Get All Access for $5/mo

"გაკვეთილო" - ინტერაქციული სწავლებისა და არაფორმალური განათლების მიღებაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"11 წლის შვილი მყავს და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი ისეთ კურსზე მეტარებინა, რომელიც მას პიროვნულ ზრდასა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში დაეხმარებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფ და მუდმივად ცვალებად სამყაროში.

გამომდინარე იქიდან, რომ თავად საგანმანათლებლო სფეროში დიდხნიანი გამოცდილება მაქვს, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი ვარ, გადავწყვიტე, რომ სტარტაპი "გაკვეთილო" შემექმნა", - თიკი ტყეშელაშვილი, Gakvetilo.ge-ს დამფუძნებელი.

როგორც თიკი გვიყვება, "გაკვეთილო" 2023 წელს მკაფიო ხედვით დაარსდა. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია მოახდინოს და მომავალ თაობას პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს.

"მცირე დროში, მაგრამ დიდი შრომისა და მუშაობის შედეგად, ჩვენს ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ: 544 სტარტაპიდან 20 საუკეთესო სტარტაპს შორის მოვხვდით და 2024 წლის ივნისში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გრანტი მივიღეთ.

ამ აღიარებამ არა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა დააფასა, არამედ მოტივაცია მოგვცა, რომ აუდიტორია გავაფართოოთ, არსებული კურსები გავაუმჯობესოთ და ახალი კურსები დავამატოთ".

"გაკვეთილო" ხაზს პრაქტიკულ და ინტერაქციულ სწავლებას უსვამს. მოსწავლეზე ორიენტირებული შეხვედრები პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის ელემენტებით წარიმართება, რაც მოზარდს საშუალებას აძლევს, პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

"ჩვენი კიდევ ერთი უნიკალური უპირატესობაა პერსონალიზებული მიდგომა. კურსების შედგენის დროს სხვადასხვა დარგის ექსპერტთან ვთანამშრომლობთ, მაგალითად, "საჯარო გამოსვლის ხელოვნების" კურსი პროფესიონალ კლინიკურ ფსიქოლოგთან, შოთა ბერულავასთან ერთადაა შედგენილი.

"დროის მენეჯმენტის" კურსი ამ დარგის ექსპერტთან, ქეთი ტყავაძესთან ერთად შევადგინეთ. "ახალგაზრდა სტარტაპერის" კურსი გამოცდილ სტარტაპერთან, რომან გუჯაბიძესთან ერთად შევიმუშავეთ.

ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ კურსები, რომლებიც დღევანდელი მოზარდების საჭიროებებზეა მორგებული, რაც მათ შთააგონებს და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.

დროის მენეჯმენტი, ფინანსური წიგნიერება, ლიდერობა, საჯარო გამოსვლა, - ეს ის საკითხებია, რომლის შესწავლასაც "გაკვეთილო" უზრუნველყოფს. კურსების მიზანი მოზარდების თვითშეფასების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, თავდაჯერებულობის განმტკიცება, არგუმენტირებული მსჯელობა და გამბედაობის მიღწევაა, რათა საკუთარი აზრის გამოთქმა და ამ აზრის არგუმენტებით გამყარება ისწავლონ. პრობლემები ინფორმირებულად გადაჭრან, გარემოსა და სოციუმთან ადაპტირდნენ.

"თანადამფუძნებელი და IT მენეჯერი, შოთა მეგრელიშვილი, პარტნიორი და კურსების მენეჯერი, თეა ხოშტარია, ფინანსური მენეჯერები: ეკა პაპიაშვილი და ნინო ქარდავა, ციფრული მედიის გუნდი ნოდარ ინანეიშვილის ხელმძღვანელობით, მომხმარებელთა ბედნიერების მენეჯერი, ბარბარე გოგოლაძე, იურიდიული კონსულტანტი, ნინო ჩილაჩავა, - ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით: მოზარდებს პრაქტიკული განათლება მივცეთ, რომელიც ტრადიციულ სასკოლო რუტინას სცილდება.

ჩვენ ყურადღება გამახვილებულია ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის დროის მენეჯმენტი, ლიდერობა, ფინანსური წიგნიერება, ემოციური ინტელექტი და სხვა, რაც მოზარდებს საშუალებას მისცემს, გამოწვევებს თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ და თავიანთი პოტენციალი აღმოაჩინონ".

მოზარდები იყოფიან ასაკობრივ კატეგორიებად მცირე ჯგუფებში, თითო ჯგუფში გათვალისწინებულია 8-10 მსმენელი, რათა ყველას მიექცეს ინდივიდუალური ყურადღება მაქსიმალური შედეგისთვის.

"კურსის დაწყებამდე მშობლებისგან დეტალურ ინფორმაციებს ვიღებთ მოზარდების შესახებ და, შესაბამისად, ვიცით, თუ რაზე უნდა გაამახვილოს მენტორმა ყურადღება, რისი გაუმჯობესებაა სასურველი".

თიკი გვიყვება, რომ კურსები მიმდინარეობს როგორც ონლაინფორმატში, ისე ფიზიკურ სივრცეში. ონლაინფორმატში დასწრება განსაკუთრებით მიმზიდველია რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის და პრაქტიკულია დროის დაზოგვის მხრივ. მშობლებს არ ეხარჯებათ დრო გზასა და საცობებში, ასევე, ონლაინფორმატი საშუალებას იძლევა, მოზარდმა ეკრანთან გატარებული დრო პროდუქტიულად გამოიყენოს.

თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 50-60 წუთი, თუმცა კურსების ხანგრძლივობა არის განსხვავებული, მაგალითად, "საჯარო გამოსვლის ხელოვნების" კურსი არის 4-თვიანი (16 შეხვედრა), "დროის მენეჯმენტის" კურსი - 2-თვიანი (9 შეხვედრა), ხოლო "ახალგაზრდა სტარტაპერის" კურსი - 2,5-თვიანი (10 შეხვედრა).

კურსის "საჯარო გამოსვლის ხელოვნება" მიზანია, მოზარდების ანალიტიკური და ფსიქოემოციური სფეროების გაუმჯობესება, რაც საჯარო გამოსვლის მაღალი ხარისხით ჩატარებაში დაეხმარებათ. კურსის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ტექნიკებს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ დამაჯერებლად საუბარს. კურსის შემდგენია კლინიკური ფსიქოლოგი შოთა ბერულავა.

კურსი "წუთი-წუთში, დროის მენეჯმენტი მოზარდებისთვის" შექმნილია იმისთვის, რომ ასწავლოს ბავშვებს დროის მენეჯმენტის მნიშვნელობა და გააცნოს დროის ეფექტიანად მართვის პრაქტიკული სტრატეგიები. საინტერესო და ინტერაქციული გაკვეთილების საშუალებით მოზარდები სწავლობენ, თუ როგორ დაახარისხონ თავიანთი ამოცანები, დაისახონ მიზნები, დაგეგმონ დღე და დაძლიონ რაღაცის გადადება. კურსი შექმნილია ამ სფეროს ლიდერ ექსპერტთან, ქეთი ტყავაძესთან ერთად.

Gakvetilo.ge-ს ახალი კურსია "ახალგაზრდა სტარტაპერი", რომლის მთავარი მიზანია მოზარდის პოტენციალის გამოვლენა, თვითშეფასების ამაღლება, მათი შთაგონება და მათთვის მოტივაციის გაზრდა. კურსის მიზანია მოზარდებს შეუქმნას წარმოდგენა, რა პროცესს გადის სტარტაპი იდეიდან მის აღსრულებამდე პრაქტიკული დავალებებისა და რეალური მაგალითების მეშვეობით. კურსი შექმნილია Giffer-ის თანადამფუძნებელ წარმატებულ სტარტაპერ რომან გუჯაბიძესთან ერთად.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"