გალიბ გასანოვი – ქართველი დიზაინერი, რომელიც საერთაშორისო მოდის ამომავალ ვარსკვლავად იქცა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოდის ინდუსტრია კონკურენტული და სწრაფად ცვალებადი სამყაროა. ამ დიდ ბიზნესში, სადაც კომერცია, მარკეტინგი და ხელოვნება ერთმანეთს ყველაზე საინტერესო ფორმით ხვდება, არაერთი ქართველი დიზაინერის სახელი ისმის ხმამაღლა. დემნა, გურამ გვასალია, დევიდ კომა. ახლა კი, საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად ახალი ხელოვანი გამოჩნდა – გალიბ გასანოვი, რომელსაც მოდის გავლენიანი პრესა ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავად და სრულიად უნიკალური ხედვის მქონე დიზაინერად მოიხსენიებს.
გალიბ გასანოვი Institution-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორია – ბრენდის, რომელიც 2024 წელს დაიბადა, როგორც მისი სოლო პროექტი. 2026 წელს Institution მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა, რის შემდეგაც დიზაინერსა და მის კოლექციას სტატიები მოდის არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ მიუძღვნა.
"გალიბ გასანოვი ჰყვება ისტორიებს, რომლებიც აქამდე არავის მოუყოლია" – სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია მოდის ბიბლიად აღიარებულმა ჟურნალმა Vogue-მ.
გალიბ გასანოვი აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველია. გაიზარდა კონტრასტულ კულტურებს შორის, სადაც ხშირად მკაცრი სტერეოტიპები დომინირებს და ტრადიციები ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია. Institution-ის მეშვეობით, გასანოვს საკუთარი გზის კვლევა სურს – იმ გზის, რომელიც მის ფესვებზე აღმოცენდა. მისი თქმით, მორიგი ბრენდის ნაცვლად, Institution-ის იდეა უკავშირდება სურვილს, შექმნას რაღაც, რაც სცდება მოდას და მოიცავს სოციალურ და შემოქმედებით ასპექტებს.
2026 წელს გალიბ გასანოვი გახდა პირველი ქართველი დიზაინერი, რომელიც მოდის სამყაროს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, LVMH Prize-ის ფინალში მოხვდა. მოდის წამყვანი კონგლომერატის – LVMH-ის მიერ დაარსებული ეს ჯილდო დამწყები დიზაინერებისთვის გლობალურ ინდუსტრიაში წარმატებისაკენ მიმავალი მთავარი კარია. გასანოვის ბრენდი 2 400-ზე მეტ განაცხადს შორის 9 საუკეთესო ფინალისტში მოხვდა. გამარჯვებულს არა მხოლოდ 400 000 ევრო გადაეცემა, არამედ LVMH-ის ექსპერტთა გუნდი ერთი წლის განმავლობაში სრულ მენტორობას გაუწევს წარმოების, მარკეტინგის, ფინანსებისა და სამართლებრივი საკითხების მიმართულებით. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობაში ვხვდებით მოდის ინდუსტრიის ისეთ გავლენიან სახელებს, როგორებიც არიან: ფიბი ფაილო, ჯონათან ანდერსონი, მარია გრაცია ქიური, ნიკოლა ჟესკიერი და ფარელ უილიამსი. ფინალური ცერემონია პარიზში, 2026 წლის 4 სექტემბერს, Louis Vuitton-ის ფონდში გაიმართება და მსოფლიო მოდის პრესის ყურადღება სწორედ ამ მოვლენისკენ იქნება მიმართული.
გასანოვმა 2026 წელს კოპენჰაგენში უკვე მოიპოვა Zalando Visionary Award. მას 50 000 ევრო გადაეცა და დანიის დედაქალაქში 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ჩვენება სრულად დაუფინანსდა.
2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომელიც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, გასანოვისთვის დიდი პლატფორმა იყო, სადაც მან ნათლად აჩვენა აუდიტორიას თავისი უნიკალური ხელწერა. მასალა, რომლითაც სამოსი იქმნება, იწარმოება საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრები ადამიანების მიერ, რომლებიც ტრადიციულ ხელობას ფლობენ. გასანოვი საერთაშორისო პრესას თითოეულ მოდელზე საუბრისას უყვება იმ სოფლის ან რეგიონის შესახებ, სადაც ის დამზადდა. ის ასევე ჰყვება იმ ხელოსნების ისტორიას, ვინც ეს შექმნა. გალიბ გასანოვის თქმით, ყველა კოლექციას აქვს თავისი ამბავი და მათი აუდიტორიისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია.
მას უყვარს ავთენტიკური ისტორიები და ავთენტიკური ხელოვნების ნიმუშები, უყვარს სამოსში ხელნაკეთი ელემენტების შენარჩუნება, მათ შორის ხელით შეკერილი დეტალების უცვლელად დატოვება. მიუხედავად გლობალური მოდის ინდუსტრიის მკაცრი მოთხოვნებისა, გასანოვი კომერციულ მხარეზე ნაკლებად ფიქრობს. მისთვის Institution უფრო პერსონალური პროექტია, ვიდრე ბიზნესი.
31 წლის გალიბ გასანოვის ისტორია განსხვავდება ინდუსტრიაში ახალგამოჩენილი სხვა დიზაინერების ბიოგრაფიისაგან.
"მე გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში, სადაც უამრავი დაუწერელი კანონი არსებობდა. პატრიარქალური იდეოლოგია მუდმივად გაიძულებდა, როგორც ბიჭს, გამხდარიყავი შემდეგი პატრიარქი. ამ გამოცდილებამ მაიძულა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამესვა თავად სისტემა და დამეწყო ბრძოლა თანასწორობისთვის, ქალთა უფლებებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ხმების წარმოჩენისთვის", – იხსენებს დიზაინერი Vogue-სთან ინტერვიუში.
2013 წელს, 18 წლის ასაკში, გალიბმა თავისი მომავალი კარიერისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მონაწილეობდა საქართველოში დაფუძნებულ კონკურსში – BeNext, სადაც გამარჯვება მოიპოვა და პრიზის სახით მილანის მოდის აკადემიაში სწავლის სრული დაფინანსება მიიღო.
მილანში გადასვლა მისთვის წარმატებული საერთაშორისო კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა, თუმცა ამ გზას სირთულეებიც ახლდა. 2016 წელს სტაჟირების ეტაპი დაიწყო და გალიბი მიხვდა, რომ გლობალური მოდის სისტემა საკმაოდ ჩაკეტილია მათთვის, ვინც არ არის ე.წ. ელიტური წრის ნაწილი. გალიბს არ სურდა წვეულებებზე კონტაქტების შესაძენად სიარული და ამაში საკუთარი რესურსის დახარჯვა. მას კულისებში მუშაობა და შემოქმედებითი პროცესი იზიდავდა.
მოდის ინდუსტრიის შიდა წესებით იმედგაცრუებულმა გასანოვმა და მისმა თანაკურსელმა, ლუკა ლინმა გადაწყვიტეს, საკუთარი ბრენდი – ACT N°1 დაეარსებინათ. ბრენდმა მალე წარმატებას მიაღწია: დიზაინერებმა აიყვანეს თანამშრომლები, ჰქონდათ ოფისი და მათი სამოსი 50-ზე მეტ წამყვან მაღაზიაში იყიდებოდა მთელ მსოფლიოში. თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა ბიზნესი, მით უფრო მძიმე ხდებოდა ის გალიბისთვის. ინდუსტრიის ტემპმა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ და ტრენდების მუდმივმა ცვლამ დიზაინერს ავთენტიკურობის დაკარგვის შიში გაუჩინა. 2024 წელს მან დატოვა წარმატებული ბრენდი, რათა უფრო ნამდვილი და პერსონალური პროექტი შეექმნა.
გალიბისთვის Institution-ის შექმნის იდეა პირდაპირ უკავშირდება სურვილს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც გასცდება მოდის სტანდარტულ ჩარჩოებს. მისთვის ეს არის სივრცე, რომელიც დაფუძნებულია ხელობაზე, მეხსიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. Institution-ის თითოეული კოლექციის შექმნის პროცესი მოგზურობას და კვლევას ჰგავს. გასანოვი იცნობს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ თემებს, რომლებსაც თავისი განსხვავებული ხელობის სპეციფიკა აქვთ. ის ამ თემებს სტუმრობს, რათა შეისწავლოს მათი ხელობა და იმუშაოს მათთან ერთად სახელოსნოებში. ეს ერთგვარი კოლაბორაციული პროცესია – დიზაინერი ამ ოსტატებთან მიდის იდეით, მაგრამ მზადაა მოისმინოს მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებიც შეიტანოს. გალიბი მუშაობს ისეთ ფაქიზ ტექნიკებთან, რომლებიც გაქრობის პირასაა – ზოგიერთ მათგანს აზერბაიჯანში მხოლოდ ათამდე ქალი ფლობს.
გასანოვი მუშაობს ნელი მოდის პრინციპით და მისი მასალების 90%-ზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ბოჭკოა. მისი მთავარი ხელწერა არატრადიციული ფაქტურების სამოსად ქცევაა. ის იყენებს ლერწამს, ხელით ნაქსოვი ხალიჩის ნარჩენებს და ფეხსაცმლის თასმებსაც კი, რათა შექმნას ერთადერთი და უნიკალური მოდელები, რომლებიც ხშირად ხელოვნების ობიექტს უფრო ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ ტანისამოსს.
გალიბი ექვს ენაზე საუბრობს, რაც მას სხვადასხვა კულტურის, ხელოვნებისა და ადამიანების უკეთ გაგებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ უყვარს თავისი ფესვები, ის არ უშინდება ადგილობრივი კულტურის გარკვეული ასპექტების კრიტიკას. გალიბი ხედავდა, როგორ აზარალებდა კონსერვატიული გარემო მის გარშემო მყოფ ქალებს, ამიტომ მისი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი შრომის დაფასებაა.
როგორც დიზაინერის, მისი მთავარი მიზანი არ არის, რომ ადგილობრივი თემების ხელობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. გალიბს სურს ამ ხელობებს და იმ ადამიანებს მოუსმინოს, რომლებმაც ეს მემკვიდრეობა შემოინახეს. ეს ტექნიკები, თავის მხრივ, ინახავს გეოგრაფიულ და კულტურულ მეხსიერებას. გალიბ გასანოვის თქმით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, შექმნას სივრცე, სადაც ეს მემკვიდრეობა თანამედროვე კონტექსტში ისე გაცოცხლდეს, რომ თავისი ღირსება არ დაკარგოს.
გალიბ გასანოვი საერთაშორისო მედიას იმ ქალების ყოველდღიურ გამოწვევებზეც ესაუბრება, რომლებთანაც თანამშრომლობს. რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აქვთ საოჯახო საქმეები, ხშირად არ აქვთ ელექტროენერგია, ან უამინდობის გამო მათთან კავშირი წყდება. ამიტომ, Institution მკაცრი გრაფიკით არ მუშაობს – გალიბი კოლექციის შექმნას ცხრა თვით ადრე იწყებს, რათა ხელოსნებს თავისუფალი და კომფორტული შემოქმედებითი გარემო შეუქმნას.
მიუხედავად იმისა, რომ გალიბისა და მისი ბრენდის მიმართ ინტერესი მოდის ინდუსტრიაში მკვეთრად გაიზარდა და ჩვენებებზე მოხვედრის მსურველთა რიცხვი გაორმაგდა, დიზაინერი ამ წარმატებას სრული სიმშვიდით ხვდება და მასობრივ წარმოებაზე გადასვლას გამორიცხავს. ის ამბობს, რომ არ აინტერესებს მოდის ინდუსტრიის ჩვეული დინამიკა – ინფლუენსერებით შექმნილი ხმაური, ვარსკვლავური შემადგენლობის სტუმრები, მარკეტინგული კამპანიები და ურჩევნია მისი აუდიტორია შედგებოდეს ადამიანებისგან, ვისაც ესმის ტანსაცმლის მიღმა არსებული ისტორია. ამ ხედვით გალიბ გასანოვი თანამედროვე მოდის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ერთი მხრივ, ეს გლობალური მოდის ინდუსტრიის აჩქარებულ ბიზნესსამყაროში დიდი რისკია, მეორე მხრივ კი გალიბი ის უნიკალური გამონაკლისია, რომელიც მოდას შემოქმედებით ღირებულებას უბრუნებს, რადგან დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოკლა თანამედროვე მარკეტინგმა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ბიზნესის წესებმა მოდაში ის შემოქმედებითი ნაპერწკალი, რომელიც მას ხელოვნების ნაწილად აქცევდა.
დღეისთვის ბრენდს მცირე, მაგრამ ძალიან გავლენიანი პარტნიორების ქსელი აქვს, რომელიც სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებს მოიცავს. გარდა ამისა, გალიბი თანამშრომლობს კულტურულ ინსტიტუციებთან, როგორიცაა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო ან რომის Capital Culture House, რათა მოიძიოს ფონდები უშუალოდ რეგიონში მცხოვრები ხელოსნების დასაფინანსებლად.
გალიბი დღესაც თავად ჭრის თითოეულ თარგს თავისსავე სახლში, რომელიც ბრენდის სახელოსნო და ოფისიც არის. გასანოვის ფილოსოფია სრულად ეწინააღმდეგება ინდუსტრიულ სისწრაფეს, თუმცა სურს, რომ მისი შემოქმედება იმ აუდიტორიას მისწვდეს, რომლებმაც რეალურად იციან მოდის, როგორც ხელოვნების ფასი.
თანამედროვე მოდის სამყარო სწრაფი ცვალებადობის გამო არაპროგნოზირებადია. კომერციული მიზნები იწვევს მოდის სახლებში დიზაინერების სწრაფ შეცვლას, ტრენდებზე მორგებულ კოლექციებს, ჩვენებების მარკეტინგულად გამართლებულ შოუებად ქცევას, თუმცა ფაქტი ერთია – გალიბ გასანოვმა დაამტკიცა, რომ სწორი შემოქმედებითი პრინციპებით დინების საწინააღმდეგოდ ცურვა შესაძლებელია.