჟური და ნაკლებად საიდუმლო, Vetements-ისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ადაპტირებული იმასთან, რაც აცვიათ რეალურ ცხოვრებაში − როგორც, ეჭვგარეშე, თავად კრისტობალ ბალენსიაგა შეაფასებდა.

2016 წელს გამოცემამ Business of Fashion დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს-კლასის ბრენდი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დემნამ საკმაოდ თამამად მონიშნა საქართველოს ადგილი მოდის ინდუსტრიაში: ქართული ლექსებისა და ციტატების წარწერები მაისურებზე, ძველი საბჭოთა კავშირისდროინდელი ჩაცმის სტილი, მან აქტიურად დაამკვიდრა სხვადასხვა საინტერესო მიმართულება მოდაში, რითაც ყველას გააცნო საქართველო.

2017 წელს გვასალია ფრანგ კომპოზიტორ ლოიკ გომესზე დაქორწინდა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. გახდა ვეგეტარიანელი, დაიწყო ვარჯიში და ცხოვრების სტილი შეიცვალა. "შვეიცარიელები ნაკლებად განგსჯიან. აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და უსაფრთხოება ჩემს ცხოვრებაში მთავარია", − ასე აფასებსVogue-თან თავის შვეიცარიულ ცხოვრებას დიზაინერი.

"ყოველთვის ვფიქრობდი, არ შეგიძლია იყო ასეთი ეგოისტი. შენ გჭირდება, რომ სხვებისთვის, შენი ბრენდისთვის, შენი გუნდისთვის იმუშაო. შეიძლება ცოტა დავბერდი და გავაცნობიერე, რომ გარდაუვალია მხოლოდ საკუთარ თავს დაუკავშირდე". ციურიხს ის ყველაზე არამოდურ ქალაქად იხსენიებს, მაგრამ სწორედ იქ იპოვა სიმშვიდე, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ეძებს − "ეს ქალაქი მოდის საპირისპიროა. აქ ადამიანებს არ ადარდებთ, რა გაცვია".

მისი კოლექციების ნახვის შემდეგ, ალბათ ყველას გასჩენია აზრი, თუ საიდან მოდის ეს გიჟური იდეები, საინტერესო შოუები და ა.შ. დემნა ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს იდეები დიდი ხანია მის გონებაშია, უბრალოდ, სწორ დროს ელოდება განსახორციელებლად. დღეს დემნა მხოლოდ სამი დღე მუშაობს Balenciaga-სთვის, დანარჩენ დროს კი საკუთარ იდეებსა და შემოქმედებით საქმიანობას უთმობს.

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"