EQUILIBRIUM – ფინანსური მომსახურების, ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და საგანმანათლებლო მიდგომის ერთიანი სივრცე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი კომპანიაა, რომელიც ემსახურება ერთ კონკრეტულ და გავრცელებულ პრობლემას: სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს საქართველოში ხშირად არ აქვთ ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერა. მათ სჭირდებათ არა მხოლოდ ბუღალტერი, რომელიც ოპერაციულ პროცესებს აწარმოებს, არამედ ადამიანი ან/და გუნდი, რომელიც ფინანსურ სურათს სტრატეგიულად დაანახვებს, აუხსნის, სად მიდის მათი შემოსავალი და ფულადი ნაკადი, რაში ღირს ინვესტირება, ინვესტიციების არსი და რისი თავიდან აცილებაა საჭირო.

კომპანიის დირექტორი, ანა სარიშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით ბიზნესის წამოწყების იდეა სწორედ მისი პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა.

"მეც ვარ სტარტაპმეწარმე, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა ფინანსების კუთხით, თუმცა მაინც ვგრძნობ ფინანსურ უსაფრთხოებაში მიმართულების მიცემისა და მხარდაჭერის ნაკლებობას. როდესაც ჩემ ირგვლივ იყო და არის ბევრი შემოთავაზება, შემოსავლის არხის პერსპექტივები და ხარჯების აუცილებლობა, მე მჭირდება იმის ცოდნა, თუ რომელი არხით უკეთესია ფინანსური რესურსების დახარჯვა. გარდა ამისა, ჩემ ირგვლივ მყოფ სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებშიც ვამჩნევ მსგავს პრობლემებს. სწორედ ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საქართველოში მცირე ბიზნესს ე.წ. mini-CFO-ს მსგავსი სერვისები აკლია.

EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი ბაზარს ახალ გამოცდილებას სთავაზობს – ფინანსური მომსახურების, ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და საგანმანათლებლო მიდგომის ერთიან სივრცეს, რომელიც მეწარმეებსა და პირებს აძლევს არა მხოლოდ სტანდარტული ანგარიშგებების შედგენის მომსახურებას, არამედ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების ძალას", – ამბობს ანა სარიშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების კომპანია, შესაბამისად, ტრადიციული ფინანსური სფერო საკმაოდ სტანდარტიზებულია და განსხვავებული მოდელის შეთავაზება, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ბუღალტერიას სცდება და სტრატეგიულ დაგეგმვაში, ტექნოლოგიასა და ფინანსურ განათლებაში შედის, მოითხოვს გამბედაობასა და გააზრებულ რისკს.

მისი თქმით, ეს იყო გადაწყვეტილება არა მხოლოდ პროფესიონალური ცოდნის, არამედ პირადი პასუხისმგებლობის განცდის საფუძველზე.

"მე მსურს შევქმნა მომსახურება, რომელიც იმ დახმარებას მისცემს ადამიანებს, რომელიც თავის დროზე თავად მჭირდებოდა. ამიტომაც მგონია, რომ EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი სწორედ იმ დროსა და იმ ვითარებაში შეიქმნა, როცა ყველაზე რთული, მაგრამ საჭირო იყო: ბიზნესს სჭირდებოდა ის, ვინც ეტყოდა "ეს არა, ეს კი. აქ ფული არ დახარჯო, აქ კი ღირს. აი, რატომ". ეს როლი სიამოვნებით ავიღე საკუთარ თავზე ჩემი სხვა სტარტაპების პარალელურად", – ამბობს კომპანიის დირექტორი.

ანა სარიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზრისთვის ახლის ახსნა იყო, თუ რატომ არის ფინანსური განათლება აუცილებელი და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გატარებების შექმნასა თუ ანგარიშგებების გენერირებაში, არამედ ფინანსური რუტინის სტრუქტურირებაში, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და mini-CFO-ს მსგავსი მოდელის შემუშავებასა და დამკვიდრებაში. მისი თქმით, ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ ან საერთოდ არ სჭირდება ბუღალტერი, რადგან ჯერ კიდევ "პატარები" არიან, ან ბუღალტერი სრულიად საკმარისია, სანამ მათ მნიშვნელოვანი ოპერაციები არ გაუჩნდებათ.

"თუმცა ისინი გარკვეულ მომენტში შეეხებიან პრობლემას: არასწორ ბიუჯეტირებას, არაპროპორციულ ხარჯებს, რისკების არასწორ შეფასებას ან, უბრალოდ, ფინანსურ ქაოსს. ჩამოთვლილს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სტარტაპები გადიან pitching-ის ეტაპს, როდესაც თავიანთი ბიზნესგეგმაც კი უნდა წარუდგინონ პოტენციურ ინვესტორს.

ამ საქმეში ძალიან რთულია და თითქოს დაუსრულებელი ბრძოლაა დარწმუნებისთვის, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელი იმის დანახვა, რომ სტარტაპები, მცირე ბიზნესები და კერძო პირები ხედავენ ამ მომსახურების საჭიროებას, რომ ეს მოდელი რეალურად აუმჯობესებს ბიზნესის სტაბილურობას, ზრდის ბაზარზე გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობებს და მეწარმეებს არწმუნებს საკუთარ იდეაში კიდევ უფრო მეტად. დღეს უკვე საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან სწორი ფინანსური პროცესები მცირე ბიზნესების დამოკიდებულებას თავიანთ საქმიანობასთან. ეს შედეგი კი ყველაზე ღირებული იყო ჩემთვის საკუთარი ბიზნესის განვითარებისას", – ამბობს ის.

ანა სარიშვილი ამბობს, რომ საქმეში ინსპირაციას თავად ამ საქმის სიყვარული აძლევს, ასევე მეწარმეების წინაშე მდგარი ქაოსის მოწესრიგება.

"მოტივაციას მაძლევს ისიც, რომ საქართველოში პირადი თუ ბიზნესის ფინანსური განათლება და პრაქტიკული მხარდაჭერა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი შეიქმნა იდეალურ დროს, რათა შეიტანოს თავისი წვლილი ცვლილებებისა. ყოველდღე ასევე მაძლიერებს იდეა, რომ ამ სფეროში შემიძლია ვიყო უსაფრთხოების, სტრუქტურირებისა და განვითარების სიმბოლო – ის "ბალანსი", რომლის გამოც ჩემს კომპანიას EQUILIBRIUM ჰქვია", – ამბობს ის.

ანა სარიშვილი აღნიშნავს, რომ 2026 წელი EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან განვითარება იგეგმება იმ მიმართულებით, რომელშიც ნაკლოვანება დაადგინეს 2025 წელს, დაარსების შემდეგ.

კერძოდ, პირველ რიგში, mini-CFO მოდელის სრული ჩამოყალიბება და სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის ისეთი ფორმით მიწოდება, რომელიც მხარს დაუჭერს მათ ხარჯების ანალიზის, ბიუჯეტირების, რისკების შეფასებისა და ფინანსური გადაწყვეტილების კუთხით. შესაბამისად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი მომსახურება იყოს ღირებული სტარტაპებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვთ. ჩვენ გვინდა პოზიციონირება, როგორც მცირე ბიზნესის ფინანსური პარტნიორი, რომელიც არის სტარტაპებზე, მცირე მეწარმეებსა და კერძო პირებზე ორიენტირებული, გასაგები და მეგობრული. ამ კუთხით გეგმად დავისახეთ მინიმუმ 20 პირის მხარდაჭერა mini-CFO ფორმატში, და ასევე თანამშრომლობა ბიზნესასოციაციებთან, ინკუბატორებსა და უნივერსიტეტებთან", – ამბობს ის.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი 2026 წელს ჩამოაყალიბებს საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მოიცავს პირადი ფინანსების მასტერკლასს, ბიუჯეტირებას, მეწარმეებისთვის ფუნდამენტურ ფინანსურ ტრენინგ-პაკეტებსა და ონლაინკურსებს. 2026 წლის ახალი მნიშვნელოვანი პროექტი ასევე გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პლატფორმაში.

"შესაბამისად, EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმის მომავალი ერთი წელი იქნება საკმაოდ დატვირთული. ამ ერთი წლის ფარგლებში გვსურს ჩამოვყალიბდეთ სანდო და ციფრულ ბრენდად. გარკვეულ პერიოდში, 2026 წლის ბოლოს, EQUILIBRIUM/ექვილიბრიუმი ჩამოყალიბდება, როგორც სრულად ციფრული, თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებზე მორგებული სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შესთავაზებს ბიზნესს სანდო, ბალანსირებულ და ეფექტურ მეთოდებს საქმიანობის განვითარებისთვის", – ამბობს ანა სარიშვილი.