Join our Waitlist for Expert Advice!

"ექაუნთერი" - პლატფორმა, რომლითაც მცირე მეწარმეები ბუღალტრის დახმარების გარეშე შეძლებენ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემოში მცირე მეწარმეებს ხშირად უამრავი პასუხისმგებლობის აღება და ამოცანის გადაჭრა უწევთ, რათა მათი ბიზნესი შეუფერხებლად განვითარდეს. ეს პასუხისმგებლობები საბუღალტრო საქმიანობასაც მოიცავს - საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას, საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნას და სავალდებულო საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას. ამ ამოცანებთან გამკლავება კი ხშირად დროის ეფექტიანად გამოყენებას უშლის ხელს, რაც თავისთავად აისახება ბიზნესის განვითარების პროცესზეც.

ამ გამოწვევების საპასუხოდ მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური ინოვაციური პლატფორმა - "ექაუნთერი" (Accounter.ge) შეიქმნა. "ექაუნთერის" სერვისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, RS.GE-ზე ყოველთვიური სავალდებულო დეკლარაციების გაგზავნის პროცესის ავტომატიზაციას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეები ბუღალტრის დახმარების გარეშე შეძლებენ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას.

"ექაუნთერის" შექმნის იდეასა და მის მნიშვნელობაზე Entrepreneur-ი პლატფორმის დამფუძნებლებს ესაუბრა.

იდეის ავტორები და, ასევე, კომპანიის დამფუძნებლები არიან: Nexia-ს მცირე ბიზნესის მიმართულების, Nexia4SME-ს ხელმძღვანელი, მაია აფციაური, "ნექსია ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი და "შპს ტექპარტნერის" დამფუძნებელი, დავით მეშველაშვილი. გუნდს ერთობლივ პროექტებზე წარმატებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და "ექაუნთერის" შექმნაც სწორედ ერთად გადაწყვიტეს.

მაია აფციაური:

"გუნდის წევრებს მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო მიმართულებით. წლების განმავლობაში ყოველდღიურად გვქონდა შეხება მცირე მეწარმეებთან და კარგად ვიცით მათი საჭიროებები. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემდა, მარტივად, ბუღალტრის დახმარების და დამატებითი ხარჯების გარეშე, საკუთარი ძალებით გაეგზავნათ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები. ამ იდეის გაჩენიდან სულ რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ GITA-ს საგრანტო პროგრამა გამოცხადდა. მონაწილეობა მივიღეთ და პირველივე ცდაზე 150 ათასი ლარის გრანტი ავიღეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რომ არა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერა, ჩვენი იდეის განხორციელება შესაძლოა მნიშვნელოვნად გაწელილიყო დროში".

"ექაუნთერის" სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, რომელსაც აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და აქვს ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. პლატფორმით სარგებლობა საკმაოდ მარტივია. მომხმარებელი "ექაუნთერის" პლატფორმაზე, Accounter.ge-ზე მეილის საშუალებით გადის რეგისტრაციას. შეჰყავს პირადი მონაცემები, RS.ge-ის მომხმარებელი, პაროლი და ტელეფონის ნომერი. შეყვანილი მონაცემების ვალიდაციის შემდეგ მეწარმე შედის პირად კაბინეტში, სადაც მას შემოსავლების ჟურნალი ხვდება. სწორედ შემოსავლების ჟურნალიდან საშუალება აქვს, ყოველდღიურად აწარმოოს ჩანაწერები მიღებული შემოსავლების შესახებ, ან თვის დასრულების შემდეგ შეიყვანოს ჯამური შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ მეწარმემ უნდა შეიყვანოს მხოლოდ ბანკში ჩარიცხვების საშუალებით მიღებული შემოსავალი. ხოლო სალარო აპარატიდან მიღებული ჩეკების შესახებ ინფორმაციას Accounter-ის პლატფორმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან ავტომატურად იღებს. ეს სისტემა სრულად უზრუნველყოფს რიცხვების სიზუსტეს. დაბოლოს - დეკლარაციის შევსების ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, მცირე მეწარმის დეკლარაცია ავტომატურად მოახდენს გენერირებას და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის სისტემაში გაიგზავნება. დეკლარაციის წარმატებით გაგზავნის შემდეგ მცირე მეწარმე დასტურის შეტყობინებას იღებს, ხოლო თუ რაიმე მიზეზით დეკლარაცია ვერ გაიგზავნა, სისტემა ამასაც მომენტალურად ატყობინებს მომხმარებელს.

Accounter-ი, როგორც პლატფორმა, ინოვაციური პროდუქტია. შესაბამისად, მისი სრულყოფილი გამართვისთვის დამფუძნებლებმა არაერთ გამოწვევას უპასუხეს. მათ შორის იყო ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული თუ

ბიზნესგადაწყვეტილებებთან დაკავშირებული გამოწვევები.

დავით მეშველაშვილი:

"ჩვენი პლატფორმა ათობით ათას ადამიანს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას გაუმარტივებს და, ამავდროულად, კომფორტული და სანდო იქნება. დასაწყისში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იყო, ამიტომ გარკვეულ ფუნქციონალზე თავიდან უარის თქმამ მოგვიწია. გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაზე უნივერსალური იარაღი გარკვეული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება აღმოჩნდა. გუნდის წევრებს შორის მკაფიოდ დელეგირებული ფუნქციები კი ამას კარგად უზრუნველყოფდა".

"ექაუნთერი" ადგილობრივ ბიზნეს და ასევე ტექნოლოგიურ სფეროში უნიკალურ ნიშას იკავებს, რამდენადაც ამ დროისათვის საქართველოში არ არსებობს არცერთი პლატფორმა, რომელიც მცირე მეწარმეებს მსგავს სერვისს სთავაზობს. "ექაუნთერის" გუნდის მთავარი მიზანიც ინოვაციური გადაწყვეტით მცირე მეწარმეებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება იყო.

"გვინდოდა შეგვექმნა სერვისი, რომელიც მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემდა, თავი აერიდებინათ ყოველთვიურ დეკლარირების პროცესთან დაკავშირებული სტრესისთვის, დაეზოგათ ბუღალტრის აყვანის ხარჯები", - აღნიშნავს მაია აფციაური.

როგორც "ექაუნთერის" გუნდი აღნიშნავს, მათ სურთ, ეს პლატფორმა მცირე მეწარმეების საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობისას მომხმარებლისთვის აუცილებელია ნდობის ფაქტორი. "ექაუნთერმა" ამ ამოცანასაც წარმატებით უპასუხა. მონაცემები განთავსებულია ციფრული მონაცემების ცენტრში, რომელიც აღიარებულია Tier და ISO სტანდარტებით. როგორც "ექაუნთერის" გუნდი ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, პლატფორმა შექმნილია უახლესი პროგრამული მიდგომებით, რაც მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე "ექაუნთერი" მომხმარებელს ერთ ყოველთვიურ პაკეტს სთავაზობს, რაც დეკლარაციის გადაგზავნის და შესწორებების შეტანის საშუალებას იძლევა. ეს სერვისი მცირე მეწარმეების უმეტესობისთვის ძირითად საჭიროებებს პასუხობს, თუმცა "ექაუნთერის" გუნდი მომავალში ფუნქციონალის განვითარებასთან ერთად პაკეტების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

გელა მღებრიშვილი:

"უახლოეს მომავალში დაგვემატება ისეთი ფუნქციონალი, რომელიც უკეთ უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს. პლატფორმიდან მეწარმეებს საშუალება ექნებათ, გაგზავნონ ინვოისები, გამოწერონ ფაქტურები, აწარმოონ შემოსავლების ჟურნალი და თვალი ადევნონ საკუთარ შემოსავლებს თვეების მიხედვით. უახლოეს პერიოდში დაემატება ხარჯების ჟურნალიც, რაც მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, თავი აარიდონ ხარჯების ჟურნალის ხელით შევსებას და ერთ სივრცეში მოუყარონ თავი შემოსავლებსა და ხარჯებს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია