ექსპერიმენტული აზროვნება ღვინოში რა უნდა ვიცოდეთ ღვინის შესახებ?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიყვარს ექსპერიმენტები და მსიამოვნებს, როდესაც რაიმე ახალს ვაკეთებ, ვსინჯავ, შევიგრძნობ იმას, რასაც სტანდარტული სახე არ აქვს, ან შეიძლება აქვს კიდევაც და მე აქამდე მასზე არაფერი მსმენია. სიტყვაზე რომ ვთქვათ, შესაძლოა ვინმემ სადღაც უკვე დაამზადა ხურმის სოუსი შემწვარი კარტოფილისთვის, მაგრამ იმ დღეს, როცა მე შევწვი კარტოფილი და აღმოვაჩინე, რომ მისთვის არც ტყემალი, არც არაჟანი და არც არაფერი გამაჩნდა, დავიწყე გარშემო თვალიერება და დავინახე ხილი, რომელსაც ჩემს ბავშვობაში დიდი როლი ჰქონდა, რადგან ეზოში ხურმის რამდენიმე ხე გვედგა. ასევე გამახსენდა ბებიაჩემის შემწვარი კარტოფილი, მისი არომატი და ეზოში დატრიალებული ხურმის სურნელი. ავდექი და დავამზადე მისგან სოუსი. ჰოი, საოცრებავ! ძალიან დააჯდა ჩემს გემოვნურ რეცეპტორებსა და რა თქმა უნდა, შემწვარ კარტოფილსაც. დიახ, ეს არის ექსპერიმენტი და მას ახლავს შიში იმისა, რომ შესაძლოა არ მოგვეწონოს შედეგი, საერთოდ გაგვიფუჭდეს გუნება, დავრჩეთ მშიერი და ჩავვარდეთ მიკრო ეგზისტენციალურ კრიზისში; დავფიქრდეთ ცხოვრებაზე, ჩვენი არსებობის მნიშვნელობაზე და კიდევ ათასი რამ. მე ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, მხოლოდ ამ დროს ვგრძნობ თავს ცოცხლად, განსაკუთრებულად... თითქოს რაღაც ახალი შემოდის ჩემს ცხოვრებაში და თუნდაც მან არ გაამართლოს და სრული კრახი განიცადოს, მაინც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ, რომ ვცადე, ჩემს თავზე გამოვცადე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ხურმის სოუსის მომზადებას. გავასინჯე ერთს, მეორეს, მესამეს... ზოგს მოეწონა, ზოგს − არა.
ხალხს ექსპერიმენტები არ უყვარს, თუმცა ხანდახან აღფრთოვანებასაც ვერ მალავენ წარმატებული პროექტის შემთხვევაში. ვფიქრობ, როგორც ჩემს გამოფხიზლებას სჭირდება სიახლე, ასევე მსგავსი სიახლე წარმატების მიზეზი შეიძლება გახდეს ყველა სფეროსთვის, მათ შორის − ქართული მეღვინეობისთვის. რამდენიმე პუნქტად დავყავი იდეები, რომლებიც ვფიქრობ, ევოლუციას საჭიროებს, რათა კონკურენტული და მეტად წარმატებული გახდეს სფერო. აქვე დავამატებ, რომ ამ აზრზე ახლა ვარ, თუმცა არ მაქვს იმის გარანტია, რომ რამდენიმე წელიწადშიც ამ იდეის ერთგული დავრჩები. შესაძლოა აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ და ამისი მწამს.
რასაც ვიტყვი, ძალიან სენსიტიური შეიძლება აღმოჩნდეს ზოგ- ზოგიერთისთვის.
1. ენდემური ვაზის ჯიშების სახელების შენარჩუნება და სინონიმების შექმნა.
რქაწითელი, ოცხანური საფერე, დონდღლაბი − წარმოიდგინეთ, რომ ამერიკელმა რესტორატორმა გასინჯა თქვენი ღვინო და მოეწონა. ახლა დროა აუხსნათ ყველაფერი, ამისთვის გაქვთ წუთი და თქვენ იწყებთ: Good morning Mr.John, my name is Revaz Tsetskhladze, my wine is from Kakheti. Name of the village is Kurdghelauri, grape varieties are Rkatsiteli & Tsulukidzis Tetra, made in Qvevri − და აი, ხომ წარმოგიდგენიათ, მის ტვინში რა ხდება ამ დროს? საერთოდ ავიწყდება ყველაფერი, სახელი, გვარი, ჯიში, გემოები... ოფლი ასხამს ალბათ და ისევ შარდონეს გასინჯვა სურს. კი უნდა, რომ დაიმახსოვროს ეს არაამქვეყნიური ენა და სახელები, თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაცია და სიახლეა ერთბაშად. არ მინდა იფიქროთ, რომ ამით ქართულ ენას ვაკნინებ ან რაიმე მსგავსი. მე ძალიან მიყვარს ქართული ენა და თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ ამ ენაზე საუბრისა და წერის დროს, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ რქაწითელი ან ოცხანური საფერე, ჰოპ, და მაშინვე არ გაჩენილა − მან ევოლუცია განიცადა. ჩვეულებრივი პროცესია ნებისმიერი კულტურისა და ხალხისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია რაღაცების გამარტივება და მათზე ექსპერიმენტის ჩატარება, დაკვირვება, კვლევა, იქნებ უკეთესად მუშაობს? ორ სიტყვას დავამატებ − კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი?
2. ტექნოლოგიური წინსვლა
მე ცოტა მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ მივიდა ადამიანი 8000 წლის წინ იქამდე, რაზეც დღეს მსოფლიო გადარეულია, ანუ უხეშად ვიტყვი − ქვევრის ღვინომდე. ჩემი აზრით, ეს ეგვიპტელების პირამიდებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია. ბოლო ასწლეულების განმავლობაში კაცობრიობამ ღვინის ინდუსტრია საგრძნობლად განავითარა, მაგრამ იგი არ ამოწურულა და მით უმეტეს, არ ამოწურულა არც "ქვევრის ღვინის ტექნოლოგია", რომელსაც სჭირდება მუშაობა, ექსპერიმენტები, სითამამე, კვლევა და ახლის ძიების სურვილი. აუცილებლად მოვა ის დრო, როცა პოზიტიური ნიშნულები ნეგატიურში გადასვლას დაიწყებს იმის გამო, რომ უბრალოდ აღარ იქნება საინტერესო. უორენ ბაფეტმა თქვა, რომ ნეგატიურსა და პოზიტიურ ცვლილებებს ერთნაირი
ემოციით უნდა შეხედო. თუ გინდა რაიმე გამოასწორო, არ უნდა ანერვიულდე და უნდა იფიქრო იმაზე, რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლება მისი შეცვლა.
3. ღვინის ხასიათის გადმოცემა
არ არის აუცილებელი ყველამ ტანინიანი ღვინო აწარმოოს, ან ყველამ უტანინო. მე გავაკეთებდი ექსპერიმენტებს, ბლენდებს, დავავარგებდი და ბევრ განსხვავებულ ტექნიკას ვცდიდი იმისათვის, რომ რაიმე ახალი აღმომეჩინა. არ იფიქროთ, რომ არ ვიცი ამის უკან რამხელა რისკი და შრომა დგას. ყველაფერი კარგად მესმის, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ფრთხილი ექსპერიმენტები საჭიროა.
რიოხას მაგალითი
ესპანეთში, რიოხას რეგიონი ერთ- ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ექსპერიმენტმა და ცვლილებებმა შესაძლოა დადებითად იმოქმედოს რეგიონის სურათის შეცვლაზე. მაგალითად: რამდენიმე ათეული წლის წინ, რიოხაში ღვინის დასავარგებლად, ამერიკული მუხა დომინირებდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და რიოხა გადაეწყო მთლიანად ფრანგულ მუხაზე, რომელიც ორჯერ ძვირია, ვიდრე ამერიკული. მათ შეცვალეს სტილი, ხასიათი, თუმცა არ დაუკარგავთ ავთენტურობა.
ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნდა მოხდეს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი ქართული მეღვინეობისთვის. გვინდა არ გვინდა, რეალობა არის ის, რაც დღეს ხდება. რუსეთი არ არის პატარა ბაზარი. ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა წამყვანი მეღვინეობის ქვეყნები ცდილობენ გაიუმჯობესონ პოზიციები რუსეთის ბაზარზე და გაყიდონ მეტი ღვინო. როგორც კი მათთან რუსეთს ახსენებ, ამ ქვეყნების მეღვინეთა თვალებში მაშინვე დოლარების ტრიალი იწყება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსი მომხმარებელიც იცვლება და ევოლუციას განიცდის − მათ გემოვნება ეცვლებათ და მხოლოდ ისეც აღარ ხდება − "რუსია, დაალევინე, რას გაიგებს?" − როგორც წარსულში იყო, იმ დროს, როდესაც ისინი მხოლოდ ქინძმარაულსა და ხვანჭკარას სინჯავდნენ და ეს სახეობები მოსწონდათ, მაგრამ როგორც ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები გაიხსნა და ჩვენ დავიწყეთ სიახლის აღმოჩენა დანარჩენ სამყაროში, ანალოგიურად დაიწყეს რუსებმაც, უკრაინელებმაც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა. უნდა დავფიქრდეთ ცვლილებებზე. მე არ ვამბობ, რომ უნდა შევცვალოთ რაიმე ძირეულად, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ დავფიქრდებოდით, რა სურს მომხმარებელს. წარმოიდგინეთ, რამდენი პოსტსაბჭოთა ადამიანი − რუსი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. მათ შესაძლოა ახსოვდეთ ქინძმარაულის გემო ან სმენოდეთ მაინც ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ ყველაფერი იცვლება, ახალი მსოფლიოს ქვეყნები არნახულ წარმატებებს აღწევენ და სინათლის სისწრაფით იზრდებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ და არ უნდა შეგვეშინდეს ცვლილებების. უხეშ მაგალითს მოვიყვან − თუ ვინმეს მოსწონს ქინძმარაულის ცქრიალა ღვინო, უნდა გავაკეთოთ ქინძმარაულის ცქრიალა ღვინო და გავყიდოთ.