eConsul – ქართული პლატფორმა, რომელიც წინასამოგზაურო და სავიზო პროცესს ამარტივებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგზაურობა ადამიანისთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დაგეგმვა და გადაადგილება კომპლექსურ და დამღლელ, ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. საშუალოდ, ადამიანს სამოგზაურო რეგულაციების გარკვევაში 20 საათი მაინც ეხარჯება, ვინაიდან ხშირად მოგზაურებს სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება, სავიზო პროცედურების გავლა და აპლიკაციების შევსება უწევთ. სულ მცირე მექანიკურმა შეცდომამ ან რომელიმე მნიშვნელოვანი საბუთის გამორჩენამ კი შესაძლოა გავლენა იქონიოს მოგზაურის განაცხადსა და ზოგადად, დაგეგმილ მოგზაურობაზე.
მოგზაურობის ამ ყველაზე მოსაწყენ და კომპლექსურ მხარეს eConsul აგვარებს − პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, სავიზო აპლიკაციის შევსებაში, საჭირო დოკუმენტების თავმოყრასა და საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნაში ეხმარება. ყველა მნიშვნელოვანი სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანება მომხმარებელს უზოგავს დროს და მოგზაურობის პროცესსაც უფრო სასიამოვნოს ხდის.
"ჩვენი ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როდესაც გადაადგილების თავისუფლება ყველაზე შეზღუდული იყო - კოვიდ 19-ის პანდემიის დროს. თავდაპირველად შევქმენით Facebook ჯგუფი "ვიზა", სადაც როგორც ჩვენ, ასევე სხვა ჯგუფის წევრები ერთმანეთს ვუზიარებდით სამოგზაურო რეგულაციებზე ინფორმაციას, ხოლო დაინტერესებულ ადამიანებს კი სავიზო მომსახურებას ვთავაზობდით. ჯგუფის წარმატებამ და ჩვენს სერვისებზე მოთხოვნის ზრდამ დაგვანახვა შესაძლებლობა, შეგვექმნა კომპანია "იკონსული", რომელიც მოგზაურებს უფრო მაღალი ხარისხით მოემსახურებოდა.
მალევე დავინახეთ, რომ მასშტაბირებისთვის აუცილებელი იყო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანა. ამისთვის დავიწყეთ გუნდის ფორმირება და ინვესტორების მოძიება. დღესდღეობით, ვართ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის გამარჯვებული და პრეაქსელატორ Impact Hub-ის მონაწილე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობას, და, ამავდროულად, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური მიდგომით, ვფიქრობთ, შევქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და შევძლებთ ჩვენი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანას", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს თინათინ გოგუაძე, Econsul-ის თანადამფუძნებელი.
პანდემიის დროს ბიზნესის დაწყება, მაშინ, როდესაც თითქმის ყველაფერი ჩაიკეტა, ამას დაემატა საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო აპლიკაციები და გამკაცრდა ზოგადი რეგულაციებიც, ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცესა და უდიდესი რესურსის ჩადებას. პანდემიისას დაიკეტა საკონსულოები. მათ კი, ვინც არ წყვეტდა მუშაობას, მგზავრების დიდი ნაკადის გატარების საშუალება არ ჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყეს აქტიური მუშაობა "იკონსულზე" - მაშინ, როდესაც Covid-19-ის პანდემიის დროს მსხვილი ორგანიზაციებიც კი კრიზისს განიცდიდნენ. თინათინ გოგუაძე მიიჩნევს, რომ eConsul-ი, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა, სწორედ იქ და იმ დროს აღმოჩნდა, როდესაც ბაზარზე ამის უდიდესი საჭიროება დადგა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და არის მასშტაბირება, ანუ ადამიანური რესურსის შემცირება ტექნოლოგიური გადაწყვეტების დახმარებით. ამ ეტაპზე მოვახერხეთ, საოპერაციო პროცესების ავტომატიზაცია CRM-ის და მსგავსი ხელსაწყოების მეშვეობით, და ასევე ლოკალურად შევქმენით empty slot finder, რომელიც ავტომატურად ეძებს თავისუფალ ადგილებს საკონსულოებში გასაუბრების დასაჯავშნად, და შევქმენით ე.წ. ePhoto, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს სააპლიკაციო სტანდარტებზე მორგებული ფოტო სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ მობილურის მეშვეობით.
რაც შეეხება გენდერულ გამოწვევებს, კონკრეტულად "იკონსულში" გენდერულ სტერეოტიპებთან რაიმე გადაკვეთა არ მქონია. მე ვარ კომპანიის ყველაზე დიდი წილის მფლობელი. მყავს პარტნიორები, რომლებიც კომპანიაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ და თითქმის თანაბრად ვართ წარმოდგენილი როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, რაც ბუნებრივად, პიროვნული დამსახურების ხარჯზე მოხდა", - აღნიშნავს თინათინ გოგუაძე.
თინათინს მიაჩნია, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ უფრო მტკიცე და თამამი გახადა. საკუთარმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ანტრეპრენერი გამბედავი უნდა იყოს, სწრაფად შეეძლოს ადაპტაცია ნებისმიერ სიტუაციაში და ღირსეულად შეხვდეს დაშვებულ შეცდომებს. "ანტრეპრენერი ჰგავს გაბედულ, არაფრით შეიარაღებულ ადამიანს, რომელიც ამოუცნობ წყლებში დაცურავს ჰორიზონტს მიღმა განძის ხედვით. ეს თამამი ავანტიურისტი გზადაგზა იმორჩილებს მღელვარე ტალღებს, ეუფლება გამძლეობას ამინდისა და ქარიშხლების მიმართ და პოულობს ამოუცნობ მიწებს. შემდგომ კი განვლილ და გაკვალულ გზებს სხვებს უზიარებს", - განმარტავს რესპონდენტი.
"იკონსულის" გუნდს სამომავლოდ მასშტაბური გეგმები აქვს. "იკონსულის" მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, სადაც ვიზასთან ასოცირებული ყველა პრობლემის გადაწყვეტა ერთ ადგილას იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე იმუშავებს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: სხვადასხვა დაწესებულებიდან დოკუმენტების მოთხოვნა, მათი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. ამასთან, აპლიკაციის სწრაფად და სრული სიზუსტით შესავსებად საჭირო ინფორმაციის წამოღება იუსტიციის სახლიდან. შედეგად, ყველა ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვიზის აღების პროცესს მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მიმდინარე წელს "იკონსულის" გუნდი პლატფორმის ნაწილის გაშვებას გეგმავს, რაც გულისხმობს აპლიკაციის ფორმის შევსების ავტომატიზაციას. სამომავლო პერსპექტივაში, "იკონსული" უცხოური ბაზრის ათვისებაზეც აქტიურად იმუშავებს.
კითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ ქალებს, რომელსაც საკუთარი საქმიანობის დაწყება სურთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, თინათინი გვპასუხობს:
"ქალებსა და გოგოებს, რომლებიც ფიქრობთ საკუთარ წამოწყებებზე, გახსოვდეთ: სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. თქვენ ხართ თქვენი სურვილების საუკეთესო მსაჯული, ყველაზე უკეთ თქვენ იცით რა გინდათ და თქვენს ხელშია მათი შედეგების არქიტექტურაც. დაიწყეთ ერთი ნაბიჯით დღეს, დაამატეთ კიდევ ერთი ხვალ და მალე კილომეტრებს გაივლით. მარცხი მხოლოდ შემოვლითი გზაა და არა ჩიხი, დასამახსოვრებელი და კარგი გაკვეთილი და ინოვაციის კატალიზატორი. ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მთავარია მალე მოვაგვაროთ და მიზნისკენ გზა განვაგრძოთ".