Get All Access for $5/mo

ძმები წვერის მოვლის ინდუსტრიიდან და არა მხოლოდ... მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების პირველი ადგილობრივი მწარმოებელი უკვე სამი წელია ქართულ ბაზარზე უკონკურენტოდ საქმიანობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Beard.ge

გიორგი და ირაკლი ძაგანიშვილები ძმები არიან. მათი ისტორია ტრადიციულად იწყება − სამსახურით, საიდანაც მიღებული შემოსავალი ახალგაზრდებმა ინტელექტის ამაღლებასა და განათლების შეძენას მოახმარეს და ციფრული მარკეტინგი შეისწავლეს. მათ ცხოვრებაში დიდი პერსპექტივები და მიზნები შეერთებულ შტატებში მუშაობისა და სწავლის პერიოდში გამოჩნდა. ძმები ძაგანიშვილების პირველი იდეა სამშენებლო კომპანია IBUILD-ია. პირველი კორპუსის აშენების შემდეგ, ახალი პროექტების საინვესტიციო თანხა მოაგროვეს და იდეების დამუშავებას შეუდგნენ. ასე დაიბადა www.beard.ge და www.warp.ge

მიაჩნიათ, რომ მათი წარმატების მთავარი მიზეზი ციფრულ მარკეტინგში მიღებული განათლება და გამოცდილებაა. Affiliate Marketing -ში წლები იმუშავეს − სხვადასხვა
ონლაინ კომერციის პლატფორმაზე უამრავი ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსებასა და გაყიდვას უზრუნველყოფდნენ. გამოცდილება საკუთარი ბიზნესის მართვაში გამოიყენეს.

გიორგი და ირაკლი იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან, ბავშვობიდან მოყოლებული მიზანდასახულად რომ მიილტვიან ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად. არც მზა იდეა ჰქონდათ, არც ბიზნესგეგმა. დასხდნენ და კვლევა დაიწყეს. აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ბიზნესი არათუ სუსტად, არამედ საერთოდ არ იყო განვითარებული.

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების პირველი ბრენდი საქართველოში

www.beard.ge-ს შექმნას 3 წლის წინ შეუდგნენ. როგორც ბრენდის სახელი ცხადყოფს, იდეა მამაკაცის წვერის მოვლის საშუალებების ქართულ ბაზარზე გაყიდვა იყო. წვერის მოვლა-შელამაზების პროდუქციის ბიზნესის განვითარებასთან ერთად, თმის მოვლის საშუალებები დაამატეს. ასევე, სავარცხლები, სამართებლები, სუნამოები. მოკლედ, არჩევანი გაიზარდა.

"საწყის ეტაპზე, მოგებაზე საერთოდ არ ვფიქრობდით. უბრალოდ გვინდოდა, ჩვენი ძალები ონლაინსივრცეში მოგვესინჯა. ავდექით და როგორც რიგითმა მომხმარებლებმა, ერთ-ერთი არცთუ ცნობილი ბრენდის პროდუქცია გამოვიწერეთ საბაზრო ფასად. მნიშვნელოვანი არ იყო, რომ უმაღლესი დონის ბრენდის პროდუქცია გაგვეყიდა. კარგი ხარისხის პროდუქტის საიტზე განთავსებით მიღებული ექსპერიმენტის შედეგი გარკვეულ სურათს დაგვანახებდა", − იხსენებს გიორგი.

შედეგი იმედისმომცემი აღმოჩნდა. მას მერე, რაც საცდელად გამოწერილი პროდუქცია ამოიწურა, ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა გადაწყვიტეს, უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებზე გასულიყვნენ.

"თავდაპირველად ახალბედა ამერიკულ ბრენდთან გავაფორმეთ კონტრაქტი. ჩვენ ბრენდირებულ ეტიკეტს ვუგზავნიდით, ისინი კი შეფუთულ და ეტიკეტირებულ პროდუქციას გვიბრუნებდნენ. ამის შემდეგ სხვადასხვა კომპანიასთან დავიწყეთ კომუნიკაცია. მათ შორის იყვნენ ათეულობით წლის გამოცდილების მქონე ამერიკული და ევროპული მწარმოებლები. დათანხმება არ გაგვჭირვებია − პირველები ვიყავით, ვინც საქართველოდან უკავშირდებოდნენ. აქაურ ბაზარზე ბედის მოსინჯვა კი ბევრს სურდა", − ამბობს გიორგი.

საუკუნოვანი ტრადიციის ბრენდები ქართულ ბაზარზე

www.beard.ge-ს ვებსაიტსა და კომპანიის სტენდებზე ისეთი ცნობილი ბრენდების ნამუშევრებს შეხვდებით, როგორიცაა Kent − ხელნაკეთი სავარცხლების მწარმოებელი, რომელიც 1770-იანი წლებიდანაა ბაზარზე და მამაკაცის თმისა და წვერის სავარცხლებს ამზადებს. ასევე, გერმანულ ბრენდ DOVO Solingen-ის (1906 წელი), Merkur Solingen-ის (1896) და იტალიური Proraso-ს (1908) პროდუქციას.

www.beard.ge-ზე მომხმარებელი თმისა და წვერის ბალზამებსა და ცვილებს, სავარცხლებსა და ზეთებს, საპარსებსა და წვერის შესასწორებელ აქსესუარებს აღმოაჩენს. "საერთო ჯამში, 100-ზე მეტი პროდუქტი გვაქვს, აქედან კი ონლაინგაყიდვებს 10%-მდე უჭირავს", − ამბობს ირაკლი.

www.beard.ge-ს ბაზაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქცია მაროკოული Azbane-ის ნამუშევრებია. ვინაიდან მამაკაცის წვერისა და ზოგადად, თავის მოვლის საშუალებებში არგანის ზეთი წამყვანი ინგრედიენტია, არგანი კი მხოლოდ მაროკოს ტერიტორიაზე ყვავილობს. მაროკოულ კომპანიასთან ხელშეკრულება ახალბედა ანტრეპრენერებისთვის ბევრს ნიშნავდა. Azbane ოჯახური ბიზნესია, მისი ისტორია 43 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. კომპანიის სახელი მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული.

მომხმარებელი ყოველთვის პრიორიტეტულია

ვებსაიტიდან გამოწერა ერთი click-ით ხდება. დღის 3 საათამდე გამოწერილი პროდუქცია მომხმარებლამდე მცირე ფასნამატით იმავე დღეს მიდის. ვებსაიტის ჩაშვებიდან მალევე ძმები მიხვდნენ, რომ გაყიდვების გასაზრდელად პროდუქციის რეალურ სივრცეში წარმოდგენა ესაჭიროებოდათ. Beard.ge-ს სტენდებს Tbilisi Mall-ში, East Point-ში, City Mall საბურთალოსა და Galleria Tbilisi-ში შეხვდებით. გარე გაყიდვებზე სტარტაპს 10-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

სტენდების დადგმის იდეა მას მერე გაუჩნდათ, რაც ყოველი მეორე პოტენციური მომხმარებელი პროდუქციის შეძენამდე, მისი სურნელის და ხარისხის შემოწმებას ითხოვდა. "როდესაც ერთხელ ცდიან ჩვენს პროდუქტს და მოეწონებათ, მისი გამოწერა უფრო უმარტივდებათ", − ამბობს გიორგი. ონლაინგაყიდვების წილი საერთო გაყიდვებიდან ყოველდღიურად სტაბილურად იზრდება.

ირაკლი და გიორგი საკუთარ თავსა და ახალშექმნილ ბრენდს დიდ მოთხოვნებს უყენებენ. ძმები მიიჩნევენ, რომ მათი წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე მაქსიმალურ ფოკუსირებაში მდგომარეობს.

პრინციპის "მომხმარებელი ყოველთვის მართალია" განსაკუთრებულად მკაცრი, ამერიკული მიდგომა Beard.ge-ს შემთხვევაში წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია. როდესაც საკუთარ თავსა და ხარისხში დარწმუნებული ხარ, მარტივია მყიდველს გარანტია მისცე, რომ პროდუქტის დაწუნების შემთხვევაში, შენაძენს უკან დაიბრუნებ და გადახდილ თანხასაც მთლიანად აანაზღაურებ.

"ჩვენი პროდუქციის ხარისხის გვჯერა. შესაბამისად, ამ პირობის დადების არ გვეშინია", − ამბობს ირაკლი. საერთოდაც, ძმების ფილოსოფია და სამუშაო ეთიკა მომსახურებისა და ზოგადად, ბიზნესსფეროს გაუმჯობესებასა და წინსვლაზეა მიმართული. უმაღლესი კლასის პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება მათთვის თვითმიზანს წარმოადგენს. სჯერათ, რომ სამომავლოდ სწორედ ეს დამოკიდებულება გახდება მეტი წარმატების მიზეზი.

მცირე წარმოების სირთულეები

ამჟამად საკუთარ მცირე წარმოებას ხელმძღვანელობენ და ულვაშის ცვილსა და წვერის ბალზამს ამზადებენ. პროდუქტის თვითღირებულებას ევროპიდან გამოწერილი ინგრედიენტები საგრძნობლად აძვირებს. თუმცა, ხარისხი მათთვის პრიორიტეტულია. ცვილისა და ბალზამის დასამზადებლად რამდენიმე შემადგენელია საჭირო. ერთადერთი, რომლის მიღებაც საქართველოში შეუძლიათ, ფუტკრის ცვილია, რომელსაც თავად ძაგანიშვილების ოჯახი აწარმოებს. შესაბამისად, ირაკლი და გიორგი ხარისხში დარწმუნებულები არიან.

"ჩვენი ოჯახის მიერ დამზადებული ფუტკრის ცვილი 100%-ით ბუნებრივია, ყველანაირი მინარევის გარეშე. სამწუხაროდ, ადგილობრივ წარმოებებში ცვილს ხშირად პარაფინს ურევენ, რაც ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტია", − გვიხსნის გიორგი. წარმოება თბილისში მდებარეობს. ულვაშის ცვილი პატარა ოთახში მზადდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ძმების უახლოეს გეგმებში ექსპორტზე გასვლაა. მათ პროდუქცია ევროპის ქვეყნებში საკუთარი ხელით არაერთხელ გაუგზავნიათ. საზღვარგარეთ პროდუქტი განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის სარგებლობს, ვისაც ის საქართველოში ვიზიტისას მოუსინჯავს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ საქართველოდან გზავნილის მიღება ძვირადღირებული სიამოვნებაა, არცერთ მსურველს პროდუქტის შეძენაზე უარი არ განუცხადებია. მასშტაბური ექსპორტის დასაწყისი www.amazon.com-ის რესურსის ათვისებით დაიწყება. გიორგი და ირაკლი ციფრული მარკეტინგის საფუძვლიან ცოდნას საკუთარი კომპანიის ფრომოუშენში გამოიყენებენ და დარწმუნებულები არიან, რომ Beard.ge-ს ნაწარმით არა მხოლოდ ევროპა, არამედ ამერიკაც დაინტერესდება.

IBUILD − სამშენებლო კომპანიის მწვანე ინიციატივა

www.beard.ge-ს შესაქმნელად საჭირო ინვესტიცია ირაკლიმ და გიორგიმ 3 წლის წინ საკუთარი შრომით მოიპოვეს. ძმების პირველი განხორციელებული ბიზნესიდეა IBUILD-ია − სამშენებლო კომპანია, რომელიც მსგავსი ტიპის ორგანიზაციის ქუდის ქვეშ მოაზრებული სტერეოტიპების დანგრევას ცდილობს.

"სამშენებლო კომპანიების ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ კორპუსის აშენებისთანავე მაქსიმალურ მოგებაზე უნდა გავიდეს. თანამედროვე ბიზნესები გრძელვადიან გეგმაზე არასოდეს ფიქრობენ. ჩვენ ასეთი მიდგომებისგან რადიკალურად შორს ვდგავართ", − ამბობს ირაკლი.

მიდგომის გარდა, რადიკალურად განსხვავებულია IBUILD-ის კონცეფცია. ამ ეტაპზე კომპანიის ანგარიშზე ნუცუბიძის მესამე პლატოზე აშენებული ერთი კორპუსია. მწვანეში ჩაფლული შენობა სარეკრეაციო ზონებითაა გარშემორტყმული. ახალი პროექტის აშენებას ასევე ნუცუბიძის მესამე პლატოზე გეგმავენ. შენობის ბოლო სართულსა და ტერასებზე გამწვანებული 4 სივრცე განლაგდება, ენერგოეფექტური კორპუსის ფასადი თანამედროვე პანელებით მოპირკეთდება, რაც იმის გარანტორი გახდება, რომ კორპუსის ვიზუალური მხარე არც რამდენიმე თვეში და არც რამდენიმე წელიწადში არ შეილახება.

პროექტში არსებული 40 კვადრატული მეტრი ფართის სტუდიოს ტიპის ბინები განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში ინვესტირება სურს.

"მაღალი ხარისხის მისაღებად არაფერი არ უნდა დაზოგო. თუკი მომხმარებელზე ხარ ორიენტირებული, ყველაფერი მოგვარდება. თუკი ამ მიდგომას კომერციული კუთხით შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ 5 წლის პერსპექტივაში იმაზე მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია ასეთ ბრენდს, ვიდრე სხვას", − გვეუბნება გიორგი.

საერთოდაც, როგორც ზემოთაც გითხარით, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის შექმნა ძაგანიშვილების ყველა ბიზნესპროექტის ამოსავალი წერტილია. Beard.ge-ის პარალელურად შექმნილი პროექტი, Warp.ge ამის მორიგი მაგალითია.

www.warp.ge-ზე შესვლისთანავე თვალები მრავალფეროვანი და თემატური სტიკერებით აგიჭრელდებათ. კომპანია უმაღლესი ხარისხის ინდორ და აუთდორ სტიკერებს ამზადებს სახლის ინტერიერისთვის, მანქანებისთვის; ასევე ამზადებენ დეკორაციებს, მაცივრის მაგნიტებს.

"ყველაფერს უმაღლესი ხარისხის, გამძლე, გერმანული მასალით ვბეჭდავთ. სხვათა შორის, ეს სტიკერები Beard.ge-ისთვისაც არაერთხელ გამოვიყენეთ. კომპანიის მანქანებზე დამაგრებული ყველა სტიკერი სწორედ Warp.ge-ს მიერაა დაპრინტული".

Beard.ge მზარდი ბიზნესია. მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების პირველი ადგილობრივი მწარმოებელი უკვე სამი წელია ქართულ ბაზარზე უკონკურენტოდ საქმიანობს. მის ანგარიშზე არა მხოლოდ წარმატებული ოპერირება, არამედ საერთოდაც ახალი ბაზრის გაჩენაა.

თავდაპირველი ნაბიჯები აგრესიული მარკეტინგული კამპანიით გადადგეს. მათი სამიზნე აუდიტორია, ძირითადად, ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი მამაკაცები არიან. შესაბამისად, ციფრული რეკლამა Beard.ge-ის შემთხვევაში უკონკურენტოა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ბრენდის განვითარებისთვის კონკურენცია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, Beard.ge-ს ამ ეტაპზე კონკურენტი ჯერაც ვერ უპოვია. "ჩვენი ბრენდის კოპირებას ხშირად ახდენენ, ჩნდებიან და 2 თვეში ისევ ქრებიან", − ამბობს ირაკლი.

www.beard.ge მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების პირველი ბრენდია, რომელმაც ბაზარზე შემოსვლის დღიდან მაღალი სტანდარტი დააწესა. თავდაუზოგავი შრომისა და განვითარებისკენ სწრაფვის დამსახურებით კი, ძმები ძაგანიშვილების ბიზნესიდეა რეალობად იქცა და მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბდა.