Join our Waitlist for Expert Advice!

Digital Area - ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება "Digital Area ის ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი - ციფრული გამოცდილების შექმნაა."

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იზრდება ციფრული სერვისების მიწოდების აუცილებლობა. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში განვითარებული პროცესების, ვირუსის გავრცელებისა და პოსტპანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ უკანასკნელი პერიოდის თანმხლები მოვლენების გამო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაციფრულების პროცესი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში გაცილებით აჩქარდა. 

დღევანდელი მსოფლიო მოცემულობა ასეთია: ყველაფერი შეუქცევადი გაციფრულებისკენ მიდის. კომპანიების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკვე მათი მხრიდან ციფრული ტექნოლოგიების მიწოდება ან მათ მიერ ამ ციფრული ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად დანერგვა-გამოყენება ხდება. დღეს, ბიზნესის წარმოებისა და განვითარებისთვის ციფრული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

"Digital Area ის ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი − ციფრული გამოცდილების შექმნაა. ეკოსისტემა სხვადასხვა ინდუსტრიაში არაერთ ციფრულ ბიზნესს ქმნის, მომხმარებლის ქცევას კი ახალი მიმართულებით ცვლის.  Digital Area-ს ეკოსისტემაში შემდეგი გადაწყვეტები ერთიანდება: Area.ge − უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა; Extra.ge − ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი საქართველოში; Optimo.ge – გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის; Adapter.ge − მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ადაპტაციის პროგრამა; Izi Box − ლოგისტიკური მომსახურებითა და სასაწყობე სივრცით უზრუნველყოფა კლიენტებისათვის. გარდა ამისა, Digital Area საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გლობალურ კომპანია 500 Startups-თან ერთად ჩართულია 500 Georgia-ს პროექტში მონაწილე სტარტაპების აქსელერაცია-ექსპერიმენტირების პროგრამაში", − ამბობს ანდრო რატიანი, Digital Area-ს გენერალური დირექტორი.

Entrepreneur-ი კი Digital Area-ს ეკოსისტემის იმ მოთამაშეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ბიზნესებს განვითარების ახალი ეტაპზე გადასვლასა და ციფრულ სივრცეში ოპერირებაში ეხმარებიან. 

სალომე ტყეშელაშვილი
Area.ge ‒ დირექტორი

Area.ge უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც ორ წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. 

უძრავი ქონების ბიზნესი ტრადიციულად ადამიანების უშუალო ურთიერთობებსა და გარიგებებს ეფუძნებოდა, მაგრამ დროის სვლასთან ერთად, ციფრული განვითარების პარალელურად, ამ სფერომ ფეხი თანამედროვეობას აუწყო და ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. თუ უძრავი ქონების საერთაშორისო პლატფორმები, ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლის ციფრულად მართვას უზრუნველყოფს, ამ მხრივ გარდატეხა ქართულ რეალობაში Area.ge-მ მოახდინა. 

"Area.ge-მ შეძლო და დანერგა ახალი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ვაწარმოოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დისტანციურად − ონლაინ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ის აერთიანებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს განათავსოს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების განცხადება ყველა გარიგების ტიპის მიხედვით. მისი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ისე უძრავი ქონების ბაზრის სხვა მოთამაშეები − დეველოპერული კომპანიები, სააგენტოები და აგენტები. მომხმარებელს შეუძლია "არეაზე" დაათვალიეროს როგორც მეორადი უძრავი ქონება, ასევე მიიღოს ინფორმაცია პირველადი ქონების ან სამომავლო პროექტების შესახებ. Area.ge-ის პარტნიორია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანია საქართველოში. პლატფორმაზე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, როგორც დეველოპერული კომპანიის, ისე კონკრეტული პროექტის შესახებ. თითოეული პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს გასაყიდი ბინები დეტალური აღწერითა და ფასებით. "არეაზე", ასევე, შესაძლებელია დეველოპერების მიერ განსაკუთრებული შემოთავაზებების, მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებაც", − სალომე ტყეშელაშვილი, Area.ge-ის დირექტორი.

Area.ge საქართველოს ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბანკთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლებს იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობა მისცა ე.წ. Open Banking-ის საშუალებით. მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის გაცვლაზე თანხმობის მიღების შემდეგ, შესაძლებელია უძრავი ქონების ძიების პარალელურად, მომხმარებელმა იხილოს, თუ როგორია კონკრეტულად მისი იპოთეკური სესხის შეთავაზება. აქვე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლებისა თუ სხვა ტიპის ფულადი რესურსის მითითება, რის შემდეგაც იპოთეკური სესხის გადათვლა ხდება. 

"როგორც "არეას" შექმნის პროცესში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მომხმარებლების მთავარ დისკომფორტს წარმოადგენდა ის, რომ მათ ძალიან უჭირდათ ძებნის კრიტერიუმების შესაბამის განცხადებებს შორის მათთვის ყველაზე მისაღებ ქონებათა არჩევა, რადგან ხშირ შემთხვევაში, განცხადებებს არ ახლდა ხარისხიანი და აღქმადი ვიზუალური მასალა. სწორედ ამიტომ, "არეამ" მომხმარებელს უძრავი ქონების ვიზუალიზაციის სერვისი შესთავაზა. შესაბამისად, მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად დაათვალიერონ უძრავი ქონება 3D-ფორმატში, ნახონ ოთახების განლაგება თუ ზომები, უძრავი ქონების გეგმა, ზუსტად აღიქვან სივრცის ადგილმდებარეობა და ნახონ ის ხედებიც კი, რომელიც მათი მომავალი ბინიდან, აგარაკიდან თუ ოფისიდან იშლება", − სალომე ტყეშელაშვილი.

ამგვარად, უძრავი ქონების მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ იპოვონ და შეარჩიონ ბინა სრულიად დისტანციურად. ეს განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა ქართველი ემიგრანტებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Area.ge უძრავი ქონების სრული ციკლის გაციფრულების მიზნით, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. პლატფორმიდან შესაძლებელია უძრავი ქონების შეფასების შეძენა. ქონებას აფასებს "არეას" პარტნიორი საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield. იგი მომხმარებელს დისტანციურად უგზავნის დასკვნას, რომელიც ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტში წარდგენისთვის ვალიდურია.

შედეგად, მომხმარებელს შეუძლია ერთ ციფრულ სივრცეში მოძებნოს უძრავი ქონება, დისტანციურადვე მოითხოვოს იპოთეკური სესხი და უძრავი ქონების გარიგება სრულად ციფრულ სივრცეში წარმატებულად დაასრულოს. 

ნიკოლოზ ფოფხაძე
Optimo.ge ‒ დირექტორი

Optimo.ge − გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გასაციფრულებლად და სამართავადაა შექმნილი.

"ეს არის პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, გამოირჩევა სიმარტივით, ინტუიციური ფუნქციონალით და ბიზნესის ციფრულ განვითარებას მხარს მუდმივად, აქტიურად უჭერს. Optimo-ს დახმარებით, ბიზნესის მფლობელებისთვის შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან იყვნენ ინფორმირებული, თუ როგორ მიდის მათი ბიზნესის საქმე და დისტანციურად აკონტროლონ არსებული მარაგები, შესყიდვები, შემოსავლები და მომგებიანობა. პროგრამა განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში მომუშავე ბიზნესებისთვის არის საინტერესო. მისი დახმარებით შესაძლებელია ავტომატიზაცია გაყიდვების წერტილსა და დისტრიბუტორს შორის, რაც ნიშნავს, რომ ამ ბიზნესს საწყობში ყოველთვის ექნება საჭირო პროდუქტი საჭირო რაოდენობით. ინფორმაცია საჭირო პროდუქტის შესახებ კი მუდმივად ორმხრივად მიმოიცვლება", − გვიხსნის ნიკოლოზ ფოფხაძე, Optimo-ს დირექტორი.

Optimo-ს პროგრამა ბიზნესის მესაკუთრესა და მენეჯერებს სიღრმისეულ ხედვაში ეხმარება და მზა ანალიტიკას აწვდის, რითაც მას შემდგომ ნაბიჯებს უადვილებს. მაგალითად, თუ რომელ პროდუქტს ან ნაკრებს ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. შესაბამისად, ბიზნესი ხვდება, თუ რა ტიპის აქციები დაგეგმოს გაყიდვების მაჩვენებლის გასაზრდელად. 

"თუ ბიზნესის მფლობელს უჭირს, გაზომოს ბიზნესის მაჩვენებლები და ზედმიწევნით შეაფასოს მისი საოპერაციო ნაწილი, მაშინ ის ვერც შედეგების გაუმჯობესებაზე იქნება ფოკუსირებული, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები უამრავ სირთულეს აწყდებოდა. მათ არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მსგავსად, ესარგებლათ პროგრამული უზრუნველყოფით და მხარი აებათ ტექნიკური განვითარებისთვის. "ოპტიმომ" დეტალურად შეისწავლა მათი საჭიროებები, გამოავლინა პრობლემები და გაითვალისწინა ის საკითხები, რომელსაც აქამდე ვერცერთი მსგავსი ციფრული ხელსაწყო ვერ სთავაზობდა მათ. სწორედ ამიტომ, "ოპტიმომ" ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად შექმნა პროგრამა, რომელიც მათ პროცესებს მნიშვნელოვნად უმარტივებს და სიახლეებისთვის მხარის აბმაში ეხმარება", − ნიკოლოზ ფოფხაძე.

აღსანიშნავია, რომ "ოპტიმომ" პირველმა შესთავაზა თავის მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადი ერთჯერადი დიდი ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებდა. პროგრამული უზრუნველყოფა, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, პროდუქციის აღსარიცხი და სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა სახის მოწყობილობა კი ის ჩამონათვალია, რომელსაც "ოპტიმო" თავის მომხმარებლებს მინიმალური გადასახადის სანაცვლოდ სთავაზობს. ის უკვე თითქმის ორი წელია რაც ოპერირებს და ბაზრის გაძლიერებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. დღეისათვის კი უკვე 500-მდე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს უმართავს ხელს და მომავალში უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას გვპირდება. 

ანზორ მანწკავა
Extra.ge ‒ დირექტორი

მსოფლიოში არსებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ციფრული სამყაროს განვითარების აუცილებლობა. ამ გარემოში ადაპტირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ონლაინშოპინგი იქცა. საქართველოს ბაზარზე არსებული ციფრული პლატფორმა Extra.ge კი სწორედ იმ ინტერნეტმაღაზიას გვთავაზობს, სადაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ყველაზე ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

განახლებული Extra.ge 2020 წლის მარტიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ის დროის დაზოგვას და სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის მოძიებას, რიგებისა და პანდემიური საშიშროებების გარეშე შეძლებს. Extra.ge-ზე მომხმარებელს მარტივად შეუძლია 20 კატეგორიაში მოიძიოს და შეიძინოს 550 პარტნიორი კომპანიის 100 000-ზე მეტი პროდუქტი. მეორე მხრივ, Extra.ge მაღაზიებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პროდუქცია გაყიდვების ახალ ციფრულ არხებში გადაიტანონ, რათა პანდემია საქმიანობის შემაფერხებელი არ აღმოჩნდეს და პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. Extra.ge-ის დახმარებით, ბრენდები ხსნიან ონლაინფილიალს, რომლის საშუალებით წვდომა 750 000-ზე მეტ ახალ მომხმარებელზე ეხსნებათ. ამით ისინი ზრდიან გაყიდვებს და ამასთანავე, ლოგისტიკის, თანამშრომლებისა და ლოკაციის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

პლატფორმაზე პროდუქტის შეძენა სტანდარტულადაა შესაძლებელი Mastercard, Visa და AMEX პლასტიკური ბარათით, საქართველოს ბანკის PLUS-ქულებითა და კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის, სფეისის, თიბისი ბანკისა და კრედო ბანკის განვადებებით. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც თანამედროვე დიზაინითა და მარტივი ნავიგაციით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ Extra.ge პირველი მარკეტფლეისია, რომელსაც აქვს საკუთარი მობილური აპლიკაცია.

ამასთანავე, Extra.ge-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კლიენტების მომსახურების ცენტრი წარმოადგენს, სადაც მრჩევლები ფიზიკური მაღაზიების კონსულტანტების როლს ასრულებენ. მათ კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, მომხმარებლებს დაეხმარონ სასურველი პროდუქტის შერჩევაში, გაუწიონ კომპეტენტური კონსულტაცია პროდუქტების შესახებ, და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივონ.

Digital Area-ს გუნდს ახლახან შემოუერთდა ანზორ მანწკავა − Extra.ge-ის დირექტორის პოზიციაზე. "ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისეთ გუნდთან შემოერთება, რომლის მთავარი მიზანი ახალი, ინოვაციური პროდუქტების ინიცირება და მომხმარებლისთვის ციფრული გამოცდილების შექმნაა. გულწრფელად მჯერა Extra.ge-ის პოტენციალის და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი პერიოდი ეფექტური და ღირებული იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის. გვაქვს ბევრი ახალი იდეა და დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევა სასიამოვნო გამოცდილებისა და წარმატების მომტანი იქნება ყველასთვის", − ამბობს ანზორ მანწკავა.

ქაქუცა ჯიქიძე
Digital Area ‒ პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი
და დირექტორის მოადგილე

Adapter.ge

"2019 წლიდან მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა სამყარო. კორონავირუსის პანდემიამ ყველას გვაიძულა ერთმანეთისგან დისტანციის დაცვა. რასაკვირველია, დისტანცირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა უამრავ ბიზნესს. Digital Area შეეცადა ფეხი აეწყო რეალობისთვის და ბიზნესებისთვის ეს დარტყმა მაქსიმალურად შეემსუბუქებინა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა პროგრამა Adapter-ი, რომელიც ბიზნესებს ციფრული ადაპტაციისა და ონლაინგაყიდვების შესაძლებლობას აძლევს", − ამბობს ქაქუცა ჯიქიძე, Digital Area-ს პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი და დირექტორის მოადგილე.

Adapter-ი ყველა იმ ბიზნესის ხელშესაწყობად შეიქმნა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ფიზიკური წვდომა ჰქონდა მომხმარებელთან და არ გააჩნდა გაციფრულების სურვილი ან საჭიროება. პანდემიის პირობებში კი ეს ადაპტაცია შეიძლება მათი ბიზნესსაქმიანობის გადარჩენის ერთადერთი გზაც კი აღმოჩნდა. ამგვარად, ბიზნესების ციფრული ადაპტირების პროგრამაში რამდენიმე პლატფორმაა აქტიურად ჩართული. ისინი სრულად უზრუნველყოფენ და ფარავენ ყველა საჭირო პროცესს:

  • Optimo.ge − გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 
  • Extra.ge − ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი საქართველოში  

Adapter-ში ჩართულ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე განათავსონ და ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე ელექტრონულ კომერციას შეუდგნენ. პარალელურად, ბიზნესებს Optimo-ს დახმარებით დისტანციურ რეჟიმში თავიანთი გაყიდვებისა და მარაგების მართვა შეუძლიათ.

"Adapter-ის პროგრამა ბიზნესის დროული ადაპტაციისა და სინერგიის წარმატებული მაგალითია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასში ჩართული Digital Area-ს ციფრული პროდუქტები ერთმანეთთან არიან ინტეგრირებული და მათ შორის ინფორმაციის ავტომატური მიმოცვლა-განახლება მუდმივად ხდება. საბოლოო ჯამში, Adapter-ის შექმნით, უნივერსალური გარემო შეიქმნა, სადაც ბიზნესი პროდუქციას დისტანციურად ყიდის, აანალიზებს გაყიდვებს, აკონტროლებს მარაგებს და უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას", − ქაქუცა ჯიქიძე.

ყიდვა-გაყიდვის სრულ ციკლში კი, ანუ Adapter-ში ჩართვის შემდეგ, ციფრულად გაყიდული პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას, ეკოსისტემაში შემავალი სადისტრიბუციო და ლოგისტიკური კომპანია Izi Box უზრუნველყოფს. 

თემურ ნარაკიძე
Izi Box ‒ დირექტორი

Izi Box-ი Digital Area-ს ეკოსისტემის კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც სადისტრიბუციო და ლოგისტიკურ მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. 

"ეკოსისტემაში შექმნილი ციფრული პროდუქტების შინაარსიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიქმნა თანამედროვე და მობილური კომპანია, რომელიც სრულად კრავს სხვადასხვა კომპანიას შორის საოპერაციო პროცესების ციკლს. ის თანაბრად მნიშვნელოვანი რგოლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კორპორაციული პარტნიორებისთვის. Izi Box-ი უზრუნველყოფს Extra.ge-ზე გაყიდული პროდუქციის მომხმარებლამდე სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას. Izi Box-ის თანამშრომლები სწრაფ რეჟიმში ახდენენ შემოსული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის სორტირებასა და ამ ეტაპზე დადგენილი რეგულაციების შესაბამისად დასაწყობებას. მეორე მხრივ, Izi Box-ი Extra.ge-ისა და Optimo.ge-ის პარტნიორ ბიზნესებს ლოგისტიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესებში მნიშვნელოვნად ეხმარება", − გვეუბნება თემურ ნარაკიძე, Izi Box-ის დირექტორი.

ამ ეტაპზე კი Izi Box-ისა და Area.ge-ის საერთო პროდუქტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს, რადგან Area.ge-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა პროცესის ერთ სივრცეში გაერთიანება და მომხმარებლისთვის უძრავი ქონების სრული ციკლის შეკვრაა. შესაბამისად, მომხმარებლები მალე ახალ შეთავაზებას იხილავენ, რომლის ფარგლებშიც Izi Box-ი უძრავი ქონების ცვლილებასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ ნაწილში ჩაერთვება და ავეჯისა თუ ნივთების გადაზიდვის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ამ ნივთების სორტირების, შეფუთვისა და დასაწყობების შესაძლებლობასაც შესთავაზებს. 

სრულად გაციფრულებული სერვისების მიუხედავად, ბიზნესის წარმატებით ოპერირებისთვის ადამიანური რესურსების ჩართვა კვლავ გარდაუვალად საჭირო საკითხია. Digital Area-ს ეკოსისტემის ეს განსხვავებული პროდუქტი კი სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს.  

ანდრო რატიანი
Digital Area ‒ გენერალური დირექტორი

500 Startups

დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართულ ბაზარზე ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანია 500 Startups-ი შემოვიდა. 2010 წლიდან, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ-დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

"პროექტი 500 Georgia ვენჩურული კაპიტალის კომპანია 500 Startups-ის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის ჯგუფის ერთობლივი პროექტია. ეკოსისტემა Digital Area საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრია, რომლის მთავარი ნიშა ახალი, ინოვაციური და სტრატეგიული ციფრული პროექტების შექმნაა. ამიტომ, Digital Area განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ინტერესითაა ჩართული 500 Georgia-ს პროექტის განხორციელების პროცესში. პროექტის მიზანს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება წარმოადგენს", − ანდრო რატიანი, Digital Area-ს გენერალური დირექტორი.

სტარტაპების ინვესტირებას საქართველოს ბანკის ჯგუფი ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია არ არის, რადგან სტარტაპების პარტნიორი ეკოსისტემა Digital Area ხდება. შესაბამისად, სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არამატერიალური მხარდაჭერაც − იქნება ეს საოპერაციო პროცესების გამართვა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, იურიდიული და ტექნოლოგიური კონსულტაცია თუ სტრატეგიული დაგეგმარება. 

500 Georgia-ს პროექტის პირველ ნაკადში, აქსელერაცია გაიარა 14 სტარტაპმა და ყველამ მიიღო ინვესტიცია. მეორე ნაკადში კი აქსელერაციის პროცესში ჩაერთო 14 სტარტაპი, ხოლო 13 მათგანში განხორციელდა ინვესტიცია.

500 Georgia-ს მეორე ნაკადის დასრულების შემდეგ, შედეგები ასეთია: 16.5 მილიონი ლარი − მოზიდული ინვესტიცია, 89 საერთაშორისო პარტნიორი და 354 შექმნილი სამუშაო ადგილი.

საერთო ჯამში, Digital Area-ს ეკოსისტემის მრავალფეროვან გალაქტიკას 27 ახალი სტარტაპი 8 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ) შეემატა, რაც ნიშნავს, რომ Digital Area გასცდა საქართველოს საზღვრებს და დამატებით ახალ ინდუსტრიულ ბაზრებზე შევიდა. 

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი