ფიზიკიდან ფარმაცევტულ ინდუსტრიამდე – ზურაბ გოგოლაძის პროფესიული გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის მიღმა არაერთი პროცესი და სპეციალისტის ყოველდღიური სამუშაო დგას: მათ შორის წარმოების ვალიდაცია, რომლის მიზანიც იმის დადასტურებაა, რომ დანადგარები, საინჟინრო სისტემები, სუფთა ზონები თუ კომპიუტერიზებული პროგრამები ზუსტად იმ ფუნქციას ასრულებდნენ, რომლისთვისაც არიან შექმნილი.

ზურაბ გოგოლაძე, ფიზიკის მაგისტრი და "ავერსი-რაციონალის" წარმოების ვალიდაციის მენეჯერი, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში 2018 წლიდან მუშაობს. მანამდე მისი პროფესიული საქმიანობა გამოყენებით ფიზიკასა და ინჟინერიას, მათ შორის გეოფიზიკურ გაზომვებსა და მონაცემთა ანალიზს უკავშირდებოდა. როგორც თავად ამბობს, ფიზიკიდან ფარმაცევტულ წარმოებაში გადასვლა ლოგიკური ნაბიჯი აღმოჩნდა – სფერო, სადაც ფიზიკური გაზომვები და საინჟინრო სიზუსტე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ზურაბ გოგოლაძე Entrepreneur-ს ფარმაცევტული ვალიდაციის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო GMP და ISO სტანდარტების მოთხოვნებზე, ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციასა და საქართველოში ამ მიმართულების მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და როგორ მოხვდით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში?

ჩემი აკადემიური საქმიანობა გამოყენებით ფიზიკასა და ინჟინერიას უკავშირდება. 2016 წლიდან ვმუშაობდი თსუ-ის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სეისმოლოგიის სექტორში, სადაც სამუშაო ძირითადად მოიცავდა კომპლექსური მზომი ინსტრუმენტების გამოყენებით სამეცნიერო და ინდუსტრიული პროექტებისთვის გეოფიზიკური გაზომვების განხორციელებასა და მონაცემთა ანალიზს.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებიდან ფარმაცევტულ სფეროში გადასვლა სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება დიდწილად სწორედ ფიზიკურ გაზომვებსა და საინჟინრო სიზუსტეზეა დამოკიდებული. ამიტომ 2018 წლის თებერვლიდან დღემდე უკვე ფარმაცევტულ სფეროში ვარ, კერძოდ, ფარმაცევტულ საწარმოში შპს "ავერსი-რაციონალი" (Aversi-Rational Ltd) წარმოების ვალიდაციის მენეჯერის პოზიციაზე.

რას მოიცავს თქვენი საქმიანობა "ავერსი რაციონალში" და რა არის თქვენი მთავარი პასუხისმგებლობები?

"ავერსი-რაციონალში" ჩემი ძირითადი საქმიანობა მოიცავს წარმოების ავტომატური დანადგარების, ქიმიური/მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის დანადგარების: ბიოუსაფრთხოების კაბინეტებისა და სტერილურობის ტესტირების იზოლატორის, HVAC სისტემების (GMP სუფთა ზონებში) გასუფთავებული წყლის სისტემის, შეკუმშული ჰაერის სისტემისა და სასაწყობე სათავსების ყოველწლიურ ვალიდაცია-კვალიფიკაციის ტესტირებას, რომელიც დაფუძნებულია და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარებთან: Good Manufacturing Practice European Union (GMP EU) – ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკა და International Standard Organization (ISO) – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.

თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფარმაცევტული ვალიდაცია და კვალიფიკაცია – რას ნიშნავს ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ვალიდაცია წარმოადგენს იმის დოკუმენტურ მტკიცებულებას, რომ კონკრეტული დანადგარი, საინჟინრო სისტემა, კომპიუტერიზებული პროგრამა ან/და სუფთა ზონა ზუსტად ასრულებს იმას, რაც არის მისი კონკრეტული დანიშნულება და ფუნქცია საწარმოო პროცესში, მაგ: "სუფთა სათავსი კვალიფიცირებულია". პრაქტიკაში ეს გულისხმობს, რომ სათავსმა წარმატებით გაიარა კვალიფიკაციის ეტაპები (DQ/IQ/OQ/PQ) და სპეციალური მზომი ინსტრუმენტებით ჩატარებული ტესტირებები ადასტურებს სხვადასხვა კრიტიკული პარამეტრების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობას, როგორიც არის:

• სუფთა სათავსში ჰაერში არსებული აეროზოლური ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვა, რაც ადასტურებს, რომ სუფთა ოთახი, სადაც მიმდინარეობს კრიტიკული საწარმოო ოპერაციები, აკმაყოფილებს სისუფთავის კონკრეტულ კლასს (მაგალითად, EU GMP-ის A, B, C ან D კლასს).

• HEPA (high-efficiency particulate air filter – მაღალეფექტური ჰაერის ფილტრი) ფილტრების მთლიანობის (Integrity test) შემოწმება, რაც ადასტურებს, რომ სუფთა სათავსებში ჰაერის მიწოდების ხაზის ტერმინალური HEPA ფილტრები არ არის დაზიანებული, სათავსში ადგილი არ აქვს დაბინძურებული ჰაერის ჟონვას და ფილტრის ეფექტიანობა შეესაბამება მისი კლასიფიკაციის დონეს, მაგ: H13, H14, U15, U16.

• სათავსებს შორის დიფერენციალური წნევის გაზომვა (Differential pressure), რომელიც ადასტურებს, რომ წნევათა სხვაობა საწარმოში მომიჯნავე ოთახებს შორის დაცულია ისე, რომ გამოირიცხოს გარედან ან ნაკლებად სუფთა ზონიდან უფრო მაღალი კლასის სუფთა ზონაში დაბინძურებული ჰაერის შეღწევა და ჰაერის დაბინძურების გავრცელება საწარმოო სათავსებში.

• სათავსებში ჰაერის ნაკადის ჰაერცვლის ჯერადობისა და ჰაერის მიმართულების ვიზუალიზაციის ტესტი, რომელიც ადასტურებს, რომ სუფთა სათავსი მუდმივად და ეფექტურად იწმინდება, უზრუნველყოფილია სუფთა ჰაერით და ადგილი არ აქვს სუფთა სათავსში დაბინძურების შეღწევას და კონტამინაციას, რადგან დაუშვებელია დაბალი კლასის სათავსიდან მაღალი სისუფთავის კლასის სათავსისკენ ჰაერის ნაკადების გადაადგილება/გავრცელება.

• სათავსის სისუფთავის აღდგენის დროის განსაზღვრის ტესტი (Recovery time), რომელიც საზღვრავს დროის შუალედს, რომლის განმავლობაშიც ხდება დაბინძურებულ სათავსში ჰაერის სისუფთავის სათანადო დონის აღდგენა ანუ, დაბინძურების წარმოქმნის შემდეგ (მაგ: კარის გაღების ან პერსონალის მოძრაობით) კვლავ, გარკვეული დროის შემდეგ, სათავსის სისუფთავის კლასის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.

• სათავსებში კლიმატური პარამატრების გაზომვა: ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა (Temperature/RH) შენარჩუნებულია მკაცრად განსაზღვრულ დიაპაზონში, რაც აუცილებელია როგორც პროდუქტისთვის, ისე პერსონალისთვის.

მთლიანობაში, ჩატარებული გაზომვების საფუძველზე კვალიფიცირებული სუფთა სათავსი იძლევა გარანტიას, რომ სუფთა ზონებში მიმდინარე პროცესები (მაგალითად, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება ან სტერილურობის ტესტირება) სრულად არის დაცული ფიზიკური თუ მიკრობიოლოგიური დაბინძურებისა და რაიმე სხვადასხვა სახის კონტამინაციისგან, მათ შორის, ჯვარედინი კონტამინაციისგან.

რამდენად მნიშვნელოვანია GMP და ISO საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ფარმაცევტულ წარმოებაში და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული მათი შესრულება?

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირისა და აშშ-ის რეგულაციები – GMP EudraLex (Volume 4, Annex 1, 11, 15), FDA 21 CFR და ISO სტანდარტები (მაგ. ISO14644-ის სტანდარტები სუფთა ზონებoსთვის) ფარმაცევტული წარმოების ფუნდამენტია. მათი დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე ფარმაინდუსტრია, უბრალოდ, ვერ იარსებებს. მთავარი გამოწვევა ამ სტანდარტების დინამიკურობა და ლოგიკური გააზრება-აღსრულებაა. მაგ. EU GMP Annex 1-ის ბოლოდროინდელმა განახლებებმა სტერილიზაციისა და კონტამინაციის კონტროლის სტრატეგიის მიმართულებით ბევრი ახალი მოთხოვნა გააჩინა. ამ ცვლილებებთან ფეხის აწყობა, ძველი ინფრასტრუქტურის ახალ მოთხოვნებზე მორგება და აგრეთვე, პერსონალისთვის მონაცემთა მთლიანობის (Data Integrity) კულტურის გამომუშავება, საკმაოდ დიდ და რაციონალურ ძალისხმევას მოითხოვს.

თქვენ გაქვთ საერთაშორისო სერტიფიცირებები, მათ შორის ISPE GAMP® 5, C&Q და CTCB-I. რას ნიშნავს ეს სერტიფიკატები პროფესიული განვითარებისთვის და როგორ გეხმარებათ საქმიანობაში?

აღნიშნული სერტიფიკატები საერთაშორისო დონეზე ადასტურებს ჩემი, როგორც ამ მიმართულების სპეციალისტის, კომპეტენციას და შესაბამისობის ხარისხს. მაგ: CTCB-I (Cleanroom Testing and Certification Board International) სერტიფიცირება, რომელიც 2022 წ. შვედეთში გავიარე ადასტურებს, რომ სუფთა სათავსების, HVAC სისტემების, ბიოუსაფრთხოების კაბინეტებისა და სტერილურობის ტესტირების იზოლატორის საკვალიფიკაციო ტესტირებას ვასრულებ ზუსტად იმავე მეთოდოლოგიითა და სიზუსტით, როგორც ამას აკეთებენ წამყვანი ევროპული კომპანიები და წარმოებები. აგრეთვე ISPE-ს (International Society for Pharmaceutical Engineering) გავლილმა ტრენინგებმა და სწავლებებმა HVAC სისტემებზე, კვალიფიკაციის (Commissioning & Qualification) სტრატეგიებზე, მონაცემთა მთლიანობასა (Data Integrity) და კარგ ავტომატიზებულ საწარმოო პრაქტიკებზე (GAMP 5) მომცა უახლესი ცოდნა და გამოცდილება, ფარმაცევტული ინჟინერიის თანამედროვე მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად განვახორციელო ვალიდაცია/კვალიფიკაციის სამუშაოები, რომელიც სრულად არის შესაბამისობაში ევროპულ და ამერიკულ (FDA) მკაცრ მოთხოვნებთან.

როგორ ცვლის ტექნოლოგიური განვითარება ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ხარისხის კონტროლისა და შესაბამისობის პროცესებს?

ინდუსტრია ქაღალდზე დაფუძნებული სისტემებიდან სრულად გადადის ციფრულზე (ERP სისტემები, ავტომატიზებული მონიტორინგის პროგრამები, WMS). ტექნოლოგია აჩქარებს პროცესებს და ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, თუმცა აჩენს ახალ ვალდებულებებს – მაგალითად, კომპიუტერიზებული სისტემების ვალიდაციას (CSV) და კიბერუსაფრთხოებას. დღეს აღარ არის საკმარისი მხოლოდ დანადგარის მექანიკური გამართულობის შემოწმება; ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ ამ დანადგარის სამართავი პროგრამა "Software" მონაცემებს გაუთვალისწინებელი ცვლილებებისგან იცავს (FDA 21 CFR Part 11).

რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს სფეროში და როგორ ხედავთ მის განვითარებას საქართველოში?

საქართველოში ინდუსტრიის, განსაკუთრებით ფარმაცევტული-საინჟინრო მიმართულებით, მთავარი გამოწვევა ნაციონალურ სტანდარტებად აღიარებული ევროპული GMP/GDP სტანდარტების მოთხოვნების სრულყოფილად და სიღრმისეულად ათვისება და შესაბამისად პრაქტიკაში რეალიზებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხშირად ვაწყდებით მაღალკვალიფიციური საინჟინრო მიმართულების სპეციალისტების დეფიციტს – ადამიანებს, რომლებსაც სიღრმისეულად ესმით სუფთა ოთახის დიზაინი (ISO 14644), HVAC სისტემების აეროდინამიკა და GxP კომპიუტერიზებული სისტემები.

განვითარების პერსპექტივას ვხედავ პერსონალის მუდმივ გადამზადებასა და საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებაში.

რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელსაც ფარმაცევტული ხარისხისა და შესაბამისობის მიმართულებით განვითარება სურს?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნის მყარი ბაზა და აგრეთვე მიმდინარე მარეგულირებელი სტანდარტების (EudraLex, ISPE სახელმძღვანელოები, ISO სტანდარტები) სიღრმისეული შესწავლა და გააზრება.

ვფიქრობ, სტანდარტის მოთხოვნების ზედაპირულად გაცნობა და ფორმალური ათვისება არ არის სარგებლიანი, საჭიროა განვსაზღვროთ, რომელი რისკის პრევენციას ემსახურება თითოეული მათგანი. გარდა ამისა, აუცილებელია კომპიუტერიზებულ სისტემებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარების მუდმივი განვითარება, რადგან ხარისხის უზრუნველყოფის მომავალი ფარმაციაში სწორედ რომ ციფრულ ვალიდაციასა და მონაცემთა მთლიანობას (Data Integrity) ეფუძნება.