Get All Access for $5/mo

Fast & Shine - ავტოდითეილინგის პიონერი საქართველოში "2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ავტომობილების დითეილინგის სერვისი თანამედროვე, განვითარებული სამყაროსათვის სიახლეს არ წარმოადგენს და უკვე ათწლეულებია, რაც მანქანის პროფესიული მოვლა, წმენდა, პოლირება, ექსტერიერისა და ინტერიერის პირვანდელი სახით შენარჩუნება, სულ უფრო მეტად აქტუალურია მსოფლიო ავტოენთუზიასტებს შორის. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, ჯერ კიდევ 5 წლის წინ მსგავს მომსახურებას მხოლოდ კუსტარულ პირობებში, არაპროფესიულ გარემოში და შესაბამისად, სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხით თუ შეხვდებოდით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა ავტომობილების მოვლით, ესთეტიკითა და ქართულ რეალობაში ე.წ. "სერვის პლუსის" დამკვიდრებით გატაცებულმა ირაკლი ბაღოშვილმა, რომელმაც 2017 წელს პარტნიორებთან ერთად საქართველოში ავტოდითეილინგის პირველი ცენტრი − Fast & Shine დააფუძნა. მეტს ამ კომპანიის ისტორიის, აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur-ის მკითხველი Fast & Shine-ის დამფუძნებელ ირაკლი ბაღოშვილისგან და დირექტორ მიხეილ ბეგლარიშვილისგან შეიტყობს.

"2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა. როგორც მამაკაცების უმრავლესობას, მეც მაინტერესებდა ავტომობილები და ზოგადად ავტოთემატიკა. თუმცა ჩემს მთავარ ინტერესს წარმოადგენდა არა სიჩქარე ან ავტოსპორტი, არამედ ავტომობილის ესთეტიკური იერსახე, მოვლა და გალამაზება. ჩემი იმდროინდელი დაკვირვებით, ქართულ ბაზარზე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ავტომობილის დითეილინგის კუთხით ხარისხიან სერვისს აწვდიდა მომხმარებელს, სადაც მიიყვანდი მანქანას, ყურადღებას მოგაქცევდნენ, მოგაწვდიდნენ ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე და უბრალოდ კეთილსინდისიერად მოგემსახურებოდნენ. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, თბილისში არ არსებობდა პროფესიული ქიმწმენდისა და პოლირების სერვისი. ე.წ. "ბოქსებში", არაპროფესიონალი ადამიანები ისე რეცხავდნენ ავტომობილის სალონს, რომ მის გაშრობას ერთი თვე სჭირდებოდა, ხოლო არასწორი პოლირების გამო, საკმაოდ მაღალი იყო ძარას დაზიანების რისკი", − გვიყვება კომპანიის დამფუძნებელი, ირაკლი ბაღოშვილი, − "ამ პრობლემის გაანალიზების შემდეგ, გამიჩნდა სურვილი გამეგო, არსებობდა თუ არა ისეთი სერვისი, რომელიც არ აზიანებდა ავტომობილს და მეპატრონეს დამატებითი რისკ-ფაქტორებისაგან დაიცავდა. შევყევი ამ თემის შესწავლას, გამოვიკვლიე საზღვარგარეთ არსებული მიდგომები და აღმოვაჩინე დითეილინგი, ავტომობილების პროფესიული მოვლის მთელი ინდუსტრია, რომლის შესახებ საქართველოში არაფერი იცოდნენ. ამის შემდეგ, გადავწყვიტე მეც შემექმნა საქართველოში ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს უბრალოდ ქიმწმენდისა და პოლირების სერვისზე მეტს შესთავაზებდა, იქნებოდა ერთგვარი "სერვის პლუსი" ამ სფეროში, მოიპოვებდა მომხმარებლის ნდობას და ავტოენთუზიასტებს მეზობელი ქვეყნებიდანაც კი ჩამოიყვანდა ღირსეული მომსახურების მისაღებად".

ირაკლი ბაღოშვილი, დამფუძნებელი

იდეა საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური გახლდათ, თუმცა მისი განხორციელება უამრავ გამოწვევასთან ასოცირდებოდა და უპირველეს ყოვლისა, ჩანაფიქრის აღსრულებას ბაზარზე დითეილინგის მცოდნე პროფესიონალების არარსებობა აფერხებდა. როგორც ირაკლი Entrepreneur-თან საუბრისას ჰყვება, პირველი ნაბიჯი, რომელიც კომპანიამ გადადგა, სპეციალისტების მომზადება და ამ ექსკლუზიური სერვისის შემსრულებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ფიქრი აღმოჩნდა. Fast & Shine-მა შრომით ბაზარზე არსებული კადრების გადამზადება სცადა, თუმცა მალევე კომპანიაში გააცნობიერეს, რომ ძველებურ მეთოდებს მიჩვეული ადამიანების ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე გამოუცდელი, თუმცა მონდომებული ახალგაზრდების აყვანა და პროფესიის საწყისებიდან შესწავლა. ამისათვის, კომპანიის თანამშრომლებმა ინტენსიური მომზადება გაიარეს გერმანიაში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში. გარდა ამისა, მოვიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები საქართველოში, თანამედროვე სტანდარტისა და ტექნოლოგიების დასანერგად. შედეგად, სულ რამდენიმე თვეში, ჩადებული დროითი, ადამიანური თუ ფინანსური რესურსის სანაცვლოდ, დამფუძნებლებმა მოახერხეს სერვისის იმ ხარისხის მიღება, რაც მათ თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული. Fast & Shine დაკომპლექტდა პროფესიონალი, თავაზიანი, კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული სპეციალისტებით, რაც კომპანიის სამომავლო წარმატების გარანტი გახდა.

დღესდღეობით, Fast & Shine-ის ავტოდითეილინგ-სერვისი მომხმარებელს ავტომანქანის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალური აღდგენის, გაწმენდისა და მორთვის მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც აერთიანებს: დეტალურ რეცხვას, ქიმწმენდას, დეზინფექციას, პოლირებას, ძარის კერამიკითა და ცვილით დამუშავებას, ტყავის სავარძლების რესტავრაციას, ღებვას და კერვას, ავტოტრანსპორტის ძარაზე უსაფრთხოებისა და ფერადი, დეკორატიული ფირების გადაკვრას და სხვა.

"ჩვენი მხრიდან სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია პროფესიონალი სპეციალისტების ჩართულობა, თანამედროვე ტექნიკის, მაღალი ხარისხის ხელსაწყოებისა და პროდუქციის გამოყენება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, Fast & Shine-ის კონკურენტული უპირატესობებია თანამედროვე, კომფორტული, კეთილმოწყობილი გარემო − როგორც სტუმრებისთვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კომპანია იყენებს თანამედროვე წამყვანი ბრენდების პრემიუმკლასის ტექნიკას და სამუშაო მასალას, რომელიც უფრო მეტად წარმოაჩენს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც ბუნებრივად გვირგვინდება მომხმარებლის კმაყოფილებით", − აცხადებს კომპანიის დირექტორი, მიხეილ ბეგლარიშვილი.

მიხეილ ბეგლარიშვილი, დამფუძნებელი

Fast & Shine-ის სერვისი ძირითადად ე.წ. Luxury, ანუ მაღალი საფასო სეგმენტის მომსახურებას წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიის ერთგული მომხმარებლები ძვირადღირებული, ახალი ან საკოლექციო ავტომობილების მფლობელები არიან. როგორც ირაკლი საუბრისას აღნიშნავს, ბაზარზე ამ კატეგორიის ავტომობილების მოვლაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა დითეილინგის სერვისის არარსებობის გამო, საზოგადოება ნაკლებად გახლდათ ინფორმირებული მსგავსი მომსახურების შესახებ და კომპანიას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწია ამ მიმართულებით ავტომოყვარულთა ცნობიერების ასამაღლებლად.

"როდესაც კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო, მომხმარებელი საკმაოდ სენსიტიური იყო ფასების მიმართ. მოგეხსენებათ, დითეილინგი ძვირადღირებული სერვისია და გარკვეული დრო დაგვჭირდა ამ მომსახურების უპირატესობების საზოგადოებისთვის უკეთ ასახსნელად. ვეცადეთ სოციალური ქსელების მეშვეობით აგვემაღლებინა მომხმარებლის ცნობიერება; აგვეხსნა, რომ რეალურ, ხარისხიან პოლირებას რამდენიმე დღე სჭირდება და არა 2-3 საათი, როგორც ამას უხარისხო "ბოქსებში" აკეთებდნენ. ქართულ ბაზარზე ყოველთვის იყო მოთხოვნა დითეილინგზე, უბრალოდ მომხმარებელი არ ფლობდა სრულ ინფორმაციას და ამიტომ, უწევდა მოძველებული სერვისებით სარგებლობა. ჩვენ მიერ ჩატარებული კამპანიების საშუალებით, სულ მალე იმდენი მომხმარებელი მოვიდა Fast & Shine-ში, რომ მათ მომსახურებას ვეღარ ავუდიოდით. სოციალური მედიისა და Word of mouth-ის წყალობით, ჩვენ შესახებ ძალიან სწრაფად გავრცელდა ხმა და მომხმარებელთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა", − აცხადებს ირაკლი.

კომპანიის დირექტორ მიხეილ ბეგლარიშვილის თქმით, Fast & Shine-ის მომხმარებლების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ როგორც საკუთარ ავტომანქანაზე შეყვარებული ადამიანები, ასევე კოლექციონერები და რაღა თქმა უნდა მანქანებით მოვაჭრეები, რომელთაც განსაკუთრებული ეფექტის მიღება სურთ. ზოგს ლამაზი, მოვლილი და ორიგინალური მანქანით საზოგადოების გაოცება სურს, ზოგი კი დითეილინგს ავტომობილისათვის პირვანდელი იერსახის აღსადგენად მიმართავს.

"ტერმინ "დითეილინგის" საქართველოში დამკვიდრება, დიდწილად ჩვენი დამსახურებაა და სწორედ Fast & Shine-ია ამ მიმართულების პიონერი ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი ხედვით, დითეილინგი მხოლოდ ავტომობილის პოლირება და ქიმწმენდა არაა, ეს უპირველეს ყოვლისა პრემიუმხარისხის მომსახურება და რთული პროცესების ერთობლიობაა. მომხმარებელი მოდის გარემონტებულ, ლამაზ სივრცეში, ჩვენი თანამშრომლები რესეფშენში ხვდებიან, უხსნიან, რა სხვაობაა სერვისებს შორის, რა იწვევს მაღალ ფასებს, 100%-ით არწმუნებენ იმაში, რომ მათი ავტომობილი სწორედ იმ ხარისხის მომსახურებას მიიღებს, რასაც ელიან და როდესაც მომხმარებელი გადის ცენტრიდან, მისი მომსახურება იქ არ მთავრდება: ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ვეხმიანებით ერთგულ სტუმრებს, ვამოწმებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა მომხმარებელი თავად ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ჩვენ თითოეულ დეტალს ვადევნებთ თვალს და ნებისმიერ პრობლემას ვასწორებთ. სწორედ ესაა "სერვის პლუსის" არსი − მომხმარებელს უნდა აგრძნობინო, რომ მას პატივს სცემენ და მის მიერ გადახდილი თითოეული თეთრი არსად იკარგება", − აღნიშნავს ირაკლი ბაღოშვილი.

კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე, რასაც მომსახურების გაწევით დაწყებული, პოსტ-სერვისპროცესებით დამთავრებული, Fast & Shine-ის გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს.

სოსო მგელაძე, დამფუძნებელი

მოგეხსენებათ, 2020 წლიდან მოყოლებული, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნესსექტორი, რაც ცხადია ავტოინდუსტრიასაც შეეხო. როგორც Fast & Shine-ში განმარტავენ, ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამომხმარებლო ქცევა, თუმცა უშუალოდ კომპანიის მომხმარებლების რაოდენობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. კომპანია ზედმიწევნით ასრულებდა დაწესებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, რაც მომხმარებლებში დამატებით ნდობის ფაქტორს აჩენდა. პოსტკოვიდურ რეალობაში კი, დითეილინგის სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. დღესდღეობით, Fast & Shine-ი თვის განმავლობაში საშუალოდ 200 ავტომობილს უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას − არა მარტო საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც, რაც განპირობებულია როგორც კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკით, ისე უმაღლესი ხარისხის სერვისით.

ბუბა მგელაძე, დამფუძნებელი

უშუალოდ დითეილინგის პარალელურად, Fast & Shine ავტომიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. როგორც ირაკლი განმარტავს, ამ წლების განმავლობაში კომპანიამ მოახერხა მომხმარებელთან უშუალო და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება სოციალურ ქსელებში. Fast & Shine-ის გვერდზე ხშირად შეხვდებით პირდაპირ ჩართვებს, ეთერებს, სადაც დეტალურადაა განხილული, თუ როგორ ხდება პოლირება, ქიმწმენდა, სხვადასხვა ხსნარით ავტომობილის ზედაპირის დამუშავება, როგორ მუშაობენ მოწვეული უცხოელი სპეციალისტები და როგორ უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ თანამშრომლებს.

"მომხმარებელი თვალს ადევნებს ჩვენს პირდაპირ ჩართვებს და ყოველდღიური პროცესების ეპიცენტრშია, რაც კიდევ უფრო მეტად ამაღლებს სანდოობის ხარისხს ჩვენი კომპანიის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პროპაგანდას ვუწევთ ავტომობილების მოვლას და ამასთან ერთად, მომხმარებლებს, რომელთაც არ გააჩნიათ პროფესიული სერვისის მიღების საშუალება, ვასწავლით, როგორ მოუარონ თავიანთ მანქანებს დამოუკიდებლად. ასევე, Fast & Shine სოციალურ ქსელებში ჯგუფების სახითაც არის წარმოდგენილი, სადაც დეტალურად ვუხსნით ჩვენს მომხმარებლებს, როგორც გამოიყენონ სხვადასხვა სახის საშუალება, ვუწევთ რეკომენდაციებს და ვცემთ პასუხს ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვას", − აცხადებს ირაკლი ბაღოშვილი.

Fast & Shine საგანმანათლებლო მიმართულებით ტყავის რესტავრაციის სასწავლო კურსებითაც არის წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეისწავლოს დაზიანებული სალონის შეკეთება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღდგენა. კომპანია ასევე გახლავთ გერმანულ ბრენდ Colourlock-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ტყავის აღდგენის კუთხით მოწინავე ადგილს იკავებს გლობალურ ბაზარზე. "ამ მიმართულებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ უკონკურენტო ვართ ბაზარზე, ვინაიდან საქართველოში ტყავის რესტავრაციის მომსახურებებს მომხმარებელს მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს ტრენინგ-ცენტრის სტატუსი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია შევასწავლოთ ეს სპეციალობა და გავცეთ Colourlock-ის ოფიციალური სერტიფიკატი, − აცხადებს ირაკლი ბაღოშვილი.

დავით თოფურია, დამფუძნებელი

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც ირაკლი და მიხეილი საუბრისას აღნიშნავენ, უპირველესი ამოცანა ბიზნესის გაფართოება და ახალი სერვისების დამატებაა. ამჟამად, Fast & Shine მხოლოდ ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, თბილისში, ჭავჭავაძის 49ა ნომერში. კომპანია განიხილავს ფილიალების დამატებასაც.

"Fast & Shine-მა მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის შესათავაზებლად, დაიწყო თანამშრომლობა საბანკო სისტემასთან და ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია აირჩიოს საქართველოში წამყვანი ბანკების განვადების პროდუქტები. გარდა ამისა, ვამატებთ ინტერიერის დეტალების დამცავი ფირების გადაკვრის მომსახურებასაც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, თანამედროვე მანქანების უმეტესობას უამრავი დისპლეი და მინის პანელი აქვს, რაც სპეციალურ დაცვას საჭიროებს ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად. ჩვენ ვურთიერთობთ Xpel-ის ამერიკულ წამყვან ბრენდთან, რომლისგანაც შევიძინეთ სპეციალური დანადგარი ქარგების ავტომატური ჭრისათვის, რაც ამარტივებს საქმეს და კომფორტულია როგორც ჩვენთვის, ისე მომხმარებლისთვის", − აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, მიხეილ ბეგლარიშვილი.

გარდა აღნიშნულისა, კომპანია აქტიურად მუშაობს სწრაფი სერვისების შემუშავებაზე და დამატებაზე, ვინაიდან დითეილინგის მომსახურება, როგორც წესი, ხანგრძლივია და გრძელვადიან შედეგს იძლევა სწორი მოვლის პირობებში. Fast & Shine საკუთარ ერთგულ მომხმარებლებს ავტოსამრეცხაოს სერვისსაც სთავაზობს, ფირგადაკრული და კერამიკულად დამუშავებული ავტომობილებისათვის, რომელთაც სპეციალური რეცხვა ესაჭიროებათ ეფექტის შესანარჩუნებლად.

"ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ერთი ავტოსამრეცხაო მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში სპეციალიზებული სამრეცხაოების გახსნას და გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სერვისი. ჩვენი პრემიუმკლასის სეგმენტი საკმაოდ შეზღუდულია რაოდენობრივად და მიუხედავად იმისა, რომ ერთგული მომხმარებლების დიდი ბაზა გვაქვს, რომლებიც წელიწადში ერთხელ რეგულარულად გვსტუმრობენ, გვჭირდება მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა მეტი ავტომოყვარული დავაინტერესოთ როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში და ავტომობილის მოვლის კულტურა მეტად საყოველთაო გავხადოთ ფართო საზოგადოებისათვის", − განაცხადა კომპანია Fast & Shine-ს დამფუძნებელმა, ირაკლი ბაღოშვილმა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia